№18 აღმოჩნდა თუ არა, რომ ადამიანი პლანეტის ყველაზე დიდი პარაზიტია და როგორ დაეხმარა მას აგრესიულობა, ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, გამხდარიყო პლანეტის მმართველი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
სრულიად დედამიწის მასშტაბით, ადამიანები არა მხოლოდ სახლში არიან გამოკეტილები, არამედ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკულ ნავთობზე უარყოფითი ფასი დაფიქსირდა, ანუ, ოღონდ იყიდე და იქით გადაგიხდიან ფულს მწარმოებლები. ამასობაში დედამიწის გარშემო ატმოსფეროც დაიწმინდა და თვით ყველაზე დაბინძურებული ქალაქების თავიდანაც კი გაქრა სმოგი. ფრინველებმა და ცხოველებმა გაილაღეს და თვით ვენეციაშიც კი აკამკამდა წყალი. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ პლანეტის ყველაზე დიდი მავნებელი ადამიანი ყოფილა.
მეორე მხრივ, დედამიწის მოსახლეობა ბოლო ერთი საუკუნეა, გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა და ზრდის ტემპი არც შენელებულა. დღეის მონაცემებით, დედამიწაზე 7 მილიარდ 780 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ამ წელს უკვე დაიბადა 43 მილიონი ბავშვი, ხოლო 18 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, სახელმწიფოთა პირველი ოცეული კი ასეთია: ჩინეთი – მილიარდ 439 მილიონი, ინდოეთი – მილიარდ 377 მილიონი, აშშ – 330 მილიონ 640 ათასი, ინდონეზია – 273 მილიონი, პაკისტანი – 220 მილიონი, ბრაზილია – 212 მილიონი, ნიგერია – 205 მილიონი, ბანგლადეში – 165 მილიონამდე, რუსეთი – 146 მილიონი, მექსიკა – 129 მილიონამდე, იაპონია – 126 მილიონ-ნახევარი, ეთიოპია – 114 მილიონი, ფილიპინები – 109 მილიონი, ეგვიპტე – 102 მილიონამდე, ვიეტნამი – 97 მილიონი, კონგო – 89 მილიონი, თურქეთი – 84 მილიონი, გერმანია – 84 მილიონამდე, ირანი – 84 მილიონამდე, ტაილანდი – 70 მილიონამდე.
აქვს თუ არა დედამიწას რესურსი, გამოკვებოს ამდენი ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, ის რეზინის არ არის და შესაძლებელია თუ არა ეფექტიანი მართვა, თუ გადავხედავთ ჭარბმოსახლიან რეგიონებს? – ამ თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.
– ადამიანის გარეშე უფრო კარგად ვარო, დედამიწამ და გაილაღა? ისიც კია ნათქვამი, რომ ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც აზიანებს თავის სასიცოცხლო გარემოს. ასე არ იქცევა არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი, არც პარაზიტები, არც ვირუსები, მათი მიზანი არ არის ადამიანის ორგანიზმის მოკვლა, ამიტომაც, ადრე თუ გვიან, განიცდიან მუტაციას და უვნებელ ფორმას იღებენ. იმავე ბედს უწინასწარმეტყველებენ ამ კორონასაც.
– ამ დედამიწის აზრი, მისი მშვენება არის ადამიანი წარმოიდგინეთ, ადამიანი რომ არ იყოს ამ პლანეტაზე?! იტრიალებდა მილიარდობით პლანეტასავით. დედამიწის გარემოც შექმნილია ადამიანისთვის, სხვაგან არც არის სასიცოცხლო გარემო. ეძებენ, ეძებენ, ვითომ მარსზეც, მაგრამ მაინც ვერ პოულობენ.
– არა მხოლოდ ადამიანის, ხისაც, ლომისაც, კალმახისაც.
– და არიან კიდეც, ხეც, ვეშაპიც, მგელიც, ლომიც. იკლებს მათი რაოდენობა, ადამიანიც ხვდება და ამცირებს იმავე ვეშაპების რეწვას, უსურიის ვეფხვებს აღარ ხოცავენ, სხვა ჯიშის ვეფხვებს ამრავლებენ. ეს ახლა ხდება გაცნობიერებულად. ადრე, როცა ამდენი ტექნიკური საშუალება არ ჰქონდა ადამიანს, მარტივად იყო საქმე და ბალანსიც არ ირღვეოდა, მშვილდ-ისრით, თუნდაც, კაჟიანი თოფით რამდენს მოკლავდი?! ქარხანა არ იყო და ფაბრიკა. შეიცვალა გარემო, ადამიანი კომფორტს ესწრაფვის, ამიტომ ტექნიკური პროგრესი ხდება და ადამიანის ცნობიერებაც იცვლება, ნელა, მაგრამ იცვლება იმის სასარგებლოდ, რომ უფრო რაციონალური იყოს მისი ბუნებისადმი დამოკიდებულება. ახლა, რა თქმა უნდა, ოზონის შრე გაიწმინდა და, თურმე, თვითმფრინავები და ავტომობილები რა მნიშვნელოვნად აზიანებდნენ ატმოსფეროს.
– დავეტევით გამრავლების ამ ტემპებით დედამიწაზე?
– 8 და 10 მილიარდს კი არა 20 და 30 მილიარდსაც დაიტევს ეს დედამიწა და მათი გამოკვებაც სავსებით შესაძლებელია. კანადა ცარიელია, ავსტრალია ცარიელია, ციმბირი ცარიელია. ანუ რესურსი არის. ცათამბჯენიანი ქალაქები თავის დროზე გაჩნდა მიწის სიძვირის გამო. შემდეგ რაღაც სხვა სახეს მიიღებს. ამდენად, მოგონილი საფრთხეა. მაგალითად, კანადაში, ზოგადად, წარმატებულ აგროქვეყნებში ფერმერებს ფულს უხდიან, რომ არ აწარმოონ ზედმეტი ხორბალი. სოფლის მეურნეობა წამგებიანია განვითარებულ ქვეყნებში, იმიტომ რომ ვერ საღდება, იმდენი პროდუქტი იქმნება. ეს რომ მიუშვა, გამოკვებავს, მინიმუმ, 20 მილიარდ ადამიანს. სხვა საქმეა, რომ ადამიანი ცოცხალ არსებათაგან ყველაზე აგრესიული არსებაა. ერთმანეთსაც კი ერჩიან. ლომები, თუ მათ ტერიტორიაზე სხვა მოვა, გააგდებენ და ამით დამთავრდება. ადამიანი კი შეიძლება, გაეკიდოს და ბოლომდე ჩასდიოს. ამ აგრესიამ გააძლებინა ადამიანს ურთულეს პირობებში. ადამიანი ყველაზე სუსტი არსება იყო მტაცებლებს შორის და ამ დროს ყველას და ყველაფერს ერევა, დინოზავრები მოვინელეთ, ბოლოს და ბოლოს. ძლიერი და აგრესიული არსებაა ადამიანი, სხვანაირად ვერ გაძლებდა, გაქრებოდა. ამდენად, დედამიწა იმით ფასობს, რომ აქ ცხოვრობს ამდენი ადამიანი. ბალანსი ამ ბოლო დროს დარღვევისკენ წავიდა და, მგონია, რომ ეს ვირუსი კაცობრიობას ცოტა ჭკუაზე მოგვიყვანს. თორემ ქართველები ჯერ ძალიან კარგად ვიქცევით და ჩვენი მიზეზით არაფერი დაშავებია ჯერჯერობით ატმოსფეროს. ადამიანი არის მთელი სამყაროს მშვენება. ადამიანი რომ არ აცნობიერებდეს სამყაროს, სამყარო არც იარსებებდა. პლატონი როგორც ამბობდა, მე თუ ვერ ვხედავ და არ წარმოვიდგენ, ის საგანი არ არსებობს.
– ამბობთ, რომ აქვს რესურსი დედამიწას და უამრავი აუთვისებელი მიწაა. აუთვისებელი მიწის ნაკვეთებია საქართველოშიც და, როგორც ვიცი, 12 მილიონი ადამიანის გამოკვება შეუძლია სოფლის მეურნეობის პროდუქციით მხოლოდ ჩვენს ტერიტორიას. სხვა ქვეყნებში უფრო მეტი შესაძლებლობაა, მაგრამ ის ტერიტორია ხომ იმ სახელმწიფოებისაა?! გამრავლების ტემპი კი მაღალი ისეთ ქვეყნებშია, რომლებსაც ან ტერიტორია არ ჰყოფნით, ან მოუსავლიანია. რა გამოდის, ვისაც აქვს, მათ ჩაისახლონ ისინი, რომლებიც კარგად მრავლდებიან?
– შეჩერდება იქ მატება. საზოგადოების განვითარებასთან ერთად დასტაბილურდება. ჩინელები სახელმწიფო დონეზე აკონტროლებენ. ინდოელები – არა.
– მაგრამ ჩინელებმა პოლიტიკა: ერთი ოჯახი – ერთი შვილი, უკვე შეცვალეს – ორი შვილით.
– იმიტომ რომ დემოგრაფიული ჩავარდნა ექნებოდათ. ჩინელები ინარჩუნებენ სახელმწიფოს. სხვაგან მოხდება ბუნებრივად. ასე მოხდა ყველგან. ევროპა ახლაა გაჩერებული, თორემ ვერ ეტეოდნენ. ამერიკის ათვისება, აფრიკის დაპყრობა გამოწვეული იყო ევროპის ჭარბი და აგრესიული მოსახლეობით. ვინ მიდიოდა ესპანეთიდან ამერიკის დასაპყრობად? უმიწაწყლო იდალგოები, ნაომარი რაინდები, რომლებმაც გაათავისუფლეს თავიანთი ქვეყანა მავრებისგან. ინგლისში სოციალური დაძაბულობა რამ მოხსნა?! დასახლდნენ ავსტრალიაში, სხვაგან... ეს ლაგდება ზიარი ჭურჭლის პრინციპით და ის ნიგერიაც გაჩერდება, როცა იქნება. არ დგას ნიგერიაში შიმშლის პრობლემა და აფრიკასაც შეუძლია გაცილებით მეტი, თუ ორგანიზებას მოახერხებენ. ბევრი ფიქრობს, რომ აფრიკის დეკოლონიზაცია ცოტა ადრე მოხდა და კიდევ ერთი-ორი თაობაც რომ მოსწრებულიყო, ჩადგებოდა რეჟიმში. იმიტომ რომ საიდანაც გამოვიდნენ თეთრები, იქ 5-10-ჯერ დაეცა ეროვნული შემოსავალი. საუკეთესო მაგალითია სამხრეთ აფრიკა: მას მართავენ ფერადკანიანები და ვხედავთ, რა შედეგია. იმავე ჰაიტიზე. მე ამით შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ მათ, უბრალოდ მათი საზოგადოებები არ იყო მზად ამისთვის. მაგრამ შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. დემოგრაფია ბუნებრივად დაბალანსდება ღვთის წყალობით. ეს დედამიწა ფასობს იმით, ჩვენ რომ ვართ მასზე, თორემ ეს გამუდმებული ძიება უცხოპლანეტელების ღიმილის მომგვრელია. არ არიან ეს უცხოპლანეტელები არსად.
– მე უცხოპლანეტელების არ მჯერა, მაგრამ, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს, ყველა რომ ადამიანი არ არის, ამაში კი ვარ დარწმუნებული, მათი ქცევიდან და აზრებიდან გამომდინარე.
– არის გარკვეული წრეები, რომლებიც თავად ცხოველები არიან და უნდათ, რომ ცხოველებად აქციონ დანარჩენი მოსახლეობაც. მაგრამ ისინი დამარცხდებიან. ლიბერალებს ვგულისხმობ: ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, თუ კაცობრიობა განწირული არ არის. ადამიანი შინაგანად წესიერებას, სამართლიანობას ესწრაფვის. მასში ღვთის რწმენაა ჩადებული, განსხვავებით ცხოველებისგან. ეს არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, ისევე, როგორც ეროვნება. აი, იუმორის გრძნობა კი ცხოველებსაც აქვთ.
– ჩემს ძაღლს ჰქონდა.
– ძალიან სასაცილოები არიან და შეგნებულად ხუმრობენ, რა შეგნებაც მათ აქვთ და უხარიათ, რომ მოგწონს, ანუ ესმით, რომ შენ მოგწონს.
– მეცნიერულად ხომ დადასტურდა, რომ დელფინებსა და ყვავებს ძალიან მაღალი ინტელექტი აქვთ.
– ღორებს აქვთ ადამიანთან ყველაზე მიახლოებული გონებრივი შესაძლებლობები.
– ღორის ამბავი არ ვიცოდი.
– როგორ იყენებენ, სხვა საკითხია. ადამიანიც ეგაა. მაიმუნებიც ახლოს არიან.
– არის ვერსია, რომ დედამიწა შესაძლოა, ყოფილიყო დელფინების ცივილიზაციაო.
– თუ წყლის ცივილიზაცია იქნებოდა, შეიძლება. შეადარეთ ადამიანი დათვს, მგელს, ვეშაპს... ერთი ერთზე რომ მიუშვეს, არ შეეშინდა მისი, შეებრძოლა. მამონტებს ხოცავდა ადამიანი კომბლით და ქვით, არ ეპუებოდა მაინც. ან ჭკუით აჯობებდა, ან მახეს დაუგებდა, ან ერთიანდებოდნენ. ადამიანი კომპლექსია გონების, ძალის, შემართების. ადამიანი მართლაც ღვთის შექმნილი არსებაა. ჩვენ იოლად ვუყურებთ, რადგან თავად ვართ ადამიანები. კარგი, ვთქვათ, წავედით ადამიანები დედამიწიდან და რა იქნება?
– ამერიკელებს აქვთ გადაღებული დოკუმენტური ფილმები, რა მოხდება დედამიწაზე, ადამიანების გაქრობის შემთხვევაში. ძალიან არასახარბიელო სურათია. მცენარეული საფარი მტაცებელს ემსგავსება და აგრესიული ხდება.
– ჯაგნარად გადაიქცევა დედამიწა და, რაც მთავარია, მომავალი არ ექნება. ამდენად, აპოკალიფსურ ხედვებს, რომ სურსათი არ გვეყოფა, რაღაც თავში დაგვეცემა, რაღაც ვირუსი გაგვწყვეტს, ვერ ვიზიარებ. „ისპანკამ“ სამი მილიონი ადამიანი დახოცა და ახლაღა გაგვახსენდა, რომ, თურმე, ასეთი უბედურება ყოფილა ასი წლის წინათ. შავი ჭირი რუსებმა შემოიტანეს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა გაანახევრეს.
– მანქანების მიერ ადამიანების ჩანაცვლების პერსპექტივას როგორ აფასებთ?
– მანქანებს გრძნობა არ ექნებათ.
– მეც მაგის იმედი მაქვს, რომ სული არ აქვთ მანქანებს, მაგრამ ლექსებს წერენ, მუსიკასაც, ხატავენ.
– შეიძლება, პროგრამა ჩაუწერო, ამაზე გაიხარე, იმაზე იტირე. მე მგონია, რომ რობოტები მონების როლს შეასრულებენ. ადამიანს გამოათავისუფლებენ. მოიძებნებიან მანიაკები და დეგენერატები, რომლებიც ამის გამოყენებას თავისი ძალაუფლებისთვის მოინდომებენ, მაგრამ ყოველთვის დამარცხდებიან.