№19 რას გვიყვებიან წარბები
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
ჩაიხედეთ სარკეში და დააკვირდით თქვენს წარბებს – მათი ფორმის მიხედვით ადამიანის ხასიათის ამოცნობაა შესაძლებელი. ამ ტესტით არა მარტო საკუთარი თავის შესახებ შეიტყობთ საინტერესო ფაქტებს, იმ ადამიანსაც უკეთ გაიცნობთ, ვინც გვერდით გყავთ.
* ჩვეულებრივი წარბი
როცა წარბი არც სქელია და არც თხელი, ოდნავ მორკალულია, არც მაღლაა აწეული და არც ჩამოწეულია. წარბების ასეთი ფორმა ნიშნავს იმას, რომ ზედაპირული ადამიანი ხართ. არ გიყვართ სირთულეები, ყველაფერში მარტივ გამოსავალს ეძებთ და დრამატიზმს გაურბიხართ. გარშემო მყოფებს უადვილდებათ თქვენთან ურთიერთობა.
* ბუნებრივი, სწორხაზოვანი
ისეთივე სწორხაზოვანი ხართ, როგორი წარბის ფორმაც გაქვთ. რასაც ფიქრობთ, იმას ამბობთ. მუდამ სიმართლეს მეტყველებთ, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს ის. ახლობლებმა იციან, რომ სამართლიანი ხართ და საიდუმლოებსაც გიმხელენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ საკუთარი ნათქვამი წინ არ დახვდებათ. თუმცა ზოგჯერ მწარე სიმართლით გულსაც სტკენთ მათ.
* ძლიერ მორკალული წარბი
ასეთი წარბები „ამბობენ“, რომ თეატრალური ხასიათი გაქვთ. გიყვართ ადამიანებთან თამაში და ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეგვიძლია გითხრათ, რომ არტისტად ხართ დაბადებული. გარშემო მყოფებს უყვართ თქვენ მიერ მოყოლილი ისტორიების მოსმენა.
* ზედმეტად აწეული წარბები
ასეთი წარბები ცოტათი ბრაზიან იერს განიჭებთ. პირველი დანახვით ხალხში დადებით ემოციას არ იწვევთ. ისინი თქვენში სერიოზულ და საქმიან ადამიანს ხედავენ, მაგრამ არა – პოზიტიურს.
* მოკლე წარბები
განსაკუთრებით ყურადღებიანი ხართ დეტალებისა და წვრილმანებისადმი. მიზანსწრაფულს არჩეული გზიდან გადახვევა არ გახასიათებთ არც სამსახურის საქმეებში, არც პირად ცხოვრებაში.
* სქელი წარბები
მიუთითებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერში ბუნებრიობა მოგწონთ. არასდროს გაინტერესებთ გარშემო მყოფების აზრი. იქცევით ისე, რომ მაქსიმალურად ბედნიერად იგრძნოთ თავი. ადამიანები ბუნებრიობისა და გულწრფელობის გამო გაფასებენ. გამჭრიახი ტვინის პატრონი ხართ, გამომგონებელი და ფანტაზიორი.
* თხელი წარბები
დაწვრილებული წარბები თქვენს დახვეწილობაზე მიუთითებს. კეთილი ადამიანი ხართ და მუდამ გაურბიხართ კონფლიქტს. აგრეთვე, გიყვართ გარშემო მყოფების მოსმენა. თავად კი ცოტას ლაპარაკობთ.
* თხელი, „ჩატეხილი“ წარბები
ასეთი ფორმა თქვენს მკაცრ ხასიათსა და თვითკონტროლზე მიუთითებს. ძლიერი სულის ადამიანი ხართ. მუდამ ფიქრობთ მწვერვალების დაპყრობაზე და სულ ვიღაცას ეჯიბრებით პირველობისთვის, გარშემო მყოფებისგან კი უსიტყვო მორჩილებას მოითხოვთ.