№17 ვინ და როგორ გამოსძალა „კაგებეს“ 200 ათასი ამერიკული დოლარი სოხუმში
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
საიდუმლო ლაბორატორია
1927 წელს საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის პირველი სახალხო კომისრის, ნიკოლაი სემაშკოს ძალისხმევით სოხუმში მაიმუნების საშენი შეიქმნა. მისი მიზანი იყო მაიმუნებზე ექსპერიმენტების ჩატარება, რათა შეესწავლათ ადამიანების სხვადასხვა დაავადებები და მათი მკურნალობის მეთოდები შეემუშავებინათ. ეს იყო აისბერგის ზედა, ხილული ნაწილი. სინამდვილეში, იქ ადამიანისა და მაიმუნის შეჯვარების ექსპერიმენტებს ატარებდნენ, რათა ზეადამიანი შეექმნათ, რომელიც ფიზიკურად გამორჩეულად ძლიერი იქნებოდა და აბსოლუტურად მორჩილი. 1933 წელს, სტალინთან შეთანხმებით, მაშინდელმა საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა ეს საიდუმლო ექსპერიმენტები აკრძალა და იქ მხოლოდ ავადმყოფობების გამოვლენასა და მათი მკურნალობის მეთოდების შემუშავებაზე შრომობდნენ. 1974 წელს სოხუმის მაიმუნების საშენს დაფინანსება საგრძნობლად გაეზარდა, რაც არ საჯაროვდებოდა და ახალი შენობაც შეემატა. ამ შენობაში შესვლა სპეციალური საშვებით ხორციელდებოდა და მას უშიშროების კომიტეტი კურირებდა. საქმე კი ის იყო, რომ შენობაში, 25 მეტრ სიღრმეზე, ბუნკერი იყო მოწყობილი. იქ განთავსებულ საიდუმლო ლაბორატორიაში კი ვირუსებს ქმნიდნენ. 1988 წელს, როდესაც გორბაჩოვისეული „პერესტროიკა“ კულმინაციას მიუახლოვდა და შეიარაღებული დაპირისპირება რეალური გახდა, ვირუსების ლაბორატორიის ევაკუაცია განხორციელდა, ყველაფერი ურალში გადაიტანეს, მათ შორის, სხვადასხვა ვირუსის 2-2 ეგზემპლარიც, რომლებიც ჰერმეტულად დახურულ კონტეინერებში იყო განთავსებული. დანარჩენი ვირუსები კი გაანადგურეს, რათა ისინი უდიდეს საშიშროებას შეიცავდნენ.
ულტიმატუმი
ვირუსების განადგურება ძალიან მარტივი პროცესი იყო. ჰერმეტიულ კონტეინერებს სპეციალურ ღუმელში ათავსებდნენ. შემდეგ ამ ღუმელს საჭირო ტემპერატურამდე ახურებდნენ და ვირუსები ნადგურდებოდა. ამ კონტეინერებს თვლიდნენ. ადგენდნენ განადგურების ოქმს და უკვე ჯართად ქცეულ ფოლადის კონტეინერებს მეტალურგიულ ქარხანაში აგზავნიდნენ გადასადნობად. ვირუსების განადგურების პროცესს უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი, 33 წლის მაიორი სტეპან ბონდარევი ხელმძღვანელობდა. 1988 წლის 30 დეკემბერს ლაბორატორიაში 209 კონტეინერი იყო დარჩენილი და როდესაც მეორე დღეს კონტეინერები რუსთავში გადასადნობად უნდა წაეღოთ, იქ მხოლოდ 207 კონტეინერი აღმოჩნდა – ორი ცალი არსად ჩანდა. ოქმში კი აღნიშნული იყო, რომ განადგურდა 209 კონტეინერი. მოიკითხეს მაიორი სტეპან ბონდარევი, მაგრამ ის არსად ჩანდა. დაიწყო გამოძიება და საქმეში „კაგებე“ ჩაერთო. ახალი წლის მიუხედავად, საქეიფოდ არავის სცხელოდა, მთელი „კაგებე“ მაიორის ძებნაზე იყო გადასული. დაკარგული იყო ციმბირული წყლულის კონტეინერები და უნდა დაედგინათ, ისინი ვირუსებით იყო სავსე თუ ცარიელი... 1989 წლის 1 იანვარს სტეპან ბონდარევის მეზობელმა, ასთამურ აგირბამ ქალაქის უშიშროების შენობაში მაიორის წერილი მიიტანა. მასში ეწერა, რომ თუკი მას 200 ათას ამერიკულ დოლარს არ გადაუხდიდნენ, მაშინ ციმბირული წყლულით სავსე ორ კონტეინერს გახსნიდა და ეპიდემიას გამოიწვევდა, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირებოდა. მაიორი კოლეგებს მოუწოდებდა, რომ ფული სწრაფად მოემზადებინათ და ის თავად შეეხმიანებოდა, მიუთითებდა, სად უნდა ჩატარებულიყო ფულის გადაცემის პროცედურა... აგირბამ გამომძიებლებს განუცხადა, რომ ბონდარევის ეს წერილი საკუთარი ფოსტის ყუთში აღმოაჩინა და მაშინვე მიიტანა უშიშროებაში.
ხაფანგი
მეორე დღეს, 1989 წლის 2 იანვარს, საიდუმლო ლაბორატორიის თანამშრომელმა, 35 წლის ჯამბულ თოლორაიამ „კაგებეში“ მაიორის მეორე წერილი მიიტანა. მასში ეწერა, რომ ფული დღის 3 საათზე წერილში აღნიშნულ ქუჩაზე უნდა მიეტანათ და ჩაედოთ უბორბლებო, მიგდებულ „პობედაში“. შემდგომ კი იქაურობას გასცლოდნენ. ბოლოს კი მიწერილი იყო, თუკი ბონდარევს რაიმე საეჭვო მოეჩვენებოდა, ქალაქის სხვადასხვა ადგილას გაიხსნებოდა ორივე კაფსულა... თოლორაიამ განაცხადა, რომ ეს წერილი თავის ფოსტის ყუთში აღმოაჩინა. მას მადლობა გადაუხადეს და გაუშვეს. უკვე სამის ნახევარი იყო და დათქმულ ვადამდე ნახევარი საათი რჩებოდა. „კაგებეს“ თანამშრომლებმა 200 ათასი ამერიკული დოლარი კაპრონის ჩანთაში მოათავსეს, როგორც ეს წერილში ეწერა, მიგდებულ „პობედაში“, სავარძლის ქვეშ დადეს და იქაურობას გაეცალნენ... „კაგებეს“ სპეცჯგუფები სოხუმის სხვადასხვა წერტილში იყვნენ განლაგებულები და ბრძანებას ელოდნენ. ოპერაციას პოლკოვნიკი ავთო იოსელიანი მეთაურობდა, რომელსაც მახვილგონივრული ხაფანგი ჰქონდა შემუშავებული და დარწმუნებული იყო, რომ გამომძალველს მასში გააბამდა. დღის 3 საათსა და 50 წუთზე მიგდებული „პობედიდან“ 100 მეტრის მოშორებით, შემინულ მიკროავტობუსში მჯდომმა იოსელიანმა რაციით თქვა: „პირველ, მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე ჯგუფებს მოვუწოდებ, რომ შემუშავებული გეგმის მიხედვით იმოქმედონ და ფრთხილი მოძრაობა დაიწყონ...“
დღის 4 საათსა და 25 წუთზე იოსელიანის ხელქვეითებმა სოხუმის აგარაკების ტერიტორიაზე ერთ-ერთ სახლში ასთამურ აგირბა და ჯამბულ თოლორაია დააკავეს. მათ კაპრონის ჩანთაში ჩადებული 200 ათასი ამერიკული დოლარი ამოუღეს... საქმე კი ის იყო, რომ ფულის დასტებსა და კაპრონის ჩანთაში რადიოსიგნალის ჩიპი იყო ჩამონტაჟებული. სწორედ მისი მეშვეობით აღმოაჩინეს ფულის ადგილმდებარეობა. მიგდებული „პობედა“, რომლის ძირი გახვრეტილი იყო, ისე იდგა, რომ საკანალიზაციო ლუკს ფარავდა. სწორედ ამ გზით წაიღეს ფული. მაიორი სტეპან ბონდარევი კი ბოროტმოქმედებს სარდაფში ჰყავდათ გამომწყვდეული. მისი სახელით მოქმედებდნენ და იმავე დღეს აპირებდნენ მის მოკვლასა და კვალის დასაფარავად ზღვაში გადაგდებას. აღმოაჩინეს კონტეინერებიც, რომლებშიც ვირუსები განადგურებული იყო და მათი გამოყენება – რა თქმა უნდა, შეუძლებელი. ამგვარად, ვირუსული აფერა ჩაიშალა. ბოროტმოქმედებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და თბილისის ციხეში გამოამწყვდიეს. თუმცა, 1993 წელს ორივე ბოროტმოქმედი 8 ქართველ ტყვეში გაუცვალეს აფხაზებს.