კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რატომ დგას აფხაზური და ოსური „სახელმწიფოებრიობა“ ქართველის მტრის ხატზე და როგორ დაეხმარა თბილისი სოხუმს პანდემიასთან საბრძოლველად ფულის მიღებაში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  თუმცა ხილულად ჯერჯერობით ის ჩანს, რომ ჩვენებური სეპარატისტები ისევ ქართველებს ადანაშაულებენ კორონავირუსის გავრცელებაში და დიმიტრი მედოევმა ისიც კი განაცხადა, „საზღვარი“ საფუძვლიანად უნდა ჩავკეტოთ, იმიტომ რომ ქართველები „იუჟნაია ოსეტიასავით“ უსაფრთხო „ქვეყნებს“ მიაწყდებიანო და გალიც, სავარაუდოდ, იმიტომ ჩაკეტეს აფხაზმა სეპარატისტებმა, რომ ჩვენგან შეაჩერონ ვირუსის გავრცელება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თბილისის დახმარებას ვერ ასცდებიან, თუ ვირუსი შეესიათ. როგორ შეიძლება, გამოიყენოს თბილისმა კორონავირუსის პანდემია სეპარატისტული რეგიონების ინტეგრაციისთვის თუ არა, მათთან დასაახლოებლად მაინც? – მამუკა არეშიძესთან ერთად ვიმსჯელებთ ამ თემაზე.
– გვაქვს შანსი, გამოვიყენოთ შექმნილი ვითარება, თუ ესეც ისევ წყალში გადაყრილი აღმოჩნდება, როგორც სხვა ტიპის სამედიცინო დახმარება, რასაც თბილისი უწევს სოხუმსა და ცხინვალს და ისინი მაინც უკმაყოფილოები არიან?
– პაციენტების ძირითადი ნაწილი აფხაზეთიდან, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, წარმოშობით ქართველია. ოსებისგან განსხვავებით, აფხაზებმა მოახერხეს მდგომარეობის გამოსწორება, მობილიზაცია გაუკეთეს ექიმებს, მეტ-ნაკლებად შეასწავლეს მკურნალობის მეთოდოლოგია და შეეცადნენ, სისტემა შეექმნათ. თან, ჯერჯერობით კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევაა ოფიციალურად, რაც იციან დანამდვილებით. ყველაზე დიდ სირთულეს მათ მაინც ლაბორატორიის არარსებობა უქმნით, იმიტომ რომ ისინი სინჯებს აგზავნიან კრასნოდარში, მხოლოდ გზას სჭირდება 5 საათი, ამას ემატება ანალიზის გასაკეთებლად საჭირო დროც, ანუ დადგენის პროცესი დიდხანს გრძელდება. გარდა ამისა, დახვეწილი არ არის სისტემა და არ არის გამორიცხული, აფხაზეთში სხვებსაც ჰქონდეთ კორონავირუსი. ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ არ მოხვდეს მეთვალყურეობის ქვეშ. მოკლედ, ცდილობენ, რაღაც გააკეთონ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ გამოსდით. და კიდევ ერთი ნიშანდობლივი რამ, რაზეც, რატომღაც, არც ქართული მხარე ლაპარაკობს და, მით უმეტეს, არც აფხაზები: სატელეფონო კონსულტაციებს უწევენ ქართველი ექიმები. მაგრამ ვიმეორებ, თუ, ღმერთმა ნუ ქნას, მასშტაბურად გავრცელდა კორონავირუსი აფხაზეთში, მხოლოდ მაშინ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მათთვის დახმარების გაწევა შეიძლება, წაგვადგეს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც აქამდე ხდებოდა და როგორც რეფერალური პროგრამის შემთხვევაში გვქონდა. ჩვენმა საზოგადოებამ ზოგადად იცის, რომ აი, აფხაზეთიდან ჩამოსულებს აქ ეხმარებიან, მაგრამ ნაკლებად – რა შედეგი აქვს ამას. ჩვენ ძირეულად გავაანალიზეთ ეს ვითარება: ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო დახმარების პაკეტი და, ძირიადად, აფხაზი ეროვნების ადამიანებმა. ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, ჩუმი კმაყოფილება და კეთილგანწყობაა, მაგრამ ეს არასდროს გადაზრდილა...
– საჯარო მადლიერებაში.
– დიახ, ერთადერთი, რაც ხდება, ის არის, რომ აღარ ებრძვიან „კუდიანებს“, რომლებმაც ენგურს აქეთ იმკურნალეს. პირიქით, არის შემთხვევები, როდესაც ქართველ ექიმებს მადლობას უხდიან. ერთგვარი „ომერტაა“ გამოცხადებული, მაინცდამაინც, ამაზე არ ლაპარაკობენ, არც კარგს და არც ცუდს.
– ეს, თქვენი აზრით, რის ბრალია, რომ არც ცუდს ამბობენ და არც კარგს? მიხვდნენ, რომ უმადურობა ცუდი საქმეა, თუ ფიქრობენ, რომ გვეკუთვნის მათი მკურნალობა?
– ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა ბოტებისა და ტროლების შესაბამისი პროგრამა შექმნა, რომ საზოგადოებაში ეს აზრი დაემკვიდრებინათ, არა მარტო სოციალურ ქსელში მუშაობდნენ, არამედ მაღალი ტრიბუნიდანაც. მთლად პირველი პირები არა, მაგრამ ცნობილი სახეები ლაპარაკობდნენ. ეს აფხაზი საზოგადოების ცნობიერებაში ჩაიჭედა და დღემდე ასეა. უმადურობას რაც შეეხება: რასაკვირველია, არსებობს, ეს ჩანს ყველა იმ პუბლიკაციაში, რომელიც აფხაზეთში ქვეყნდება. იქამდეც მივიდა საქმე, რომ სახელი შეუცვალეს მაჭავარიანის, ქართველი მეცნიერის სახელობის ქუჩას სოხუმში, ეს არძინბამაც კი არ გააკეთა. არადა, ეს არის ადამიანი, ვინც მათი ანბანი შექმნა, თუმცა ამ ადამიანზე და ის ერთადერთი ქართველი მეცნიერია, არაფერი იწერება აფხაზეთში, არც ცუდი, არც კარგი. დანარჩენ შემთხვევაში, გაუთავებელი ლანძღვა-გინება და „ოკუპანტების“ ძახილია. ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ მუდმივად იყოს ანტიქართული განწყობა, გასაგებია, ხომ, ეს ვის სჭირდება და რატომაც?! აფხაზური კვაზი-სახელმწიფოებრიობა დღეს დგას აი, ამ ნარატივზე, რომ ქართველი არის მტერი.
– მაგრამ აფხაზეთის უშიშროებას რაში სჭირდება, რომ არც ცუდი ითქვას ქართველ ექიმებზე?
– როგორც კი გაჩნდება აფხაზურ პრესაში სამადლობელი წერილები, ერთი-ორჯერ გამოჩნდა და კინაღამ მოკლეს ავტორი, მაშინვე დაიწყება ამ კვაზი-სახელმწიფოს რღვევა. აფხაზის ცნობიერებაში ისევე ზის, რომ ქართველი მტერია, როგორც ის, რომ მათ სახელმწიფო ვერასდროს ექნებათ. ბევრი ფაქტორი უწყობს ამას ხელს: რუსეთზე დამოკიდებულება, რუსული ფულის გავლენა და სხვა. მე ამ შემთხვევაში მოაზროვნე აფხაზებზეც ვლაპარაკობ და ობივატელზეც, რომელიც ამაზე არ ფიქრობს, მაგრამ, რომ ჰკითხო, ისიც ამას გეტყვის. უშიშროებამ შექმნა სისტემა, რომ არ გაჩენილიყო სამადლობელი განწყობა, მუდმივად ედევნათ ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ მადლიერების გამოხატვას, რომ ქართველისადმი მტრული განწყობა შენარჩუნებულიყო.
  მაგალითად, ეგრეთ წოდებულ „სამხრეთ ოსეთში“, დღეს უკვე აღარ არის, მაგრამ 10-15 წლის განმავლობაში ყოველ პარასკევს ეთერში გადიოდა გადაცემა, რომელსაც ერქვა „ქართველი ფაშისტები“ და საუბრობდნენ საქართველოს ომებზე ოსების წინააღმდეგ. თან, მომგებიან დროს, ეს იყო პროპაგანდისტული გადაცემა, რომ ოსი საზოგადოება არ მოდუნებულიყო და მუდმივად ამაზე ეფიქრა. იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის ნათესაური კავშირების შესახებ ქართველებსა და ოსებს, აფხაზებსა და ქართველებს შორის. გარდა ამისა, საქართველოდან ჯანდაცვის პროგრამა მუშაობს და ვიღაცებს უჩნდებათ კეთილგანწყობა, იმიტომ რომ ბავშვები ჩამოჰყავთ, ყოფილა შემთხვევა, დამწვარი ბავშვიც ჩამოუყვანიათ და ის გადაურჩინიათ ქართველ ექიმებს. მშობლისთვის ძალიან რთულია იმის აღქმა, რომ ომი იყო 20 წლის წინათ. არ ახსოვს ახალგაზრდა თაობას ის ომი. ფსიქოლოგიაში არსებობს ფაქტობრივი და ემოციური მეხსიერება. ფაქტობრივია, როდესაც თავად შეესწარი ფაქტს და დაიმახსოვრე, ემოციურია, რომელიც ემოციურად იცი. მაგალითად, ჩვენ დავით აღმაშენებლისადმი გვაქვს ემოციური მეხსიერება, გვითხრეს, რომ კარგია და გვახსოვს. აფხაზეთშიც იზრდება თაობები, რომლებსაც ეს ომი არ უნახავთ და არ ახსოვთ, მაგრამ სისტემურად მუშაობენ მათ ქვეცნობიერზე, რომ არა მხოლოდ ემოციური მეხსიერება ჰქონდეთ, არამედ ფაქტობრივიც, ვითომ ამ ომის მონაწილეები არიან. როგორც რუსები მუშაობენ მეორე მსოფლიო ომით. როგორც თავად უწოდებენ, დიდი სამამულო ომის პროპაგანდა რეალურად არის მუშაობა ქვეცნობიერზე. ყველაფერი უარყოფითი უნდა გამოიდევნოს და დარჩეს მხოლოდ ჰეროიკული. რუსული სახელმწიფო გარკვეულწილად იმ გამარჯვებაზე დგას. წარმოიდგინეთ, ის გამარჯვება რომ არ მოეპოვებინათ?! რუსეთში ზეიმობენ რუსეთის დღეს, მაგრამ იმ დღეს არაფერი მომხდარა. იმ დღეს პოლონელებმა მეჩვიდმეტე საუკუნეში დატოვეს მოსკოვი, ანუ არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ სიმბოლოები არ აქვთ. ამიტომ ამისგან შექმნეს სიმბოლო. იგივე ხდება აფხაზების შემთხვევაშიც: რა უნდა იდღესასწაულოს აფხაზმა, გარდა 27 სექტემბრისა?! და ამას გარდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოუბრუნდეს გული ქართველისკენ. ესაა და ეს.
– ოსებმა რატომ გვიკრეს წიხლი კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებაზე?
– ოსებმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უკრეს წიხლი და „იუესაიდს“ და, ფაქტობრივად, ვერც რუსეთისგან მიიღეს დახმარება. დღეს კაცმა არ იცის, რა მდგომარეობაა ცხონვალში. უფრო ზუსტად, არანაირი მდგომარეობა არაა. კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაავადებულები არ არიან, იმიტომ რომ არც ინფრასტრუქტურა არსებობს და არც სპეციალისტები ჰყავთ. მეთოდოლოგია მისცეს რუსებმა, ისევე, როგორც აფხაზებს, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გამოიყენოს?! ერთი-ორი კვირის წინათ ერთი ამბავი ატყდა ცხინვალის „მთავრობაში“. „პრეზიდენტი“ ბიბილოვი დაემუქრა ექიმებს, რომ სამსახურებიდან გაყრიდა.
– რა დააშავეს?
– ადგილობრივმა ექიმებმა თქვეს, რომ შესაბამისი არჭურვილობის გარეშე არ შევლენ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან. პროტესტის ლიდერი იყო ადგილობრივი საავადმყოფოს ქირურგი, ახალგაზრდა კაცი, გვარად ვალიევი. ის მართლაც კარგი ქირურგია. მოსკოვში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. თავისი საქმის კარგი სპეციალისტია, ოღონდ ეპიდემიოლოგიასთან კავშირი არ აქვს. იმდენად ცოტანი არიან ცხინვალის ექიმები, სხვა გამოსავალი არაა, ყველა უნდა ჩაერთოს ამ ამბავში. და აი, ამათ დაემუქრა ბიბილოვი, რაზეც მიიღო პასუხი, ჩვენი ფეხით წავალთო.
– და ვინ უნდა მიეყვანა მათ ადგილას?
– ძლივს შემოირიგა ის ხალხი. პირველი შემთხვევა იყო, რომ ბიბილოვის ამ დამოკიდებულებამ ადგილობრივი ჟურნალისტების გაღიზიანებაც გამოიწვია, რომლებიც საერთაშორისო პრესაში წერენ და აშკარად გააკრიტიკეს ბიბილოვი. ეს ხალხი როგორღაც დააბრუნეს უკან და რაღაცებიც ჩამოიტანეს რუსეთიდან, პირბადეები და რაღაც წამლებიც.
– რა ფულს ითხოვს ცხინვალის, ეგრეთ წოდებული, უშიშროების კომიტეტი? თბილისმა მიითვისა ჩვენი კუთვნილი თანხაო?
– როდესაც მათ უარი უთხრეს ფინანსურ დახმარებაზე ამერიკელებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციებს, მაშინ პანდემიას ასეთი მასშტაბი არ ჰქონდა. როგორც ჩანს, ახლა მათ მოსკოვიდან თითი დაუქნიეს, რაც მისაღებია, მიიღეთო და, აქედან გამომდინარე, ახლა მოითხოვეს ფული და დახმარება. საქმე ის არის, რომ აფხაზეთი ამ ეტაპზე დაემორჩილა საერთაშორისო ინსტიტუტებს, ცხინვალი – არა, ამიტომ სოხუმმა მიიღო ფული, ცხინვალმა – არა. სხვათა შორის, თბილისის თანხმობა რომ არ ყოფილიყო, აფხაზეთს არაფერს გამოუყოფდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ერთი მხრივ, სიკეთეს ვაკეთებთ, მეორე მხრივ, საქმეს ვაფუჭებთ. არ შევქმენით მძლავრი საინფორმაციო საშუალებები იმისთვის, რომ მუდმივად ვლაპარაკობდეთ იმ საკითხზე, თუ რა ტიპის დახმარებას უწევს თბილისი აფხაზეთს, იქნება ეს დენის ფულის გადახდა, რეფერალური პროგრამა ან ახლანდელი დახმარებები პანდემიასთან საბრძოლველად და ვამბობ პირდაპირ: ამის გაკეთება არ არის აუცილებელი ოფიციალურად. ამის გაკეთება შეიძლება სოციალური ქსელებით, მაგრამ ვერაფრით მოვიდნენ ამის აზრზე ჩვენთან. ყველანი ვვარაუდობთ, რომ ამ პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო შეიცვლება და საზოგადოებების ცნობიერებაც. პოლიტიკა დღევანდელი ფორმით უკანა პლანზე გადავა და სხვა საკითხები, კონკრეტული საკითხები, წამოიწევს.

скачать dle 11.3