№19 როგორ ვუმკურნალოთ კბილის ტკივილს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
კბილის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უსიამოვნებაა. ტკივილისგან სრულად გასათავისუფლებლად აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს, მაგრამ არსებობს რამდენიმე ხალხური საშუალება, რომლებიც ტკივილის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.
კბილის ტკივილი ნივრის გამოყენებით შეგიძლიათ მოიხსნათ.
ნივრის რამდენიმე დაქუცმაცებული კბილი და სუფრის მარილი ერთმანეთში აურიეთ და დაზიანებულ კბილზე დაიტანეთ. ეს პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმეორეთ, შედეგი გარანტირებულია.
მიხაკს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, რომელიც ინფექციასთან და კბილის ტკივილთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. დაფქვით ორი მთლიანი მიხაკი, შეურიეთ ცოტა ზეითუნის ან ნებისმიერი ბოსტნეულის ზეთში და დაიტანეთ კბილზე. მეორე არჩევანიც გაქვთ, დაასველეთ ბამბა მიხაკის ზეთში და მტკივან კბილზე დაიდეთ.
ხახვს ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული თვისებები აქვს, რომელსაც ტკივილის გამომწვევ ინფექციასთან ბრძოლა შეუძლია. დაღეჭეთ ხახვის პატარა ნაწილი და რამდენიმე წუთი დაელოდეთ, ტკივილი თანდათან დაიკლებს. თუ მისი დაღეჭვა არ შეგიძლიათ, პატარა ნაჭერი იმ კბილზე დაიდეთ, რომელიც გტკივათ და ცოტა ხანს გაიჩერეთ.
კიდევ ერთი მეტად ეფექტური საშუალება კბილის ტკივილის დროს მარილიანი წყალია. ჩაყარეთ ნახევარი კოვზი სუფრის მარილი ერთ ჭიქა ცხელ წყალში და კარგად აურიეთ, დაელოდეთ, რომ ცოტა გაგრილდეს და შემდეგ რამდენჯერმე გამოივლეთ. ეს მალევე გააყუჩებს ტკივილს. მარილი ებრძვის დაავადების გამომწვევ ვირუსებსა და ბაქტერიებს, შესაბამისად, დისკომფორტიც გაქრება. გარდა ამისა, სტომატოლოგები იძლევიან რეკომენდაციას, მარილიანი თბილი წყლის სავლები ყოველი ჭამის შემდეგ მოვიხმაროთ კბილების ჯანმრთელობის პროფილაქტიკისთვის.
დამტკიცებულია, რომ არა მარტო მარილს, წიწაკასაც ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს, ამიტომ ძალიან დაგეხმარებათ, თუ მას კბილის ტკივილის დროს გამოიყენებთ. შეურიეთ ერთი და იმავე რაოდენობის წიწაკა და მარილი რამდენიმე წვეთ წყალში და იქამდე ათქვიფეთ, სანამ პასტის სახეს არ მიიღებს. დაიტანეთ პასტა კბილზე, რომელიც გაწუხებთ და რამდენიმე წუთი დაელოდეთ. აღნიშნული გაიმეორეთ ყოველდღე, რამდენიმე დღის განმავლობაში.
კბილის ტკივილის გასაყუჩებლად ძალიან ეფექტურია ვანილის ექსტრაქტი, რომელსაც ადვილად მოამზადებთ სახლის პირობებში. დაასველეთ ბამბა ვანილის წვენში და დაიდეთ კბილზე. ეს მოქმედება რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმეორეთ, რათა კბილის ტკივილი აღარ განმეორდეს. მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს.
ბლენდერში მოამზადეთ ახალი მწვანილის წვენი და დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღეთ. მას პირის ღრუდან ბაქტერიებისა და ტოქსინების გამოდევნა შეუძლია, რაც კბილის ტკივილის საფრთხეს ამცირებს.
თუ ტკივილის მიზეზი, კბილებში გაჭედილი საკვებია, პირში თბილი წყალი ჩაიგუბეთ და როგორც საჭიროა გამოივლეთ. თუ დისკომფორტის მიზეზი საკვების ნარჩენი იყო, კარგად გამოვლება ტკივილს გააქრობს. თუ ეს საშუალება არ დაგეხმარათ, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ ძაფი და კბილებს შორის არე აკურატულად გაასუფთავეთ.
ღრძილების ანთების დროს დაგეხმარებათ გვირილისა და თაფლის ნაყენი. 3 სუფრის კოვზ გვირილას დაასხით 400–500 მილილიტრი მდუღარე წყალი და დადგით ორთქლის აბაზანაზე 15-20 წუთის განმავლობაში. გაგრილებისა და გაწურვის შემდეგ ხსნარში 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი დაუმატეთ და დღეში 5-7-ჯერ გამოივლეთ.