№18 მიწვეულები და რჩეულები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ გენები არის ჩემი გამხარებელი?!
რაკი დედამიწა იმასაც კი მოესწრო, რომ შინაპატიმრობა ადამიანის სიცოცხლის დაცვის ერთადერთ და უპირველეს ზომად იქცა (აი – მე კი ცოტა სხვანაირად ვფიქრობ), ადამიანებიც, რომელთა უმეტესობამ გამოავლინა, რომ თანახმაა ხორცის ნაჭრობაზე, პანდემიის გარდა ვერც ვერაფერზე ფიქრობენ. ისინიც კი, რომლებიც წილხვედრობაზე ქილიკობენ (არადა აზრი, ფიქრი და სიტყვა ქმნის, თუ ქმნის, რეალობას, ამიტომაც, ვისაც სჯერა, რომ წილხვედრის პირმშოა, ვისაც არა – მაიმუნის, იმიტომ რომ რეალობა ილუზიაა).
ამასობაში კი ჩვენმა ექიმებმაც გაგვიმხილეს, რომ ქართველ პაციენტებთან კორონავირუსი განსხვავებულად იქცევა და თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ვერსიებზე საუბრობენ, უკვე ამოთქვეს, რომ გენეტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, ვირუსი სხვადასხვანაირად ვლინდება. ანუ ჩვენს იბერიულ-კავკასიურ გენებს, მაინცდამაინც, არ ერჩის.
ბუნებრივია, მათ, ვინც ადამიანის ხორცის ნაჭრობის ვერსიას იზიარებს, სასაცილოდაც არ ჰყოფნით (და, მართლაც, ხორცი ხორცია!), მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ფაქტი ფაქტად რჩება და მართლაც, თვით ოფიციალური საერთაშორისო სტატისტიკაც განსხვავებულ სურათს აჩვენებს ქვეყნებისა და კოვიდის ურთიერთობის შესახებ.
აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა (ხორცის ნაჭრობის ვერსიის მომხრეთა ყურებისთვის): თქვენ რა ვაქცინას ელოდებით, როდესაც ვირუსი სხვადასხვა ორგანიზმში განსხვავებულად იქცევა?!