№18 რომელ დღეს შეჭრილი თმა ასუსტებს თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სალონები დახურულია და ამიტომ, ადამიანები ცდილობენ, საკუთარი ძალისხმევით მოიწესრიგონ გარეგნობა, შეიცვალონ იმიჯი და თმის ვარცხნილობა. ეს ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული და რასაკვირველია, ამ მხრივ, რა დღეა, რომელი საათი და დღის რომელი მონაკვეთი, არ აქცევენ ყურადღებას. არადა, იმიჯის შეცვლა, კვირის არასასურველ დღეს, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. კვირის ნებისმიერ დღეს თმის შეჭრა თუ ვარცხნილობის გაკეთება, სასურველი არ არის. ამით ადამიანი გარკვეულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და საფრთხეში იგდებს სიცოცხლესაც. ამიტომ, კარგი იქნება, თუ თავდასაცავად ქვემოთ მოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებთ და საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას დააზღვევთ.
თმა კოსმოსიდან იღებს საჭირო ინფორმაციას და ჩვენს წარსულსა და აწმყოს ინახავს. ეს ყოველივე კი უდიდეს გავლენას ჩვენს ენერგეტიკაზე ახდენს. თუ გალამაზება გადაწყვიტეთ და ეს საქმე ვარცხნილობით დაიწყეთ, აუცილებლად ის დღე უნდა შეარჩიოთ, როცა ეს თქვენთვის საშიში არ არის. მაგალითად, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პარასკევს რაიმეს შეცვლა ვარცხნილობაში. თმის შეჭრა არც კვირა დღეს ვარგა. აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე, ბედ-იღბალსა და კარიერას გარკვეულ საფრთხეს შეუქმნით. გარისკვა არ ღირს და უმჯობესია, საკუთარი თავი შესაძლო უბედურებისგან თავადვე დაიცვათ – სწორად შეარჩიოთ თმის შეჭრისთვის თქვენთვის სასურველი და უსაფრთხო დღე. ამ დროს, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელობა აქვს მთვარის ფაზებსაც – თუ თმას შეიჭრით მზარდი მთვარის პერიოდში, ის მალევე გაიზრდება, ხოლო თუ კლებადი მთვარის ფაზაში, მაშინ – შედარებით გვიან.
თუ თმას შეიჭრით ორშაბათს, დეპრესიისგან, დარდისა და უსიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლდებით. კვირის ამ დღეს შეჭრილ თმას თან გაჰყვება უარყოფითი ემოციები. თუ ვარცხნილობის შეცვლას სამშაბათ დღეს გადაწყვეტთ, მაშინ თავს შესაძლო უსიამოვნო ამბების, ჭორებისა და გაურკვეველი სიტუაციებისგან დაიცავთ. ოთხშაბათს შეჭრილი თმა და შეცვლილი ვარცხნილობა დაგეხმარებათ, ადვილად მოაგვაროთ პრობლემები სამსახურსა თუ ოჯახში, ასევე, შეგიწყობთ ხელს ადვილად დაარეგულიროთ დაძაბული ურთიერთობები გარშემო მყოფებთან და საქმიან პარტნიორებთან. ხუთშაბათ დღეს შეჭრილი თმა და შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ წამოწყებული საქმეების ადვილად და წარმატებით დასრულებაში, აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს. პარასკევს ვარცხნილობის შეცვლაზე კი უარი უნდა თქვათ. სწორედ ამ დღეს, ადამიანის ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესები შედარებით შენელებულია და თმის შეჭრა თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს დაასუსტებს. ამ დღეს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და სტრუქტურულ შემადგენლობასაც იცვლის. კვირის დღეებიდან კარგია თმის შეჭრა შაბათს, ამ დღეს შეცვლილი იმიჯი დაგეხმარებათ, ადვილად დაძლიოთ მარტოობა, დეპრესია და გაიჩინოთ თანამოაზრეები. ასევე, შაბათს შეჭრილი თმა საკუთარი ძალების რწმენასაც აღგიდგენთ და სასიყვარულო გრძნობების თამამად გამოვლენაშიც დაგეხმარებათ, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდებით და ადვილად შეძლებთ საყოფაცხოვრებო თუ პირადული პრობლემების უმტკივნეულოდ გადალახვას. კვირა დღეს თმის შეჭრით კი კოსმიურ ძალებთან დაარღვევთ კავშირს და ეს თქვენზე უარყოფითად აისახება.
არ შეიძლება თმის საკუთარი ხელით შეჭრა, რადგან მას უბედობა და პრობლემები მოსდევს, სიცოცხლის შემოკლებას უწყობს ხელს და საგრძნობლად ამცირებს ადამიანის სასიცოცხლო პოტენციალს. ამიტომ, დღევანდელ პირობებში, სჯობს ეს საქმე, ოჯახის წევრებს მიანდოთ. აგრეთვე, გაითვალისწინეთ – თმის შეჭრა ან დამოკლება არც მზის ჩასვლის შემდეგ ვარგა.