№19 კომფორტში „დამალული“
ელ მაკფერსონი
ბარი სვიფტს მთელი შტატის პოლიცია ეძებდა. ბანკების მძარცველს ბოლო საქმეზე არ გაუმართლა და „გვამი აიკიდა“. გარდა ამისა, გამოუსწორებელი შეცდომაც დაუშვა – გვამი შემთხვევის ადგილას დატოვა. სხვა გზა აღარ რჩებოდა, უნდა გაქცეულიყო. მისმა თანამზრახველმა, გაბი მელერმა, მთებში დამალვა შესთავაზა, მაგრამ სვიფტს კომფორტში ცხოვრება უყვარდა. თან მოპარული ფულისთვისაც ხომ მოენახა გასავალი. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ პარიზში დამალულიყო. თვითმფრინავს მატარებელი და შემდეგ გემი ამჯობინა. ძვირფას ტანსაცმელში გამოეწყო, პირველი კლასის ბილეთი იყიდა და განცხრომაში მყოფი, უკვე დარწმუნებული იყო იმაში, რომ სამართალდამცველებს ხელიდან დაუძვრა. ახლა რბილი ავეჯით გაწყობილ ვაგონ-რესტორანში იჯდა და ვისკის წრუპავდა. თან გუნებაში გაბი მელერს დასცინოდა. მისი „გადაგდება“ თითქმის მაშინვე გადაწყვიტა, როცა ბანკიდან ორი ჩანთით სოლიდური თანხა გამოიტანეს. ახლა ეს ფული სვიფტს თან ჰქონდა, ტყავის ბრენდულ ჩანთაში და საიმედოდ იდო კედლებზე წითელი ხავრედით აკრულ კუპეში, რომელშიც მეორე ადგილიც იყიდა, რომ გზაში არავის შეეწუხებინა.
დარწმუნებული იყო, ადგილობრივი პოლიცია მასზე ეჭვს ვერ აიღებდა. როდის იყო, მდიდრები სამართალდამცველების დაკვირვების ობიექტები ხდებოდნენო, უთხრა საკუთარ თავს და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისთვის ფული არ დანანებია. სათვალეშიც კი იმდენი გადაიხადა, ჩვეულებრივ ქურდს მთელი თვე რომ ეყოფოდა თავის სარჩენად. შესაძლოა, ეს სწორი გათვლაც იყო, მაგრამ ბარი სვიფტს იღბალი განუდგა. იქნებ რაღაცით „აწყენინა“, მაგალითად იმით, რომ მეწყვილეს უღალატა. ყოველ შემთხვევაში, იმას, რაც ვაგონ-რესტორანში მოხდა, ბარი არაფრით ელოდა. გრძელი, დამქანცველი მოგზაურობისთვის შექმნილი განწყობა მოულოდნელობამ რადიკალურად შეუცვალა. სწორედ იმ მომენტში, როცა ოფიციანტს მისთვის შემწვარი იხვი მოჰქონდა – ბარის დიდი ხანი იყო, რაც ამ კერძისთვის გემოს გასინჯვა უნდოდა, ვაგონ-რესტორანში ბილი ბენსონი შემოვიდა. ვინ იყო ბილი ბენსონი? ბარისთვის კარგად ნაცნობი, ბანკების დაზღვევის სააგენტოს ოფიცერი. რომელსაც ერთხელ უკვე გადაეყარა თავისი კრიმინალური კარიერის ერთ-ერთ საფეხურზე. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ იყო, დაინახა, თუ არა ბენსონმა, საფრთხის განცდამ აღარ მოასვენა. რაღაც მომენტში, ბენსონმა მისკენ გამოიხედა – ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბარის ვისკით სავსე ბოთლითა და სკამით სისხლიანი სანახაობა მოეწყო. წამში ბილი ბენსონი და ოფიციანტიც თავგახეთქილები ეყარნენ ვაგონ-რესტორნის იატაკზე. ბარი კი მატარებლიდან ჩახტა. ახლა ციხეში მოხვედრა არა რამდენიმეწლიან პატიმრობას, არამედ ელექტროსკამზე სიკვდილს უდრიდა. გაქცევა კი სვიფტისთვის ყოველთვის იყო საუკეთესო გამოსავალი. ფულით სავსე ბრენდული ჩანთა კუპეში დარჩა, მაგრამ ამას ახლა ნაკლებად დარდობდა. არც ის აღელვებდა, რომ პრაქტიკულად ტრამალზე აღმოჩნდა, ყველანაირი სატრანსპორტო საშუალების გარეშე და არც იმაზე ჰქონდა წარმოდგენა, საით უნდა წასულიყო. იქნებ ეს იყო ის ტაქტიკური შეცდომა, რომელიც სვიფტმა დაუშვა. ყოველ შემთხვევაში, ის საზეიმო განწყობა, რომელიც სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ჰქონდა, უკვალაოდ გაუქრა. იცოდა, სასოწარკვეთაში ჩავარდნა კარგს არაფერს უქადდა, ამიტომ ტანსაცმელი ჩამოიფერთხა და იმის იმედით, რომ ფული თუ არა, რევოლვერი მაინც თან ჰქონდა, გზას გაუდგა. კარგად არ იცოდა, სად მიდიოდა. უკაცრილელი მიდამო, არავითარი ნიშან-წყალი იმისა, რომ აქ სადმე ადამიანები ცხოვრობდნენ... „არა უშავს, – ინუგეშებდა თავს სვიფტი, – ბენზინგასამართი სადგური მაინც შემხვდება ან პატარა კაფე. ასეთ ადგილებში, ფულს ბანკში არავინ ინახავს. ჩემი რევოლვერი კი ბოლო დოლარსაც ამოაღებინებთ ჯიბიდან. არ დავიკარგები.
ქოხი სრულიად მოულოდნელად ამოიმართა მის წინ. უბადრუკი და უკაცრიელი ჩანდა. ქოხის უკან უკვე მთიანი ნაწილი იწყებოდა. ბარი მიხვდა, რომ თუკი გზას გაგრძელება, ღამე ფეხით მოუწევდა სიარული, სჯობდა ქოხში გაეთენებინა. ბევრი აღარ უფიქრია. თავი დახარა, დაბალ კარში რომ შეტეულიყო და ქოხში შევიდა. როცა სიბნელეს თვალი მიაჩვია, აღმოაჩინა, რომ ბედმა საბოლოოდ არ გაიმეტა. ყოველ შემთხვევაში, შიმშილით სიკვდილი ნამდვილად არ ემუქრებოდა. ქოხში საკვების სოლიდური მარაგი აღმოჩნდა. სასმელიც, თანაც, არც თუ ურიგო. გამოყვანილი ხორცი, პური, ძეხვეული და ხილი. ასევე, ყავა და შოკოლადის რამდენი ფილა. ქოხში სახელდახელოდ მოწყობილი საწოლიც აღმოჩნდა – დაბალი, ხისგან უშნოდ გამოჩორკნილი ტახტი, რომელზეც ცხოველთა ტყავები დაეფარებინათ და ზემოდან საბანი დაედოთ. ქოხში, ასევე, იყო ხის სკამი და პატარა ღუმელი. ბარის ოდნავ მოეშვა გულზე. ქოხს პატრონი რომ ეყოლებოდა, ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. კიდევ ერთი გვამი მის კრიმინალურ დოსიეს უკვე ვეღარ დაამძიმებდა. გადაწყვიტა, დარჩენილიყო, დაესვენა და გზას ისე გასდგომოდა. პოლიცია ძებნას აქ არ დაუწყებდა. დარწმუნებული იყო, რომ ოფიციანტი და ბენსონი საცოცხლეს გამოასალმა. ისინი მოწმეებად ვეღარ გამოდგებოდნენ. ცოტა ხორცი და პური ჭამა. რამდენიმე ყლუპი სასმელიც დააყოლა. გული იმაზე სწყდებოდა, რომ ნატვრა ვერ აისრულა და შემწვარ იხვს გემო ვერ გაუსინჯა. ტახტზე წამოწვა და თვალები მილულა. რევოლვერი მარჯვენა ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული, ყოველი შემთხვევისთვის...
ფეხის ხმა არ გაუგონია. ჩამოძონძილი, ჭუჭყიანი არსება ისე წამოადგა თავზე, რომ გაოცებაც ვერ მოასწრო. მისი სახე კარგად არ დაუნახავს. როცა ერთმანეთს შეებნენ, მიხვდა, რომ საქმე ძლიერ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა. რევოლვერი ისევ ხელში ეჭირა, მაგრამ სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა, რადგან მათხოვარს მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ბარი სახეზე მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა და გული ერეოდა. ყველანაირად ეცადა, ხელი გაეთავისუფლებინა. იმის გაფიქრებაც არ უნდოდა, რომ ეს ძუნძგლიანი არსება მოუსწრაფებდა სიცოცხლეს მაშინ, როცა ნიუ-იორკის პოლიციაც ვერაფერს გახდა მასთან. როგორც იქნა, რევოლვერიანი ხელი მათხოვრის თავს ზემოთ აღმოჩნდა. გასროლა ვერ შეძლო, მაგრამ მთელი ძალით ჩაარტყა. მათხოვარმა დაიგმინა და ქოხის მიწის იატაკზე ჩაიკეცა, მაგრამ მოასწრო და ბარის ფეხებში ისე მოებღაუჭა, რომ ძირს დაანარცხა. ბანდიტს რევოლვერი ხელიდან გაუვარდა. სწორედ ამ დროს ქოხში რამდენიმე იარაღშემართული, ფორმიანი მამაკაცი შემოვარდა და ბარი თვალისდახამხამებაში გაკოჭეს.
– იცოცხლებს, – თქვა ერთ ერთმა პოლიციელმა, რომელმაც მათხოვარს ჭრილობა სახელდახელოდ შეუხვია, – ექიმი მალე მოვა, მაგრამ ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ მაგარი თავის ქალა ჰქონია. კანი კი გახეთქილია და ამდენი სისხლიც აქედან იყო, მაგრამ თავად ქალა მთელია. მგონი, გონზეც მოდის. ბარი სვიფტ, გეგონა ხელიდან დაგვისხლტებოდი? ამ ბოლო დროს შეცდომა შეცდომაზე დაუშვი. ბენსონმა გიცნო და ეგრევე შეგვატყობინა. ამ საცოდავ მათხოვარს რაღას ერჩოდი? ისე კი, რადგან არ მოკვდა, ძალიან გაუმართლა. იმ ოცდახუთიათას დოლარს მიიღებს ჯილდოდ, რომელიც შენზე დააწესა ოლქის პოლიციამ. გესმის, მეგობარო? შენი მათხოვრული ცხოვრება დასრულდა. რანჩოს იყიდი, სახლი გექნება, ადამიანის სახეს დაიბრუნებ. შეიძლება, ფული დაგრჩეს კიდეც. მათხოვარმა თვალები გაახილა და გაიღიმა. პოლიციელმა ხელი შეაშველა და ტახტზე ჩამოჯდომაში დაეხმარა.
– იმდენი მაინც დამრჩება, რომ პარიზში წავიდე. პარიზის ნახვა ჩემი და ჩემი ერთი, ძველი მეგობრის დიდი ხნის ოცნება იყო.
ბარი სვიფტი მიწაზე პირქვე ეგდო და არ შეეძლო დაენახა მათხოვრის სახე, მაგრამ ხმა იცნო. ეს მისი ყოფილი მეწყვილის, გაბი მელერის ხმა იყო.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ