№17 რას სთხოვს საკუთარი სხეული სალომე ჭაჭუას და რისი გაკონტროლება ისწავლა მან
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
კოვიდ-19-მა უკვე თითქმის ორი თვეა, ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რეჟიმი შეცვალა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, ადამიანებს სახლში დისტანციურად გვიწევს მუშაობა. რა თქმა უნდა, მოცეკვავე სალომე ჭაჭუაც ყველა წესს ემორჩილება და ახალაშენებულ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად იზოლაციაში ატარებს დღეებს. თუმცა მისი ყოველი დღე საკმაოდ დატვირთულია: ვარჯიშობს, ცეკვავს და ონლაინ-გაკვეთილებსაც ატარებს. ცოტა ხნის წინ კი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სალომეს ცეკვის გაკვეთილები დაიწყო.
– სალომე, სანამ მსოფლიოში კოვიდ-19 ყველაფერს შეცვლიდა, მანამდე ბეირუთში „ცეკვავენ ვარსკლავების“ ქორეოგრაფად მუშაობდი, რომელიც დღეს შეჩერებულია. ალბათ, იგეგმება გაგრძელება და შენი წასვლაც.
– სანამ კორონა გამოჩნდებოდა, მანამდე ბეირუთში საპროტესტო აქციები დაიწყო და შოუ ამის გამო გადადეს. შემდეგ ამას დაემატა რამადანი, რომლის დროსაც ასეთი შოუები არ გადის ხოლმე. ბოლოს უკვე კორონა დაფიქსირდა და ყველანი ფორსმაჟორში ვართ. ჩამოვედი საქართველოში, რა, როგორ დაიწყება, ჯერ არ ვიცით, ისევე, როგორც ყველამ. გული არ მწყდება, რადგან ვიცი, გაგრძელდება და ჩემი შრომა არ არის წყალში ჩაყრილი. თან, მეორე შოუც ემატება, რომელიც კიდევ უფრო მაგარია. მთავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, დამთავრდეს და როგორც მთელი მსოფლიო, მეც ავეწყობი მოვლენებს.
– სად იქნება მეორე შოუ?
– ბეირუთში არ იქნება. თუმცა, სად იქნება, როცა ყველაფერი დაზუსტდება, მერე ვიტყვი. ეს კიდევ უფრო სხვა კლასის შემოთავაზებაა და როგორც პროფესიონალი მოცეკვავე, ისე მივიღებ მონაწილეობას. სხვათა შორის, ჩემთვის ქორეოგრაფობაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. როცა სტუდიაში სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს ვასწავლი, ამას სხვა ხიბლი აქვს და როდესაც შოუებისთვის ვმუშაობ, აქ ბევრ სხვა ფაქტორს ვითვალისწინებ, შესაბამისად, ჩემთვის ორივე ძალიან საინტერესოა. მაგრამ ჯერჯერობით მაინც ცეკვა მირჩევნია, რადგან ჩემი სხეული მთხოვს, რომ ვიცეკვო. ყოველთვის ვუყურებ იმ ფაქტორებს, როგორი დონეა, ღირს თუ არა ვიცეკვო. ბეირუთში ბევრად უფრო საინტერესო იყო ის შემოთავაზება, რასაც დავთანხმდი, ქორეოგრაფობას ვგულისხმობ. დარენ ბენეტმა თავად შემომთავაზა, რომ მონაწილეობა მიმეღო, როგორც ქორეოგრაფს და არა როგორც მოცეკვავეს, რადგან არ იყო ის დონე, მე რომ მეცეკვა. დარენს სჭირდებოდა, რომ მონაწილე მოცეკვავეების კვალიფიკაცია ამემაღლებინა. რომ ჩავედი, თავიდან თვითონ პროფესიონალ მოცეკვავეებთან ვმუშაობდი, მათ დონეს ვაუმჯობესებდი და შემდეგ გადავედი ვარსკვლავებთან მუშაობაზე. დარენსაც ასე აწყობდა. რაც შეეხება მეორე შემოთავაზებას, იქ, ცეკვის მხრივ, ძალიან მაღალი დონეა და როგორც მოცეკვავე, ისე მივიღებ მონაწილეობას – ეს კიდევ სულ სხვა გამოწვევაა.
– ალბათ, შენს მეწყვილესთან ერთად მიიღებ მონაწილეობას, რომელიც ძალიან წარმატებული მოცეკვავეა და სწორედ ბეირუთში დაიწყეთ ერთად მუშაობა.
– კი. ჩემი მეწყვილე არის დენის სამსონი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავეა, მისი შედეგებიდან გამომდინარე – ის Blackpool-ის პრიზიორია, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი და პრიზიორი. უკრაინელია, მაგრამ ჰონკონგში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ახლა საქართველოშია. ბეირუთის ამბები რომ წყდებოდა, თბილისში ჩამოვიდა, რადგან ჩვენი ორიგრამა უნდა გაგვეკეთებინა. უკრაინაშიც ვიყავით ტრენერებთან, სატურნირო პროგრამას გვიკეთებდნენ. რომ დავბრუნდით, ევროპაშიც დაიწყო ეს ამბები და ჩემმა მეწყვილემ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა, რადგან საკუთარი სახლი მაქვს, ამიტომ ჩვენთან ცხოვრობს. რომც არ მქონოდა საკუთარი სახლი, ასეთ სიტუაციაში არსად გავუშვებდი. ახლა ვვარჯიშობთ და ჩვენს პროგრამას ვხვეწთ.
– გარდა იმისა, რომ დენისი ძალიან კარგი მოცეკვავეა, როგორი პიროვნებაა, რადგან თანამშრომლობისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
– პროფესიონალი მოცეკვავის გარდა, ტოპ 24-ეულიდან არის, მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერია. სულ ვამბობდი, მინდა, ისეთი მეწყვილე მყავდეს, რომ ვერ თქვან გოგოა დომინანტიო. უფრო მეტი ხიბლი აქვს, როცა დომინანტი ბიჭია. ეს სწორედ ის შემთხვევაა, თან სიმაღლითაც კარგად შევეწყვეთ. პიროვნებაც ძალიან კარგია. ყველას გვაქვს ჩვენი „წიკები“, მაგრამ იმ ასაკში ვარ, რომ ვისწავლე მათი გაკონტროლება. თუმცა ეს დენისთან არც მჭირდება, რადგან ძალიან კარგი პიროვნებაა, აქვს იუმორის გრძნობა და არც ისეთი თვისებები ახასიათებს, რასაც ოჯახის წევრები უნდა შევეწყოთ. დედაჩემი კი ანებივრებს.
– მოეწონა საქართველო?
– ჯერ ვერ მოასწრო ნახვა, მაღაზიაში თუ გავალთ. ერთი სული აქვს, დაათვალიეროს. ადამიანები ძალიან მოსწონს. თბილისში რომ ნახა, ხალხს როგორ ვუყვარვარ, გაგიჟდა: რა მაგარია, ესე იგი, კარგი ადამიანი ყოფილხარო.
– ქართული კერძები მოეწონა?
– კი, ერთადერთი, ცხარე არ უყვარს. მეც მიყვარს კულინარია, ახლა, სახლში რომ ვარ, ხშირად ვამზადებ კერძებს და დენისი ჩემი დეგუსტატორია, ის სინჯავს ხოლმე და აფასებს. კულინარია ჩემი ერთ-ერთი ჰობია და დაღლილი რომ მოვდივარ სახლში, კერძის მომზადება განტვირთვაა. ეს იმდენად მომწონს და მიზიდავს, გადავწყვიტე, როცა მოქმედ მოცეკვავეობას შევეშვები, კულინარიის კურსები გავიარო. ჩემი რეცეპტითაც მიყვარს მომზადება და არ ვიცი, მატყუებენ თუ არა, მეუბნებიან, რომ გემრიელი ხელი მაქვს. გადაცემებიც მიყვარს კულინარიაზე და ხშირად ვუყურებ, თან ჩემს რაღაცებს ვუმატებ ხოლმე. მოკლედ, ექსპერიმენტებში ვარ.
– ოჯახი ახალ სახლში გადახვედით.
– კორპუსში გვქონდა ბინა. მამაჩემის ოცნება იყო, საკუთარ სახლში გვეცხოვრა და ავუხდინეთ ოცნება – ავიშენეთ საკუთარი სახლი, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობთ. თან ახლა სულ სახლში მიწევს ყოფნა და ჩემი ოჯახის წევრები თავიდან გავიცანი. ყველანი ისეთი ბედნიერები ვართ, ისე მოგვწონს... რა სჯობია, როცა ოჯახთან ერთად ატარებ დიდ დროს. ჩემ გარდა ყველა ჩართული იყო სახლის მოწყობაში. დროის გამოც და დიდად პრეტენზიულიც არ ვარ. ერთი ჩემს ოთახზე ვთქვი, რა ფერები მინდოდა, როგორი საწოლი. დედაჩემი, ჩემი და, ძმა დარბოდნენ მთელი წლის განმავლობაში და მე შორიდან ვუყურებდი. ვერანდა მინდოდა ხედით და ეს დამიკმაყოფილეს. კიდევ ვთხოვე ერთი სამუშაო ოთახი მაჩუქეთ, ხმას საერთოდ არ ამოვიღებ-მეთქი და მაჩუქეს. მთელი დღე იქ ვარ, ხან რას ვაკეთებ, ხან რას. გარეთ არ გავდივარ, თორემ ისე სულ ვმუშაობ. დილით ვარჯიში მაქვს ან ცეკვა, საღამოსაც – ასე, შუადღეს სტუდიის ბავშვებთან ონლაინ-გაკვეთილებს ვატარებ. შუადღეს ან ვკითხულობ, ან ხატვა მიყვარს და ვხატავ. ჩემთან ახლოს ტყე არის და ზოგჯერ იქ მივდივარ სასეირნოდ. ნაყოფიერად ვატარებ დროს. ახლა, რა გავაკეთო – ეს არ მჭირს. ოთხ კედელშიც რომ ვყოფილიყავი, რაღაცას მაინც გამოვნახავდი, რადგან უბრალოდ ჯდომა არ მიყვარს, ექშენი მიყვარს.
– უსაფრთხოების ზომებს იცავ?
– კი, ვიცავ, ოღონდ ზომიერების ფარგლებში, დაპანიკებული არ ვარ. ზოგადად, არ ვარ პანიკიორი, ყველაფერს მშვიდად ვხვდები. ვიცავ იმ წესებს, რაც აუცილებელია და ყველამ უნდა დაიცავს. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, რადგან ჩვენთან ძალიან კარგად მუშაობენ. მჯერა, რომ უკიდურესობის ჟამთან რომ მივდივართ, მერე რაღაც განსაკუთრებულად კარგი უნდა მოხდეს. მიყვარს პოზიტივი, რადგან ნეგატიური განწყობა არაფერში დაგვეხმარება. ვფიქრობ, რომ ადამიანობაც ბევრში გაიღვიძებს და იმედია, მერეც დარჩება. ახლა ბევრი დრო მოგვეცა ფიქრისთვის, საკუთარ თავთან დარჩენისთვის და ეს ყველაფერი სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ.
– თქვი, მამას ოცნება ავუსრულეთო და არის კიდევ, რისი ასრულებაც გსურს მისთვის?
– მთავარი დიდი ოცნება, რაც მეც, ჩემს დასაც და ძმასაც გვინდოდა, რომ მამასთვის აგვესრულებინა, ავუსრულეთ. სულ ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ მამას მოეწონოს და იამაყოს – ეს არის ჩემთვის მთავარი.
– „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ „ტელესკოლაში“ შენი ცეკვის გაკვეთილები გავიდა, რითიც ყველამ ვისიამოვნეთ.
– რომ დამირეკეს და შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია. მე თუ ადამიანებს რამით შევუქმნი პოზიტიურ განწყობას, რატომაც არა. მაშინვე დავთანხმდი. ძალიან მოეწონათ, განსაკუთრებით ბავშვებს და ერთი სული აქვთ, კიდევ როდის იქნება, ვიდეოებსაც მიგდებენ, რა დაამუშავეს. თან, გამოწვევა გავაკეთე, ჩამიგდონ ვიდეოები და მერე მე ავირჩევ გამარჯვებულს. ბავშვებისთვის წახალისებაა, გონებრივი, ფიზიკური დატვირთვაა და ენდორფინებს გამოყოფენ, რაც ძალიან მიხარია. რაც მთავარია, კიდევ გაგრძელდება.