№19 როგორ გადაადებინა ბერიამ ჰიტლერს ომი 4 თვით
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
არ არის სადავო, რომ ლავრენტი ბერიას დიდი დამსახურება მიუძღვის საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე. ზოგიერთი მათგანი ფართოდაა ცნობილი, ზოგიერთი – ნაკლებად ან საერთოდ არა. მათ შორის ერთ-ერთი საბჭოთა კავშირში ჰიტლერის შემოჭრის თარიღის გადაწევაა, რომლის გეგმაც თავად ბერიამ მოიფიქრა და თვითონვე განახორციელა... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ვალენტინ ზარეცკი წერს: „სტალინმა ჰიტლერთან ომისთვის მზადება ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების შუაში დაიწყო და ამ გეგმას დაჩქარებული ტემპებით ახორციელებდა. პარალელურად კი, ყოველმხრივ ცდილობდა, ფიურერს თავდასხმის თარიღი გადაეწია, რათა უკეთ მომზადებულიყო საომრად.
1940 წელს ჰიტლერს უკვე მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დრო და „ბარბაროსას“ ხელიც მოაწერა. საბჭოთა დაზვერვამ მაშინვე მოიპოვა ეს ინფორმაცია და ბერიას აცნობეს. ბერიამ კი სტალინს დაუდო მაგიდაზე. ამის შემდეგ საომარი მომზადება კიდევ უფრო გაძლიერდა. ყველაფერი 1941 წლის 1 მარტისთვის უნდა დასრულებულყო, რადგან „ბარბაროსაში“ თავდასხმის პირველად თარიღად 1941 წლის 2 მარტი, კვირა, დილის 4 საათი იყო (რამაც 22 ივნისის 4 საათამდე გადაიწია) მითითებული. მაგრამ ამ დროისთვის, ანუ 2 მარტისთვის თავდაცვისა და არმიის მოდერნიზაციის სრულად განხორციელება არ ხერხდებოდა და ჰიტლერი რომ საბჭოთა კავშირში ამ დღეს შემოჭრილიყო, შესაძლოა, რომ მართლაც ორ კვირაში მისულიყო ურალამდე. ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია იხსენებდა: „რასაც ახლა ვყვები, ომის დამთავრების შემდეგ შევიტყვე, რადგან ეს ძალიან საიდუმლო ინფორმაცია იყო. მამა კი ოჯახის წევრებს სახელმწიფო საიდუმლოებებს არ ანდობდა. 1941 წლის თებერვლის შუა რიცხვებში სტალინთან თათბირი გაიმართა, რომელსაც მოლოტოვი, კაგანოვიჩი, შაპოშნიკოვი და მამაჩემი ესწრებოდნენ. როდესაც გააანალიზეს ომისთვის მომზადების ტემპები, გაირკვა, რომ 1 მარტისთვის ეს არ მოხერხდებოდა. ამიტომ სტალინმა მამას უთხრა:
– ლავრენტი პავლოვიჩ, რაიმე უნდა მოიფიქრო, რომ ჰიტლერის შემოჭრა ორი თვით მაინც გადაიდოს, თორემ იმაზე მეტად გაგვიჭირდება, ვიდრე ეს ნავარაუდევი გვაქვსო.
მამა თითქმის ყოველთვის დასწრებაზე თამაშობდა, ანუ მას წინასწარ ჰქონდა ხოლმე მომზადებული მოვლენების შეცვლის რამდენიმე ვარიანტი და სტალინს მოახსენა:
– ამხანაგო სტალინ, იუგოსლავიის კარტი უნდა გავათამაშოთ და ვფიქრობ, ომს ორი-სამი თვით გადავდებთ.
– კონკრეტულად? – მოკლედ თქვა სტალინმა.
– ინფორმაცია გვაქვს, რომ ჰიტლერი მოახერხებს და იუგოსლავებს ხელს მოაწერინებს სამთა ხელშეკრულებას, რათა ღერძის სახელმწიფოებს შეუერთდეს (გერმანია, იტალია, იაპონია). ეს ხალხის პროტესტს გამოიწვევს. ჩვენ კი ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროტესტს. ამის შედეგად ჰიტლერი იუგოსლავიას დაარტყამს. იქ შეყოვნდება და ჩვენთან ომის თარიღიც გადაიწევს, – თქვა მამამ.
სტალინს თავი გაუქნევია და მამასთვის უთქვამს:
– ჩახლართული კომბინაციაა და გამოვა?
– დიახ. გამოვა, ამხანაგო სტალინ. ჩვენთვის პირობებიც საკმაოდ ხელსაყრელია, რადგან როგორც მოგეხსენებათ, იტალია საბერძნეთში გაიჭედა და გერმანიას ეს არ აწყობსო, – თავდაჯერებით უთხრა მამამ სტალინს, რაზეც ბელადს გაეღიმა და მიუგო:
– მიდი, იმოქმედე!
მამაჩემმა მოქმედება დაიწყო. სტალინისთვის მიცემული სიტყვა პირნათლად შეასრულა და ომმა თითქმის 4 თვით გადაიწია, რამაც საბჭოთა კავშირს მომზადების მეტი საშუალება მისცა...“
სერგო ბერია ზოგადად კონკრეტიკის გარეშე ამბობს, რომ მამამისმა, ლავრენტი ბერიამ, სტალინისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა. სინამდვილეში კი, ბერიას ძალისხმევით, იუგოსლავიაში გადატრიალება მოხდა. ამან ჰიტლერი გააცოფა და იუგოსლავიაში შეიჭრა. მართალია, იუგოსლავიის დაპყრობა თერთმეტ დღეში მოახერხა, მაგრამ საბჭოეთზე თავდასხმის თარიღი გადადო...
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ჯერ კიდევ 1940 წელს შეშფოთდნენ გერმანელები იმის გამო, რომ იუგოსლავიამ თავისი არმიის გაძლიერება დაიწყო და სამხედრო მრეწველობა გააათმაგა. ჰიტლერს უნდოდა, რომ იუგოსლავია მოკავშირედ ჰყოლოდა და იუგოსლავიის პრემიერ ცვეტკოვიჩს სთავაზობდა, ღერძის სახელმწიფოებს შეერთებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია გვქონდა ამის შესახებ და ჩემი უწყება – საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა იუგოსლავიასთან, რომ ასეთი ნაბიჯი არ გადაედგათ. სამაგიეროდ, მათ დახმარებას ვთავაზობდით. ბერიას ხალხი კი იუგოსლავიის მოსახლეობაში საპროტესტო ტალღას ამზადებდა. ასე გავწელეთ თითქმის ერთი თვე და ჰიტლერმა ჩვენთან ომის თარიღი ჯერ 1 აპრილამდე გადადო. ამასობაში ცვეტკოვიჩმა ღერძის სახელმწიფოებთან შეერთების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს 25 მარტს მოხდა და ჰიტლერს უკვე 1 აპრილს შეეძლო ჩვენთან შემოჭრა, მაგრამ 27 მარტს ცვეტკოვიჩი დაამხეს და მის ნაცვლად ახალი მთავრობა ჩამოაყალიბეს, რომელსაც სიმოვიჩი ჩაუდგა სათავეში. ეს ბერიას უწყების ხალხმა მოახერხა. ამან ჰიტლერი გააცოფა, 5 აპრილს იუგოსლავიაში შეიჭრა და 17-ში მისი სრული ოკუპაცია განახორციელა. პარალელურად კი, თავისი არმია იტალიელებს მიახმარა საბერძნეთში, სადაც მუსოლინი იყო გაჭედილი. ყოველივე ამან ჰიტლერი შეაფერხა. ჩვენზე თავდასხმა 4 თვით გადადო და საშუალება მოგვცა, რომ ომისთვის უკეთ მოვმზადებულიყავით...“
საგულისხმოა ერთი ფაქტი, რომელიც საგულდაგულოდ იმალებოდა და მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინ გახდა საჯარო. საქმე ეხება იმას, რომ 1952 წელს ტიტოზე შემომწყრალმა სტალინმა იუგოსლავიის მეთაურს ბერია გაუგზავნა ბელგრადში და მოუწოდა მას, რომ ტიტო სოციალისტურ-კომუნისტურ პრინციპებს დაბრუნებოდა. როდესაც ბერიამ სტალინის სიტყვები ტიტოს გადასცა, საკუთარ „მოედანზე“ მყოფ იუგოსლავიის ლიდერს უთქვამს: ჩვენ ჩვენი პრინციპები გვაქვს და ჩვენი საქმეა, თუ ვის პლატფორმაზე დავდგებითო... ბერია კი, რომელიც ტიტოზე 7 წლით უმცროსი იყო და იუგოსლავიაში იმყოფებოდა, მასთან მისულა, ღიმილით მარცხენა ყურზე მოუკიდია ხელი და ვითომ ხუმრობით უთქვამს: სტალინს ადრე მამას უწოდებდით. ახლა კი ეურჩებით და ნუთუ არ იცით ანდაზა, რომ მამის (სინამდვილეში დედის, მაგრამ ბერიამ გადააკეთა) წინ მორბენალი კვიცი მგელმა შეჭამაო....
ყურაწეული ტიტო გაშრა. ბერიამ კი მას გაუღიმა და ჯერ მისი სასახლე დატოვა, შემდგომ კი ქვეყანა... ტიტომ კი იმავე დღეს გააძლიერა თავისი დაცვა და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ბერიას მკვლელობის შემდეგაც კი არ შეუწყვეტია.“