კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ღალატის ანატომია

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

... ტელეფონმა მჭახედ დარეკა. თეოს უსიამოვნოდ ჩაესმა მისი ხმა და ძილში ამოიოხრა. იფიქრა, ყურადღებას არ მივაქცევო, მაგრამ ვიღაც ჯიუტად ცდილობდა მისი სიმშვიდის დარღვევას. ხელის ფათურით მოძებნა მობილური და ყურთან მიიტანა.
– გისმენთ...
ტელეფონში ჯერ კვნესა და ოხვრა გაისმა, მერე ქალის სიცილი.
– ვინ ხართ. ამ დილაუთენია რა საქმე გაქვთ ასეთი.
– მეგონა, არ გეძინებოდა. როცა ქმარი სახლში არ ათევს ღამეს, წესით, ერთგული ცოლიც უნდა ფხიზლობდეს... – ქალის ხმა გამაღიზიანებლად და ცინიკურად ჟღერდა.
– ვინ ხარ და რა გინდა? მგონი, ნომერი შეგეშალათ.
– შენ ხომ თეონა ხარ? არაფერიც არ შემეშალა. სად არის ახლა შენი ქმარი? ჰა, ჰა, ჰა... – ტელეფონი გაითიშა.
თეონამ მობილური კომოდზე მიაგდო. ძილის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. საათს დახედა – შვიდს ათი წუთი აკლდა. ხალათი ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. ხუთი წუთის შემდეგ ყავას სვამდა და აზრებისთვის თავის მოყრას ცდილობდა. არ მიეკუთვნებოდა ქალების იმ კატეგორიას, რომლებიც ადვილად ექვემდებარებიან შანტაჟს. მართალია, ქმარზე გადაჭარბებული წარმოდგენის არ იყო, ანუ, თავს ვერ დადებდა, მის ერთგულებაზე, მაგრამ ახლა შეეძლო, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ დათო ვიღაც „სხვა“ ქალთან არ ათევდა ღამეს. სამი დღის წინ თავისი ხელით ჩაულაგა ჩემოდანი და მშვიდად გაუშვა საქმიან მოლაპარაკებაზე. საღამოს კი, სანამ დაიძინებდა ტელეფონით, ვიდეოზარით ელაპარაკა... მობილური აიღო, დათოსთან აპირებდა დარეკვას, მაგრამ გაახსენდა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც მისი ქმარი იყო, საათობრივი სარტყელი ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა.. „ჯანდაბა... მეც რატომ ავყევი ამ სისულელეს. ვიღაც ბოროტი და უსაქმური ერთობა, მე კი ნერვებს ვიშლი. ახლა ყავას დავლევ და დავწვები... საერთოდაც, რატომ არ ვრთავ ღამით ტელეფონს? რატომ მიდევს ყურთან. ხვალ მობილურის დეტალური ინფორმაცია ხომ არ ამოვიღო და გავიგო, ვინ დამირეკა?
თეონასთვის ღიმილის მომგვრელი იყო, როცა ქალები ისტერიკულად დასდევდნენ საკუთარ ქმრებს უკან. იქექებოდნენ მათ მობილურებში, მეილებში, ჯიბეებში და კერძო დეტექტივებად იყვნენ გადაქცეული. ასეთი ცხოვრება არ უნდოდა და არც ეჭვით იყო დაავადებული. ქორწინების ექვსი წლის განმავლობაში ერთხელაც არ „გამოუკითხავს“ ქმარი დაჟინებით და გამაღიზიანებელი ტონით. ვერ იტყოდა, რომ ერთმანეთზე გიჟდებოდნენ, მაგრამ მშვიდი, ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ... ამოიოხრა. ყველაზე მეტად რაც ეჯავრებოდა, დღის ჩვეული რიტმიდან ამოვარდნა, ახლა გარდაუვალი იყო. იმ ვიღაც „მატრაკვეცამ“ მოახერხა მისი აფორიაქება. დათოს ჩამოსვლამდე კიდევ ორი დღე იყო დარჩენილი. რომ მოუყვებოდა, ამაში დარწმუნებული იყო და ერთად კარგადაც იხალისებდნენ. ყავის ფინჯანს რომ რეცხავდა, თითქმის შეძლო და მთელი ეჭვი გაფანტა. გახალისდა კიდეც. მერე გაახსენდა მანქანა ტექნიკურ დათვალიერებაზე რომ ჰყავდა მისაყვანი და აჩქარდა. იმ ზარის გავლენა იყო, თუ უბრალოდ, რაღაცის შეცვლა მოუნდა, თავის საუკეთესო ტანსაცმელში გამოეწყო, თმაც სხვანაირად აიწია კეფაზე და როცა მსუბუქი, მაგრამ დახვეწილი მაკიაჟის შემდეგ სარკეში ჩაიხედა, კმაყოფილი დარჩა საკუთარი გარეგნობით.
მანქანაში რომ ჯდებოდა, ვახო დაინახა – მეზობლის ბიჭი. ბიჭს თვითონ ეძახდა, თორემ მასზე მხოლოდ რვა წლით იქნებოდა უმცროსი. ერთმანეთს ეზოში ხვდებოდნენ, ხოლმე და თეონას ხშირად შეუნიშნავს მისი დაჟინებული, ყურადღებიანი მზერა. იმ დილითაც ბიჭმა შეხედა და გაუღიმა.
– დილა მშვიდობისა...
ეს უჩვეულო იყო. ბიჭი მანამდე არასდროს მისალმებია. თეონას გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია. პასუხად მხოლოდ გაუღიმა და თვითონაც ვერ მიხვდა, ისე შესთავაზა, სად მიდიხარ, მანქანით წაგიყვანო. ვახომ თავი დაუქნია. კარი გააღო და გვერდით მიუჯდა.
– კარგი მანქანაა... თქვენთვის შესაფერისი.
– შესაფერისი? – თეონას გაეცინა. ვახო უხერხულად შეიშმუშნა.
– უკაცრავად. იმის თქმა მინდოდა, რომ კარგად შეგირჩევიათ. ბევრს არ წვავს და ახალიც არის. პრობლემებს არ შეგიქმნით.
– ჰო, ცუდი არ არის. ჩემმა ქმარმა შეარჩია. მე არ ჩავრეულვარ. შენ ვახო გქვია, ხომ ასეა?
– დიახ. თქვენ გვერდით სადარბაზოში ვცხოვრობ.
– ეგ ვიცი. კი... სად წაგიყვანო, ვახო?
– ახლა უნივერსიტეტში მივდივარ. ოთხი საათის შემდეგ ვმუშაობ. თუმცა ყოველდღე – არა. საადვოკატო ბიუროში, თანაშემწე ვარ, მაგრამ, ალბათ, არ გაინტერესებთ.
თეონამ ნაძალადევად გაიღიმა.
– ესე იგი, ადვოკატი ხარ.
– ჯერ არა. ისე მე უფრო საქმის გამოძიება მაინტერესებს. თქვენ პარლამენტში მუშაობთ, თუ არ ვცდები და თუ ახლა სამსახურში მიდიხართ, გზას ძალიან არ გაგიმრუდებთ, ჩემი უნივერსიტეტი იქვეა, ახლოს.
ქალმა დაკვირვებით შეათვალიერა თანამგზავრი და ახლაღა აღმოაჩინა, რომ ძალიან ლამაზი, მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა, ოდნავ ფერმკრთალი, სწორნაკვთებიანი სახე და თბილი, უშუალო ღიმილი.
– ტექნიკური დათვალიერების სადგურში მინდოდა შევლა. რამდენჯერმე გადავდე და დღეს ბოლო დღეა.
– მე შემიძლია, გამოგყვეთ. ჩემი მეგობარი მუშაობს და ყველაფერს მოგვიგვარებს.
– მართლა? უარს არ ვიტყვი. ყველაზე მეტად რიგში დგომას და ლოდინს ვერ ვიტან.
– ჰოდა, არ მოგიწევთ. იქ კაფეც აქვთ და შემიძლია, ყავაზე დაგპატიჟოთ.
თეონას გაეღიმა ბიჭის გულანთებულ მიპატიჟებაზე და მანქანა დაქოქა...
***
დათოს არასოდეს უყვარდა თავის გეგმებზე საუბარი. თეონამ მხოლოდ ის იცოდა ქმრის საქმიანობის შესახებ, რასაც დათო უყვებოდა ორი-სამი სიტყვით. ქალი ცნობისმოყვარე არ იყო. იმიტომ არა, რომ ქმრის მიმართ გადაჭარბებული ნდობა ჰქონდა. უბრალოდ, ხვდებოდა ჩაციებული გამოკითხვით ვერაფერს მოიგებდა. თან, ცოტა ეზარებოდა კიდეც ყოველდღიურ რიტმში დამატებით კიდევ ერთი პუნქტის ჩასმა, რომელიც ცხოვრებას გაურთულებდა. თავისთვის ეღიმებოდა, როცა მეგობარ და თანამშრომელ ქალბატონებს უსმენდა, როგორ იძენდნენ მაძებრის უნარ-ჩვევებს და კვალში ედგნენ საკუთარ ქმრებს.
– ძალიან მომწონს, როგორც იცვამთ...
თეონა ფიქრიდან გამოერკვა და ბიჭს გაოცებით შეხედა.
– უკაცრავად, მინდოდა, მეთქვა, რომ კარგი გემოვნება გაქვთ. მარტო მე არ ვამბობ ამას, – გაწითლდა ვახო.
– მართლა? კიდევ ვინ ამბობს?
– მეზობლები. ყველა აღფრთოვანებულია თქვენით.
თეონამ თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გაიცინა. ვახოს შერცხვა და გაწითლდა. ქალი მიხვდა, რომ ბიჭი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
– კარგი, წამიყვანე შენი მეგობრის ტექდათვალიერებაში. ყავასაც სიამოვნებით დავლევ...
***
კაცმა მობილური გვერდზე გადადო და სააბაზანოდან გამოსული გრძელფეხება, ეფექტური, თუმცა ოდნავ ვულგარულიგარეგნობის ახალგაზრდა ქალს ღიმილით შეხედა.
– ჩემი მაისური გაცვია? გიხდება.
– ვიცი. მაგიტომაც ჩავიცვი. მგონი, უნდა მაჩუქო. ამ დღეების სამახსოვროდ მექნება.
– ვერ გაჩუქებ. თეონას ნაყიდია და შეამჩნევს.
– რას ნიშნავს, შეამჩნევს. აი, ასე დგას და შენს მაისურებს ითვლის? – ქალი თეძოების რხევით მიუახლოვდა კაცს, კალთაში ჩაუჯდა და ხელები კისერზე შემოხვია. მსხვილი ტუჩები ჰქონდა, ხორციანი. სახეზე თანამედროვე კოსმეტოლოგიის მიღწევების კვალი კი ეტყობოდა, მაგრამ ისეთი გარეგნობა ჰქონდა, ბევრ მამაკაცს რომ აურევდა თავგზას...
დათომ მის მკერდში ჩარგო სახე.
– რა ცუდია, რომ ხვალ უნდა წახვიდე.
– მთხოვე და დავრჩები, – გაინაზა ქალი.
– ამაზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე, – ამოიოხრა დათომ, – ჩემს ცოლს ახლა მივლინებაში ვგონივარ. ეჭვი არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ ნამდვილად უცხოეთში ვიყავი.
– ჰოდა, გაფრთხილდი, შენი პასპორტი არ ნახოს, თორემ ეგრევე „გაიშიფრები“, – თვალები მინაბა ქალმა და საყვარელს გამომწვევად გაუღიმა, – ისე, როდემდე გინდა, ასე გაგრძელდეს? დაელაპარაკე შენს ცოლს და წამოდი. მერე სულ ერთად ვიქნებით.
კაცმა თავი გააქნია.
– მარიშკა, ეს თემა დავხუროთ, კარგი?
ქალმა მხრები აიჩეჩა.
– კი, ბატონო. დავხუროთ. ისევ შენ წვალობ. სპექტაკლს თამაშობ. კარგი მსახიობი მაინც იყო. შენმა ცოლმა რომ მოინდომოს, მარტივად გამოგიჭერს ტყუილში.
– თეონა ეჭვიანი არ არის. არც ჩემს ნივთებში იქექება. სჯერა ჩემი და მენდობა.
– მართლა? – მარიშკამ გადაიკისკისა, – ვგიჟდები ასეთ გულუბრყვილო ცოლებზე. ვითომ რომ მიამიტები არიან და ჰარმონიულ ურთიერთობას მონდომებით „აშენებენ“. მერე გამოჩნდება ხოლმე ჩემნაირი ბოროტი ანგელოზი და იდილიას ურღვევს.
დათო მოიღუშა.
– მარიშკა... იმედი მაქვს, გონიერებას გამოიჩენ და რამე სიურპრიზს არ მომიწყობ.
– მე? არა, რა სისულელეა! შეთანხმებას არ დავარღვევ. მაგრამ ძალიან მალე შენ თვითონ მიხვდები, რომ იდეალური ქალი მე ვარ, ქალი, რომელიც გჭირდება და წარმატებას მოგიტანს.
დათომ გაშლილი ხელისგული ტუჩებზე ააფარა ქალს და მეორე ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა.
– გაჩუმდი, ძალიან გთხოვ. ხომ არ გინდა, გამაბრაზო... ერთად ვართ. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, დამიჯერო.
– მაშინ მითხარი, რომ გიყვარვარ, – პრეტენზიული ტონით მოსთხოვა მარიშკამ, – მითხარი...
– როგორი საყვარელი ხარ. მოდი, ჩემთან, მოდი, ლაპარაკზე დროს ფუჭად ნუ დავკარგავთ...
***
დათომ ბორბლებიანი ჩემოდანი საქმიანი სახით შეაგორა სახლში და კარი ხმაურით დაკეტა. ბინაში სიჩუმე იყო. უჩვეულოდ მოეჩვენა.
– თეონა! – დაუძახა ცოლს. არავინ გამოეპასუხა. გაუკვირდა. საღამოს თეონა ყოველთვის სახლში იყო ხოლმე. დაქალებთან და კაფეებში სიარული დიდად არ უყვარდა. როცა დარწმუნდა, რომ მისი ცოლი სახლში ნამდვილად არ იყო, ჩემოდანი საძინებელში შეიტანა, საგანგებოდ შეფუთული საჩუქარი გამოსაჩენ ადგილას დადო და სააბაზანოში შევიდა. შხაპის ქვეშ ჩვეულებრივზე მეტხანს იდგა და ფიქრობდა...
მარიშკა შემთხვევით გაიცნო. მამაკაცების იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა, გაფაციცებული რომ ეძებენ „ასაგდებ ნაშებს“... გულის სიღრმეში ეცინებოდა თავის მეგობრებზე, ჩვიდმეტი წლის ბიჭებივით რომ ამჩატდებოდნენ ხოლმე და მერე საგულდაგულოდ მალავდნენ პომადით გათხუპნულ პერანგებს ეჭვიანი ცოლებისგან... მარიშკა ერთ-ერთი პარფიუმერიული ქსელის მაღაზიაში ნახა. შემთხვევით კონსულტანტი ეგონა და დასახმარებლად მოუხმო. ქალმა ირონიულად გაიღიმა და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. კაცი შეცბა.
– მაპატიეთ, მგონი, რაღაც შემეშალა.
– დიახ, შეგეშალათ. თუმცა, სუნამოების ექსპერტად ნამდვილად გამოვდგები. ვისთვის გინდათ, აარჩიოთ?
– მეუღლისთვის. პირველად ვყიდულობ და არ მინდა, შევრცხვე.
– ვგიჟდები მზრუნველ ქმრებზე, – თვალები ირონიულად მოწკურა მარიშკამ. დათოს მისი დეკოლტედან მაცდურად „მომზირალი“ მკერდისკენ გაექცა თვალი. უხერხულად ჩაახველა და ხელი თაროებისკენ გაიშვირა.
– აქ ისეთი არჩევანია... ცოტა უყურადღებო ვარ, არ ვიცი, რომელი ბრენდი მოსწონს.
– კარგი. ვეცდები, გამოვიცნო. თქვენი მეუღლე დიასახლისია?
– არა, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.
– ესე იგი, საქმიანი ქალბატონია?
– დიახ, საქმიანი ნამდვილად არის, – კაცი გახალისდა. გაიფიქრა, რომ უკვე მოსწონდა ეს თამაში.
– ტანსაცმელს რა ბრენდს იცვამს და ექსპერიმენტები თუ უყვარს?
– ჰო, უნდა დავფიქრდე. ექსპერიმენტში რა იგულისხმება.
– ჰა, ჰა, სექსი არ მიგულისხმია. უი, როგორ გაწითლდით. ძალიან საყვარელი ხართ. მოდი, პატარა გარიგება დავდოთ, მე თქვენ საუკეთესო სუნამოს შეგარჩევინებთ, თქვენ ყავაზე დამპატიჟებთ.
დათომ ხალისით დაუქნია თავი. უკვე მოსწონდა ეს თამამი და ცოტათი ვულგარული გოგო, რომელსაც ფანტასტიკური მკერდი და საკოცნელად გამზადებული ტუჩები ჰქონდა...
კარის დახურვის ხმა ყრუდ ჩაესმა. ხალათი შეიკრა და რბილ, საშინაო ჩუსტებში წაჰყო ფეხი. თეონას ბედნიერი და კმაყოფილი სახე ჰქონდა. ტუჩებზე ანცი ღიმილით, რაღაც მელოდიას ღიღინებდა.
– დათო, ჩამოხვედი? – პალტო კარადაში ჩამოკიდა, ქმარს მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა, – რატომ არ მომწერე, დაგხვდებოდი.
– ბესო დამხვდა. შენ სად იყავი?
– ექსკურსიაზე,– გაიცინა ქალმა.
– რაო? – გაოცებისგან პირი დააღო კაცმა, – სად ექსკურსიაზე, ასე ჩაცმულ-დახურული?
– ჰო. ძველი ქალაქი დავათვალიერე და მინდა, გითხრა, ისეთი ადგილები აღმოვაჩინე... აუცილებლად წაგიყვან მერე. როგორც ჩაიარა შენმა მივლინებამ.
– კარგად, – ნაჩქარევად მიუგო დათომ, – საჩუქარი ჩამოგიტანე.
– გმადლობ, საყვარელო. ძალიან ყურადღებიანი ხარ.
– არ ნახავ? – ცოლის გულგრილობამ გააოცა კაცი. ჩვეულებრივ, თეონა მაშინვე ხსნიდა ხოლმე მეუღლის მიერ ჩამოტანილ საჩუქრებს და ნაზი კოცნით ასაჩუქრებდა.
– აუცილებლად ვნახავ. ოღონდ, ცოტა მოგვიანებით. გამოვიცვლი და ჩაი დავლიოთ, კარგი?
– კარგი, – დაეთანხმა დათო.
... თეონა ოთახში შევიდა. კარადიდან ძვირფასი ატლასის ხალათი გამოიღო, ტანსაცმელს იხდიდა და თან ფიქრობდა. დათოსთვის არ უთქვამს, რომ სამსახურში საერთოდ არ ყოფილა. „შატალო“ მოეწყო და ამის მიზეზი ვახო იყო. ჯერ მანქანა წაიყვანეს ტექდათვალიერებაზე, მერე ყავა დალიეს და თეონას წამოსცდა, რომ მზიანი ამინდი მშვენიერი ინსპირაცია იქნებოდა გასეირნებისთვის.
– იმდენი ხანია, ქალაქში ფეხით არ გამივლია.
– რატომ? მე კვირაში ერთ დღეს მაინც ვცდილობ, ქალაქის რომელიმე უბანი მოვიარო ფეხით. თან ვსწავლობ ჩვენი ქალაქის ისტორიას. კარგი გასართობია.
– მართლა? ესე იგი, გიდად გამოდგები, – თვალები მოჭუტა თეონამ და მზეს სახე მიუშვირა.
– სიამოვნებით. თუ რამეში გამოგადგებით, დავგეგმოთ და...
– დღეს ხომ არ მოვაწყოთ პირველი ტური? – წამოიძახა თეონამ ანგარიშმიუცემლად.
– მერე თქვენი სამსახური? – შეყოყმანდა ვახო.
– შემიძლია, არ მივიდე. ქვეყანა არ დაიქცევა ამით. საინტერესოც იქნება, იმიტომ, რომ სამსახური არასოდეს გამიცდენია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3