№17 რის კეთება უნდება საღამოს 9 საათის შემდეგ სოფო მეძმარიაშვილს და ვინ არის ოთოსა და სოფოს სახლში ყოფნით შოკში
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
კოვიდ-19-მა ყველას, მათ შორის, ოთო ნემსაძისა და მისი მეუღლის, სოფო მეძმარიაშვილის ცხოვრებაც შეცვალა. თუმცა წყვილი იზოლაციაში კარგად ატარებს დროს, სახალისო ვიდეოებსაც იღებენ და ადამიანებსაც ამხიარულებენ.
სოფო მეძმარიაშვილი: ამ იზოლაციაში რასაც ერთად ვაკეთებთ, ეს არის ის, რომ ვუყურებთ ფილმებს, ვთამაშობთ ტელეფონში „მობაილ ლეგენდს“, ასევე, ვიღებთ „ტიკ-ტაკებს“ და ვჭამთ. ერთად მაგას ვაკეთებთ. ნუ, სხვა რაღაცებსაც ვაკეთებთ ერთად, მაგრამ...
– ყველა ნერვიულობს, არ გავსუქდეთო. ეს პრობლემა თქვენთანაც დგას? როგორ ებრძვით?
– ვნერვიულობ მაგ საკითხზე, მაგრამ ამის საწინააღმდეგოსაც არაფერს ვაკეთებ. პირიქით: ვჭამ და ვჭამ... უბრალოდ, ვნერვიულობ.
ოთო ნემსაძე: ისედაც გაქცეული მქონდა წონა, ვარჯიში დავიწყე და უცებ – კარანტინი. გორთან მაქვს პატარა ნაკვეთი, რომელიც ბაბუამ და ბებიამ დამიტოვეს, წავედი იქ, დავბარე, ფიზიკურად ვიმუშავე. ძალიან მიყვარს სოფლის მეურნეობა, მიწასთან მუშაობა, მაგრამ ვერ ვახერხებდი და ახლა მე, ჩემი ძმა და მამაჩემი სრულიად იზოლირებულები წავედით. დავასუფთავეთ, გავფოცხეთ, ახალი ხეხილი დავრგეთ, კიტრს დავთესავთ, კარტოფილს... მარწყვი მექნება... ვსწავლობ რაღაცებს და მომავალში შეიძლება, დიდ ფერმერად მოგევლინოთ.
– სახლში ჯდომა, ალბათ, თქვენც გიჭირთ.
სოფო: სახლში ჯდომა ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ მიყვარს მეგობრებთან გასვლა და ჩემი პროფესია, რომელიც ძალიან აქტიურია. თუმცა, ყველაფერს აქვს პლუსი: მაგალითად, დილით არსად მეჩქარება, „ბუძელნიკი“ არ მაღვიძებს, ოთოსაც საქმე არ აქვს და საათობით არ ვადგავარ თავზე: ადექი, გაიღვიძე-მეთქი. როცა სადმეა წასასვლელი, ორი საათით ადრე ვდგები, რომ გავაღვიძო.
– როცა აღვიძებ, არ ჩხუბობს ხოლმე?
– საერთოდ არ ახსოვს არაფერი: ხო, ხო, მე უკეთ ვიცი, რომ უნდა ავდგეო, მეუბნება და წამებში ისევ ხვრინავს. გავაღვიძებ და ისევ აგრძელებს ძილს. რომ გაიღვიძებს, აგვიანდება და ვეუბნები: ხუთზე უნდა ყოფილიყავი, ახლა ხუთის ნახევარია-მეთქი. რაა, რატომ არ გამაღვიძე? შენი ბრალიაო, და ყაყანით დადის სახლში. ჩემი ცაფუნა ქალი, ანუ ჩვენი ძაღლი, სრულიად გაოგნებულია, სულ რომ სახლში ვართ. მაღაზიაშიც რომ მივდივართ, თან მიგვყავს და მანქანაში ვტოვებთ. შოკშია და თუ ერთი წამით სადმე ჩავედი და სახლში დავტოვე, გაცოფებულია, როცა მანამდე საათობით ვტოვებდით.
– იცავთ უსაფრთხოების ზომებს?
– პირბადის, ხელთათმანებისა და სადეზინფექციო ხსნარის გარეშე გარეთ არ გავდივართ. სახლში რომ ვბრუნდებით, ფეხსაცმელებს გარეთ ვტოვებთ, ქურთუკი აივანზე გაგვაქვს, ვიბანთ ხელებს, ლილუს სასწრაფოს სველი ხელსახოცით ვმწმენდ. პროდუქტი დროებით გარეთ გამაქვს, კვდება ბაქტერია და მერე შემომაქვს სახლში. უფრო ის პრობლემა მაქვს, რომ რადგან აკრძალული მაქვს, მინდება ხოლმე, რომ 9 საათის შემდეგ გარეთ გავიდე.
ოთო: ყველაზე ცუდია, ადამიანი რომ პანიკაშია, მაგრამ ისიც ცუდია, რომ ვიღაცას ეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ადამიანი კრიზისულ სიტუაციაში ადეკვატურად უნდა მოიქცეს. მიმაჩნია, რომ საქართველომ, ამ კუთხით, კარგად გაართვა თავი, თუნდაც იმ მხრივ, რომ ტუალეტის ქაღალდები არ გაგვიტანია მაღაზიიდან. ისე, ქართველებს, ვფიქრობ, საფრთხე არ გვემუქრება, რადგან 90-იანი წლების გამოწრთობილი ხალხი ვართ, კარგი ნამეცადინები. გამოგვადგა მაშინდელი ამბები. ედუარდი კარგი მწვრთნელი აღმოჩნდა, კარგად გაგვწვრთნა.
– აქტიურად მუშაობდი ალბომზე, ახლა რა ეტაპზეა?
– როგორც იქნა, ალბომზე მუშაობა დავამთავრეთ და მეორე დღეს გამოცხადდა, რომ უბედურება დაგვეცა თავს. საბეჭდად არის გამზადებული. ყველაფერი რომ ჩაივლის, ალბომით შემოგივარდებით.
– შენ და სოფოს თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღების სახლში, იზოლაციაში გატარება მოგიწიათ.
სოფო: ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის გრანდიოზულად აღვნიშნავდი, თან მეგობრების წრეში, რომელიც იცვლებოდა და იცვლებოდა, ემატებოდა და ემატებოდა. ახლა სახლში აღმოვჩნდი, მხოლოდ ერთი დაქალი მყავდა და ძალიან გამიჭირდა. მაგრამ ოთო დამპირდა, მომავალ წელს, 16 მარტს, 30 წლის რომ გახდები, ყველაზე დაუვიწყარი დღე გექნებაო.
– როგორც ვიცი, დედაშენი იტალიაში ცხოვრობს. ხომ არ ჩამოვიდა?
– თავიდან ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ დედა იმ ქალაქშია, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, ჩაკეტილია. რომ ვუთხარი, წამოდი-მეთქი, უარი მითხრა: გზაში უფრო მეშინია, აქ საფრთხე აღარ მემუქრებაო და დარჩა იტალიაში.
– ოთო, საშინელი კრიტიკა და ლანძღვა მოჰყვა იმ სიმღერასა და კლიპს, რომელიც ცოტა ხნის წინ მომღერლებმა ჩაწერეთ.
ოთო: დამირეკეს ჩემმა კოლეგებმა, მთხოვეს და ჩავწერე. რატომ უნდა ვიკითხო, ვინ მღერის, ეს სტატუსები მაგიჟებს, რატომ ეწევიან ადამიანების დისკრიმინაციას. ჩემი ბევრი კოლეგისგან გამიკვირდა, არ მწყენია, რადგან ასეთი ადამიანებისგან არაფერი მწყინს. გამოვიტანო და დავდო, რას მღერიან ესენი თუ იმაზე დავცინო ადამიანს: თვალი გაგირბის, ეს არ მომწონს-მეთქი. ან ეს პოლიტიკური სარჩული რა იყო, „ბუმბერაზმა“ პოლიტიკოსებმა, ტელევიზიის ვიღაც უფროსებმა თუ რაღაცებმა რომ გააზიარეს, დაიწყეს ლაპარაკი. ვიმღერე... ქვეყანას ხომ არ ვუღალატე ან იარაღი დავადე. რაც შეეხება კლიპს, ეთერში ვნახე, მეც არ მომეწონა ვიდეოკონტენტი, მეგონა, „ფეისბუქზე“ დადებდნენ და ვისაც ენდომებოდა, უყურებდა. თურმე, ვიღაცის ჯიბეზე მიკერებული მომღერალი ვყოფილვარ. ვერც იმას ვიგებ – ვისთან ერთად მღერი, არ უნდა იცოდეო – ეს ლაპარაკი ხომ საერთოდ მკლავს. ვიღაცები რომ ღადაობენ, მაგათ ხომ არ უნდათ, ვიდეოები დავდოთ, რა კონცერტები წაუყვანიათ და რა კონცერტებზე უმღერიათ. ვისი რა საქმეა, ვისთან ერთად ვიმღერებ და რას ვიმღერებ. ჩვენზე რომ რაღაცებს წერენ, ვინმემ მოგვიკითხა: როგორ ვცხოვრობთ მომღერლები ამ კარანტინში? ვიღაცები წერდნენ, ეს არ არის ბულინგიო. ადამიანს რომ აგინებ, აფურთხებ, არ არის ბულინგი? ეს არის მასობრივი თავდასხმა რამდენიმე ადამიანზე. ვიფიქრე, რაღაც სეგმენტს დავეხმარები იმ ერთი ფრაზით, რაც ვიმღერე-მეთქი და თუ ვერ დაგეხმარეთ, ბოდიში, გადართეთ.
სოფო: თავიდან ძალიან ვინერვიულე, რადგან მანამდე ასეთ მასობრივ თემაში არ ვყოფილვარ, ყველამ გააზიარა, გავიცინე. მერე ვთქვი: იცინონ, რა ვქნა-მეთქი. მეც და ოთოც არაფერ შუაში ვართ. კლიპი რომ ვნახე, გავოცდი. რატომ გაუკვირდათ, არ ვიცი, რადგან საქართველოში ყველა მეორე კლიპი ასეთია. მაგრამ ხალხი უსაქმურად ზის სახლში და რაღაც ხომ უნდა გააკეთოს.