№18 რა რჩევებს აძლევს ანუკა ფალავანდიშვილს პაატა ბურჭულაძე და რა სთხოვა მამის მრევლს ანუკამ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ანუკა ფალავანდიშვილი კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია. მისი სამომავლო გეგმები კლასიკურ მუსიკას უკავშირდება. ანუკას მასწავლებელი კი მსოფლიოს ქართველი ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძეა, რომელიც იმავდროულად ანუკას ბაბუაა.
ანუკა ფალავანდიშვილი: გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ მომიწია, ორი კვირა კარანტინში გამეტარებინა. რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდე ამ ამბავს. დროის გაყვანაში წიგნები და სიმღერა მეხმარებოდა. შემდეგ საეჭვო სიმპტომებმა იჩინა თავი, ცოტა მაცხელებდა და მახველებდა, რის გამოც ინფექციურში მომიწია გადასვლა. იქ კორონაზე შემამოწმეს, მაგრამ არ დამიდგინდა. ამის შემდეგ ორი კვირით ისევ კარანტინში გამიშვეს, ინფექციურიდან რომ „არ წამომეღო“ რამე. საერთო ჯამში, ერთი თვე ვიყავი კარანტინში.
– სიმღერა, რომელიც კარანტინში ჩაწერე, კარგი გაგებით, ვირუსივით მოედო სოციალურ ქსელს და წარმატება მოგიტანა.
– პირველად ჩავწერე მიკა მდინარაძის „თოლიები“, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომპოზიტორსაც უნდოდა, ამ სიმღერითა და მუსიკით ასეთ რთულ სიტუაციაში ყველას სახლში შევსულიყავით და გაგვემხნევებინა, რადგან ამის გაკეთება ფიზიკურად არ შეგვეძლო. მგონია, რომ ბევრის გულში შევაღწიეთ და ძალიან მიხარია, ამ შესრულებას ასეთი თბილი გამოხმაურება რომ მოჰყვა. ეს ოთხკვირიანი კარანტინი ხალხის სიყვარულმა ძალიან გამიმარტივა. ერთ კვირაზე მეტია, რაც ჩემი კარანტინი დასრულდა, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ბევრ რამეს ისე ვერ გააკეთებ, როგორც გინდა, მაგრამ ჩემთვის ისიც დიდი შეღავათია, რომ ახლა ოჯახის წევრებთან ერთად ვარ. იქ კი აბსოლუტურად მარტო ვიყავი.
– მამა სასულიერო პირია და იმავდროულად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. თითქოს „ორ ცეცხლს შუა“ აღმოჩნდა ყველასთვის ცნობილი მიზეზის გამო. რას ამბობდა ამ სიტუაციაში?
– მამა ბერმონაზონი და მღვდელია. ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღოლია, ძალიან დიდი მრევლი ჰყავს. 2008 წელს წავიდა მონასტერში და 2011 წელს აღიკვეცა ბერად. მანამდე ტრავმატოლოგი იყო. 2008 წლის აგვისტოს ომშიც იყო, როგორც ექიმი. დღეს ბერია, თუმცა ცოტა ხნის წინ ძველ საქმიანობასაც დაუბრუნდა და კვლავ მუშაობს ტრავმატოლოგად კლინიკაში. როდესაც მრევლმა გადაწყვიტა, რომ აღდომას აუცილებლად უნდა მისულიყვნენ ტაძარში, ამან ჩემში დიდი მღელვარება გამოიწვია. როდესაც ეკლესიამაც და სახელმწიფომაც თქვეს, რომ ამ მხრივ, არაფერი შეიცვლებოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა, ხალხის ტაძრებში მისვლა, ამან ჩემში დიდი პროტესტის გრძნობა გამოიწვია. მამაოები ამაზე უარს ვერ იტყოდნენ, მათ ეკლესიის ძალიან დიდი მორჩილება აქვთ. მაგრამ არ მინდოდა, ეკლესიის მორჩილების გამო, ან მამას შექმნოდა ჯანმრთელობის პრობლემები ან საკუთარი პაციენტებისა თუ საძმოსთვის შეექმნა საფრთხე. ამიტომ ძალიან ავღელდი და სოციალურ ქსელში დავწერე პოსტი ამის შესახებ. მამაჩემის მრევლის ძალიან დიდ ნაწილს მეც ვიცნობ, ძალიან ხშირად დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ ამ სიტუაციაში წასვლა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან შეიძლებოდა, მე ვყოფილიყავი ვირუსის გამავრცელებელი. ამიტომ მრევლს ვთხოვდი, თვითონ ეთქვათ უარი წასვლაზე, რადგან მღვდლები ეკლესიისადმი მორჩილების გამო ვერ ამბობდნენ უარს. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ რადგან მამაჩემის მონასტერი საკმაოდ პატარაა და შორსაა, მრევლი შეგნებულად მოიქცა, დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და აღდგომის ღამეს მამამ მარტო ჩაატარა ლიტანიობა, საძმოს გარდა არავინ დასწრებია. ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ბერები ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ მაინც მაქსიმალურად იცავდნენ რეკომენდაციებს.
მამა ანაფორაზე იცვამს სამედიცინო ხალათს და პაციენტებთან შედის. ამიტომ ამ სიტუაციაში მას ორმაგი პასუხისმგებლობა ჰქონდა. რაც საქართველოში ჩამოვედი, არ მინახავს. შორიდან კომუნიკაცია გვქონდა, მაგრამ ახლოს არ მივსულვარ. მამა ყველანაირად ცდილობს, მხოლოდ
პაციენტებთან ჰქონდეს ურთიერთობა და საკუთარ საძმოსთან, ვისთან ერთადაც ცხოვრობს. ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი უთქვამს. ეს მისთვის ძალიან რთული თემაა. ექიმია და რა თქმა უნდა, კარგად იაზრებდა, რამდენად საშიში შეიძლება, ყოფილიყო იქ ხალხის მისვლა.
პაციენტებთან ჰქონდეს ურთიერთობა და საკუთარ საძმოსთან, ვისთან ერთადაც ცხოვრობს. ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი უთქვამს. ეს მისთვის ძალიან რთული თემაა. ექიმია და რა თქმა უნდა, კარგად იაზრებდა, რამდენად საშიში შეიძლება, ყოფილიყო იქ ხალხის მისვლა.
– 2008 წელს წავიდა ეკლესიაში, ეს აგვისტოს ომს უკავშირდებოდა?
– მამა ომში იყო, როგორც ტრავმატოლოგი და წლის ბოლოს გადაწყვიტა მონასტერში წასვლა. ჩვენი ოჯახი ყოველთვის ძალიან მორწმუნე და რელიგიური იყო. მამა და დედა იქამდეც დადიოდნენ მონასტერში. რაც შეეხება აგვისტოს ომს, ალბათ, მან თავის გავლენა იქონია მამაჩემის მონასტერში საბოლოოდ დარჩენაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩვენი ოჯახისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
– როგორ მოახერხა პროფესიის შენარჩუნება სასულიერო ცხოვრებასთან ერთად?
– ალბათ, ეს ორი გზა ახლოს არის ერთმანეთთან. მისი პროფესიაც ადამიანების დახმარებას გულისხმობს და მამას უყვარს თავისი საქმე. როგორც მღვდელი, სულიერად ეხმარება ადამიანებს და თუ ამას ფიზიკურადაც მოახერხებს, ძალიან კარგია.
– რაც შეეხება შენს პროფესიულ გზას. როცა პაატა ბურჭულაძის შვილიშვილი ხარ და შენს მომავალს კლასიკურ მუსიკას უკავშირებ, ბევრი რამის დამტკიცება და გაცილებით რთული გზის გავლა მოგიწევს, ვიდრე სხვა შემთხვევაში.
– ყველა მომღერალი ამბობს, რომ ბავშვობიდან მღერის, მაგრამ მე მართლა ძალიან პატარა ასაკიდან ვმღერი (იცინის). პირველად, შვიდი წლის ასაკში, თეონა ჯორბენაძის მეშვეობით გამოვედი რუსთაველის თეატრის სცენაზე, „იავნანას“ კონცერტზე. მხოლოდ ბაბუა არა, მთელი ჩემი ოჯახი ძალიან მუსიკალურია და შესაბამისად, ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ ხელოვნებასთან ახლოს ყოფნა ძალიან მომწონდა. ხშირად ვიყავი ოპერაში, საოპერო მუსიკას ვუსმენდი, მაგრამ თავად უფრო საესტრადო ხმით ვმღეროდი. ერთხელ ჩემთვის, სახლში ვცადე საოპერო სიმღერა მემღერა და თან ჩავიწერე. ბებიამ გადაწყვიტა, რომ ეს ნამღერი პაატას აუცილებლად უნდა შეეფასებინა. პაატამ რომ მოუსმინა, მახსოვს, ძალიან ბედნიერი იყო. ალბათ, სასიხარულოა, როცა შვილიშვილი შენს გზას ადგება. მას შემდეგ ამ მომართულებით ჩემი განათლების საკითხს პაატა უძღვება. მასზე კარგი მრჩეველი არავინ მყავს. ვხვდები, რომ მისი ჩრდილიდან გამოსვლა არაა მარტივი, მაგრამ ამ საქმისადმი იმდენად დიდი სიყვარული მაქვს, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩავაბარე, რაც ჩემი კარიერის დასაწყისისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
– მსოფლიო ვარსკვლავზე გვაქვს საუბარი და არა, უბრალოდ, ბაბუაზე, ამიტომ საინტერესოა, როგორია ხოლმე მისი შეფასებები?
– როცა რაღაც მოეწონება, ძირითადად, ჩემი ოჯახის წევრებს ეუბნება ხოლმე. პირადად მე ძალიან პროფესიონალურად მიდგება. არ არის პაატა ის ადამიანი, რომელიც შემაქებს იმიტომ, რომ მე მისი შვილიშვილი ვარ. მის ყველა შენიშვნას ვითვალისწინებ. ძალიან უხარია და ჩემი დიდი იმედი აქვს, ამიტომ ძალიან მინდა, ეს იმედი გავამართლო, ამას ყველანაირად ვეცდები. რაშიც ისევ და ისევ მისი რჩევები მეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ მისნაირი მრჩეველი მყავს. ყველას ასე არ უმართლებს. ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, რომელსაც კარგად ვაცნობიერებ. მისი უსაზღვრო ცოდნა დიდ გავლენას ახდენს ჩემზე, ყოველთვის ზუსტ შენიშვნებს მაძლევს. თან იმიტომ, რომ ბაბუაჩემია, ზუსტად იცის, როგორ უნდა მომიდგეს, რაც უფრო საინტერესოს ხდის ამ პროცესს. საქართველოში ძალიან მაგარი ვოკალური სკოლა გვაქვს, ამიტომაც ჩამაბარებინა პაატამ აქ. შემეძლო გერმანიაში ან სხვაგან წასვლა, მაგრამ მირჩია, საქართველოში მესწავლა, რადგან მართლა ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა გვაქვს.
– „პაატას ჩრდილი“ ახსენე და საკმაოდ ლოგიკურია ამ საკითხის აქტუალობა. ბევრი მაგალითი ვიცით, რამდენად უჭირთ ხოლმე წარმატებული ახლობლების ჩრდილიდან გამოსვლა. რას ფიქრობ ამაზე?
– მესმის, რომ ძალიან რთულია. ამაზე კონსერვატორიაში ჩაბარებამდეც ბევრი ვიფიქრე და პაატასთანაც მისაუბრია, ღირდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა. ძალიან მიდგას გვერდით და მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ. დღეს აღარ ვფიქრობ მისი ჩრდილიდან გამოსვლაზე, მგონია, რომ მე სხვა რამ მაქვს შესათავაზებელი მსმენელისთვის. დიდი ბრძოლები მქონდა საკუთარ თავთან, მაგრამ როცა ჩავაბარე, მიზანი დავისახე, მას შემდეგ ჩემი მთავარი საფიქრალი, სწავლა და განვითარებაა.
– ალბათ, პაატას გავლენა დიდი იყო შენს არჩევანზე...
– ყველაფერი ბავშვობიდან მოდის. ყოველთვის ვესწრებოდი საქართველოში ჩატარებულ კონცერტებს, ვუსმენდი მოწვეულ განსაკუთრებულ ვარსკვლავებს, პაატას არაერთი შესრულების მოსმენის შესაძლებლობა მქონდა და ამ ყველაფერმა დიდი სიყვარული და მიზიდულობა გამიჩინა კლასიკური მუსიკის მიმართ. ამიტომ, 12 წლისამ, როცა პაატასგან გავიგე, კლასიკური მუსიკის ნიჭი მქონდა და თან, გვერდით ასეთი ადამიანი მყავდა, რომელიც გზას გამიკვალავდა, ვენდე. მან, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია კლასიკური მუსიკისადმი ჩემს დამოკიდებულებაზე.
– როგორი ბაბუაა?
– ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე. უკეთილშობილესი და ძალიან კარგი ბაბუაა.