კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რა სასწაული ხდება გოგუების ოჯახში ექვსი წლის ნიაკოს გარდაცვალების შემდეგ და რა „გამოუგზავნა“ მან საჩუქრად დედას

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ქეთი ცირეკიძე პატარა ნიაკოს დედა, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს: „4 თვის წინ გავიგე, რომ ჩემში ახალი სიცოცხლეა, დავიბენი, რთული იყო ამის გაცნობიერებაც და დაჯერებაც...“
  ქეთი ცირეკიძე: შვიდი წელი გავიდა, რაც ნია მოვავლინე ქვეყანას. ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად დიდი სურვილისა, ბევრი მკურნალობისა და სხვადასხვა ჩარევისა, მეტი შვილი არ მომეცა. ძალიან გვინდოდა, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მიზეზს ვერავინ მეუბნებოდა. ნიას წასვლიდან, დაახლოებით, სამ თვეში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ეს დაუჯერებელიც კი იყო ჩემთვის. ჩემს ექიმს რომ დავურეკე, გაუკვირდა და მითხრა, ვიდრე ექოზე არ გადავამოწმებ, მანამდე არაფერი თქვაო. კონსულტაციაზე მივედი, ექიმმა შუა პროცედურის დროს ბოდიში მომიხადა და გაჩერდა. ისტერიკული ტირილი დაიწყო, კაცი ზლუქუნებდა. ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა, ვიფიქრე, ემოციამ აიტანა, რადგან ორსულად ვარ-მეთქი. მომიბრუნდა და მეუბნება: შენ კიდევ იტყვი ღმერთზე საყვედურსო. ვუპასუხე: ისეთი შვილი მყავდა, ღმერთზე საყვედური არასოდეს მითქვამს-მეთქი. ქეთი, შენ ტყუპებს ელოდებიო. ჩემი რეაქცია არ მახსოვს, ერთადერთი, ვამბობდი: დე, ნია, დე, ნია... ეს ამბავი ყველასთვის შოკი იყო, დიდი სასწაული, რომელსაც დღემდე ვერ ვაცნობიერებ. ტყუპების არანაირი გენეტიკური ხაზი არ გვაქვს, ეს არის ნიას საჩუქარი.
– როგორც სოციალურ ქსელში დაწერეთ, ნიას ძალიან უნდოდა, რომ ძმა ჰყოლოდა...
– დიახ, ასეა. უფროსი გოგო მყავს და სულ მეხვეწებოდა: დე, ბიჭი ხომ გეყოლება, ხელში ხომ დამაჭერინებო. ოცნებად ჰქონდა, ძმა ჰყოლოდა. სამეგრელოში ვცხოვრობთ, თხილის მხარეში. მოსავალს რომ ვაგროვებდით ხოლმე, ნია ყოველთვის ტყუპ თხილს ეძებდა და ინახავდა, მეც იგივეს მთხოვდა. დღემდე მაქვს შენახული ეს თხილები თავის მაგიდასთან... თვითონაც ამბობდა, რომ ტყუპი შვილები ეყოლებოდა და სახელებიც კი შერჩეული ჰქონდა. არ ვიცი, ეს ჩემს ამბავს რამდენად უკავშირდება, მაგრამ რაც ახლა ხდება, დიდი სასწაულია. ნიას გამოგზავნილი საჩუქარია მისი ძმები. როცა ჩემს შვილს უღონო მდგომარეობაში ვუყურებდი და მის სულს სახეზე ვისუნთქავდი არასოდეს ღმერთი აუგად არ მიხსენებია. ეს ისეთი მომენტია, როცა შენთვის არც ღმერთი არსებობს და არც არაფერი. ამ დროს შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო და თქვა, მაგრამ უფლის საყვედური არ მითქვამს. პირიქით, ღვთისმშობელს ვეხვეწებოდი, რომ ნია მასთან ყოფილიყო და ჩემს მისვლამდე მიეხედა.
– როდის ელოდებით ტყუპებს?
– განსაკუთრებული დამთხვევა არის ისიც, რომ ნია წავიდა აგვისტოში. ეს პატარები კი სწორედ აგვისტოში მოევლინებიან ამ ქვეყანას. ნიასთან როცა დავდიოდი, ვთხოვდი, წავეყვანე ან დარჩენის საშუალება მოეცა. ეს ისეთი ტკივილია, სიტყვებით ვერ გადმოსცემ და არც უნდა გადმოსცე. ეს არის ემოცია, რომელიც შენში უნდა იყოს, რადგან დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება არაფერი, რაც ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებს მას. ყველაზე ცუდი ისაა, თენდება, ღამდება და მე ვერ ვიგებ ამას. როცა შენი შვილი მიდის ამქვეყნიდან ან უნდა დარჩე, ან იმ წუთში დაამთავრო ყველაფერი. მე ეს ვერ შევძელი, იმიტომ, რომ თურქეთში სულ მარტო ვიყავი. ჩემი მეუღლე საქართველოში დაბრუნდა, რომ თანხა ჩამოეტანა.
– რა დიაგნოზი ჰქონდა ბავშვს?
– ნიას შარშან, გაზაფხულზე სიცხეები დაეწყო. 6 წლამდე ისე მოვედით, რომ ჯანმრთელი და უპრობლემო ბავშვი იყო. დაბადებიდან, რატომღაც, განსაკუთრებული იყო - ათას ბავშვში ამოარჩევდი, ამის ბევრი მაგალითი გვქონდა. ყოველთვის ამის შიში მკლავდა და ვეუბნებოდი: დედიკო, რატომ ხარ ასეთი-მეთქი. სიცხე რომ აეწია, უცანური შიში ჩამისახლდა. თავიდან იაშვილის კლინიკაში დააწვინეს, სადაც ორი კვირა დავკარგე. ბავშვს ფილტვი აევსო წყლით და ვერ მიხვდნენ, რა სჭირდა. მერე ხელწერილის საფუძველზე წამოვიყვანე ციციშვილის კლინიკაში, სადაც რეანიმაციაში მოვხვდით. როცა ექიმის კაბინეტში დამიბარეს და მითხრეს, შეიძლება აპარატზე ჩართვა დაგვჭირდესო, იქ დავამთავრე სიცოცხლე. საბედნიეროდ, აპარატის საჭიროება არ გამხდარა, ექიმების ძალისხმევითა და მონდომებით ბავშვი მდგომარეობიდან გამოვიდა. როგორც ამიხსნეს, ნიას რაღაც ვირუსი ჰქონდა გადატანილი, რომელიც არ იცოდნენ, რა იყო. ამ ვირუსმა დაუტოვა იმუნოდეფიციტი და ძვლის ტვინს თუ არ გადავუნერგავდით, ფატალურად შეიძლება დასრულებულიყო. სამყარო თავზე გექცევა ამ დროს, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, რადგან გამოსავალი არსებობდა და ხელჩასაჭიდი მქონდა. ვახომ, ჩემმა მეუღლემ, რომ მკითხრა, რა ვქნათო, ვუთხარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ-მეთქი. სახლში რომ მოვიყვანეთ, ვერც შეატყობდით, რომ 21 დღე რეანიმაციაში იწვა. არაფერი ეტყობოდა. ყველაზე უცნაური, რაც არის, არ გვაქვს კონკრეტული დიაგნოზი. თურქეთში რომ გამოკვლევები დაიწყეს, გვითხრეს, პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა არ გვქონიაო. ძალიან ჰგავდა სიმსივნეს, მაგრამ რეალურად არ იყო. ტრანსპლანტაცია რთული ოპერაციაა, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით, შვიდი ბიოფსია გაუკეთეს. ამას ნია მშვიდად, აუღელვებლად იტანდა. ჩემზე ძლიერი იყო და ალბათ, მეც ეს მაძლიერებდა. რომ დამინახავდა, ვტიროდი, რატომ ტირიო, – მეკითხებოდა. თურმე შვილი მიკვდებოდა და ექვსი წლის ბავშვს ერთი წუთით არ უთქვამს, რამე მტკივაო, არ დაუწუწუნია. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ... ნიას დამძიმებამდე ორი დღით ადრე ექიმმა დამიბარა და მითხრა: 99 პროცენტით ყველაფერი კარგად გვაქვს და დროა ქიმია დავიწყოთო. ორ დღეში ნიას დაეწყო მაღალი სიცხეები: 40, 41, 42 გრადუსი. ორი დღის მერე ნია აღარ მყავდა... პროფესორმა მითხრა: არ ვიცი, რა მოხდა, ვერ აგიხსნი. ქარიშხალი დატრიალდა ნიას ორგანიზმში და თქვენი დიაგნოზი არის ბედისწერა. ბოლოს დაამატა, იცოდე, ნია ყვავილებში, უკეთეს ადგილზე წავიდაო.
– ამ დროს სრულიად მარტო იყავით?
– კი, ჩემს შვილს ბოლო ამოსუნთქვამდე თავზე ვადექი. მერე წავედი მაღაზიაში, ნია ამ დროს მორგში მყავდა, ვიყიდე შავები და ნიას ვუყუდე კაბა. ვფიქრობდი, სხვა ისეთს ვერ აურჩევდა, როგორსაც მე და მას ჩემი ნაყიდი უნდა სცმოდა... თურქების საოცარი თანადგომა მქონდა. თავად დაბანეს ნია და მათ ჩააცვეს. ასე გამოწყობილები ჩამოვედით მე და ნია საქართველოში. ყველაზე მტკივნეული იყო, როცა ჩემს მეუღლეს დავურეკე: ვახო, ცუდად არის მდგომარეობა და წამოდი-მეთქი. იმ დღეს ვერ იშოვა ბილეთი, არ იყო ფრენა. როცა მეორედ დავურეკე და ვუთხარი, ნია აღარ გვყავდა, გზაში იყო... რომ ჩამოვედით, ნია რაშიც იყო ჩასვენებული მას დაემხო და ვერ ააწიწკნეს. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი თავზე დამემხო და ახლა უნდა მეპოვა ძალა ჩემი მეუღლის გადასარჩენად. არ ვიცი, ეს რა გზაა, რა ცხოვრებაა, მაგრამ დღემდე ვმალავ ცრემლებს, არასოდეს ვტირი ოჯახის წევრებთან, არასოდეს დავდივარ მათთან ერთად ნიასთან, ყოველთვის მარტო მივდივარ, რომ ვესაუბრო, ვიტირო და დავიცალო.

скачать dle 11.3