№19 ექიმის რჩევები
კითხვა: 17 წლის გოგონა არის უზომოდ მშიშარა. ახლა დაემატა ისიც, რომ ღამით უჭირს დაძინება, ამ დროს აქვს ტაქიკარდია და თითქოს კანკალი, ციკლიც აქვს არეული. ვის მივმართოთ – ნევროლოგს თუ ენდოკრინოლოგს?
პასუხი: უმჯობესი იქნება, ორივეს მიმართოთ, ნერვული სისტემის აშლილობის საფუძველი საკმაოდ ხშირად ენდოკრინული დარღვევებია ხოლმე.
კითხვა: გაკეთებული მაქვს B ჰეპატიტის ვაქცინის ორი დოზა. მეორე მარტის დასაწყისში. ძალიან მინდა ბავშვის გაჩენა. მაინტერესებს ახლა დაორსულების შემთხვევაში გაკეთებული ვაქცინის ორი დოზა ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხეს ხომ არ შეუქმნის? ასევე, მაინტერესებს, ორსულობის დროს აცრის მესამე დოზის გაკეთება ხომ არ იქნება საფრთხის შემცველი?
პასუხი: თქვენ შემთხვევაში საჭიროა მესამე დოზის გაკეთება და შემდეგ 1-2 თვეში ორსულობის დაგეგმვა, რადგან ორსულობის ფონზე B ჰეპატიტის ვაქცინის გაკეთება არ არის რეკომენდებული.
კითხვა: ვარ 26 წლის გოგო. ბოლო 2 წლის განმავლობაში სამჯერ გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი და სამივეჯერ თრომბოციტები ნორმაზე მეტი აღმოჩნდა. გავიკეთე კოაგულოგრამაც – ყველაფერი ნორმაშია, გარდა პროთრომბინის დონისა, რომელიც მცირედ მომატებულია. თვეზე მეტია, თვითიზოლაციაში ვიმყოფები, აქედან გამომდინარე ნაკლებად ვმოძრაობ და ცოტა წონაშიც მოვიმატე. ნაკლებად ვსვამდი სითხეს და არც მაინცდამაინც ჯანსაღი საკვებით ვიკვებებოდი. რა თქმა უნდა, სტრესშიც ვარ. ბოლო დღეების განმავლობაში დროდადრო ვგრძნობდი თავის ტკივილსა და ფეხის დაბუჟებას. ჰემატოლოგთან უკვე ჩავეწერე, მაგრამ ვნერვიულობ. შეიძლება, ეს რაიმე ტიპის ავთვისებიანი დაავადებით იყოს გამოწვეული?
პასუხი: ავთვისებიან დაავადებაზე ეს მაჩვენებლები არ მეტყვლებს. თუ INR ნორმალურია, მხოლოდ პროთრომბინის დონე არაფერს ნიშნავს, თანაც, ცვლილება უმნიშვნელოა. ყოველი შემთხვევისთვის, შეიმოწმეთ ღვიძლის ფუნქციები. მოიწესრიგეთ კვება და მეტი იმოძრავეთ.
კითხვა: შინაურმა კატამ დამკაწრა, პატარა ნაკაწრია, აცრა არ აქვს გაკეთებული. რომ დავაკვირდე ორი კვირა და თუ რამე შევატყვე, მერე ავიცრა დაგვიანებულია?
პასუხი: დალოდება არ არის სწორი. უნდა მიმართოთ რაბიოლოგს, აცრების დაწყების დროს ექიმი გადაწყვეტს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე