№18 როგორ შევამციროთ ქოლესტერინის დონე
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
საშიშია არა სისხლში არსებული ქოლესტერინი, არამედ ის, რომელიც სისხლძარღვის კედელზე გროვდება, ამიტომ როცა სისხლში მომატებულ ქოლესტერინთან ბრძოლას დაიწყებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ამით ათეროსკლეროზს ებრძვით. საერთოდ, ქოლესტერინთან ბრძოლა, როგორც ასეთი, უაზრობაა. ამ ნივთიერების გარეშე ორგანიზმი ვერ იარსებებს – ეს მისი სამშენებლო მასალაა. ტვინის ყველა უჯრედული სტრუქტურა და ქსოვილი შეიცავს ქოლესტერინს და მის გარეშე ცენტრალური ნერვული სისტემა ფუნქციობას ვერ შეძლებს. მაგრამ ქოლესტერინის ნორმალურ დონეზე შესანარჩუნებლად ზრუნვა მაინც საჭიროა. უმეტესად ამისთვის დიეტაც საკმარისია.
პირველ რიგში, შეცვალეთ ცხოვრების წესი, მეტი იმოძრავეთ, ნაკლები ჭამეთ და ყურადღება მიაქციეთ რაციონს.
ქოლესტერინს უხვად შეიცავს ბატის, იხვის, ცხვრის, ღორის მსუქანი ხორცი, ქაშაყი, კვერცხის გული, ხიზილალა, ტვინი, ღვიძლი, თირკმელი, ნაღების კარაქი, ცხიმიანი ძეხვი და ლორი, მოუხდელი რძე, შაქარი, თეთრი ხორბლის პური, ნაყინი, არაჟანი, ცხიმიანი ყველი, კრემი, ხორცის ბულიონი, კრაბი, კრევეტი და ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი სწრაფი კვების პროდუქტები.
* ეცადეთ, მკვეთრად შეამციროთ ნაღების კარაქის მოხმარება. ამ შემთხვევაში ქოლესტერინი 2-4 კვირის განმავლობაში ნორმას დაუბრუნდება;
* კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ნაღებზე, არაჟანზე, ცხიმიან ყველსა და კვერცხზე. მიირთვით სოიის პროდუქტები. ეს ცილოვანი დიეტაა;
* ღორის ქონის მოყვარულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ის მდიდარია ქოლესტერინით;
* დაიცავით ცხიმების ბალანსი. თუ ცხოველური ცხიმის წილი რაციონში მესამედს არ აღემატება, ქოლესტერინის სიჭარბე არ შეგაწუხებთ;
* თუ ქოლესტერინის შემცველობა ნორმაზე გაცილებით მაღალია, მასთან დამოუკიდებლად ბრძოლას არ გირჩევთ, უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.
იმუნოლოგები და ბიოლოგები გვირჩევენ, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად (ცელულიტის შესამცირებლადაც) ყოველდღიურ რაციონში შევიტანოთ გრეიპფრუტი და სხვა ციტრუსები, ასევე, მათი ახალგამოწურული წვენი. ძალიან ეფექტურია წვენების ხუთდღიანი პროგრამა, რომელიც თავდაპირველად ცელულიტის საწინააღმდეგოდ შემუშავდა, მაგრამ შედეგებმა აჩვენა, რომ არანაკლებ ეფექტურია ქოლესტერინის მოსაწესრიგებლადაც:
პირველი დღე: 130 გრამი სტაფილოს წვენი, 75 გრამი ნიახურის ფესვების წვენი;
მეორე დღე: 100 გრამი სტაფილოს წვენი; 70 გრამი ჭარხლის წვენი (მიღებამდე 1,5-2 საათით გააჩერეთ მაცივარში), 70 გრამი კიტრის წვენი;
მესამე დღე: 130 გრამი სტაფილოს წვენი, 80 გრამი ნიახურის წვენი, 70 გრამი ვაშლის წვენი;
მეოთხე დღე: 130 გრამი სტაფილოს წვენი, 50 გრამი კომბოსტოს წვენი;
მეხუთე დღე: 130 გრამი ფორთოხლის წვენი.
წვენების მიღების თანმიმდევრობის მკაცრად დაცვა საჭირო არ არის. ნებადართულია, ერთი მეორით შეცვალოთ. ერთი პირობა კი აუცილებლად უნდა დაიცვათ: წვენები უთუოდ ახალი უნდა იყოს, 2-7 საათზე მეტხანს ნუ შეინახავთ, დალევამდე კი აუცილებლად შეანჯღრიეთ ჭურჭელი – ხილისა და ბოსტნეულის რბილობი, რომელიც ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლოა, ფსკერზე ილექება.
1 სუფრის კოვზ სიმინდის თმას დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი და გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი სამ საათში ერთხელ.
1 სუფრის კოვზ მრავალძარღვას ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გაფილტრეთ და დღის განმავლობაში სვით.
2 ჩაის კოვზ სალბის ფოთლებს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათის შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ.
გახსოვდეთ, მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის. მეტი იმოძრავეთ, შეასრულეთ გამამხნევებელი ვარჯიშები, უარი თქვით სიგარეტზე.