№18 „გძულდეთ ხორცისგან შებღალული თვით სამოსელიც“
მანკიერების, ცოდვის პროპაგანდა განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ბავშვებისა და ჭაბუკების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, განუმტკიცებელ სულებს. წიგნებში, კინოფილმებსა და სხვა ვიდეოპროდუქციაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, აგრეთვე, ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაში მოზარდებს ხშირად ჩააგონებენ ისეთ წარმოდგენას სქესობრივ ურთიერთობებზე, რომელიც ძალზე დამამცირებელია ადამიანის ღირსებისათვის, რადგანაც მასში არ არის უმანკოების, მეუღლეობრივი ერთგულებისა და თავდადებული სიყვარულის ადგილი. მამაკაცისა და ქალის ინტიმური ურთიერთობები არა მხოლოდ გაშიშვლებულია და ყველას დასანახადაა გამოტანილი, რითაც შეურაცხყოფენ სიმორცხვის ბუნებრივ გრძნობას, არამედ წარმოდგენილია, როგორც ოდენ სხეულებრივი სიამისა და დაკმაყოფილების აქტი, რომელიც არაა დაკავშირებული კაცისა და ქალის ღრმა შინაგან ერთიანობასთან და ზნეობრივ ვალდებულებებთან. ეკლესია მოუწოდებს მორწმუნეებს, ზნეობრივად ყველა ჯანსაღ ძალასთან ერთად ებრძოლონ ამ ეშმაკისმიერ საცთურთა გავრცელებას, რომელიც ხელს უწყობს ოჯახის რღვევას და ამით ძირს უთხრის საზოგადოების საფუძვლებს.
ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოყოლებული – სისხლთა აღრევის, სოდომიზმის, ლესბოსელობის, პირუტყვთა განხრწნისა და სხვა ბიწიერებათათვის ღმერთი არაერთგზის მკაცრად გვაფრთხილებს: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით... არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმინდურდე მისგან. არც ქალი არ უნდა დადგეს ცხოველის წინაშე სამაკინტლოდ... რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმიდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან. გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვდარნი. დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები... რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმიდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ, რადგან ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი თავისი ხალხის წიაღიდან მოიკვეთებიან“ (ლევ. 13,22-29).
იმისთვის, რათა ავხორცთა და სხვა ცოდვილთა საქმეების თანაზიარნი არ გავხდეთ, მოციქული მოგვიწოდებს, პურიც კი არ ვჭამოთ მათთან ერთად (1 კორ. 5,11). უფრო მეტიც, ზოგიერთის სამოსიც კი შებღალულია: „გძულდეთ ხორცისგან შებღალული თვით სამოსელიც“ (იუდ. 1,23). მეორე რჯულში კი წერია: „არ იყოს მეძავი ქალი ისრაელის ქალებს შორის და მეძავი კაცი ისრაელის ვაჟებს შორის. არანაირი აღთქმისთვის არ შეიტანო სამეძაო გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე ეს სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისათვის“ (23,17-18).
„ეშმაკი არასდროს კმაყოფილდება მხოლოდ შენი სულის დაცემით, არამედ იყენებს მას შენ გარშემო მყოფ ადამიანებზე ზემოქმედებისთვის. ამიტომაც, თუ სცოდავ – ნუ მიგაჩნია, რომ ეს მხოლოდ „შენი პირადი“ საქმე იყოს. როგორც ერთი ადამიანის ხსნას აქვს მნიშვნელობა მრავალთათვის, ასევე ერთი კაცის ცოდვაც ბევრ ადამიანთან მოდის შეხებაში“. მოციქული მოგვიწოდებს: „მოკვეთეთ თქვენ შორის უკეთური“ (1 კორ. 5,13); ძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ ოდეს ზარას აქარმა შესცოდა – მთელ ისრაელზე მოაწია ღმრთის რისხვამ (იესო ნავესი VII). სწორედ ამ დროს უთხრა ღმერთმა იესოს: „...ადექ, განწმინდე ხალხი და უთხარი... დარისხებული გყავს შენ შორის, ისრაელო. ვერ გადაურჩები მტერს, თუ არ მოიშორებ დარისხებულს“ (13)... ღირსი მამა სერაფიმე საროველი ამბობს „მოიხვეჭე მადლი სულიწმიდისა და მრავალნი სცხონდებიან შენ ირგვლივ“. კეთილსახიერი, მადლმოსილი სულიერი მდგომარეობა ერთი ქრისტიანისა – მრავალ ადამიანზე ვრცელდება. ასევე, ცოდვაც: ჩაიბუდებს რა ერთი ადამიანის გულში – სულ უფრო და უფრო მეტ გარშემო მყოფ ადამიანს მოსწყლავს და დაასნებოვნებს.