№18 საბედისწერო ლეგენდა
დეშილ ჰემეთი
ლეგენდის მიხედვით, დედოფალ ელისაბედის ეპოქაში კორნუოლის დასავლეთ ნაპირებთან ოქროთი დატვირთული ხომალდი ჩაიძირა. ამ ლეგენდის გამო ბევრმა იოლად გამდიდრების მსურველმა დაიწყო განძის მოძიება, თუმცა უშედეგოდ. ჯეიმს ლამპიერმა შემთხვევით ვინმე ჯონ ნიუმენი გაიცნო. ჯონმა კარგად იცოდა ისტორია და კონკრეტულად ვიქტორიანული ეპოქა. ესპანური ოქროს სურვილით შეპყრობილმა, იყიდა უფლება, ეწარმოებინა სამძებრო სამუშაოები და რადგან გაიგო, რომ ჯეიმსი რომანებს წერდა, შესთავაზა განძეულის ძიების უშუალო მონაწილე ყოფილიყო. ჯონს სჯეროდა, რომ ესპანურ ხომალდს მიაგნებდა და ოქროც დარჩებოდა. ამბობდა, საქმე მარტო საჭირო ტექნიკაშია და ოქრო ჩვენი გახდებაო. ჯეიმსსაც საქმე არაფერი ჰქონდა და დათანხმდა.
სოფელში პარასკევს დილით პადინგტონის სადგურიდან გაემგზავრა. შემთხვევით მასთან ერთად კუპეში ძველი ნაცნობი ინსპექტორი ბაგვორტი აღმოჩნდა. როცა ინსპექტორმა ლამპიერის მგზავრობის მიზეზი გაიგო, გაეღიმა. გამოირკვა, რომ თავადაც იქ მიდიოდა, სადაც ჯეიმსი. ისიც დაკარგული ოქროს საძებრად, თუმცა, სრულიად სხვა ოქროსი.
– რა დროს „ხუან ფერნანდესი“ და მისი საგანძურია. თქვენი ნაცნობი ისეთივე რომანტიკოსია, როგორც სხვა ყველა, ვისაც ამ ზღაპრების სჯერა, – წამოიძახა მან, – მე გაცილებით სერიოზული საქმე მაქვს. ოთხი თვის წინ, სწორედ მაგ მიდამოებში ჩაიძირა გემი „ოტრანტო“. მას ოქრო გადაჰქონდა. მგზავრები არც ჰყოლია და ბუნებრივია, არც არავინ დაზიანებულა, მაგრამ ოქრო უკვალოდ დაიკარგა. დაიქირავეს მყვინთავები, მაგრამ უშედეგოდ. ჩამოსხმული ოქროს ზოდები წყალქვეშ ასე ადვილად არ ქრება. ან გემზე ოქრო საერთოდ არ იყო; ან ვიღაცამ მოიპარა. სავარაუდოდ, ძალიან ეშმაკ და გაქნილ ქურდთან გვაქვს საქმე. ოქროს ზოდებს ჯიბეში ვერ ჩაიდებ და ვერც შეუმჩნევლად გადაიტან ერთი ადგილიდან მეორეზე. მოკლედ, სამუშაო საკმარისზე მეტი მაქვს. უნდა ამოვხსნა თავსატეხი – ოქრო გემზე საერთოდ არ დაუტვირთავთ, თუ გემის ჩაძირვის მერე მოიპარეს.
ნიუმენი ახალშეძენილ მეგობარს სადგურზე დახვდა და მოუბოდიშა, ავტომობილი აღარ მყავს, ჩემი გადაადგილების საშუალება ახლა ეს არისო. მეთევზეების პატარა სოფელში მალევე ჩავიდნენ. „პოლ-ჰაუზი“, სადაც ნიუმენი ცხოვრობდა კლდეზე ნაშენებ ციხესიმაგრეს ჰგავდა. გრანიტით იყო ნაშენები და ერთი მხრიდან ღრმა ხევს გადაჰყურებდა. იმავე საღამოს მასპინძელი ჯეიმსს ძველისძველი ვისკითა და გემრიელი ვახშმით გაუმასპინძლდა, თან ესპანური ხომალდის მაკეტი აჩვენა და სიამაყით განუცხადა, „ხუან ფერნანდესის“ ზუსტი ასლიაო. მერე შესთავაზა, სოფელში გავისეირნოთ და ჩემს მყვინთავს გაგაცნობო. ჯეიმსი დათანხმდა და თავის მხრივ მოუყვა, როგორ შეხვდა მატარებელში ინსპექტორს. ნიუმენს განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუხატავს. მყვინთავი საკმაოდ უხეში და სიტყვაძუნწი, თანაც ზორბა ირლანდიელი აღმოჩნდა. საინტერესო „ექსპონატი“, მაგრამ ჯეიმსი უფრო იმ ბარის მეპატრონემ დააინტერესა, რომელშიც ლუდის დასალევად შეიარეს და მყვინთავსაც შეხვდნენ. ნიუმენს ძალიან მტრულად ათვალიერებდა. ხარივით თვალები სისხლით ჰქონდა სავსე. ჯეიმსს ეს არ მოეწონა, მაგრამ მასპინძლისთვის არაფერი უთქვამს. მეორე დღეს კი ნიუმენი დაიკარგა. ჯეიმსს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, რაღაც არ ასვენებდა. გათენდა თუ არა, ნიუმენი მოიკითხა. მოსამსახურემ უთხრა, არ მინახავსო. ის საძინებელ ოთახში გავიდა და მიხვდა, რომ მისი მასპინძელი ღამით არც კი დაწოლილა. შეშფოთებულს მაშინვე ბარის მეპატრონის თვალები გაახსენდა. დრო აღარ დაუკარგავს და ინსპექტორი მოძებნა. თავისი ეჭვების შესახებ რომ მოუყვა, ინსპექტორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– დიახ, ეგ კელვინი, „სამი იალქნის“ მეპატრონე არც მე მომეწონა. იცოდით, რომ წარსულში მყვინთავ-მაძიებელი იყო? თანაც ჩხუბისთავი. სულ რაღაც ოთხი წელია, რაც კოლონიიდან გამოვიდა. ადგილობრივი მცხოვრებლები თქვენს მეგობარზე ამბობენ, ძალიან უყვარს სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფაო. ვეძებოთ, ვინძლო უკიდურესობას გადავურჩეთ და ცოცხალი ვნახოთ.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ნიუმენი სახლთან ახლოს, პატარა ხევში იპოვეს, ხელფეხშეკრული და ნახევრად გონებამიხდილი. სავარაუდოდ, იქ თექვსმეტი საათი გაატარა. ცოტა ბრენდი და ნიუმენი სვენებ-სვენებით ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ წინა ღამით, დაახლოებით ღამის თერთმეტ საათზე სასეირნოდ გავიდა. უეცრად რამდენიმე ადამიანი დაინახა, ნავებიდან რაღაცას ტვირთავდნენ და გამოქვაბულებისკენ მიათრევდნენ. ტვირთი აშკარად მძიმე იყო. ნიუმენმა მეტი ვეღარაფრის დანახვა მოასწრო. თავში რაღაც მძიმე მოხვდა და გაითიშა. როცა გამოერკვა, მიხვდა, რომ სატვირთო მანქანაში, ძარაზე ეგდო ხელფეხშეკრული და პირზე წებოვანი ქაღალდი ჰქონდა გადაკრული. მანქანა გაჩერდა და გამტაცებლებმა ნიუმენი ხრამში გადააგდეს. ალბათ, იმ იმედით, რომ ვერავინ იპოვიდა და ღამე მოკვდებოდა.
ინსპექტორი აწრიალდა.
– დარწმუნებული ვარ, ეს ის დაკარგული ოქროა. ამოიღეს ჩაძირული ხომალდიდან და რომელიღაც მიყრუებულ გამოქვაბულში გადამალეს. მაგ არამზადებმა იციან, რომ გამოქვაბულები ერთხელ უკვე გადავჩხრიკეთ და მეორედ იქ აღარ მივალთ.
– ინსპექტორო, გამახსენდა, – თქვა უცებ ნიუმენმა, – იმ გზაზე ძალიან იშვიათად დადიან მანქანები. მით უმეტეს, სატვირთო მანქანა, დასახლებაში მარტო მე და „სამი იალქნის“ მეპატრონეს გვყავს. შეგიძლიათ, მისი მანქანის საბურავები და ალიბი შეამოწმოთ. ისიც ხომ იცით, წარსულში ეგ კაცი მყვინთავი იყო.
ინსპექტორმა კეფა მოიქექა. ორივეს ნაჩქარევად დაემშვიდობა და წავიდა. მეორე დღის შუადღისას ჯეიმსს ბიჭი გამოუგზავნა და შეატყობინა, შენთან ლაპარაკი მინდაო.
– აბა, რა ქენით, დაიჭირეთ დამნაშავე? – მისვლისთანავე ჰკითხა ჯეიმსმა, – ჯონი მეუბნებოდა, ინსპექტორს ბევრი წვალება არც დასჭირდება, კელვინის მანქანის ერთ-ერთ საბურავს ისეთი ნაჭდევი აქვს გზაზე ნაკვალევი აუცილებლად დარჩებოდაო.
– მართალია, – თავი დაუქნია ინსპექტორმა, – ნაკვალევი ვნახე და ისიც ზუსტად ვიცი, ვინ არის ქურდი. ოქრო სწორედ მაგ თქვენმა მეგობარმა მოიპარა და მერე ეს სპექტაკლი მოაწყო. ისე კარგად კი მოიფიქრა. სხვათა შორის, სახელიცა და გვარიც აბსოლუტურად სხვა აქვს და ცოტა ხანში პრინსთაუნის ციხეშიც მიაბრძანებენ. თქვენ კი გამოგიყენათ. ლიემ მაკდაუელი – ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია. ხუთი წლის წინ ლონდონის ერთ-ერთი ბანკის საცავის გაქურდვის გამო აიყვანეს. გამოვიდა თუ არა მაშინვე ძველი მეგობრები მოძებნა და ახალი რაღაც მოიფიქრა. ესპანური ოქრო კარგი საფარველი აღმოჩნდა. თქვენ კი – მშვენიერი ალიბი, თქვენი რეპუტაციის წყალობით. მისი ვითომ მყვინთავი ხომ გაიცანით? ბარის მეპატრონეც ნახეთ და არ მოგეწონათ. ბუნებრივია, მან ვერ აიტანა ნიუმენი, იმიტომ, რომ რაღაც ისეთი გაიგო მის შესახებ. მოკლედ, საკუთარი გატაცება თავად დაგეგმა. როცა თქვენ შეგხვდათ, ჩაძირული „ოტრანტოდან“ ოქრო უკვე ამოღებული ჰქონდა და მხოლოდ ალიბიღა სჭირდებოდა, რომ მისი მოულოდნელი გამდიდრება თვალში არავის მოხვედროდა. ჩვენ მცდარ კვალს დავადგებოდით, „დამნაშავეს“ დავიჭერდით. ის რამდენიმე ოქროს ზოდს თქვენ თვალწინ ამოაღებინებდა, ვითომდა ჩაძირული ესპანური ხომალდიდან და მერე გაქრებოდა.
– კი, მაგრამ საბურავის კვალი? ამას გამორიცხავთ? – მაინც შეეწინააღმდეგა ჯეიმსი.
– ღმერთო, როგორი გულუბრყვილო ხართ. საბურავის შეცვლას რაღა უნდოდა?! მან ან უფრო მისმა თანამზრახველმა ნიუმენისა და კელვინის სატვირთო მანქანებს საბურავები შეუცვალა. ეს ხომ რამდენიმე წუთის საქმეა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ