№17 როგორ მოვიცილოთ კანზე გაჩენილი თეთრი ლაქები და მოვამზადოთ ხელის მადეზინფიცირებელი საშუალება
ნინო კანდელაკი ანი რევია
ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელების რეგულარულად დაბანა და რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი, თავიდან ავირიდოთ ორგანიზმში ვირუსების, ბაქტერიებისა და სხვა მავნე მიკროორგანიზმების მოხვედრა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ესაა საუკეთესო ვარიანტი იდეალური სისუფთავის შესანარჩუნებლად, ამ მარტივი პროცედურის შესრულებას, ყოველთვის ვერ ვახერხებთ. სწორედ, ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებლად უნდა მოგვეპოვებოდეს სპეციალური ანტისეპტიკური საშუალება ჩანთაში თუ სამუშაო მაგიდაზე. ხელების საუკეთესო მადეზინფიცირებელი, ანტისეპტიკური საშუალება კი თავად შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში. ამისთვის დაგჭირდებათ: 240 მილილიტრი სამედიცინო სპირტი, 3%-იანი 15 მილილიტრი წყალბადის ზეჟანგი, 5 მილილიტრი სამედიცინო გლიცერინი და 60 მილილიტრი წყალი. სამედიცინო სპირტს დაუმატეთ ჯერ წყალბადის ზეჟანგი და შემდეგ გლიცერინი. კარგად გადაურიეთ. მიღებული ნარევი მოათავსეთ სპრეი-ბოთლში, დაუმატეთ მოცემული რაოდენობით წყალი, კარგად შეანჯღრიეთ და ხელების საუკეთესო მადეზინფიცირებელი საშუალება მზად არის.
თუ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ხშრად გაქვთ შეხება ქიმიურ ხსნარებთან და ამ დროს დამცავ ხელთათმანს არ იკეთებთ, ხელის კანზე ჩნდება თეთრი ლაქები. გარდა ამისა, არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მის განვითარებას უწყობს ხელს, მაგალითად, მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენა, ჭარბი სტრესი და ვიტამინ B12-ის დეფიციტი. ამ პრობლემასაც ადვილად მოაგვარებთ.
წითელი თიხა – თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთში წითელი თიხა და ჯანჯაფილის წვენი. მიღებული მასა კარგად წაისვით კანის პრობლემურ მონაკვეთებზე. როდესაც ბოლომდე შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ ხელები გრილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღიურად, 1 თვის განმავლობაში, რათა ბოლომდე გათავისუფლდეთ თეთრი ლაქებისგან.
ქოქოსის ზეთი – ამშვიდებს კანს, განაპირობებს კანის რეპიგმენტაციას, საკმაოდ ძლიერი ანტიბაქტერიული ნატურალური პროდუქტია. ამიტომ, ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ზეთი ხელის კანზე. თუ პროცედურას დღეში 3-ჯერ ჩაიტარებთ, თეთრი ლაქები ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – მთლიანად გაქრება.
ჯანჯაფილი, იგივე კოჭა – შუაზე გაჭრილი ჯანჯაფილის ფესვი რბილობის მხრიდან დაიფინეთ კანის პრობლემურ მონაკვეთზე. დაიტოვეთ იქამდე, სანამ კოჭას წვენი, ბოლომდე არ შეგაშრებათ. თუ ამ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, თეთრი ლაქებისგან ძალიან მალე გათავისუფლდებით.