№18 რაზე მიუთითებს ფეხების შეშუპება
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური), ფლებიტი (ცალი კიდური), ვენების ვარიკოზული გაგანიერება, თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული), ღვიძლის დაავადებები, შიმშილი (მკაცრი დიეტები), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ქვედა კიდურების ვენით ჩატარებული კორონარული შუნტირება, პრეპარატები, პერიკარდიტი, ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.
შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია გულის უკმარისობა და ფლებიტი.
გულის უკმარისობა – მიოკარდიუმის ინფარქტი, ხანგრძლივი ჰიპერტონია, გულის სარქვლების ვირუსული და სხვა დაავადებები აზიანებენ გულის კუნთს, რის გამოც ის ვენებიდან მიწოდებულ სისხლს ფილტვებში სათანადო ინტენსიურობით ვეღარ გადაისვრის. სისხლი ვენებში გუბდება, მისი თხიერი კომპონენტი კი ქსოვილებში იჟონება და ფეხების შეშუპებას იწვევს. გულის მარცხენა ნაწილის სისუსტის დროს ფერხდება ფილტვებიდან ახალი სისხლის გადინება და შეგუბებითი პროცესი უკვე ფილტვებში ვითარდება, რაც სუნთქვას აძნელებს, ამიტომ გულის უკმარისობის დროს ორივე ქვედა კიდურის შეშუპებასთან ერთად ყოველთვის აღინიშნება სუნთქვის გაძნელება და ქოშინი.
ფლებიტი – ეს არის ქვედა კიდურის ერთი ან რამდენიმე ზედაპირული ვენის დაზიანება, რომელიც ანთებითი პროცესის ან ვენის სანათურის სისხლის კოლტით დახშობის შედეგად ვითარდება. ფლებიტი იწვევს ტკივილს, შეშუპებასა და სიწითლეს. ვენების სანათურთა დახშობის შემდეგ სისხლი ქვედა კიდურებში ყოვნდება, გუბდება და ახლომდებარე ქსოვილებში ჟონავს. გულის უკმარისობისგან განსხვავებით, ფლებიტის დროს აღინიშნება ტკივილი და მხოლოდ ცალი კიდურის შეშუპება.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება – ვარიკოზული დაავადების დასაწყისში ქვედა კიდურები არც ისე შესამჩნევად შუპდება. შეშუპება დაავადების მოგვიანებით სტადიაზე იჩენს თავს და უშუალოდ უკავშირდება სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობას – საღამოობით ძლიერდება, დილისთვის ქრება, დღის მეორე ნახევარში კი კვლავ შესამჩნევი ხდება. შეშუპებას მოგვიანებით კანის პიგმენტაცია და წყლულები ერთვის. ვარიკოზის დროს შეშუპება ასიმეტრიულია – ჩვეულებრივ, მხოლოდ ცალი კიდურია შეშუპებული.
თირკმლის დაავადებები – ამ დროს მთელი სხეულია შეშუპებული, რასაც შარდთან ერთად ცილა ალბუმინის კარგვა განაპირობებს. ჩვეულებრივ, ალბუმინი შარდთან ერთად არ გამოიყოფა, თირკმლის დაავადების დროს კი იკარგება და მისი დეფიციტის შესავსებად სისხლიდან ქსოვილებში ზედმეტი სითხე გადადის, რაც მთელი სხეულის შეშუპებას იწვევს.
ღვიძლის დაავადებები – ამ დროს შეშუპება ორი მექანიზმით ვითარდება:
1. დაზიანებული ღვიძლის კედლები ვერ გამოიმუშავებენ საკმარისი რაოდენობის ალბუმინს და ირთვება თირკმლის დაავადების მსგავსი მექანიზმი;
2. ქსოვილოვანი დაზიანების გამო ღვიძლი სისხლს ქვედა კიდურებიდან გულისკენ შეუფერხებლად ვეღარ ატარებს და ისიც ქვედა კიდურებში გუბდება.
ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები – ქვედა კიდურების შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს. ის ასევე, თავს იჩენს მძიმე ფიზიკური შრომის, სუფრის მარილის ჭარბად გამოყენების, ბრტყელტერფიანობის დროს. ხელშემწყობი ფაქტორებია მაღალქუსლიანი და არაკომფორტული ფეხსაცმელი, მჯდომარე პროფესიები, ხანგრძლივი მგზავრობა. ამ დროს შეშუპება ფაქტორის მოხსნისთანავე ქრება.
რეკომენდაციები:
ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი. თუ დიდხანს დგომა გიწევთ, გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას. ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი. თუ შეშუპება გახანგრძლივდა და რეჟიმის შეცვლა არ გშველით, მიმართეთ ექიმს. სასტიკად არის აკრძალული ყოველგვარი თვითდიაგნოსტიკა და მკურნალობა. სიფრთხილით გამოიყენეთ შარდმდენი პრეპარატები.