№18 ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 27 კვირის და 4 დღის ორსული, გუშინ გავიკეთე ექოსკოპია და აღმოჩნდა, რომ სანაყოფე წყლები რაოდენობრივად შემცირებულია ინდექსით - 14-ის ნაცვლად 11 მქონდა. ექიმმა დამინიშნა მკურნალობა, მაინტერესებს რამდენად საშიშია და ამ მაჩვენებლით შესაძლებელია თუ არა ორსულობის ბოლომდე გაგრძელება?
პასუხი: ამნიონური სითხის ინდექსის მიხედვით, სანაყოფე წყლების რაოდენობა შემცირებულია, მაგრამ მკურნალობის ფონზე შესაძლებელია, ორსულობის ბოლომდე მიყვანა. თუმცა, აუცილებელია პერიოდულად სანაყოფე სითხის რაოდენობის, ასევე, ნაყოფის გულისცემისა და მისი ზოგადი მდგომარეობის ექოსკოპიური შეფასება. მაჩვენებლების სტაბილურობის შემთხვევაში საშიში არაფერია.
კითხვა: სიმთვრალეში ძმაკაცმა ზურგზე მიკბინა. საშიშია თუ არა და როგორ მოვიქცე?
პასუხი: ადამიანის ნაკბენი საშიშია ინფექციების გადადების მაღალი ალბათობის გამო. მათ შორის უნდა დავასახელოთ ჰერპესის ვირუსი, B და C ჰეპატიტები, შიდსი, პირის ღრუში არსებული ბაქტერიები. ამიტომ ჭრილობის სათანადოდ დასამუშავებლად აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
კითხვა: მარჯვენა მხარეს, ნეკნის ქვეშ ხელს რომ მივიჭერ არასასიამოვნო შეგრძნება მაქვს. ისე არ მტკივა. რა შეიძლება, იყოს? გთხოვთ დამეხმაროთ.
პასუხი: ამ არეში ხელის დადებით უსიამოვნო შეგრძნება შესაძლოა, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას უკავშირდებოდეს. გირჩევთ, გამორიცხოთ ამ ორგანოთა დაზიანება, ხოლო შემდგომ ჩაიტაროთ გულმკერდის რენტგენოგრაფია.
კითხვა: თუ 2 კვირა სექსი არ გვაქვს, მეუღლეს ღამით შარდი ეპარება. ძალიან მაწუხებს ეს ამბავი, მით უმეტეს, რომ 1 წელზე მეტია ერთად ვართ და შვილი არ გვიჩნდება. შესაძლებელია, რომ ეს იყოს მიზეზი? ან, თუ დავითანხმე, რომელ ექიმთან უნდა მივიყვანო?
პასუხი: მამაკაცებში შარდის შეუკავებლობას შესაძლოა, უროლოგიური ან ნევროლოგიური მიზეზი ჰქონდეს. პირველ რიგში თქვენმა მეუღლემ უნდა მიმართოს უროლოგს, უშვილობასთან დაკავშირებით კი გაიკეთოს სპერმის ანალიზი და თუ ცვლილებები აღმოჩნდა, მაშინ ანდროლოგთან ვიზიტი გახდება საჭირო. უშვილობასთან დაკავშირებით თქვენც უნდა ჩაიტაროთ გამოკვლევა რეპროდუქტოლოგთან.
კითხვა: 45 წლის მამაკაცს აღენიშნება მუხლების ქვემოთ დაბუჟება, ხან უცივდება ფეხები, ხან – უხურს. აწუხებს კოჭების ტკივილი. გთხოვთ მირჩიოთ რამე ან ვის უნდა მივმართოთ?
პასუხი: ვფიქრობთ, ამ ჩივილებით ანგიოლოგთან ვიზიტი და ქვედა კიდურების სისხლძარღვების გამოკვლევაა საჭირო.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე