კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რას განიცდის სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი ნანა მამუკაშვილი და რატომ ეშინიათ პაციენტებს სახლში მისი დანახვის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  როდესაც ნანა მამუკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანის საჭეს მიუჯდა, ზუსტად იცოდა, რა რისკთან, ექსტრემთან და სირთულესთან ჰქონდა საქმე. დღეს განსაკუთრებულად მძიმე რეჟიმში უწევს მუშაობა, მობილიზებულია და ცდილობს, მის მანქანაში მოხვედრილი ნებისმიერი შეშინებული პაციენტი, ღიმილით, უსაფრთხოდ გადაიყვანოს დანიშნულების ადგილზე.
  ნანა მამუკაშვილი: უკვე, 6 წელია, რაც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი ვარ. ეს იმხელა ექსტრემია, ნდობაა, ურთიერთობა და თანადგომა, თუნდაც იმ ექიმების მხრიდან, ვისთანაც მუშაობა მიწევს, ამ პროფესიაზე უარს ვერასდროს ვიტყვი. ბევრჯერ პირველადი დახმარებაც კი გამიწევია პაციენტისთვის, როცა ინფარქტი, გულის გაჩერება ჩემს მანქანაში დაფიქსირდა. ზოგადად, მძღოლის დახმარების გარეშე რთულია, ექიმების ბრიგადამ გამართულად იმუშაოს. ხშირად დრო გადამწყვეტი ყოფილა პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად და ეს კი ჩემს სისწრაფეზე იყო დამოკიდებული...
– ახლა, როცა საგანგებო სიტუაციაში გიწევს მუშაობა, როგორია შენი, როგორც მძღოლის, ზურგიდან დანახული, ვირუსით დაავადებული პაციენტებისა და მედპერსონალის განცდები?
– ეპიდემიის აფეთქების ზღვარზე რთულია იმ რეჟიმში მუშაობა, რაშიც ჩვენ გვიწევს. ხშირად, არაკუთვნილ მორიგეობაზეც გავდივარ. მართლა რთულია, როცა ნებისმიერი ადამიანი შიშით და იმავდროულად, იმედის თვალით გიყურებს და შველას უხმოდ ითხოვს. თუმცა, ყველა ჩემი მორიგეობა არის სიხარული, რომ კიდევ ერთი ადამიანის დახმარება შევძელი, ვინც სასწრაფოს ელოდებოდა და ექიმის იმედი ჰქონდა. რომ ამბობენ: ხელფასს იღებენ, უნდა იმუშაონ, აბა, რა უნდა ქნან, ღამეებიც უნდა ათენონ, ეს მათი პროფესიააო, მწყინს. დამიჯერეთ, იმ პაციენტების ტკივილი და შიში ყველა სასწაფოს ექიმს, მედდასა და მძღოლს მიაქვს, მორიგეობიდან სახლში რომ ბრუნდება. მით უმეტეს, როცა გადაგყავს პაციენტი, იცის, კორონავირუსითაა ინფიცირებული და შენში ეძებს იმედს. დამიჯერეთ, იმ მძიმედ დაავადებული, ონკოლოგიური ადამიანების თვალები ხშირად დამსიზმრებია, რომლებიც პალიატიურ განყოფილებაში გადამყავდა და ვიცოდი, იქიდან ვეღარ დაბრუნდებოდნენ.
– კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს რომ უყურებ, მათ როგორი თვალები აქვთ?
– კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს შეშინებული თვალები აქვთ, თუმცა, იმედიანი. მათ თვალებში ხშირად ამომიკითხავს: ვირუსი ვერ მომერევა! ამას წინათ ასაკში შესული, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი გადამყავდა, გაფართოებული თვალებით იყურებოდა და ექიმებმა ღიმილით რომ უთხრეს: ეს ჩვეულებრივი ვირუსია, თქვენ ამას აუცილებლად მოერევით და დაამარცხებთო, დამშვიდდა და მასაც გაეღიმა. იღიმებოდა, თუმცა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. მართალია, რთულია, როცა მძიმე პაციენტი გადაგყავს და საცობში ხვდები, ნერვიულობ, ღიზიანდები და ხშირად, იმაზე მეტის უფლებაც კი მიმიცია ჩემი თავისთვის, გამომიჩენია რისკი და სითამამე, როცა მიკროფონით გადავცემ, გზა დამითმეთ-მეთქი და მერე, ბოდიშიც მომიხდია. წარმოიდგინეთ, პაციენტს გული გაუჩერდა, ექიმები ცდილობენ, გულის ამუშავებას და შენ ამ დროს მანქანა გეღობება, ექიმები გიყვირიან: ნანა, დაუჩქარე! ამ დროს, შეურაცხადი ვარ. მე ხომ ექიმებსაც ვუყურებ სარკიდან და თან, საჭეს ვმართავ, ვცდილობ, სწრაფად მივიყვანო პაციენტი საავადმყოფომდე... ორმაგად და სამმაგად განვიცდი. არ დამავიწყდება, სუიციდის მცდელობა იყო და ახალგაზრდა ბიჭი დაგვეღუპა მანქანაში. მახსოვს, ვტიროდი და ისე მივაქროლებდი მანქანას, იქნებ მივუსწრო და მაინც გადავარჩინოთ-მეთქი.
– არ გაქვს შიშის ფაქტორი, როდესაც დაინფიცირებულებთან გიწევს კონტაქტი?
– შიშის ფაქტორი არ მაქვს, რადგან აღჭურვილი და ასი პროცენტით დაცულები ვართ. თუ თავად არ არის დაუდევარი ექიმი ან სასწრაფოს მძღოლი, არ არსებობს, პაციენტისგან ვირუსი გადაედოს. ისეთი აღჭურვილები ვართ, მთვარეზე მოგზაურებს ვგავართ (იცინის). ისე საყვარლად დადიან ექიმები ამ ეკიპირებით, პატარა დათუნიებს მაგონებენ – ყველა ერთნაირი, თეთრ ფერში (იცინის). ხშირად, ამაზე ვმხიარულობთ, მაგრამ ასეთი ჩაცმულები სახლში რომ ვაკითხავთ, ადამიანებში შიშს ვიწვევთ. ამას წინათ, ერთ ქალბატონს კოვიდ-19 დაუდასტურდა, მივაკითხეთ სახლში მთვარეზე მოგზაურებივით შეფუთულებმა, რომ საავადმყოფოში გადაგვეყვანა. გავუკეთეთ პირბადე, ჩავაცვით ხელთათმანები, მეზობლები გაფართოებული თვალებით გვიყურებენ. ეს ქალი რაღაცნაირად, სხვანაირად განიცდიდა და ნერვიულობდა. რომ ვკითხეთ, რა გაწუხებთო, აღმოჩნდა, რომ სახლში ტოვებდა მეუღლეს და ძაღლს. უნდა გენახათ, ქმარი სულ არ გახსენებია, ძაღლს დარდობდა, უჩემოდ როგორ იქნებაო. წარმოიდგინეთ, მისი სიცოცხლე იყო საფრთხეში და ქმარზე და სხვა ოჯახის წევრებზე კი არა, ძაღლზე ნერვიულობდა. მერე გავიგეთ, უცხოელი სტუმრები ჰყოლიათ და ოჯახის სხვა წევრებსაც დაუდასტურდათ ვირუსი, ისინიც გადაიყვანეს საავადმყოფოში, ძაღლი კი, ჯანმრთელი დარჩა სახლში (იცინის). სხვათა შორის, ხშირად არის შეტყობინება, რომ უნდა მივიდეთ პაციენტთან, რომელსაც სტკივა მუცელი, თუმცა მალავს, რომ სიცხე ჰქონდა და წამლები დალია, რომ დროებით დაეწია. ეშინიათ, მეზობელმა არ გაიგოს და დაინახოს ეკიპირებული ექიმი რომ მიდის მასთან და მალავენ სიმპტომებს. ამ დროს ხიფათში აგდებენ საკუთარ თავსაც, ექიმსაც, ოჯახის წევრებსაც და იმ მეზობლებსაც. დამიჯერეთ, ასეთი შემთხვევა ბევრია და ბედთან თამაშს კორონავირუსის დროს, არ გირჩევთ. ამას წინათ, მივდივართ პაციენტთან, რომელსაც წესით, მაღალი წნევა უნდა ჰქონოდა, ასე განაცხადა, როცა სასწრაფოს დახმარებას იძახებდა და იქ მისულებს დაგვხვდა სრულიად გამოხატული კორონავირუსის სიმპტომები. იცით, რა გამახსენდა? პაციენტმა მაჩუქა პატარა სასანთლე, რომელიც თავის ხელით გამოჩარხა. საავადმყოფოში ინსულტის ნიშნებით გადავიყვანეთ, გიჟივით მივქროდი, რომ მიმესწრო... და საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, ეს სუვენირი მომიტანა და მითხრა: ასეთი პატარა გოგო, ასე რომ დაჰქრიხარ, ვინ დაგსვა საჭესთან, ბაბუ, შენს სიცოცხლეს რომ რისკავო... დღეს, ცოცხალი აღარ არის და როცა კი სანთელს ვანთებ სასანთლეში, სულ ის კაცი და მისი მადლიერი თვალები მახსენდება.

скачать dle 11.3