კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ გაწირა იოთამ ზედგინიძემ საკუთარი სიცოცხლე მეფის გადასარჩენად და როგორ უღალატა გიორგი მეფეს ყვარყვარე ათაბაგმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მეთხუთმეტე საუკუნეში ერთიანი საქართველოს სამეფო დაიშალა. ერთიანი საქართველოს უკანასკნელ დიდ ხელმწიფეს, ალექსანდრე პირველს ჰყავდა ძმები – გიორგი და ბაგრატი და ვაჟები – ვახტანგი, დემეტრე, გიორგი და დავითი. ალექსანდრეს გარდაცვალების მერე, 1442 წელს, ერთიანი სამეფოს ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი ვახტანგ მეოთხე, რომელიც უძეოდ გარდაიცვალა. მან ერთი ბრძოლა მოასწრო ჯეჰან-შაჰთან და სასტიკად დაამარცხა.
  ვახტანგ მეფის მომდევნო ძმა დიმიტრი ამ დროს, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იყო. ამიტომ, 1446 წელს ერთიანი საქართველოს ტახტზე ავიდა ვახტანგ მეფისა და დემეტრეს მომდევნო ძმა, გიორგი მერვე (ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე 1446-1466). უფლისწული კონსტანტინე დიმიტრის ძე, მომავალი ქართლის მეფე კონსტანტინე მეორე, ქართლელი ბაგრატიონების პირდაპირი წინაპარი, ჯერ მცირეწლოვანი იყო და მას ბიძა ზრდიდა. გიორგი მერვეს ბრძოლა ჰქონდა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე მეორე ჯაყელთან და ქუთათისის გამგებელთან, თავის ბიძაშვილთან, ბაგრატ გიორგის ძე ბაგრატიონთან. ბაგრატმა და ყვარყვარემ მორიგეობით დაამარცხეს გიორგი მერვე. 1462 წელს, ყვარყვარეს მოწვევით, უზუნ-ჰასან შაჰმა დაამარცხა გიორგი მეფე. ამით ისარგებლა და 1463 წელს, მეფობაზე პრეტენზია გამოაცხადა ბაგრატ გიორგის ძემ, შეებრძოლა მეფე გიორგის, დაამარცხა სოფელ ჩიხორთან გამართულ ბრძოლაში და ქუთათისში მეფედ ეკურთხა. ამასობაში ყვარყვარე ათაბაგი სამცხის გამოყოფას ცდილობდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობიდან, როგორც სახელმწიფოებრივად, ისე ეკლესიურად. გიორგი მერვე არ ეგუებოდა ყვარყვარეს განდგომას და დაიძრა კიდეც განდგომილი ქვეშევრდომის დასასჯელად. გზად დაბანაკდნენ თავფარავნის ტბასთან. იმ დღეებში იგეგმებოდა მეფის ვერაგული მკვლელობა. თუმცა, გიორგი მერვე გადაარჩინა წმიდა იოთამ ზედგინიძემ, რომელმაც გააფრთხილა მეფე, ღამით უნდა მოგკლანო.
  1465 წელს გიორგი მეფე სამცხეს წარემართა ყვარყვარე ათაბაგთან საომრად, „რათა შურ-აგოს ათაბაგსა“. ფარავნის ტბასთან დაბანაკებულ გიორგის „შემოუჩინნეს განდგომილთა მოღალატენი, რათა მოკლან იგი და ტაძრეულნივე თïსნი“. მეფის ამალაში მყოფმა იოთამ ზედგინიძემ, შეიტყო მეფის წინააღმდეგ არსებული საზარელი შეთქმულების შესახებ და გააფრთხილა იგი. „მეფემან არა ირწმუნა“, – წერს ვახუშტი „ქართლის ცხოვრებაში“, – „ვინაèთგან უგონებელ იყო მათგან ღალატი მეფისა“. როდესაც ერთგულმა კარისკაცმა მართალი და უბოროტო მეფე მტყუვარ ქვეშევრდომთა ღალატში ვერ დაარწმუნა, შესთავაზა: „უკეთუ ვცბი და არა ჭეშმარიტ არს სიტყუა ჩემი, აწ გევედრები, რათა არა მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე დაგებელსა შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, გარნა ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა“. მეფე დათანხმდა, თუმცა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იოთამ ზედგენიძის ეჭვიანობის მიზეზი სიყვარული და ერთგულება იყო და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. „ღამესა ამას შემოვიდნენ მობირებულნი იგი და მოკლეს იოთამ და განერა მეფე მათგან“.
  დილით, როდესაც გიორგი სამეფო კარავში შევიდა, მისი საყვარელი კარისკაცი სისხლში ცურავდა. მან სინანულით დაიტირა იოთამი, მტრები კი შეიპყრა და „მოსწყვიდნა ყოველნი“. მადლიერმა მეფემ წყალობით აავსო წმიდა იოთამ ზედგენიძის შთამომავლობა — უბოძა ამილახორობა. უფლის ცხებულისათვის, ღვთივდადგენილი მეფისათვის თავდადებული იოთამი საქართველოს ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.
ზედგინიძემ მეფე კი გადაარჩინა სიკვდილს, მაგრამ ქვეყანა უბედურებას ვერ გადარჩა. მოღალატე ყვარყვარემ დაასწრო, მოულოდნელად დაესხა თავს თავფარავანზე დაბანაკებულ მეფეს და დაატყვევა. ამით ისარგებლა იმერეთში გამეფებულმა ბაგრატმა, გადმოვიდა აღმოსავლეთში და ტფილისიც დაიკავა.
  ეს უკვე აღარ მოეწონა ყვარყვარე ათაბაგს და გაათავისუფლა მეფე გიორგი. გიორგიმ ვეღარ შეძლო ტფილისის დაბრუნება, 1466 წელს, გადავიდა კახეთში და გახდა კახეთის მეფე (კახეთში – გიორგი პირველი, 1466-1476). 1478 წლიდან ქართლისა და იმერეთის ტახტი დაიკავა კონსტანტინე მეორემ. ალექსანდრე პირველი დიდის ვაჟის, დემეტრეს ძემ. შემდგომში, 1484 წელს, მან დაკარგა იმერეთი. ბაგრატ მეექვსის ძემ, ალექსანდრე მეორემ, 1484 წლიდან შეძლო ქუთათისის ტახტის შენარჩუნება. ასე დაიშალა ერთიანი საქართველოს სამეფო და დაარსდა იმერეთის, კახეთისა და ქართლის სამეფოები და სამცხის საათაბაგო.
გიორგი მეფის ასულის დანიშვნა ბიზანტიის კეისარზე
  1451 წელს ბიზანტიის უკანასკნელმა კეისარმა კონსტანტინემ თავისი ერთგული კარისკაცი და მეგობარი ფრანძესი ტრაპიზონისა და საქართველოს მეფეებთან გამოგზავნა, რომ მას ერთ-ერთს ამ ქვეყანათაგანში მისთვის შესაფერისი საცოლო მოეძებნა. ფრანძესი დიდის ამალით გამოემგზავრა, კეისრისათვის საცოლოდ ღირსი ასულნი თავისი თვალით ნახა, მათი ხასიათისა და ყველა თვისების ამბავი თავის მბრძანებელს ჩაუტანა და მათი სურათიც მიართვა. ორთაგან კონსტანტინე კეისარს საქართველოს მეფის შვილი უფრო მოეწონა და საცოლოდ არჩია. საქართველოს მეფე გიორგიმ კეისრის დესპანს ფრანძესს განუცხადა თურმე: რაკი ჩვენი ქვეყნის ზნე-ჩვეულებისამებრ საქმროს მოაქვს ქონება საცოლისათვის და არა საცოლოს, ამიტომ მე ჩემს ასულს მზითევს არ გამოვატანო. მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ქორწინების გულით მოწადინებული ვარ, თანახმა ვარ ჩემს ასულს კონსტანტინეპოლში გასტუმრების დროს თან საჩუქრის სახით ერთდროულად 56 000 ოქროს ფული გავატანო და ამას გარდა 3 000 ოქროს ფულივე ყოველწლიურად სარგოდ ვაძლიო ხოლმე. მას ამასთანავე ნებას მივცემ ყველა თავისი ძვირფასი თვლები და ქვანი პატიოსანნი, ავეჯეულობა და ყველა თავისი ძვირფასი ტანისამოსი თან წაიღოს. თვით ამ საქმის შუამავალს კეისრის დესპანს ფრანძესს ის შეჰპირებია, რომ როდესაც მომავალ გაზაფხულზე მისი ასულის კეისრისათვის საცოლოდ წასაყვანად მოვიდოდა, საჩუქრად საუკეთესო ღირსების აბრეშუმს ოთხს შულოს ანუ ბოკლს, თითოს 500 ფლურად ღირებულს მისცემდა.
  ვისაც ქართული სამართლის ისტორია შესწავლილი აქვს, ზემომოყვანილი ბერძნული ცნობა გიორგი მეფის მიერ კეისრის დესპანისათვის ნათქვამის შესახებ, რომ საქართველოში საქმრომ უნდა მიუტანოს საცოლოს ქონება და არა საცოლომაო, არ გააკვირვებს. თუმცა მზითევი საქართველოში უკვე მერვე-მეცხრე. საუკუნეებში არსებობდა და შემდეგ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ ქორწინების მეთვრამეტე საუკუნის ზნე-ჩვეულების მიხედვით კი ისე იყო დაწესებული, რომ ჯერ უეჭველად საქმრო მიართმევდა საცოლოს საჩუქარს, ხოლო შემდეგ საცოლოს მზითვის წიგნს წაიკითხავდნენ ხოლმე. ძველი ქართული ზნე-ჩვეულება თავდაპირველად ვაჟს ავალებდა, რომ საცოლისათვის საჩუქარი მიეტანა და ძველისძველი ხანის იმ „ურადის“ ნაშთი უნდა იყოს, რომელიც „ურვადის“-აგან არის წარმომდგარი და იმ დროს უნდა დაწესებულიყო, როდესაც ქალის ცოლად შერთვა მოტაცება-სყიდვით, სწორედ „ურვადის“ მიცემით შეიძლებოდა მხოლოდ. საფიქრებელია, რომ გიორგი მეფეს ქართული ზნე-ჩვეულების ამ ადათზე ჰქონდა ლაპარაკი და არა იმაზე, თითქოს საქართველოში მაშინ მზითევის მიცემა წესად არა ჰქონოდეთ.
  კონსტანტინე კეისარს საქართველოს მეფის, გიორგის ასული აურჩევია თავის საცოლოდ და ბიზანტიის კეისრის თანამეცხედრედ, საქორწინო ხელშეკრულებისათვის ხელიც მოუწერია და საქართველოს დესპანისათვის გაუტანებია. მალე ქორწილიც უნდა მომხდარიყო. მაგრამ კონსტანტინეპოლის თურქთა მიერ აღებამ და კონსტანტინე კეისრის სიკვდილმა ეს საქმე ჩაშალა.
  (გამოყენებული ლიტერატურა: „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, თბილისი, 1982 წ; ვიკიპედია).

скачать dle 11.3