№18 ექსპერიმენტი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #16-17(1008)
***
საღამოს ყველა გლდანელი ბომჟი სეფე პაპასთან შეიკრიბა და დიდი სუფრა გაშალეს. შეფმა თანამოძმეებს „სოსკა“ წარუდგინა და ყველას მასთან მეგობრობისკენ მოუწოდა. ამგვარად, პირველი ეტაპი საკმაოდ სწრაფად და წარმატებით იყო დაძლეული – რეზომ ბომჟების საძმოში უპრობლემოდ შედგა ფეხი, თუმცა დრო მაინც არ ითმენდა და სასწრაფოდ საჭირო იყო ისეთი ადამიანის მოძებნა, ვინც გაუჩინარებულ თემურ მორჩილაძეზე ინფორმაციას მიაწვდიდა. რეზო ამას ფულის მეშვეობით აპირებდა, თუმცა მას მერე, რაც გლდანელი ბომჟების ყოფას გაეცნო, მიხვდა, რომ ფულით ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებოდა. ამიტომ, დეტექტივს სხვა გზა უნდა ეძებნა.
რეზოს ამჯერადაც გაუმართლა – ბომჟურ ვახშამზე ორმოციოდე წლის მამაკაცმა მიიპყრო მისი ყურადღება. ეს ძალიან ჭუჭყიანი და ყველაზე დაკონკილტანსაცმლიანი ადამიანი რეზოს პავლედ გაეცნო. თუმცა, ყოფილმა პოლიციელმა მასში კარლო პირტახია შეიცნო, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული ასი ათასამდე დოლარის გატაცებისთვის. აშკარა იყო, რომ ძებნილი ბომჟობით ინიღბებოდა და მათ „პრიტონს“ აფარებდა თავს. პოლიციიდან წამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე რეზო აქტიურად იყო ჩართული ამ საქმეში და პირტახიას ინტენსიურად ეძებდა. სწორედ ამიტომ იცნო რეზომ კარგად შენიღბული ფულის გამტაცებელი. თავად პირტახია კი, რა თქმა უნდა, არ იცნობდა რეზოს და დეტექტივმა მისი გამოყენება გადაწყვიტა. როდესაც ნაქეიფარი ბომჟები თავიანთ ოთახებში წავიდ-წამოვიდნენ და „სოსკასაც“ თავისი „კოიკა“ მიუჩინეს, აღმოჩნდა, რომ პავლეს, სინამდვილეში კი კარლო პირტახიასა და რეზოს ერთ ოთახში უნდა ეცხოვრათ და საწოლებიც ახლოს ედგათ. ძველმა მობინადრეემა ხვრინვა ამოუშვეს. რეზომ ცოტა ხანს შეიცადა, დარწმუნდა, რომ ყველას მაგრად ეძინა, მერე კი პირტახიასთან მივიდა, გააღვიძა და ყურში ჩასჩურჩულა:
– გამომყევი, შენთან საქმე მაქვს, კარლო.
პირტახიას წარბიც არ შეუხრია, ისე მშვიდად მიუგო:
– გეშლება, ძმაო, მე პავლე მქვია. რა დროს გარეთ გასვლაა, უნდა დავიძინოთ.
– კარლო პირტახია, სკანდალი არ ამატეხინო. შენს მიერ გატაცებული ფულებისთვის არ გეძახი, გარეთ სხვა საქმისთვის გიხმობ. წამოხვალ თუ სპეცჯგუფს გამოვუძახო? – სხაპასხუპით უთხრა რეზომ.
– ვინ ხარ? – ჰკითხა პირტახიამ.
– გამოდი და იქ ვილაპარაკოთ, მაგრამ სისულელის ჩადენა არ გინდა. იცოდე, დამზღვევი მყავს და ვერსად გაექცევი, – თქვა რეზომ და ფეხაკრეფით გავიდა დერეფანში.
პირტახია უკან მიჰყვა და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ რეზომ დაასწრო:
– მხოლოდ კითხვებზე გამეცი პასუხი და არაფერი მომატყუო, თორემ, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე.
– გისმენ, – კბილებში გამოსცრა პირტახიამ.
– ბომჟებთან რამდენი ხანია, ხარ? – იკითხა რეზომ.
– მალე ერთი წელი შესრულდება. რა მერე? – მიუგო პირტახიამ.
რეზომ პირტახიას თემურ მორჩილაძის ფოტო მიაწოდა და უთხრა:
– კარგად დააკვირდი და მითხარი, ეს ბიჭი თუ გეცნობა?
– მეცნობა. ბიჭიკო გეგენავაა. ხუთი დღე იყო ჩვენთან და ბოლოს მოტყდა. სხვათა შორის, შენს საწოლზე იწვა, – თქვა პირტახიამ.
– კიდევ რა იცი მასზე?
პირტახიამ მხრები აიჩეჩა და თქვა:
– რა უნდა ვიცოდე. სულ ესაა, ხუთი დღის გაცნობილზე სხვა რა უნდა გითხრა?
– აქ რას საქმიანობდა?
– პირველ უბანზე ჩალიჩობდა. სეფე პაპამ დასაწყისისთვის იქ გაამწესა.
– პირველი უბანი რა არის?
– ნაგავსაყრელი. საძმოსთვის საჭირო ნივთები იქ უნდა მოეგროვებინა და მოეტანა. ყველაზე რთული უბანია. უზარმაზარი ტერიტორიაა, ვირთხებით, ძაღლებითა და ყვავ-ყორნებით სავსე. სეფე პაპა ახალბედებს ყოველთვის იქ უშვებს, რომ გამოსცადოს. ხვალიდან შენც იქ მოგიწევს წასვლა და თვითონ ნახავ. შეიძლება, ვერც შენ გაუძლო და გაიქცე. თუ ასე მოხდა, ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე მეხუთე იქნები, – თქვა პირტახიამ.
– შენ თუ ხარ იქ ნამყოფი?
– აბა, როგორ? ორი კვირა ვიჩიჩმავე იქ და შემდეგ პაპა სეფემ სხვა უბანზე გადამიყვანა.
– კიდევ რას მეტყვი გეგენავაზე?
– ვერაფერს. დილით გადიოდა და საღამოს მოდიოდა. ბოლოს კი მოტყდა, – თქვა პირტახიამ.
– კარგი. გასაგებია, პირტახია, მაგრამ გაფრთხილებ, სისულელე არ ჩაიდინო, თორემ თავს დაიღუპავ. აქ მე გეგენავას მოსაძებნად ვარ და არა შენს დასაჭერად. ამიტომ შეგიძლია, მშვიდად იყო და ბომჟებს შეაფარო თავი. ახლა კი ოთახში დავბრუნდეთ და შეგიძლია, ტკბილად დაიძინო, – თქვა რეზომ და პირველი დაბრუნდა ოთახში...
***
კარლო პირტახია მართალი აღმოჩნდა და სეფე პაპამ ახალბედა პირველ ობიექტზე გაამწესა, თან უთხრა:
– აბა, შენ იცი, „სოსკა“, მართალია, ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ კარგ პრაქტიკას მიიღებ, თანაც, შეგხედავთ, რა შეგიძლია და იმის მიხედვით სხვა უბანზე გადაგიყვანთ.
პირველ სამუშაო დღეს სეფე პაპამ რეზოს კარლო პირტახია გააყოლა, რომელსაც ახალბედისთვის ნომერი პირველი უბანი უნდა ენახვებინა და მისთვის სპეციფიკური ნიუანსები აეხსნა.
ნაგავსაყრელზე რომ მივიდნენ, პირტახიამ რეზოს უთხრა:
– ნივთები, საკვები პროდუქტები და რკინა-ლითონები უნდა დაახარისხო და ერთად მოაგროვო. საღამოს კი გრუზავიკი მოვა და ყველაფერს წაიღებენ. „ტავარი“ ხარისხიანი უნდა იყოს და იცოდე, არ ისაჩკავო. აბა, წარმატებას გისურვებ! წავედი.
– პირტახია, სხვა აქ არ მოვა და მთელი დღე აქ მარტო უნდა ვიყო? – უთხრა რეზომ ძებნილს.
– კონკურენტი – არავინ, მხოლოდ ნაგვის მანქანა თუ მოვა და „ტავარს“ მოიტანს. აბა, შენ იცი! წავედი, – თქვა პირტახიამ და წავიდა.
რეზომ თვალი გააყოლა მიმავალ პირტახიას. შემდეგ ნაგავსაყრელი შეათვალიერა, რომელიც ორი საფეხბურთო მინდვრისხელა იყო. აყროლებულ ნაგვის გროვებს ფრინველებისა და ვირთხების ჯარი ეხვია. გაშლილი ადგილმდებარეობის მიუხედავად იქაურობა საშინელი ჯურღმულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. რეზომ მთელი პერიმეტრი შემოიარა და წინასწარ შემუშავებული გეგმა ტვინში გაატარა. ბოლოს კი ხელთათმანები ჩაიცვა და ნაგავში ქექვასა და მის გადარჩევას მიჰყო ხელი. შებინდებამდე იმუშავა და ამ ხნის განმავლობაში სულ სამმა ნაგვის მანქანამ მოიტანა „ტავარი“. ასეთ დროს რეზო ჩერდებოდა და ყურადღებით აკვირდებოდა ახალმოსულებს. ხოლო ისინი რომ მიდიოდნენ, მუშაობას აგრძელებდა. რეზომ საკმაო მუყაითობა გამოიჩინა და ხუთი დიდი გროვა შეაქუჩა. შებინდებისას კი პირველ უბანზე სატვირთო მოვიდა. გროვები დატვირთეს და პირდაპირ საწყობში მიიტანეს, რომელიც ბომჟების საცხოვრებლის სარდაფში მდებარეობდა. საღამოს, ვახშამზე სეფე პაპამ „სოსკა“ შეაქო და ნაჯაფარი მოუწონა. შემდეგ „პიანკა“ გაჩაღდა. ბომჟები გამოთვრნენ და დაიძინეს. დაიძინა რეზომაც, რომელიც სასტიკად დაღლილი იყო და ლოგინამდე ძლივს მიიტანა თავი.
***
შემდგომი სამი დღეც იმავე რეჟიმში გაატარა რეზომ და პირველ უბანზე კარგი „მოსავალი აიღო“. მეხუთე დღესაც იმავე ტემპით შეუდგა მუშაობას და მალევე შეაქუჩა უზარმაზარი გროვა. ის-ის იყო მეორის შეგროვებას მიჰყო ხელი, რომ ტრასის მხრიდან ნაგავსაყრელზე ორი მამაკაცი შევიდა. ისინი ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ და ნაგავს აკვირდებოდნენ. სეფე პაპასგან რეზო გაფრთხილებული იყო, რომ თუკი პირველ უბანზე უცხო პირები, სავარაუდოდ, კონკურენტები გამოჩნდებოდნენ, რეზოს მათთვის კულტურულად აეხსნა, რომ აკრძალულ ზონაში იმყოფებოდნენ და ტერიტორია დაეტოვებინათ. ხოლო ურჩობის შემთხვევაში კი მობილური ჯგუფის მეთაურისთვის, ტაროსთვის დაერეკა და დანარჩენს ის მიხედავდა. მამაკაცები ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ და რეზოს რომ ათიოდე მეტრში მიუახლოვდნენ, დეტექტივმა მათ უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ აქ ჩვენი ტერიტორიაა, აკრძალული ზონა და თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება.
ახალმოსულებმა რეზოს შეხედეს, მელოტმა კი უთხრა:
– გუშინ აქ სამშენებლო ნარჩენები მოიტანეს მენაგვეებმა. შემთხვევით ძვირფასი, ანტიკვარული სავარძელი გამოჰყვათ და იმას ვეძებთ. თქვენ ხომ არ შეგხვედრიათ?
– არა. არანაირი ავეჯი აქ არაა და თუ პრობლემები არ გინდათ, აქედან წადით, – უთხრა რეზომ მელოტს.
ამ დროს მას უკნიდან გამხდარი მამაკაცი მიეპარა და სანამ რეზო წინა ორს ელაპარაკებოდა, მესამემ მას პირზე ხელი მიაფარა. რეზო ბადრიძე სანამ გაითიშებოდა, მაჯის საათის ღილაკს თითი მიაჭირა და გონებაც დაკარგა... მამაკაცებმა მიძინებული რეზო მანქანამდე სწრაფად მიიტანეს და უშუშო მიკროავტობუსში ჩააწვინეს. შემდეგ მანქანა ადგილს მოსწყდა და ქალაქის ცენტრისკენ აიღო გეზი.
რეზო ბადრიძეს გეგმაში გატაცების სცენარიც ჰქონდა გათვალისწინებული და საამისოდ წინასწარ მიიღო ზომები. სწორედ ამიტომ მიაჭირა თითი საათის ღილაკს, რითაც საგანგებო სიგნალი გაგზავნა.
***
გატაცებულმა რეზო ბადრიძემ რომ თვალი გაახილა და მიმოიხედა, მიხვდა, უფანჯრებო ოთახში იმყოფებოდა, თან ფოლადის სკამზე მჭიდროდ იყო მიბმული. დეტექტივს თავი უბრუოდა და ძალიან სწყუროდა. რეზომ დაძახება დააპირა, მაგრამ ოთახის კარი გაიღო და იქ თეთრხალათიანი მამაკაცი შევიდა, რომელსაც ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა. მან რეზოს შეხედა. სახეზე პათოლოგიური ღიმილი აღებეჭდა და ტყვეს თვალი ჩაუკრა. შემდეგ მობილურზე დარეკა:
– ბომჟმა გაიღვიძა, რას მიბრძანებთ? – მცირე პაუზის მერე კი დააყოლა, – კარგი, გელოდებით.
თეთრხალათიანმა მობილური გათიშა და რეზოს უთხრა.
– ყელი გექნება გამშრალი, ალბათ, წყალი გინდა, ხომ?
– კი, – უპასუხა რეზომ.
– მოითმინე, – დამცინავად თქვა თეთრხალათიანმა და რეზოს ისევ ჩაუკრა თვალი.
ოთახის კარი გაიღო და ოთახში შუახნის მამაკაცი შევიდა, რომელიც ასევე, თეთრ ხალათში იყო გამოწყობილი. რეზოს მის დანახვაზე სახე შეეცვალა და გაოცება და შეძრწუნება ერთად აღებეჭდა. ახალმოსულმა კი თვალი შეავლო ბინძურ ბომჟს. თეთრხალათიანს მიუბრუნდა და უთხრა:
– სასწრაფოდ გაასუფთავეთ. დრო არ ითმენს. ცდა უნდა დავიწყო და ერთ საათში მზად იყოს.
ახალმოსული კარისკენ გაემართა. რეზომ კი მას გასძახა.
– ვერ მიცანით, ბატონო მურთაზ?
მურთაზი შეჩერდა. შეტრიალდა, რეზოს დააკვირდა და უთხრა:
– სამწუხაროა, რომ თქვენ შემრჩით ხელში. არ მეგონა, თუ ბომჟობა თქვენი ჰობი იყო, მაგრამ, რას იზამ. ვის რა და როდის დაგვემართება, არ ვიცით. თქვენი ძმისგან განსხვავებით, თქვენ საშინლად არ გაგიმართლათ, – მამაკაცი თეთრხალათიანს მიუბრუნდა და უთხრა:
– ჯემალ, დააჩქარე პროცედურა. ჩვენი ახალი ნიმუში ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა და მინდა, რაც შეიძლება მალე ჩავიხედო მის ტვინში.
ტვინში ჩახედვის მსურველი ცნობილი ნეიროქირურგი მურთაზ ზვიადაძე იყო.
– აი, თურმე, რატომ ხართ ასეთი მაგარი. ცოცხალ ადამიანებზე ატარებთ ხომ ექსპერიმენტებს, პროფესორო? – ხმაში ბრაზი შეერია რეზოს.
– მხოლოდ ბომჟებზე და არა ადამიანებზე, – თქვა ზვიადაძემ და დაამატა, – გულწრფელად გითანაგრძნობთ, ბატონო რევაზ, რომ აქ მოხვდით, თუმცა, იცოდეთ, რომ თქვენი სიცოცხლე უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას შეეწირება და ეს კეთილშობილური საქმეა.
– რამდენი ადამიანი გყავთ მოკლული? – იკითხა რეზომ.
– რატომ ასე უხეშად. ეს, უბრალოდ, ექსპერიმენტია უპერსპექტივო არსებებზე, რომლებსაც ჩემი წყალობით, დიდი სარგებლობა მოაქვთ, – ირონიით თქვა ზვიადაძემ და დაამატა, – თქვენ მეორმოცე იქნებით.
– მაინც რას მიპირებთ?
– თავის ქალას აგხდით და სხვადასხვა მდგომარეობაში დავაკვირდები თქვენი ტვინის რეაქციას. ეს კი იქამდე გაგრძელდება, სანამ ფიზიკურად გაუძლებთ. ბოლოს კი ჯემალი კრემაციისთვის წაგიღებთ.
– ანუ თქვენ აღიარებთ, რომ თქვენი დავალებით თქვენი ხელქვეითები ადამიანებს იტაცებენ, თქვენ მათზე ექსპერიმენტებს ატარებთ და როდესაც კვდებიან, წვავთ? სულ კი 39 ადამიანი გყავთ მოკლული? – თქვა რეზომ.
– მოკლული კი არა და ხალხის საკეთილდღეოდ შეწირული. თქვენ კი მათ რაოდენობას დაამრგვალებთ – მეორმოცე იქნებით, – ირონიით მიუგო ზვიადაძემ.
– ვფიქრობ, არაფერი გამოგივათ, პროფესორო. გაშიფრული ხართ და სამხედრო სპეცდანაყოფი, ალბათ, უკვე აქაა, – თქვა რეზომ.
მართლაც, ზუსტად ამ დროს კი სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფი, მეორე ბოქსში შევარდა და იქ მყოფი პროფესორი და სანიტარი კედელზე ააკრეს. ბოლოს კი ოთახში ნოდარ გუნია შევიდა. კედელზე აკრულ პროფესორსა და სანიტარს ზიზღნარევი მზერა ესროლა. რეზოს მიუახლოვდა და უთხრა:
– როგორ ხარ?
– ყელი მაქვს გამშრალი, წყალი დამალევინე.
დასასრული