კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ექსპერიმენტი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #16(1007)

  რეზოს მოქმედების გეგმა შემუშავებული ჰქონდა და ნოდარ გუნია დაზღვევაზე ჰყავდა. ბადრიძემ გადაწყვიტა, თემურ მორჩილაძე იმავე მეთოდით მოეძებნა, რითაც თავად თემური აპირებდა როლში შესვლას – „ბომჟად“ უნდა გარდაქმნილიყო და გლდანელ „კოლეგებთან“ გაერკვია, სად გაქრა თემური. ამიტომ, კონკებში გამოწყობილი, იაფფასიანი არყისა და შებოლილი თევზის სუნით გაჟღენთილი, ხელებდაუბანელი და სახეჩაშავებული რეზო ბადრიძე გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდა და სანაგვე ბუნკერებს შორიახლო ჩაუარა, თან ყურადღებით აკვირდებოდა იქაურობას – „თანამოძმეებს“ ეძებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბომჟდები არ ჩანდნენ, რეზოს ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ ისინი შორიახლო იმყოფებოდნენ და ფარულად უთვალთვალებდნენ კიდეც. რეზომ თავისი ეჭვის შემოწმება სცადა: ერთ-ერთ ნაგვის ბუნკერს მიადგა, შიგნით ჩაეყუდა და ქექვა დაუწყო. ორიოდუ წუთიც არ იყო გასული, რომ უკნიდან ვიღაც ქეჩოში სწვდა, უკან დაქაჩა და ასფალტზე დააგდო. რეზომ ზევით აიხედა და გრძელცხვირა, ცისფერთვალება, თმაგაბურძგნული კაცი დაინახა, რომელიც დოინჯშემოყრილი ადგა თავზე და ჭუჭყიანი, მოლურჯო-მომწვანო სახიდან საშინელ მრისხანებას აფრქვევდა.
– ვინ ხარ და ჩვენს ტერიტორიაზე რას ჩიჩმაობ? – კბილებში გამოსცრა ცისფერთვალებამ.
– ტერიტორია ობშჩია და ნეტავ შენ ვინ დაგიმტკიცა? – მიუგო რეზომ.
– კრისულად ბაზრობ და პასუხი მოგეთხოვება, – თქვა ცისფერთვალებამ.
რეზომ კი თითი დაუქნია და უთხრა:
– აბა, აბა, სიტყვები გააკონტროლე, ძმაკაც, თორემ მოსათხოვნზე თვითონ დაისჯები.
– ვაა, ამას უყურე, ტო, მოსათხოვნზეც რომ მაყენებს. წამო, სწორ ხალხთან და იქ ვილაპარაკოთ. ჰა, ხომ არ გეშინია? – ირონიულად ჰკითხა ცისფერთვალებამ და რეზოს ალმაცერად გახედა.
– წამო, რას მაშინებ? – თქვა რეზომ. წამოდგა და ცისფერთვალებას მიაჩერდა.
– გამომყევი! – უთხრა ბომჟმა და მტკიცე ნაბიჯით აუყვა აღმართს.
რეზო უკან აედევნა და ერთხანს უხმოდ მიჰყვებოდა. ბოლოს წამოეწია და ჰკითხა:
– მაინც, სად მივდივართ?
– შტაბში, – მოკლედ მოუჭრა ცისფერთვალებამ.
– მაინც? – არ ეშვებოდა რეზო.
– მივალთ და ნახავ.
– მალე მივალთ?
– მივედით უკვე, – თქვა ბომჟმა. შემდეგ მკვეთრად გადაუხვია მარცხნივ და მიტოვებულ, მშენებარე კორპუსში შევიდა, რომელშიც მხოლოდ ოთხი სართული იყო აყვანილი და კიბეებს აუყვა.
რეზო ფრთხილად აედევნა ბომჟს და თავდაცვისთვის მოემზადა, თუკი ასეთი საჭიროება დაუდგებოდა. ბომჟმა ერთი ამოსუნთქვით აიარა ოთხი სართული და რკინის კართან შეჩერდა. უკან მოიხედა და შორიახლო მდგომი რეზო თითით მიიხმო. ბოლოს კი პირობითი ნიშნით დააკაკუნა.
– რომელი ხარ? – იკითხეს კარს მიღმა.
– ტარო ვარ, – უპასუხა ცისფერთვალებამ.
– შენ ხომ აბხოდზე უნდა იყო და აქ რა გინდა?
– ჩეპე მოხდა.
– რა ჩეპე?
– უცხო მჩიჩმავი დავიჭირე ჩვენს ტერიტორიაზე.
– ჩაქოლე?
– არა. მოვიყვანე.
– მოიყვანე?
– ჰო. მოვიყვანე, ზაურ. ჩემთანაა და გააღე, – თქვა ტარომ და რეზოს გახედა.
კარი გაიღო და ზღურბლზე ორმოციოდე წლის საშუალო სიმაღლის მამაკაცი გამოჩნდა. ცალი თვალი შავი სახვევით ჰქონდა გადაკრული და მხოლოდ მარჯვენიდან იყურებოდა. მან საღი თვალით ყურადღებით შეათვალიერა რეზო და ტაროს უთხრა:
– სეფე პაპასთან მოიყვანე საბაზროდ?
– ჰო. ასე ამბობს, ტერიტორია ობშჩია და შენ ვინ დაგიმტკიცაო, – უთხრა ტარომ.
ბომჟმა ზაურამ თავი გააქნია და გაიცინა. შემდეგ ხელით შეიპატიჟა ახალმოსულები და კარი გადაკეტა:
– სეფე პაპა და გულო თათბირობენ და დაცდა მოგიწევთ. მე მოვახსენებ თქვენზე. აქ გაჩერდით და დაგიძახებთ.
ზაურამ ახალმოსულები მოსაცდელში დატოვა და წავიდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი დაბრუნდა და უთხრა:
– წამოდით. სეფე პაპა და გულო გელოდებიან.
  ზაურამ, ტარომ და რეზომ ჩაბნელებული, ვიწრო დერეფანი გაიარეს და უზარმაზარ ოთახში აღმოჩნდნენ, რომელიც ძველი, გადაყრილი ავეჯითა და ნივთებით იყო მორთული. უზარმაზარ ტყავის დივანზე საშუალო სიმაღლის, გამხდარი მამაკაცი იჯდა, რომელიც მაქსიმუმ, ორმოცდაათი წლის თუ იქნებოდა. ის მწვანე ფერის ჩინური აბრეშუმის ხალათში იყო გამოწყობილი, რომელზეც წითელი დრაკონი ამოექარგათ. შავი, ხშირი წვერი ბუჩქივით ჰქონდა გაშლილი, გრძელი თმები შუბლს ქვემოთ ჩამოეყარა და ლოთობისგან დასიებულ თვალებს უფარავდა. გვერდით მას ორმოცდახუთიოდე წლის გამხდარი ქალი ეჯდა, რომელსაც დასიებული ცხვირ-პირი და ხრინწიანი ხმა ჰქონდა. ტანზე კი შემოტმასნული ბრიჯები და ფართხუნა სპორტული მაისური ემოსა, რომელზეც გორბაჩოვის სურათი იყო დახატული და ინგლისურად ეწერა: „პერესტროიკა“. მწვანეხალათიანი მამაკაცი გლდანელი ბომჟების შეფი, სეფე პაპა იყო. ხრინწიანხმიანი ქალი კი – მისი ცოლი, გულო. სეფე და გულო სინამდვილეშიც ცოლ-ქმარი იყვნენ და მას მერე გაბომჟდნენ, რაც ბანკმა გადაუხდელი სესხის გამო ბინა და ძვირფასი ნივთები წაართვა და ქუჩაში დატოვა. წყვილს შვილები არ ჰყავდა. ნათესავებმა კი მაშინვე უგანეს, როგორც კი ქონება დაკარგეს. წყვილმა თავდაპირველად ერთი ოთახი იქირავა. ექვსი თვე შემონახული დანაზოგით ცხოვრობდნენ, თან სამსახურს ეძებდნენ, თუმცა, უშედეგოდ. სეფე მძღოლი იყო, გულო კი მთელი ცხოვრება გამყიდვლად მუშაობდა, მაგრამ მათთვის სამუშაო ვერსად გამოინახა და ცოლ-ქმარი ჯართისა და შუშის ტარის ჩაბარებით ირჩენდა თავს. ამასობაში სეფე დანაშაულში გაეხვია – ათი მეტრი სპილენძის სადენის ქურდობისთვის, რომელიც მას არ მოუპარავს, ორი წლით ციხეში ჩასვეს. სანამ ქმარი „სროკზე“ იყო, გულო ბინიდან ქირის გადაუხდელობის გამო გამოაგდეს და მან ძველი სახლის ნანგრევებს შეაფარა თავი და გალოთდა. ციხიდან გამოსულმა სეფემ ცოლი მოძებნა და ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა, ჯერ გამოსწორება სცადა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და ისიც გაბომჟდა... ცოლ-ქმარი უკვე 15 წელი ასეთ ცხოვრებას ეწეოდა. ისინი ყველა თბილისელ თანამოძმეებს იცნობდნენ. ერთხელ, ოციოდე ბომჟი შეკრიბეს, მოელაპარაკნენ და საქართველოს დედაქალაქი რაიონებად დაყვეს. თავად გლდანი ერგოთ და იქაურ ბომჟებს აკონტროლებდნენ. თბილისელ ბომჟებს ერთიანი ხელმძღვანელი არ ჰყავდათ და ყველა სადავო საკითხს, ეგრეთ წოდებული, „დიდი საბჭო“ წყვეტდა, რომელშიც 20 ადამიანი შედიოდა – ერთი წარმომადგენელი თითოეული უბნიდან. საბჭოში გადაწყვეტილების მიღება უბრალო კენჭისყრით ხორციელდებოდა და „საბჭოს“ დადგენილება წმიდათაწმიდა იყო ყველა ბომჟისთვის. მისი დარღვევა კი უმკაცრესად, სხეულის მძიმე დაზიანებითა და დამნაშავის სიკვდილითაც კი ისჯებოდა. მიუხედავად საბჭოს წევრების თანასწორობისა, „დიდ საბჭოს“ ორი გამორჩეული და პატივცემული წევრი ჰყავდა – სეფე პაპა, რომელიც ყველაზე „სტაჟიანი“ ბომჟი იყო თბილისში და 52 წლის ლეო სანია, იგივე „პროფესორა“, რომელიც ვაკელი ბომჟების თავკაცი იყო. სანია სინამდვილეშიც პროფესორი იყო და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ფლობდა. არაერთი სამეცნიერო ნაშრომი ჰქონდა წიგნად გამოცემული და მთელი მსოფლიო მოევლო. შვილი არ ჰყავდა. ლეოს უბედურება კი 7 წლის წინ დაიწყო. 45 წლის პროფესორს მეუღლე კიბოთი გარდაეცვალა და ამის მიზეზი კი ნერვიულობა იყო. სანიას ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა და პროფესორის ცოლს ეს ანერვიულებდა. ცოლი რომ დაკრძალა, პროფესორმა ახალგაზრდა საყვარელი თავის ფეშენებელურ ბინაში ჩაისახლა. თუმცა სულ მალე ქალმა სანიას ეს ბინა თავის სახელზე გადააფორმებინა და გაყიდა. თავად საზღვარგარეთ გაემგზავრა და სანია ქუჩაში დატოვა. მხოლოდ მაშინ მიხვდა პროფესორი, თუ რამხელა შეცდომა დაუშვა და რა მძიმე ცოდვა დაიდო კისერზე. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა, რომლებიც მას ხელს გაუმართავდნენ, სანიამ ყველა მათგანთან ამოიკვეთა ფეხი და მაწანწალობა დაიწყო.
სეფე პაპამ ხელით ანიშნა ზაურს – დაგვტოვეო და ცალთვალა უხმოდ გავიდა ოთახიდან. შემდეგ რეზო შეათვალიერა და ტაროს უთხრა:
– აბა, თქვი, რაშია საქმე?
– სეფე პაპა, ეს კაცი „ახმეტელთან“, ჩვენს ბუნკერებში ჩიჩმაობდა და ფაქტზე დავიჭირე. მაგან კი მითხრა, აქაურობა „ობშჩია“ და შენ ვინ დაგიმტკიცაო. ერთი სიტყვით, ბესპრეძელშჩიკია, – თქვა ტარომ.
ოთახის მასპინძელმა თითით ანიშნა ცისფერთვალებას, გაჩერდიო და უთხრა:
– ნაადრევ დასკვნას ნუ გამოიტან და რადგან აქ მოიყვანე, ასეთი სიტყვები არაა საჭირო. ყველაფერი მე მომანდე, – შემდეგ კი რეზოს მიუბრუნდა.
– რა გქვია, ძმაკაც?
– სოსელო ვარ, ბუხრაძე, ისე კი, „სოსკას“ მეძახიან, – თქვა რეზომ.
– ტარო მართალს ამბობს? ნამდვილად თქვი, აქაურობა ობშჩია და შენ ვინ დაგიმტკიცაო? – ჰკითხა სეფე პაპამ.
– დიახ. ვთქვი, მაგრამ მასე არ ვფიქრობ და სულაც არ ვარ ბესპრეძელშჩიკი, – თქვა რეზომ. ტაროსკენ გაიშვირა თითი და დაამატა, – მაგან უკნიდან ჩამავლო ხელი და მიწაზე დამანარცხა. მეც გავმწარდი და ვუთხარი.
– ეგ არაფერი. სიტყვის მასალად გიხმარია. შენ ის მითხარი, სოსკა-ჯან, – სეფე პაპამ პაუზა გააკეთა, – სოსკას რომ გეძახიან, ხომ არ გწყინს?
– არ მწყინს, სეფე პაპა, – მიუგო რეზომ.
– ჰოდა, ის მითხარი, ძმაკაც, ჩვენს ბუნკერში რატომ ჩიჩმაობდი, ხომ არ გშიოდა? – იკითხა სეფე პაპამ.
– ზაკუსკას ვეძებდი, სეფე პაპა, ზაკუსკას. სამი დღის მშიერი ვარ და კუჭი გამიხმა. მარტო ვსვამ და პირში არაფერი ჩამიდევს, – თქვა რეზომ. შემდეგ მოსაცმელის ჯიბეებიდან ოთხი ცალი ლიტრიანი „ფინლანდია“ ამოალაგა და მაგიდაზე დააწყო. სამი ბოთლი გაუხსნელი იყო, ერთი კი – ნახევრად სავსე.
გულოს თვალები გაუფართოვდა, სეფე პაპამ კი დაუსტვინა და რეზოს უთხრა:
– მინიმუმ, ორასი ლარის ბაზარია. საიდან ეს ამდენი კეთილშობილი სითხე?
– გორიდან გამოვაყოლე ხელს, სეფე პაპა, გორიდან. ერთ მაღაზიასთან ბუტკა „მოსკვიჩი“ იდგა და იქ ელაგა ეს არყები. საქონელი შეჰქონდათ შიგნით და არავინ იყო. მე კი დრო ვიხელთე, – თქვა რეზომ.
– მაგრად კი გაგირისკავს. რომ დაეჭირე, გორელები ცოცხალს არ გამოგიშვებდნენ და ცემაში ამოგხდიდნენ სულს. ბეწვზე ხარ გადარჩენილი, – თქვა სეფე პაპამ და დაამატა, – ისე კი, ქურდობა ჩვენთან არ მოსულა და თავს იმით ვინახავთ, რასაც ღმერთი გვაძლევს. თუ ჩვენთან დარჩები, მაშინ ეს წესი უნდა დაიცვა.
– თუ თქვენთან დამტოვებთ, მადლობელი ვიქნები, – თქვა რეზომ.
– ახლა ის მითხარი, სადაური ხარ, – უფრო სწორად, ადრე სად ცხოვრობდი? – ჰკითხა სეფე პაპამ.
– წარმოშობით ქუთაისელი ვარ, სეფე პაპა, მაგრამ ათი წელი რუსეთში ვცხოვრობდი და იქ ვჩალიჩობდი. პატარა მაღაზია მქონდა სტავროპოლში, შემდეგ ვალები დამედო და დასაფარავად ყველაფერი გამაყიდინეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გადავიხადე. რომ არ მოვეკალი, იქიდან გამოვიქეცი და ცხინვალში ამოვყავი თავი. იქ კი სამი თვე ნანგრევებს ვაფარებდი თავს და ღამღამობით ვშოულობდი ლუკმას. რომ გაეგოთ, ქართველი ვიყავი, ან მონობაში ამომხდიდნენ სულს, ან ციხეში, ან სულაც მომკლავდნენ. ერთი სიტყვით, იქაურობას თავი დავაღწიე და თბილისში ჩამოვედი, – თქვა რეზომ.
– ქუთაისში რატომ არ წახვედი? – დაინტერესდა სეფე პაპა.
– იქ არავინ მყავს, თანაც... არ მინდოდა, რომ ვინმეს ასეთ დღეში ვენახე, – თქვა რეზომ და თავი ჩაღუნა.
– კარგი, ძმაკაც, ყველაფერი გასაგებია. რადგან ჩვენთან მოხვედი, აქ დარჩი. ჩვენს საძმოში ოცდაათი ადამიანია, ოცი კაცი ვართ და ათი ქალი. ერთმანეთს კლდესავით ვუდგავართ გვერდში და ღალატი არ მოსულა, არც ქალბატონებთან გაარშიყება, რადგან ყველა დაწყვილებულია. შეგიძლია, შენი ქალი მოიყვანო, წინააღმდეგი არავინ იქნება. რასაც ვშოულობთ ობშჩიაკში შემოგვაქვს და შესაჭმელს ვჭამთ, გასაყიდს ვყიდით, ფულს კი საჭიროებისამებრ ვანაწილებთ. ერთი სიტყვით, პატიოსნად ვცხოვრობთ და ჩვენს წეს-ადათებსა და კანონებს პატივს ვცემთ. იმედია, შენც ასე მოიქცევი, – თქვა სეფე პაპამ.
– რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი. ეს კეთილშობილი სითხე ობშჩიაკში შემომაქვს, – თქვა რეზომ და არყებისკენ გაიშვირა ხელი.
სეფემ ცისფერთვალებას გახედა და უთხრა:
– ტარო, ორი ბოთლი საკუჭნაოში შეინახე და ვახშამზე დავდგამთ. მერე კი ზაურასთან ერთად მოდი. ზაკუსკაც მოიტანე და ჩვენი საძმოს ახალი წევრის შემომატება აღვნიშნოთ.
სულ რაღაც ათიოდე წუთის შემდეგ სეფე პაპა, გულო, ტარო, ზაურა და რეზო ალაგ-ალაგ ამოტეხილ, პოლირებულ მაგიდაზე გაშლილ სუფრას უსხდნენ და არაყ „ფინლანდიას“ „ურტყამდნენ“...
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3