კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ მოიპარა რეზო ესაძემ „ლენფილმიდან“ საკუთარი ფილმი

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „ყველაზე ნათელი მოგონება ისაა, რომელიც არ დაწერილა, რომელიც შენშია დარჩენილი...“ ეს აწ გარდაცვლილი რეზო ესაძის დღიურებია.
  „...ჩემი ყველაზე დიდი მასწავლებელი იყო ბაბუა. მან აღმზარდა. არაჩვეულებრივი კაცი იყო, ცოტა უცნაურიც, შინაგანად დიადი, აუჩქარებელი, ჩუმი. ბიბლიური გარეგნობა ჰქონდა, მაღალი, დიდი მხრებით, დიდი ტორებით, დიდი შუბლით, თეთრი წვერითა და ცისფერი თვალებით. ერთ წინადადებას იტყოდა, მაგრამ საოცრად ბრძნულს. მას ყველა უყვარდა. ბაბუა მასწავლიდა, რომ უმნიშვნელო დეტალისთვისაც ყურადღება მიმექცია და განსაკუთრებული სიყვარულით მოვკიდებოდი. ასეთი სიყვარულით უვლიდა ყანას. ფეხის საფხეკი დანა ჰქონდა სიმინდის ყანის შესასვლელთან, ეგრეთ წოდებულ, ალაგესთან, იქაურობა სხვა ადგილიდან წამოღებული მიწით რომ არ შეებღალა... მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სოფლის სახლი გავყიდეთ, რადგან დასაფლავების ფული არ გვქონდა. ჩემმა შვილებმა კი წლების წინ სახლი კვლავ დაიბრუნეს... ომის პერიოდში ტანზე დაკემსილი ტანსაცმელი მეცვა, ბებია ბაბუას ტანსაცმელს ნაჭერს აჭრიდა და ჩემსას აკერებდა (georgiantheatre.ge).
სიყვარული
  ერთხელ თხას წითელი ჰალსტუხი შევაბი და კლასში შევიყვანე. ჩემი კლასელები პიონერულ ფიცს ამბობდნენ, სამხედროს მასწავლებელმა ჩამავლო ხელი და დირექტორთან შემათრია. დაიბარეს ბებიაჩემი და ბაბუაჩემი. ეს უკანასკნელი კი ანარქისტი იყო. ბაბუა გარეთ იცდიდა, ეზოში, ბებია კი დირექტორს უსმენდა, რომელიც ცდილობდა მისთვის აეხსნა ჩემი დანაშაულის სიმძიმე. მე ვიდექი მისი გახუჭული თმით და ვისმენდი ამ ყველაფერს, როცა დირექტორმა სიტყვა დაასრულა, ბებიამ ლოყაზე წაივლო ხელი და ჩემს გასაბდღვნელად გამოიწია. ამ დღეს ბაბუამ, თავის სიცოცხლეში პირველად, დედა შემაგინა. ბევრჯერ მომიყოლია ჩემი სოფლის ამბები რეზო ინანიშვილისთვის, შურით მისმენდა. ამ ამბებს ერთი წიგნი ვერ დაიტევდა, ალბათ, ამიტომ ვერ ვიღებდი ფილმს გურიაზე. შემიკურთხებდა ხოლმე სესილია თაყაიშვილი ამის გამო. თითქმის მთელი ქვეყნიერება მოვიარე და იცით, რაში დავრწმუნდი? რომ ყველა კარგი წიგნი, რაც წამიკითხავს, არ წამიკითხავს, ცოდნა კი იმისთვის არსებობს, რომ ბეჭედი დაესვათ ჩემი ბავშვობისდროინდელი გამოცდილებისთვის.
გალაკტიონი
  უნივერმაღის პირველ სართულზე ლამპას ვარჩევთ, დედა კი სხვა მხარეს იყურება. გავიხედე, კიბესთან, მაღალ სვეტთან დგას უზარმაზარი, წვერიანი კაცი, ნაცნობი სახით. აცვია მუხლებს ზემოთ პალტო, სახელო აქვს გაქექილი, ძაფები მოუჩანს, დასაუთოებელი შარვალი აცვია. ბატიბუტს თუ მზესუმზირას მიირთმევს, წვერზე ნამცეცები აყრია. დაჟინებით მიყურებს. მე და დედამ ლამპა ვიყიდეთ და გამოვედით, ის ჩვენკენ დაიძრა. გვერდით რომ დამიდგა, საყელოში ხელი ჩამიყო, და კისერში შემომკრა, მერე დედას მიუბრუნდა და უთხრა: ამას მაგარი კისერი აქვს! უკვე მოხუცი ვარ, მაგრამ ჩემს ზურგს ეს მახსოვრობა დღემდე გამოჰყვა, ეს სხეულის მახსოვრობაა. გალაკტიონის იმ შეხებას განზომილება არა აქვს, მთელი ჩემი სხეული სავსეა ამ ხსოვნით. მისი ტოლი მოღვაწე არ ყოლია საქართველოს.
გურამ რჩეულიშვილი
  გურამ რჩეულიშვილი ჩემზე ერთი კლასით უმცროსი იყო. სკოლის კედლის გაზეთს ერთად ვუშვებდით, ბატონი იაშას მეთაურობით ხან გურამი
იყო პროზაიკოსი, მე კი – პოეტი, ხან კი – პირიქით. გაზეთს ერქვა „დამაკვირდი“. არაჩვეულებრივი ლიტერატურული გარემო შევქმენით, მოწაფეები შემოგვნატროდნენ. შემდეგ გურამი სახელოვანი მწერალი გახდა. სულ მეუბნებოდა, კოჯორში ისეთი ოთახი მაქვს, ფანჯრიდან ორ კილომეტრში გზაზე მომავალს დაინახავო, წავიდეთ იქ, შენ ხატე, მე დავწერო. ეს ოცნება ვერ ავისრულეთ. შაბათ-კვირას ავიკრებდით გუდა-ნაბადს და ქალაქიდან გავდიოდით. სამხედრო გზა ყაზბეგამდე რამდენჯერმე გვაქვს გავლილი. ვსვამდით კიდეც. ყველა ძეგლი და კენჭი ზეპირად ვიცოდით.
ერთხელ, გერგეთის სამებაზე ვართ, გვიანი ღამეა, ზაფხულის არდადეგებია დაწყებული. გვიყვარდა იქ საძილე ტომრებში ღამის გათევა. იმ დღეს ძალიან დავთვერით. სასწაული ცა იყო, სასწაული დაფლეთილი ღრუბლებით, ღელის ხმაური გვესმის. გატრუნული ვწევარ, მგონია, გურამს სძინავს და უცებ: რეზო, მოდი, გავფრინდეთ! პასუხს არ ვცემ, ვდგები, ტომრიდან ამოვდივარ, გურამი იწყებს ღრიალს, მეც ავყევი, უნდა გავფრინდეთ. უცებ, ფრიალოს სიღრმიდან მოხუცმა კაცმა ამოყო თავი, მოჩვენება გვეგონა თეთრი წვერით და ბიბლიური გამოხედვით. რა მოგივიდათ, შვილებო? გვკითხა მან, ხედავს მთვრალები ვართ და „გაფრენას ვაპირებთ“. კაცი ფეხებზე შემოგვეხვია, ნუ იზამთ მაგას, ნასვამები ხართ, კაი ბიჭები ხართ, წამოდით ჩემთან, მე მოგივლით, ცხვარსაც დაგიკლავთ, ხინკლებსაც გაგიკეთებთ. ჩვენ უარზე ვიყავით, არ ვთმობდით ჩვენსას ამ დროს ქვემოდან ბავშვი გამოჩნდა, დაიწყო იმ ბავშვმა ტირილი. 9-10 წლის იყო, ზურიკო ერქვა – იმ მოხუცის შვილიშვილი. აჰყვა ბაბუას და იმანაც გულამოსკვნილი ტირილი დაიწყო. პირველად გურამი მოეგო გონს, მოხუცს მოვეხვიეთ და თან წავყევით. იმან იმ ღამით ისე დაგვათრო, გაფრენის კი არა, ფეხზე დგომის თავი აღარ გვქონდა. მეორე დღეს გამოგვაცილა. მოხუცი გვარად სისაური იყო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მასწავლებლად ვიმუშავე, „ვგიკში“ წავედი, ლენინგრადში ვიმუშავე და საქართველოში რომ დავბრუნდი, ჩვენი გადამრჩენლის ძებნა დავიწყე. ის კაცი ვერსად ვნახე...
მოსკოვი, ვგიკი
  იმ წელს კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში 1 300 განცხადება იყო შესული, ქართველებიდან აბარებდნენ: მიშა კობახიძე, ვახტანგ მიქელაძე (ევგენი მიქელაძის ვაჟი), ქართლოს ხოტივარი, რომლებიც იზრდებოდნენ ხელოვანთა ოჯახში. მე რომ შემხედეს, ხელი ჩაიქნიეს, ჩვენი კონკურენტი არააო. ჩემი სოფლის წყალ-ჭალის გარდა, აბა, რა მქონდა ნანახი, ფიზიკის ფაკულტეტი კი დავამთავრე, მაგრამ მხოლოდ ენერგიის შენახვის კანონი და ფარდობითობის თეორია ვიცი, რუსული – ისე რა. აი, ასეთი კაცი ვარ მოსკოვში ჩასული ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში ჩასაბარებლად. ჟიურიში სხედან საბჭოთა კინოს ოსტატები გერასიმოვი, მაკარევა, რომი და სხვები. თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ვინ იყო. ამ დროს ჩემი რიგი მოვიდა. ჯერ კრილოვის იგავ-არაკი წავიკითხე – „მაიმუნი და სათვალე“, მერე ჩეხოვის ნაწყვეტი, ბოლოს – „შემომეყარა ყივჩაღი“ ქართულად. ლექსი ისე განვასახიერე მადლობა გადამიხადეს. გამომცდელებს დავემშვიდობე და კარისკენ დავიძარი. ამ დროს, რომის გვერდით მჯდომმა კაცმა მითხრა, მიხაილ ილიჩს მოეწონეთო და უკან მიმაბრუნეს. ჟიურიმ ასეთი დავალება მომცა, მეორე მსოფლიო ომი
მიდის, შენ მუშაობ საფოსტო განყოფილებაში და ამანათი უნდა გაგზავნო, იღებ ამანათს, ხსნი და უნდა მოგვიყვე რა დევს შიგნით და ასე შემდეგ. მოსაფიქრებლად ხუთი წუთი მქონდა, მე ეს დროც არ გამოვიყენე იმ წუთს დავიწყე თამაში. მთელი ჩემი ბავშვობა ხომ ომში გავატარე, გაუკვირდათ. დედა შვილს ამანათს უგზავნის ფრონტზე, მისამართს ქიმიური ფანქრით აწერს, ბოლოში რამდენიმე ასო წაშლილია, შეიძლება დედის ცრემლიც კი დაეცა და წაშალა. ამანათს თავსახურს ვხსნით და გადავაბრუნებთ, შიგნითაც მისამართი აწერია, ეს დედის ფიქრის შედეგია. ამანათი წვიმაში რომ მოხვდეს მისამართი შეიძლება წაიშალოს, მაშინ გახსნიან და მეორე მხარეს ნახავენ, კომისიის წევრები ერთმანეთს უყურებენ... დედამ წერილი მეზობლის გოგოს, ფუცუს დააწერინა, რადგან თავად წერა უჭირს, თვალს აკლია. ამ ყველაფერს რუსულად ვყვები, რაც საკმაოდ მიჭირს. დედა შვილს ყველაფერს ორ-ორ ცალს უგზავნის – ჯემპრს, წინდას, ქუდს და წერს: შვილო, ერთი შენთვის დაიტოვე და მეორე ისეთ მეგობარს აჩუქე, ვისაც დედა არ ჰყავს. ღმერთმა ორივე მშვიდობით ჩამოგიყვანოთო. ჟიურის წევრები ჩურჩულებენ, ზოგი ცრემლს იწმენდს. უეცრად რომს სახე უნათდება და ხმამაღლა აცხადებს: ეს ახალგაზრდა ჩემთან ისწავლის! ამის თქმაზე ყველა წამოიშალა შემომეხვივნენ და მილოცავდნენ. რომს წესად ჰქონდა პირისპირ ჯგუფის წევრებთან შეხვედრა და საუბარი. დღემდე მახსოვს ეს დიალოგი, უფრო სწორად მიხაილ რომის ჩემდამი მომართული დიალოგი. „შენ აქ ჭეშმარიტების საძებნელად ჩამოხვედი, რეზო, მაგრამ ჭეშმარიტება აქ კი არ არის, საიდანაც ჩამოხვედი, იქ არის, მისი ნაწილი კი – შენშია. მე არ შემიძლია რეჟისორობა გასწავლო, კაცმა რომ თქვას, ეს შეუძლებელია, მაგრამ შევეცდები, ერთად მოვძებნოთ ის ბილიკი, რომელიც შენს საკუთარ გზაზე გაგიყვანს. აი, ამ გზით შეიძლება, მიხვიდე ჭეშარიტებამდე, შეიძლება – ვერა. ეს მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული.“ იმ წელს რომის სახელოსნოში სწავლობდნენ ანდრეი მიხალკოვი (შემდგომში კონჩალოვსკი), ანდრეი სმირნოვი – ორივეს მამა საკავშირო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო სხვადასხვა დროს, ბორის იაშინი, სასახლეებიდან გამოსული ხალხი და მე კოწიე ესაძის შვილის შვილი. მიხაილ რომი უნდა ყოფილიყავი, რომ ასე განსხვავებულ გარემოში გაზრდილები ერთდროულად მიგეღო. მოვიდა ის დრო, სადიპლომო ფილმი რომ უნდა გადამეღო, ერთადერთი ვარ არარუსი სტუდენტებიდან, რომელსაც ელის „მოსფილმი“. აი, აქ გამეჭედა, რა უნდა გადავიღო ამ ვეებერთელა მასალიდან ვერ ვირჩევ ვერაფერს. ბევრი ფიქრის შემდეგ ყურადღება შევაჩერე ანდრეი პლატონოვზე, რომელიც დაჭერილი იყო და შემდეგ გარდაიცვალა. რომმა მიშოვა მისი მოთხრობები და შეიძლება ითქვას, პლატონოვით დავსნეულდი. გავიცანი მისი მეუღლე და ქალიშვილი მარია, სახლშიც კი ვესტუმრე. დავწერეთ სცენარი „ფრო“, პლატონოვის მიხედვით, გადავიღეთ და პირველივე ჩვენების შემდეგ რვა ნაწილიდან ორი ამოჭრეს და იქვე დაწვეს, სხვათა შორის, ამ ფილმში ალისა ფრეინდლიხი მონაწილეობდა. შემდეგ იყო „ერთი ახალგაზრდა ცხოვრების ოთხი ფურცელი“, ეს ფილმი ყველაზე ნაკლებად მომწონს თუმცა ყველაზე მეტმა მაყურებელმა ნახა.
„ერთი ნახვით შეყვარება“
  ეს ფილმი სრულიად შემთხვევით გადავიღე, იმიტომ რომ, სცენარი, რომელზეც ოთხი წელიწადი ვიმუშავეთ – არ დაგვიმტკიცეს. თუმცა კინოსტუდიამ ის წლის საუკეთესო სცენარად აღიარა. ავტორი ედუარდ ტოპოლი იყო, მაგრამ ამ ფილმის გადაღებაზე ყველამ უარი თქვა. მე გადავწყვიტე, გადამეღო. ფილმის წარმატების მთელი სიმძიმე იყო ბიჭის მონახვა, რომელიც მთავარ როლს ითამაშებდა... შემოვიარეთ მთელი ქვეყანა და ეს ბიჭი ვერ ვნახეთ. ჩამოვედი თბილისში, არც აქ ჩანს. გადავწყვიტე, ფილმის გადაღებაზე უარი მეთქვა. უცებ დედაჩემი მეუბნება: იმ ქუჩაზე თუ იყავი, ჩვენ რომ ვცხოვრობდით შენი სწავლის დროსო? ეს იყოს საბჭოს ქუჩა და არსენალის შოსე. მივედი, დავდივარ აქეთ-იქით, ვხედავ ბიჭები შეჯგუფებულან, ვუყურებ და „ვახახაო“ გადაიხარხარა ერთმა, უკან გადმოხტა და სახასიათო მოძრაობა გააკეთა. აი, მთავარი გმირი! შენ ხარ! ვეუბნები. გადაირივნენ ბიჭები, შემომყურებენ, რა დიდი ყარამანი მე ვარო, – მიპასუხა ბიჭმა. – ნუ გეშინია, შვილო, კინორეჟისორი ვარ, კინოში გათამაშებ, მთავარი გმირი იქნები. ხელიდან გამისხლტა, ძლივს დავარწმუნე. ასე ვიპოვე ვახტანგ ფანჩულიძე, რომელიც იმ წელს სკოლას ამთავრებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო კინოაპარატი. ვახტანგი ლენინგრადში დედასთან ერთად ჩამოვიდა. გადასაღებ მოედანზე მქუხარე ტაშით შეეგებნენ. ყველას უცებ შეუყვარდა. იყო სუფთა, წყარო რომ იბადება – ისეთი. სუფთა სულითა და სუფთა სივრცე მოჰქონდა თან, ჯანმრთელი სივრცე, თან სხარტი იყო... შესარჩევი დაგვრჩა გოგონა, ახლა მას ვეძებ. დავდექი ნევას პროსპექტზე, ერთი საათი გავიდა, არავინ ჩანს. ვხედავ, მოდის ორი გოგო, მივუახლოვდი და შევძახე: ეს შენ ხარ!. კინორეჟისორი ვარ, მთავარი როლის შემსრულებელს ვეძებ, ვაჩვენე „ლენფილმის“ მოწმობა და ვეუბნები: ჩემი გადაღებულია „ერთი ახალგაზრდა სიყვარულის ოთხი ფურცელი“ (ყველაზე უნიჭო ფილმი, რომელიც არ მიყვარს). მან კი, ჩემი საყვარელი ფილმიაო, მითხრა. ერთი სიტყვით, გოგონაც ვიშოვე. „ლენფილმში“ პირველ ჩვენებას არნახული აჟიოტაჟი მოჰყვა, აღფრთოვანებულმა ახალგაზრდებმა ხელში ამიტაცეს და ისე მატარეს. თუმცა სტუდიაში ფილმი ნეგატიურად მიიღეს, კედელზე ბრძანებაც კი გამოაკრეს: „ფილმი აიკრძალა და ამხანაგი ესაძე ოთხი წლით დისკვალიფიცირებულია!“ ყველაფერი ფილმის სცენარის ავტორის, ტოპოლის გამო მოხდა, რომელიც მეამბოხე ტიპი იყო. ეს ამბავი ძალიან განვიცადე, მთელი ღამე არ დამეძინა. შუაღამეს ტელეფონმა დარეკა, ავიღე ყურმილი, რეზო ჩხეიძეა. არ მესიამოვნა, მეგონა, ჩემი ამბავი გაიგო. რა გჭირსო, მკითხა. ჩემს ფილმს ეკრანზე არ უშვებენ და სტუდიიდანაც მაგდებენ-მეთქი. ფილმი სად არის, შეგიძლია, მოიპარო და თბილისში ჩამოხვიდეო? გზის ფულიც არ მქონდა, დილის ცხრა საათზე გამომიგზავნა. მეორე დილით მე და ოპერატორი წავედით სტუდიაში, მოვიპარეთ ფირი და თბილისში გამოვფრინდით. კინოსტუდიის სამხატვრო საბჭო შეკრებილი დაგვხვდა. ამ საბჭოში შედიოდნენ რეჟისორები, მხატვრები მწერლები, კომპოზიტორები და კრიტიკოსები. დავიწყეთ ფილმის ჩვენება, საოცრად ვღელავდი... ტიტრები რომ ეკრანზე გავიდა, მაყურებელი წამოიშალა, ყველა ცრემლს იწმენდდა, მეხვეოდნენ და მეფერებოდნენ. მეორე დღეს რეზო ჩხეიძე და აკაკი დვალიშვილი გაფრინდნენ მოსკოვში და „ლენფილმიდან“ ჩემი სურათი გამოითხოვეს.
„ნეილონის ნაძვის ხე“
  სტუდიის ეზოში ხალხში იდგა ამირან დოლიძე და ყვებოდა, როგორ იმგზავრა თბილისიდან რაიონში მეუღლესთან ერთად, განცვიფრებული იყო. ყველა ხალისითა და ინტერესით უსმენდა. ამ დროს მეც მივუახლოვდი. ამირანი ამბობს, მერე ამოვიდა შენნაირი პატარა კაცი, იმან დღე გვაყარა, სულში გვაფურთხა: თქვე ბანდიტებოო. მერე რა ჰქენი, არ გალახეთ? არ ჩააგდეთ-მეთქი? არაო, მითხრა. აი, მაგაზე უნდა გაკეთდეს ფილმი, თქვენ რომ ის არ გალახეთ და არ ჩააგდეთ, ეს ნიშნავს, რომ სიმართლე გითხრათ. დამნაშავე კაცი შინაგანად ხელ-ფეხ შეკრულია, ის ყოველთვის პასიურია და ითმენს დამცირებას. მაღალი მორალისა და ზნეობის ადამიანი, დამცირებას ვერ მოითმენს და პროტესტს გამოხატავს. ამირანს ვთხოვე, ყველაფერი დოკუმენტურად ჩამოეწერა. სცენარი თორმეტ დღეში მზად იყო, თუმცა ოთხჯერ დაგვიწუნეს და ოთხჯერ დაგვიმტკიცეს. 1985 წელს „ნეილონის ნაძვის ხე“ აღიქვეს, როგორც ანტიქართული მოვლენა, მე კი ანტიქართველად შემრაცხეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთელი საქართველო ასეთი ავტობუსია, სამწუხაროდ! ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა ბერლინში. ფილმის დამთავრებისას ერთმა ამერიკელმა მითხრა: თქვენ ყველა ასეთი ლამაზები ხართ? ეს მხოლოდ თქვენი ავტობუსი კი არაა, ჩვენც ამ ავტობუსში ვზივართ და ჯანდაბაში მივექანებითო. აღმოჩნდა, რომ ის ავტობუსი საქართველოსაც გასცდა.”

скачать dle 11.3