კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ჩაშლილი მისია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– ბატონო ზურაბ, „მელოტისგან“ შეტყობინებაა, – უთხრა უფროსმა ლეიტენანტმა კობა სოხაძემ პოლკოვნიკ ზურაბ კარანაძეს და მაგიდაზე დაშიფრული გზავნილი დაუდო, რომლის წაკითხვაც მხოლოდ კარანაძეს შეეძლო.
  პოლკოვნიკი ზურაბ კარანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანერგვის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო კობა სოხაძე – კარანაძის თანაშემწე, „მელოტი“ კი – ჩანერგვის სამსახურის თანამშრომელი, სპეციალური აგენტი, 27 წლის მაიორი კახა დევდარიანი. „მელოტი“, სინამდვილეში, წითური, ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა, ხშირთმიანი მამაკაცი იყო. ის პანკისის ხეობაში, ქისტების გარემოცვაში იყო ჩანერგილი და რუსთამ მარგოშვილის ვინაობით მოქმედებდა. „მელოტი“ პირადად კარანაძემ გამოწვრთვნა და სამი წლის წინ ჩენერგა, რომ მას იარაღის, ნარკოტიკებისა და ტერორისტების ნაკადი ეკონტროლებინა, რომლის ნაკლებობასაც ნამდვილად არ განიცდიდა საქართველოს ეს ძნელად საკონტროლებელი რეგიონი. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, კახა დევდარიანს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებშიც კი მოუწია ერთი წლის განმავლობაში ბრძოლა და ძალიან მნიშვნელოვანი კავშირებიც დაამყარა. „მელოტს“ გარეგნულად მხოლოდ პოლკოვნიკი კარანაძე იცნობდა. მისი არსებობის შესახებ მინისტრიც საქმის კურსში იყო. თუმცა, მან არც მაიორის ნამდვილი ვინაობა იცოდა და არც – გარეგნობა. მინისტრმა მხოლოდ ის უწყოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა აგენტი „მელოტი“, რომელიც კარანაძეს უძვირფასესი ინფორმაციით ამარაგებდა პანკისის ხეობიდან და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომელი იყო. ასეთი კონსპირაცია კი აგენტის უსაფრთხოებით იყო ნაკარნახევი და არავის ჰქონდა უფლება, მოეთხოვა „მელოტის“ ვინაობის გამჟღავნება, გარდა ქვეყნის პრეზიდენტისა. ამასთან, მსგავსი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა დაესაბუთებინა... ერთი სიტყვით, „მელოტის“ უსაფრთხოება თითქმის ასი პროცენტით იყო დაცული და ზურგი მას საიმედოდ ჰქონდა გამაგრებული.
  პოლკოვნიკი კარანაძე თავდაპირველად უშიშროების სისტემაში მუშაობდა, ანტიტერორისტული განათლება კი შეერთებულ შტატებში ჰქონდა მიღებული. თუმცა ახალმა მინისტრმა ზურაბი აითვალწუნა და კარანაძე იძულებული გახდა, სამსახური შეეცვალა და პოლიციაში გადაბარგებულიყო. მით უმეტეს, რომ მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბის ჯგუფელი იყო და მშვენივრად უწყოდა, თუ რა „ბაგაჟის“ პატრონი იყო კარანაძე. ჩანერგვის სამსახური ზურაბმა თავად აირჩია. უფროსობაზე უარი თქვა. მოადგილეობაზე კი დათანხმდა და პოლიციის ეს ქვედანაყოფი ყველაზე ეფექტურად მუშაობდა მთელ სისტემაში. პოლიციაში რომ გადავიდა, ზურაბი კაპიტნის ჩინს ატარებდა. ვიცე-პოლკოვნიკი წლების ნამსახურეობით გახდა. პოლკოვნიკის ჩინი კი რიგგარეშედ მიიღო, რადგან ორი უეფექტურესი ოპერაცია ჩაატარა და დიდ წარმატებებს მიაღწია. ზურაბის წინსვლის რეცეპტი კი მის საკადრო პოლიტიკაში მდგომარეობდა. პოლკოვნიკი პირადად უტარებდა გამოცდას ახალ თანამშრომელს და მხოლოდ მას შემდეგ იღებდა სამსახურში, როდესაც ყოველმხრივ შეამოწმებდა და მის ვარგისიანობაში ასი პროცენტით დარწმუნდებოდა. ყველაფერთან ერთად, ზურაბს რწმუნებულ ქვედანაყოფში უმკაცრესი კონსპირაცია და დისციპლინა ჰქონდა დამყარებული. ახალგაზრდობის მიუხედავად, კარანაძე საკმაოდ კარგი ხელმძღვანელი იყო, სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, თანამშრომლებსაც ტაქტიანად უდგებოდა. ხელქვეითებიც დიდ პატივს სცემდნენ და უმკაცრესად იცავდნენ სუბორდინაციას. გამონაკლისი არც მისი თანაშემწე კობა სოხაძე იყო. მან ზურაბს „მელოტის“ შეტყობინება მაგიდაზე დაუდო და პოლკოვნიკს შეხედა.
– თავისუფალი ხარ, – თქვა ზურაბმა და თანაშემწე რომ გაისტუმრა, „მელოტის“ შეტყობინება გაშიფრა. რამდენიმეჯერ გადაიკითხა და ჩაფიქრდა.
პოლკოვნიკი ათიოდე წუთი უძრავად იჯდა სავარძელში. შემდეგ გაშიფრული შეტყობინება კონვერტში მოათავსა, დალუქა, ჯიბეში ჩაიდო და მინისტრის მისაღებისკენ გაემართა. მოსაცდელში მხოლოდ მინისტრის თანაშემწე, ახალგაზრდა კაპიტანი იყო. მან პოლკოვნიკს თავაზიანად გაუღიმა და უთხრა:
– გენერალთან ხართ?
– დიახ, – მიუგო ზურაბმა და დაამატა, – თავისუფალია?
– დიახ. ახლავე მოვახსენებ, – თქვა კაპიტანმა. შემდეგ მინისტრს შიდა ტელეფონით დაურეკა და პოლკოვნიკის შესახებ მოახსენა. ყურმილი რომ დაკიდა, ზურაბს ხელით მიუთითა კარისკენ და უთხრა:
– შებრძანდით, ბატონო, გენერალი გელოდებათ.
ზურაბის დანახვაზე, მინისტრი მის შესახვედრად გამოემართა. შუა კაბინეტში შეეგება. ხელი ჩამოართვა და სავარძელზე მიუთითა, დაჯექიო და თვითონაც ჩამოჯდა.
კარანაძემ მინისტრს „მელოტის“ შეტყობინება მიაწოდა და უხმოდ უყურებდა, როგორ კითხულობდა ის საიდუმლო წერილს. ბოლოს მინისტრმა პოლკოვნიკს შეხედა და უთხრა:
– საგულისხმო ინფორმაციაა. შენ რას ფიქრობ?
„მელოტის“ შეტყობინებაში ეწერა: „იმ კონტინგენტიდან, რომელთანაც მე ვმუშაობ, ვინმე „მეტყევემ“ რვაკაციანი ჯგუფი შეარჩია და რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გადაიყვანოს. ამ რვიანში მეც ვარ. „მეტყევე“ რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკია. ვფიქრობ, რომ რაღაც საგანგებო მისიისთვის გვამზადებენ და ეს საქმე მკაცრად გასაიდუმლოებულია. დიდი ალბათობით, კავშირზე გამოსვლის საშუალება არ მექნება და შეტყობინების გამოგზავნასაც ვერ მოვახერხებ. ხოლო თუკი როგორმე შევძლებ, ჩვეულებრივი შიფრით ვისარგებლებ. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულ რვიანში ყველანი ქისტები ვართ. თუკი შეძლებთ ჩემთან მოკავშირის გამოგზავნას, პაროლი იგივე უნდა იყოს – „მელოტი“...“
მინისტრმა ბოლომდე ჩაიკითხა და პოლკოვნიკს შეხედა.
– „მელოტი“ ძალიან გამოცდილი აგენტია, ბატონო მინისტრო და ყოველთვის ზუსტ ინფორმაციებს იძლევა, მას არც გაზვიადება ახასიათებს და შეფასებაშიც არ ცდება. ამიტომ, მის შეტყობინებაზე დაყრდნობით შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახური ჩვენ წინააღმდეგ სერიოზულ აქციას გეგმავს, რომელშიც ქისტების გამოყენებას აპირებს. არ გამოვრიცხავ, პროვოკაციის ნებისმიერ სახეობას. სასწრაფოდ კომპლექსური ზომებია მისაღები. ჩვენი ერთადერთი პლუსი ისაა, რომ „მელოტია“ მათთან და ის მთელი ძალებით შეეცდება, ხელი შეუშალოს პროექტის განხორციელებას. თუმცა, ის ყოველგვარი კავშირისა და დასაყრდენის გარეშეა დარჩენილი და ამოცანას ეს ართულებს. ამიტომ, დახმარება გვჭირდება.
– ვის დახმარებას გულისხმობ? – ჰკითხა კარანაძეს მინისტრმა, რომელსაც სახეზე აშკარა შეშფოთება ეტყობოდა.
– ცალსახად – ამერიკელების, – მტკიცედ თქვა პოლკოვნიკმა.
– ამერიკელების? – მხრები აიჩეჩა გენერალმა და დააყოლა, – კი მაგრამ, როგორ? ამერიკელები რაში უნდა დაგვეხმარონ?
– ბატონო გენერალო, შეერთებული შტატების „გამოძიების ფედერალურ ბიუროს“ საქართველოში და მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში ფართო სამუშაო აქვთ გაჩაღებული. გამორიცხული არ არის, რომ პანკისის ხეობასა და იმ ჯგუფშიაც კი, სადაც „მელოტი“ მუშაობს, თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ, ამიტომ მათთან დალაპარაკებაა საჭირო.
– შენი სიტყვებიდან გამოდის, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ჩვენს სუვერენულ ტერიტორიაზე თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ. ეს ხომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა? – თქვა მინისტრმა.
– ფორმალურად ასეა. მაგრამ ეს ფაქტია და ვერსად გავექცევით. ვერც ვერანაირად შევუშლით ხელს და ამის გაკეთება არც გვაწყობს. ამერიკელები მსგავს საქმიანობას თვით რუსეთში ახორციელებენ და იქაც ვერ უშლიან ხელს, – მიუგო კარანაძემ.
– ეს ინფორმაცია უშიშროებაში მუშაობის დროს მოიპოვე? – ჰკითხა მინისტრმა. პოლკოვნიკს კი გაეცინა და უთხრა:
– უფრო ადრე, ბატონო გენერალო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შეერთებულ შტატებში ვსწავლობდი.
– გასაგებია. ესე იგი, ამერიკელებს უნდა მივმართოთ, მაგრამ ვის? იცნობ შენ მასეთ ვინმეს? – თქვა მინისტრმა.
– ცნობით, არა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენთვის საჭირო ადამიანი შეერთებული შტატების საელჩოს მეორე მდივანი ჯიმი ბარკია. ის, „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ თანამშრომელია და რადგან აქ ამ სტატუსით არაა დეკლარირებული, ესე იგი, საიდუმლო ოპერაციებს კურირებს. ჰოდა, ჩვენ სწორედ ის გვჭირდება, – გაეღიმა პოლკოვნიკს.
– კი მაგრამ, საიდან იცი, რომ ეგ ბარკი „ფებეერშჩიკია“? – გაოცებით იკითხა მინისტრმა.
პოლკოვნიკს კი გაეცინა და მიუგო:
– ეს რომ ასეა, წყალი არ გაუვა, ბატონო მინისტრო. ხოლო, რაც შეეხება წყაროს, მოდით, მას ხელუხლებელს დავტოვებ.
გენერალმა თავი გააქნია და თქვა:
– „მელოტი“ ჩვენიანია და სხვა საქმეა, მაგრამ ამერიკელ საიდუმლო წარმომადგენელზე საიდანღა გახვედი, შე კაი კაცო. მოკლედ, საიდუმლოებების ყულაბა ხარ. კი, ბატონო. დაელაპარაკე იმ ბარკს, მაგრამ „იაღლიში“ არ მოგივიდეს და დიპლომატიურ სკანდალში არ გავეხვეთ.
– არ გავეხვევით. ნება მიბოძეთ, წავიდე და ვიმოქმედო, – თქვა კარანაძემ და თანხმობა რომ მიიღო, გენერალს გამოემშვიდობა და წავიდა...
***
  ჯიმი ბარკს ზურაბ კარანაძე ჯერ კიდევ შეერთებული შტატებიდან იცნობდა. ამერიკელი, ისევე როგორც ზურაბი, „ეფბეერის“ აკადემიის კურსდამთავრებული იყო და ქართველზე ორი კურსით წინ სწავლობდა. რამდენიმეჯერ ერთობლივ სწავლებაშიც კი მოუწიათ მეცადინეობა. თუმცა, ისინი მხოლოდ სახით სცნობდნენ ერთმანეთს. მათი დაახლოება კი თბილისში მოხდა. ჯერ კიდევ უშიშროებაში მუშაობისას ბარკი რაღაც ინფორმაციისთვის მივიდა ცენტრალურ ოფისში და ზურაბს შეხვდა.
– თუ არ ვცდები, ძმობილო, შენ „ბიუროს“ აკადემია უნდა გქონდეს დამთავრებული, – ამერიკული უშუალობით გამოეცნაურა ბარკი კარანაძეს.
– დიახ, მისტერ ბარკ. ნამდვილად ასეა, – ღიმილით თქვა ზურაბმა.
– ოჰ, ჩემი გვარიც დაგიმახსოვრებია, – გაეღიმა ამერიკელს. ზურაბს ხელი გაუწოდა და დააყოლა, – შენი სახელი მითხარი, ძმობილო და ერთმანეთს კარგად გავეცნოთ.
– ზურაბ კარანაძე, უშიშროების კაპიტანი, – თქვა ზურაბმა.
– ჯიმი ბარკი, შეერთებული შტატების საელჩოს მეორე მდივანი. თუმცა, ძმობილო, ეს მხოლოდ მოსაწყენი აბრევიატურაა. მის უკან კი ბიუროს საქმიანობა იმალება და მას მე ვკურირებ. ჩვენიანი ხარ და ამიტომ გიმხელ, – თქვა ამერიკელმა. ზურაბს თვალი ჩაუკრა და მხარზე ხელი მოუთათუნა.
ისე მოხდა, რომ ბარკისთვის საჭირო ინფორმაცია ზურაბს უნდა გადაეცა და როდესაც ეს პროცედურა დასრულდა, ამერიკელმა კარანაძეს უთხრა:
– მადლობელი ვარ, ძმობილო, ეგრევე გეტყობა, ჩვენი სკოლა და ჩვენიანი ხარ. ერთად დავკრათ რუსებს. თუკი რაიმეში დაგჭირდი, არ მოგერიდოს. დამიკავშირდი და ერთად გადავწყვიტოთ პრობლემები.
– კარგი. შევთანხმდით, – მიუგო ზურაბმაც და ამერიკელს ამგვარ ნოტაზე დაემშვიდობა.
ეს შეხვედრა ოთხი წლის წინ მოხდა. მას მერე ზურაბი და ბარკი კიდევ სამჯერ შეხვდნენ და გულთბილად მოიკითხეს ერთმანეთი. გამომშვიდობების წინ ამერიკელი ზურაბს მხარზე მეგობრულად დაჰკრავდა ხოლმე ხელს და ეუბნებოდა:
– აბა, შეხვედრამდე, ძმობილო! იმედია, ოდესმე ერთად დავკრავთ რუსებსო.
ზურაბი მხოლოდ უხმოდ უღიმოდა ამერიკელს და ემშვიდობებოდა.
მინისტრისგან წამოსულმა ზურაბმა თავის კაბინეტში შეიარა, მობილური ტელეფონი აიღო და შემდეგ თანაშემწეს დაუბარა, საქმეზე გავდივარო და შენობა დატოვა. შემდეგ მობილურზე დარეკა და თქვა:
– გამარჯობა, მისტერ ბარკ.
– ოჰ, ზურაბ, ზურაბ... რამ შეგაწუხა, ხომ მშვიდობაა, ძმობილო?
– დიახ. თუ გცალიათ, ხინკალზე მინდა დაგპატიჟოთ და რას იტყვით?
– მცალია, ძმობილო. სწორედ რომ კარგ დროს დარეკე. სადილად გასვლას ვაპირებდი და კომპანიონს ვეძებდი. მითხარი, სად მოვიდე.
– საელჩოში ხართ?
– კი.
– მაშინ მე თვითონ მოგაკითხავთ. შავი ფერის „ემელით“ ვარ და ოც წუთში მანდ ვიქნები.
– კარგი. გელოდები, ძმობილო, – თქვა ბარკმა და მობილური ტელეფონი გათიშა.
ზურაბ კარანაძე რომ საელჩოსთან მივიდა, ჯიმი ბარკი მას შესასვლელთან ელოდებოდა. ზურაბმა ნახევარ მეტრში გაუჩერა მანქანა. ამერიკელი გვერდით მიუჯდა პოლკოვნიკს. ერთმანეთს რომ ხელი ჩამოართვეს, ზურაბმა „მერსედესი“ ადგილიდან დაძრა.
– გული მიგრძნობს, ზურაბ, რომ მხოლოდ ხინკლის საჭმელად არ მომაკითხე და სერიოზული საქმე უნდა გქონდეს, – უთხრა მას ბარკმა
– დიახ. მართალს ბრძანებთ, – მიუგო კარანაძემ.
– ჰა, ძმობილო, რუსებს ხომ არ უნდა დავკრათ?
– დახლოებით, – თქვა ზურაბმა. ამერიკელს, ინლისურ ენაზე ნათარგმნი „მელოტის“ შეტყობინება მიაწოდა და დააყოლა, – ამას გაეცანით, მისტერ ბარკ.
ამერიკელმა ორჯერ გადაიკითხა შეტყობინება. ზურაბს დაუბრუნა და უთხრა:
– თუ არ ვცდები და სწორად გავიგე, ეს შეტყობინება აგენტმა გამოგიგზავნათ, რომელიც პანკისის ხეობაში მოღვაწეობს.
– დიახ. მასეა. მას „მელოტი“ ჰქვია და ნარკოტრაფიკსა და იარაღით ვაჭრობას, აგრეთვე, შეიარაღებული ჯგუფების გადაადგილებას აკონტროლებს, – თქვა ზურაბმა.
– როგორც იწერება, რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ და კავშირი წყდება.
– დიახ. მასეა და საგულისხმოა ის, რომ რაღაც საიდუმლო მისია მზადდება. რაც ჩვენთვის უცნობია და სწორედ იმიტომ მოგმართეთ თქვენ, რომ ამის გარკვევაში დაგვეხმაროთ, – თქვა ზურაბმა.
– სწორ მისამართზე მოხვედი, ძმობილო, – ვფიქრობ, სერიოზულადაა საქმე და გეთანხმებით, დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მოქმედება, – თავი დააქნია ამერიკელმა. ზურაბმა კი გაიღიმა და თქვა:
– ძალიან კარგი, მისტერ ბარკ, მაგრამ, სანამ რუსებს დავკრავთ, კარგად უნდა დავნაყრდეთ.
– ოჰო, პირველად მესმის შენგან, ძმობილო, რომ რუსებს უნდა დავკრათო. აი, ახლა კი ნამდვილი პარტნიორები ვართ, – სიცილით თქვა ბარკმა და ზურაბს თვალი ჩაუკრა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3