№19 ფარსმანდუკის სასარგებლო თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ფარსმანდუკი ფართოდ არის გავრცელებული მთელ საქართველოში. ის ხარობს მდელოებში, მინდვრებში, დასახლებული ადგილების მახლობლად. ფარსმანდუკისაგან ამზადებენ ორი სახის ნედლეულს – ბალახსა და ყვავილედებს. ბალახს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში (ივნისში, აგვისტოს პირველ ნახევარში), ღეროს 15 სანტიმეტრის სიმაღლეზე ჭრიან.
ფარსმანდუკი შეიცავს 0,8 პროცენტამდე ეთერზეთს, K ვიტამინს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს სისხლის შედედების პროცესზე, ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.
ფარსმანდუკს იყენებენ გასტრიტების, ქალური დაავადების, ბუასილის, საშვილოსნოდან და სხვა სახის სისხლის დენის დროს, ასევე კბილის ტკივილის გასაყუჩებლად. მეძუძურთათვის რძის მოსამატებელ საშუალებად. ბალახის ნაყენი კარგია თმის დასაბანად, ხოლო ახალი ბალახის წვენი
– კუჭის დაავადებისა და ფაღარათის დროს.
მენსტრუაციის დროს დიდი რაოდენობით სისხლისდენისას აიღეთ ფარსმანდუკი – 5 წილი, წიწმატურა – 5 წილი, მარწყვაბალახა – 5 წილი, მუხის ქერქი – 2 წილი, 1 სადილის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააჩერეთ 15 წუთი, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ დილას და საღამოს თითო ჩაის ჭიქა.
ფარსმანდუკს იყენებენ ადგილობრივი სისხლდენის შესაჩერებლად (კბილიდან, ცხვირიდან, ჭრილობიდან და სხვა). 0,50-0,75-პროცენტიან სტერილურ ნაყენს იღებენ ფილტვებისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, ფიბრომისა და ანთებითი პროცესების, აგრეთვე ბუასილური სისხლდენის, კუჭ-ნაწლავის კოლიტის, წყლულის, შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებების შემთხვევაში. წვენის სახით კი გამოიყენება გულის არითმიის დროს, 20-30 წვეთი – ერთ მიღებაზე.
საშარდე ბუშტის ანთების დროს რეკომენდებულია შემდეგი ნარევის ნახარში – 2 სადილის კოვზი ფარსმანდუკი, 2 სადილის კოვზი დათვის კენკრის ფოთლები. 2 სადილის კოვზ ამ ნარევს დაასხით 2,5 ჭიქა ცივი წყალი და 5-7 წუთი ადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგმიდან ნახევარი საათის შემდეგ კი გაწურეთ. გამონახარში დაყავით 4 ნაწილად და დალიეთ დღის განმავლობაში. კანის ჩირქოვანი დაავადების დროს აიღეთ 2 სადილის კოვზი ფარსმანდუკი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და გაწურეთ. ნაყენში დასველებული დოლბანდი დაიდეთ დაჩირქებულ ადგილას. შენახვა შეიძლება არა უმეტეს 2 დღე-ღამისა.
ფარსმანდუკის ექსტრაქტი და ნაყენი ხსნის ტკივილს მენსტრუალური ციკლის დროს, ხელს უწყობს სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ჭრილობების შეხორცებას.
1 ჩაის კოვზ გამხმარ ფარსმანდუკის ფესვებს დაასხით 200 მილილიტრი წყალი, 10 წუთი ადუღეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ.
კანის ჩირქოვანი დაავადების დროს 2 სადილის კოვზ ფარსმანდუკს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და გაწურეთ. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ნაყენში დასველებული დოლბანდი დაიდეთ დაჩირქებულ ადგილას.