№17 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: უფალი გვასწავლის, რომ უნდა გვიყვარდეს მტერი, ამის შესრულება მიძნელდება, რადგან ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანი, რომელსაც ვძულვარ.
პასუხი: ამის მიღწევა არ არის ადვილი. მტრის სიყვარულში იგულისხმება ის, რომ ამაღლდე ადამიანური ბუნებიდან და დაუახლოვდე ღვთიურ ბუნებას, ანუ დაემსგავსო უფალს, რომელსაც შეურაცხყოფდნენ, გვემდნენ და მაინც მიუტევებდა და უყვარდა. სულიერი სიმაღლე მიიღწევა უფალთან სიახლოვით, ლოცვით, ფიქრით იმაზე, რომ ჩვენი მიზანია უფლის გვერდით ყოფნა. ამას კი სიძულვილით ვერ მივაღწევთ. მუდმივი მტრობით სავსე გული ადამიანს ამძიმებს და ხელს უშლის წარმატებაში. ამიტომ, განაგდეთ სიძულვილი, მტერს სიკეთის მიგებებით უპასუხეთ, თუ ვერ შეძლებთ მტრის შეყვარებას, ილოცეთ მისთვის – ეს ლოცვა თქვენს სულს მადლსა და სიმსუბუქეს მიანიჭებს.
კითხვა: აღდგომის დღესასწაულის დროს არსებობს წითელი კვერცხების გაცვლის ტრადიცია. ზოგადად, რას გამოსახავს აღდგომის სიმბოლო – წითელი კვერცხი?
პასუხი: სააღდგომო კვერცხში განსახიერებულია უფლის სიკვდილი და აღდგომა – ორი მოვლენა, რომლებიც ამ უდიდეს დღესასწაულზე მოიხსენიება. როგორც კვერცხის უსიცოცხლო ნაჭუჭიდან გამოდის სიცოცხლე, რაც მანამდე იყო დაფარული, ასევე, დახურული სამარხიდან აღდგა იესო ქრისტე და აღდგებიან გარდაცვლილები მარადიული ცხოვრებისთვის. მაცხოვარმა საკუთარი სისხლით მოუტანა ადამიანებს მარადიული ცხოვრება, რასაც კვერცხის წითელი ფერი აღნიშნავს. ამრიგად, როდესაც მორწმუნეები წითელ კვერცხებს ცვლიან, ერთმანეთს რწმენის ერთ უმთავრეს დოგმატს შეახსენებენ და რწმენაში განმტკიცდებიან.
კითხვა: რატომ უნდა მოინათლოს ადამიანი ბავშვობის ასაკში, ზრდასრულ ასაკში უფრო კარგად არ გაითავისებს რწმენაში ფეხის შედგმას?
პასუხი: წესისამებრ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ბავშვობის ასაკში ინათლებიან, რათა დაშორდნენ ურწმუნოებას, შეუერთდნენ უფალს და გაიზარდონ პირველქმნილი ცოდვის გარეშე, უფლის მადლით მოსილნი, ასევე იმიტომაც, რომ მისდიონ ქრისტეს შეგონებას: „აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი“. და რაც მთავარია, არავინ იცის, როდის გარდაიცვლება ადამიანი, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს მონათლული, რათა დაიმკვიდროს სასუფეველი.
კითხვა: ცოტა ხნის წინ დავქორწინდი. მე და ჩემი მეუღლე არ ვართ მორწმუნეები, არ დავდივართ ტაძარში და არ ვეზიარებით. ახლა ფეხმძიმედ ვარ და ამ ყველაფერზე სხვანაირად დავფიქრდი. ბავშვზე ხომ არ იმოქმედებს ეს ცოდვა?
პასუხი: ამაზე თუ დავფიქრდით, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. უფალი თქვენ დედობის სიხარულს გჩუქნით და თუ აქამდე არ გწამდათ და შორს იყავით ღმერთისგან, ახლა უნდა შეცვალოთ ცხოვრება. რაც შეეხება ცოდვა გადავა თუ არა ბავშვზე, ყველა ადამიანი თავის ცოდვებზე თვითონ აგებს პასუხს.