კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ალექსანდრე ზაზარაშვილი: მე ამერიკაში ვარ, ჩემი ერთი ბებია იტალიაშია, მეორე – თურქეთში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკაში დარჩა და სამშობლოში დაბრუნებას, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვეღარ ახერხებს. თუმცა, ცდილობს, ამ სიტუაციასაც დადებითი მხარე მოუძებნოს და დრო ნაყოფიერად გამოიყენოს.
  ალექსანდრე ზაზარაშვილი: 7 მარტს გამოვფრინდი ამერიკაში, ნიუ-იორკში, რადგან „ჰოლივუდის“ ერთ-ერთ ძალიან დიდ პროდუქტში ვიღებ მონაწილეობას. სამწუხაროდ, ამ მოვლენების გამო ეს პროექტი გადაიდო და მე ამერიკაში ჩავრჩი. ახლა ვარ ფილადელფიაში, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბარიტონის, დავით ღვინიანიძის სახლში. ამ პერიოდს აქ ვატარებ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა, მაგრამ საბედნიეროდ, მამაჩემი აქ არის, ჩემთან ერთად და ეს ცოტა მიმსუბუქებს მდგომარეობას. დედა და დედმამიშვილები ძალიან მენატრებიან. იმედია, მალე დასრულდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება და დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში, ჩემს სოფელში.
– მთელი მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ ამერიკაში, მით უმეტეს, რთულადაა საქმე. როგორ უმკლავდები ამ ყველაფერს პრაქტიკულად თუ ემოციური თვალსაზრისით?
– ამ მხრივ, მართლაც, პირველ ადგილზეა ეს ქვეყანა, მხოლოდ ამერიკაში უკვე ნახევარი მილიონი დაინფიცირებულია, 20 ათასი – მარტო იმ ქალაქში, სადაც მე ვარ. აქამდე აქ საერთოდ ვერ ვგრძნობდი, თუ რამე ხდებოდა. სანამ მდგომარეობა პიკამდე არ მივიდა, არავის ეკეთა პირბადე, ხელთათმანი. ახლა ყველა ღონეს მიმართავენ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. რაც შეეხება ემოციურ ფონს, საერთოდ არ მაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, მით უმეტეს, ემიგრანტები: ძალიან ნერვიულობენ, თვითონ სხვაგან არიან, შვილები სხვა ქვეყანაში ჰყავთ, ზოგი დაინფიცირებულია და ზოგს უკვე თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა. ძალიან მინდა, ყველას ვუთხრა, რომ კორონავირუსი არ არის განაჩენი, მით უმეტეს, ახალგაზრდებისთვის. მოხუცებიც, თუ შემართებით არიან, აუცილებლად გამოჯანმრთელდებიან. ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ შემართება, რომ ამ ყველაფერს დავამარცხებთ. პოზიტიურად ფიქრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ვიფიქრებთ, რომ ცუდი დაგვემართება, აუცილებლად ასე მოხდება. მართალია, ძალიან ცუდი რამეები ხდება, მაგრამ უნდა შევეცადოთ, ამ ცუდშიც კარგი დავინახოთ. მართლაც ასეა, კორონავირუსმა მთელი საქართველოს გასაკეთებელი გააკეთა, ემიგრანტები დააბრუნა ქვეყანაში. ერთ რამეს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, მინდა, ემიგრანტებს მოვუწოდო, თუ მათ აქვთ საშუალება და სახლი, სადაც დარჩენას შეძლებენ, აუცილებლად უნდა დარჩნენ. მათი სამშობლოში დაბრუნება, რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ ზუსტად ტრანსპორტირების დროს შეიძლება ვირუსი გადაედოთ და უსაფრთხოების მიზნით, ასე ჯობია. ვიმეორებ, თუ ამის საშუალება აქვთ. ვიფიქროთ ამ მდგომარეობის კეთილ მხარეებზეც – ბევრ ადამიანს აქამდე არ ჰქონდა ოჯახის წევრებთან საუბრის საშუალებაც კი, რისი დროც ახლა გვაქვს და შეგვიძლია, ეს სასიკეთოდ გამოვიყენოთ.
– შენ არ გქონია დაბრუნების მცდელობა?
– არანაირად. უკვე ერთი თვეა, თვითიზოლაციაში ვარ. ერთი კვირის წინ დამესიზმრა, რომ ჩემს სახლში ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი. ერთი სული მაქვს, გულში როდის ჩავიკრავ, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ერთად დიდხანს და ჯანმრთელად ვიცხოვროთ, უნდა ვებრძოლოთ ამ ვირუსს, სადაც ვართ იქ დარჩენით. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრება ასეთია. თუმცა არიან ადამიანები, ვისაც საკვების ფული არ აქვთ და მით უმეტეს, რომელიმე ქვეყანაში, სასტუმროში ცხოვრების რესურსი. მათი კარგად მესმის, საშინელი სიტუაციაა, მაგრამ მაინც უნდა შევეცადოთ კარგის დანახვა.
– ბევრი ემიგრანტი მწერდა საკუთარი რთული მდგომარეობის შესახებო. რას გწერენ, რა ტიპის თანადგომას გთხოვენ?
– აი, მაგალითად, ერთი ქალბატონი მწერდა, მადლობა ლაივჩართვებით რომ გვამხიარულებო. რომ გაიგო ამერიკაში ვიყავი, მითხრა, მე იტალიაში ვარ, ჩემი შვილები კი – საქართველოში. იმდენად მინდა მათი ნახვა და იმდენად მეშინია კორონავირუსის, უკვე თვითმკვლელობაზე ვფიქრობ. მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩემს მდგომარეობაში და თუ შეგიძლია, რამე დამაიმედებელი მითხრაო. მასაც ვუთხარი და ისევ ვიმეორებ, კორონავირუსი განაჩენი არაა, უამრავი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქართველ ბარიტონთან – დავით ღვინიანიძესთან ერთად ქართველებისთვის შევქმენი გვერდი The Georgians, სადაც ცნობილი ადამიანები ერთვებიან ლაივში ხალხის გასამხიარულებლად, მე თვითონაც ხშირად მაქვს ჩართვები. ბევრი საინტერესო რუბრიკა გვაქვს და მინდა, ყველას ვუთხრა, თუ ამ ჯგუფში დაგვემატებიან, შევეცდებით, ამ მდგომარეობის შემსუბუქებაში დავეხმაროთ.
– დედა რას ამბობს, ასეთ დროს რომ თქვენ შორს ხართ?
– დედა არ მაგრძნობინებს, რომ განიცდის, მაგრამ ნათესავები მეუბნებიან ხოლმე, რომ ნერვიულობს, ზოგჯერ ტირისო. მაგრამ დედას სულ ვეუბნები და ისიც იმავე აზრზეა, ფრენებიც რომ აღდგეს, ამ პერიოდში მაინც არ უნდა წამოვიდე აქედან, რადგან ეს უფრო დიდი რისკია, ვიდრე აქ ყოფნა. შეიძლება, ყველამ არ იცის, რომ ჩვენ ოთხი დედმამიშვილი გვყავს აყვანილი, ისინი უმარტივებენ ამ მდგომარეობას. ასევე მყავს ბიოლოგიური და, რომელიც ეხმარება დედას სახლის საქმეებში. ვიცი, რომ ამ მდგომარეობასთან გამკლავება მისთვის ძალიან ძნელია, მაგრამ არაფერს არ მაგრძნობინებს. ჩემი ერთი ბებია იტალიაშია, მეორე – თურქეთში. მათაც ყოველდღე ვრეკავ და ძალიან მიხარია, რომ შეუძლიათ, სახლში იყვნენ და თავი დაიცვან. თუმცა ერთ წელსა და წელიწად-ნახევარზე მეტია არ მინახია, ზაფხულში ვაპირებდი ორივესთან წასვლას. იმედია, ყველაფერი მალე დალაგდება და ჩემს გეგმებს განვახორციელებ.
– ამერიკაში როგორ გაგყავს დრო?
– სხვათა შორის, შემოქმედებითად მაინც ნაყოფიერად მიმდინარეობს ეს პერიოდი. ჩემმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა და უნიჭიერესმა კომპოზიტორმა, ცირა ბზიშვილმა საჩუქრად დამიწერა სიმღერა სიყვარულზე. ვოკალში დავით ღვინიანიძე მამეცადინებს და ასე გადის დრო. ადამიანი დაკავებული თუა, მე ვფიქრობ, სახლშიც ბევრი საქმე აქვს. ასე რომ, რთული არაა ჩემთვის დროის გაყვანა.
– იზოლაციის პირობებში შექმნილი ახალი კლიპი როგორ მიიღო მსმენელმა?
– ეს სიმღერა სიყვარულზეა და არა მხოლოდ კორონავირუსზე. მე და ჩემი კომპოზიტორი ვფიქრობთ, ერთადერთი რამ, რისთვისაც კორონავირუსი შეიქმნა, არის სიყვარული და ერთადერთი, რაც ამ სიტუაციაში გადაგვარჩენს ისევ და ისევ სიყვარულია. ადამიანები ძალიან ვართ შეცვლილები, უკვე სამყაროში სიკეთეზე მეტი ბოროტებაა და ჩემი გადმოსახედიდან, ღმერთმა შეგვაფხიზლა და გვითხრა, რომ ცოტა გონს უნდა მოვეგოთ. ეს კლიპი სულ ხუთ დღეში მომზადდა. მისი სახელწოდებაა „შენ არ ხარ მარტო“. ძალიან მოკლე დროში თითქმის ნახევარი მილიონი ნახვა აქვს.
– რაც შეეხება ამერიკაში შენი ჩასვლის მიზეზს, იმედია, მალე მოგეცემა მისი განხორციელების საშუალება. შეგიძლია დეტალებზე გვესაუბრო?
– ეს არის „ჰოლივუდის“ ერთ-ერთი ძალიან დიდი პროექტი, რომელშიც მე ვიღებ მონაწილეობას. სამწუხაროდ, მეტი დეტალის თქმა აკრძალული მაქვს. მაგრამ სანამ ამის დრო მოვა, მანამდე ბევრს ვმეცადინეობ სიმღერაში. ასევე, ძალიან მინდა, რომ ეს პერიოდი ესპანური ენის შესასწავლად გამოვიყენო, რომელიც ამერიკაში მეორე ენად ითვლება. ჩემს მეგობარს, ნინი ოზბეთელაშვილს ვურეკავ ხოლმე და ის მამეცადინებს. თვითონ ემიგრანტია, ცხრამეტი წლის გოგო წავიდა ესპანეთში ოჯახის გამო. 2016 წელს, როდესაც პირველად გამოვედი ქართულ პროექტ „ნიჭიერში“, პირველი ემიგრანტი, ვისაც დავუმეგობრდი ქალბატონი მაიკო კიკილაშვილი იყო. ის იტალიაში ცხოვრობს და ხშირად ვურეკავ ხოლმე. სხვათა შორის, ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, რომლებიც მიკავშირდებიან, ყველა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ხდება. შეიძლება, ცოტა რაღაცნაირი შედარებაა, მაგრამ ვამბობ ხოლმე, თურმე, შოუ-ბიზნესში ყოფნა და მომღერლობა, ეკლესიაში მამაოსა და მრევლის ურთიერთობას ჰგავს. მამაოს ჰყავს თავის მრევლი, ადამიანები, რომლებიც მის ტაძარში მიდიან მოსალოცად. ბავშვობაში მე ძალიან აქტიური შეხება მქონდა მონასტერთან და მამა შიოსთან, რომელთანაც დავდიოდი ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში და რატომღაც ამ ურთიერთობებს მისა და მისი მრევლის ურთიერთობას ვამსგავსებ. მეც ანალოგიურად თბილი დამოკიდებულება მაქვს ემიგრანტებთან და მათ – ჩემთან.


скачать dle 11.3