№18 როგორ დაითანხმა დავით ბერიაშვილმა ლევან თეთრაული გადაცემაში – „ეთამაშე საქართველოს“ – მონაწილეობაზე და როგორ მოიგეს მათ დაუგეგმავად 24 ათასი ლარი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
შემეცნებით-გასართობ შოუს, „უპასუხე საქართველოს“, ახალი გამარჯვებულები ჰყავს – ლევან თეთრაული და დავით ბერიაშვილი, მეგობრები, რომლებმაც საკუთარი ცოდნით 24 000 ლარი მოიგეს.
დავით ბერიაშვილი: ძალიან დაუგეგმავად გადავდგით ეს ნაბიჯი. ცოტა ხნის წინ ჩვენმა მეგობრებმა მოიგეს ეს პროექტი – ლუკა ლომსაძემ და ზურა ვაშალომიძემ. ჩვენ, ყველანი ერთად „რა? სად? როდის?“ ვთამაშობთ. ლევანი მათი გუნდელია. მან და ლუკამ „წიგნების თაროც“ ერთად მოიგეს. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, მე და ლევანსაც გვეცადა. აპლიკაცია შევავსე და ლევანს შემდეგ ვუთხარი, სხვა გზა აღარ გაქვს, თამაში მოგიწევს-მეთქი. პირველ ჯერზე, რატომღაც, არ დაგვირეკეს და მეორედ შევავსე აპლიკაცია. ვიცოდი, რომ გარკვეულ თანხას მაინც მოვიგებდით. მე ლევანის დონის მოთამაშე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ უკვე წელიწად-ნახევარია აქტიურად ვმონაწილეობ „რა? სად? როდისში?“ და ვფიქრობდი, რომ 1 500-3 000 ლარს მაინც მოვიგებდით. ასე რომ, დასაკარგი არაფერი გვქონდა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, მეჩვენებინა, რომ წიგნების კითხვას აზრი აქვს იმ ხალხისთვისაც კი, ვისაც მხოლოდ მატერიალური სარგებლის მიღება უნდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ფიქრობს, რა აზრი აქვს წიგნების კითხვას, მაგით ფულს მაინც ვერ იშოვიო. მინდოდა, მათთვის დამემტკიცებინა, რომ ეს მცდარი აზრია და მგონი, რაღაც დონეზე გამოგვივიდა.
– ალბათ, მეგობრების გამოცდილებაც გაიზიარეთ.
– კი, გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე გაგვემახვილებინა ყურადღება კითხვების არჩევის მომენტში. ძალიან მარტივი ფორმულაა, ძირითადად, პროფესიების მიხედვით მოდის ხოლმე კითხვები და მედიცინასთან დაკავშირებული პროფესია რომ აგვერჩია, ძალიან გაგვიჭირდებოდა. კითხვების სწორად შერჩევა ძალიან დაგვეხმარა.
– ცოდნის მობილიზებაც არ გაგიჭირდათ, ძალიან ლაღად და მხიარულად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოიგეთ ამხელა თანხა.
– დიახ. ლევანი რამდენიმე წელია, „წიგნების თაროს“ თამაშობს, ბოლოს გაიმარჯვა კიდეც. ეკრანთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მე კი მისი სახით გამოცდილი და საიმედო პარტნიორი მყავდა. კამერისთვის არც კი შემიხედავს, დაძაბულობის გარეშე, მაქსიმალურად თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული.
– გადაცემაშივე თქვით, რომ ამდენის მოგებაზე არ ფიქრობდით და შესაბამისად, არ იცით, რაში დახარჯავთ. მას შემდეგ თუ გადაწყვიტეთ, რას მოხმარდება ეს თანხა?
– ბოლომდე ჯერ კიდევ არ ვიცით. თუმცა, ის ვიცი, რომ ლეპტოპს შევცვლი და შეიძლება, ცოტა ვიმოგზაუროთ კიდეც, როდესაც ამის საშუალება მოგვეცემა.
– აქამდე რა გზა გაიარე?
– სიღნაღში დავიბადე, სტუდენტობამდე პერიოდი წნორში გავატარე და ბოლომდე ერთ სკოლაში დავდიოდი, გარდა მეთერთმეტე კლასისა, როდესაც მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა და ერთი აკადემიური წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გავატარე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სან-დიეგოს უნივერსიტეტში. ამერიკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, იყო შესაძლებლობა ევროპაში გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ აქვე ამერიკულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, რადგან ამერიკულ განათლებას გვპირდებოდნენ. რეალურად, აღმოჩნდა, რომ ეს ჩვეულებრივი ქართული უნივერსიტეტია, უბრალოდ, ზედმეტად დიდი პიარი აქვს. დღეს მესამე კურსის სტუდენტი ვარ კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. ამჟამად დასაქმებული არ ვარ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ეს პრობლემა გადაიჭრება.
– ამერიკული გამოცდილება რისი მომცემი იყო?
– ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი წელი იყო. მარტო დარჩენა და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკა მაქსიმალურადაა ინდივიდებზე მორგებული. საკუთარი თავის განვითარება „პატრონის“ გარეშე შეგიძლია. იქ ვისწავლე, რომ საკუთარი თავის პატრონი მხოლოდ მე ვიყავი და ჩემთვის საინტერესო უნარების განვითარება დავიწყე, დაწყებული ლიტერატურით, რაც ძალიან მიყვარს. ვისწავლე გაცნობიერება, რისი გამკეთებელი ვარ და ის ყველაფერი, რაც, როგორც წესი, სტუდენტობასთან ასოცირდება.
– უნივერსიტეტის გარდა, რა არის განათლების წყარო შენთვის?
– ლევანმა „რა? სად? როდის?“ თამაშში ჩამითრია, ამისთვის კი განათლების მიღება მუდმივი პროცესია. დიდ მადლობას ვუხდი მას, ამ მხრივ, ჩემი განვითარება მისი „ბრალია“.
– ერთმანეთთან რა გაკავშირებთ?
– ლევანის დედა წარმოშობით წნორიდანაა – ჩემი ქალაქიდან. ხშირად ჩამოდიოდა ზაფხულობით და ათ წელზე მეტია, ერთმანეთს ვიცნობთ. თბილისშიც მეზობლები ვართ და ხშირი ურთიერთობა გვაქვს.
– შემეცნების პროცესს რა ადგილი უჭირავს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?
– მე რომ ლიტერატურაში მაქვს რაღაც ცოდნა, ეს იმიტომ, რომ ჩემი ინტერესი ყოველთვის დიდი იყო ამ სფეროს მიმართ. მხოლოდ იმიტომ ვკითხულობდი, რომ მსიამოვნებდა. ეს იმისთვის არასდროს გამიკეთებია, რომ ჭკვიანი გამოვჩენილიყავი. რაც მომწონდა, იმას ვაკეთებდი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებს. ამისთვის განსაზღვრული დრო არ არსებობს, მაშინ უნდა გაეცნო რამე ახალს, როცა ამის სურვილი გაქვს. ძალდატანებით ექვს საათში ნაკლებს შეიმეცნებ, ვიდრე ერთ საათში სიამოვნების მიღების დროს. ვერ ვიტყვი, რომ რთული კითხვები შეგვხვდა. პირიქით, მარტივები იყო. ეს გადაცემა ნაკლებად უსვამს ხაზს იმას, რომ ძალიან დიდი დრო გვაქვს გატარებული წიგნებთან. სიმართლე რომ ვთქვათ, როცა ადამიანი წლების განმავლობაში „რა? სად? როდისს?“ თამაშობს გაცილებით რთული კითხვებისთვისაა პასუხის გაცემას მიჩვეული. ორივე ვთამაშობთ ინტელექტუალურ თამაშს და გაცილებით რთულ კითხვებსა და ლოგიკას ვართ მიჩვეულები. ჩვენი თამაში იმით იყო გამორჩეული და მომგებიანი, რომ სწორად გავთვალეთ, როგორ უნდა აგვერჩია ხალხი, რომელიც კითხვას სვამდა.
– მეგობრებში, ალბათ, ხუმრობის საგანიცაა, სამეგობროდან ოთხმა გაიმარჯვეთ ორი გუნდის სახით.
– კი, ამბობენ, არ გაგვიკვირდება თუ „თაროელებს“ აღარ დაუშვებენ ამ გადაცემაშიო.
– თქვით, 1 500-3 000 ლარის მოსაგებად მოვედითო და როგორ მოხდა, რომ ამხელა თანხით წახვედით?
ლევან თეთრაული: ჩემი აზრით, სწორი სტრატეგიისა და იღბლის დამსახურებაა. ბოლომდე ჩვენი სტრატეგიით ვითამაშეთ. თემებშიც დავემთხვიეთ. ისტორია და ხელოვნება ჩვენი სფეროებია და ისე გაგვიმართლა, რომ პირველი სამი კითხვა ისტორიიდან მოვიდა და თან, მარტივები.
– როგორია ინტელექტუალურ თამაშებში შენი მონაწილეობის გამოცდილება?
– „წიგნების თაროს“ ვთამაშობდი ძალიან დიდი ხანი და დეკემბერში მესამე სტუდენტური სეზონის გამარჯვებული გავხდი. ლიტერატურას ბავშვობიდან ვკითხულობ, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა, რომ ამ სფეროში გადმოვსულიყავი. ძალიან ბევრი ადრეული პერიოდიდან იწყებს. მე, ფაქტობრივად, ძალით მოვხვდი ამ პროექტში, მასწავლებელმა ჩამწერა. შემდეგ იქ ბავშვები გავიცანი, „რა? სად? როდისში?“ თამაში შემომთავაზეს და იმის შემდეგ აღარ გავჩერებულვარ. „უპასუხე საქართველოშიც“ ძალით მოვხვდი. დათო რომ დარეგისტრირდა, მე საერთოდ არაფერი ვიცოდი. გასაუბრებისთვის რომ დაგვირეკეს, მხოლოდ მაშინ მითხრა (იცინის).
– როგორ ემზადებოდით?
– ისე გამოვიდა, რომ ცოტა მეტი ჩემს თავზე ავიღე, იმიტომ, რომ ინტელექტუალურ თამაშებში გამოცდილება მე უფრო მეტი მაქვს. ბევრი არა, მაგრამ ერთად თამაშის მცირე გამოცდილებაც გვქონდა და საერთო ჯამში კარგად ავუწყვეთ ფეხი. შეიძლება, ასე კარგად დიდი ხნის გამოცდილების მქონე მეწყვილესთანაც ვერ მეთამაშა, როგორც დათოსთან.
– როგორია შენი ინტერესის სფეროები?
– ჩემი პირველი სიყვარული ისტორიაა და შემდეგ – ლიტერატურა. საბრძოლო ხელოვნებაც მიტაცებს და ესეც ისტორიის სიყვარულს უკავშირდება. იურიდიულზე ვსწავლობ, მაგრამ ამ სფეროში არ ვმუშაობ. რამდენჯერმე სერიოზულად განვიხილე სხვაგან გადასვლა, მაგრამ ალბათ, დავამთავრებ. ჩემი აზრით, როცა ადამიანმა ზუსტად არ იცი, რისი კეთება გინდა, ყველაზე კარგ საბაზისო ცოდნას იურიდიული გაძლევს, რომელსაც შემდეგ ნებისმიერ სფეროში გამოიყენებ. რომ დავამთავრებ, ალბათ, სხვა სფეროში განვაგრძობ სწავლას. შეიძლება, ხელოვნებისკენ წავიდე, თუმცა ფილოსოფიაც ძალიან მიზიდავს. ჯერ არ გადამიწყვეტია. პარალელურად, ვცდილობ, ზოგადი ცოდნა „ავკრიფო“, რაშიც ინტელექტუალური თამაშები ძალიან მეხმარება, კარგ ბაზას მაძლევს. თამაშის – „რა? სად? როდის?“ გარდა, ძალიან მიყვარს ჯეპარდის თამაში, რომელიც ფაქტობრივ ცოდნაზეა ორიენტირებული. ორივე თამაში ძალიან მიყვარს, ღამეებიც მითენებია მათთვის. კითხვაში თუ ძალიან საინტერესო ფაქტისა და ადამიანის შესახებ ვიგებ, „ვგუგლავ“ და ვეცნობი. „გუგლი“ და „იუთუბია“ ჩემთვის ინფორმაციის მთავარი წყარო. კითხვას ძალიან ბევრი დრო მიაქვს, „იუთუბზე“ კი ბევრი საინტერესო არხია, რომელიც ბევრს გიყვება საინტერესო ფაქტებზე შედარებით მოკლედ და თუ კიდევ მეტი მაინტერესებს, უფრო ღრმად ჩავყვები ხოლმე.
– სად მუშაობ?
– სანამ იზოლაციაა, დრო ვიხელთე და ორ სხვადასხვა ადგილას ვმუშაობ, რაც სწავლასთან ერთად საკმაოდ მძიმეა. ვგულლისხმობ, ქოლცენტრსა და „წიგნების თაროს“ ონლაინ-სკოლას, რომელიც „საქართველოს ბანკის“ სპონსორობით ხორციელდება ბავშვებისთვის არაფორმალური განათლების მისაღებად, სადაც ბავშვებს ისტორიასა და მითოლოგიაზე ვუკითხავ გაკვეთილებს.