№17 რის კომპლექსს უქმნის ზოგიერთ მამაკაცს საყვარელ ქალზე დაქორწინება და რატომ უჩნდება შემდეგ პრობლემები
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
სტაბილური ოჯახის შექმნისა და შენარჩუნების აუცილებლობის სურვილი ქალში გაცილებით ძლიერია, ვიდრე მამაკაცში და ეს თავად ბუნებამ მოინდომა ასე. ადრე თუ გვიან, ყველა ქალს უჩნდება გათხოვების სურვილი. ამაში არაბუნებრივი არაფერია. სამაგიეროდ, ძალიან ბევრ მამაკაცს, სწორედ, ქორწინებაზე ფიქრი აკომპლექსებს. მათ, რატომღაც, სჯერათ, რომ ქორწინება კლავს ურთიერთობას, აუფასურებს სიყვარულს. როცა საბოლოოდ ოჯახს მაინც ქმნიან, ფიქრობენ, რომ ყველაფერი მორჩა და რომანტიკა მეუღლესთან ურთიერთობაში საჭირო აღარ არის. პრობლემებიც აქედან იწყება.
ლელა (29 წლის): გამბედაობა არ მეყოფა, რომ ჩემს ქმარს დავუჯდე და ველაპარაკო. შეიძლება, არც მომისმინოს და სამუდამოდ დავკარგოთ ერთმანეთი. მე კი ეს არ მინდა. ძალიან მიყვარს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ. ფაქტობრივად. ბრმად ვქმნით ოჯახს. გვიყვარს და ეს საკმარისი გვგონია. არავინ გასწავლის, როგორ უნდა შეინარჩუნო ეს სიყვარული. უნდა ვაღიაროთ, რომ როცა ცოლ-ქმარს შორის პრობლემები ჩნდება, ამაში მარტო მამაკაცი არასოდეს არის დამნაშავე.
– თვითკრიტიკა სწორი პოზიციაა.
– იცით, რა აღმოვაჩინე?! ზოგჯერ სრულიად უცხოების მიმართ უფრო მიმტევებლები ვართ, საყვარელ ადამიანებს კი ბევრ რამეს არ ვპატიობთ. მთელი ნეგატიური ენერგია სახლში მოგვაქვს. „დასაცლელად“ კი ან ქმრებზე ამოვანთხევთ, ან შვილებზე და საბოლოოდ, თავად ვზარალდებით. არაფერს ვაკეთებთ ურთიერთობის შესანარჩუნებლად... ქორწინების შემდეგ ქმართან ჩემი ურთიერთობა უკეთესობისკენ არ შეიცვალა. ვამბობდი, ჩემზე კარგი ცოლი დედამიწაზე მეორე არ იქნება, ნახავთ, როგორ გავანებივრებ-მეთქი. ჩემი გათხოვილი დაქალები იცინოდნენ, ჯერ არ მოგბეზრებია მისი ყურება და ასე იმიტომ ლაპარაკობ. გათხოვდები და ნახავ, მაგისი „პრივიჩკები“ როგორ გადაგიყვანს ჭკუიდანო. ძალიან მალე მომბეზრდა ოჯახური რუტინა. ჩემი ქმარი ჩვეულებრივად იღებდა ყველაფერს, რასაც მე ვაკეთებდი – საუზმე, სადილი და ვახშამი მომზადებული ხვდებოდა. სახლი ყოველთვის დალაგებული იყო, პერანგები – გარეცხილი. მინდოდა, შევექე იმ ყველაფრისთვის, რასაც ვაკეთებდი. მაგრამ მამაკაცები ვერ ხვდებიან, რომ ქალებს ასეთი მოპყრობა გვაცოფებს. რომ არ გეხმარებიან, შენს ნაშრომს რომ წყალში ყრიან, მთელი დღის შრომით დალაგებულს რომ ერთ საათში აგირევენ – ამ ყველაფერს კიდევ შეეგუები, თუ საღამოს თავზე ხელს გადაგისვამენ და გეტყვიან, ჩემო საწყალო გოგო, როგორ დაიღალეო. ჩვენ მართლა არაფერი გვინდა. მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ძალიან პრეტენზიულები ვართ, სინამდვილეში კი ბევრს არაფერს ვითხოვთ, თუმცა ამას ხვდებიან. ჩემი ქმარი ხედავდა, რომ სიტუაცია უარესობისკენ იცვლებოდა, მაგრამ არაფერი გააკეთა. შეიძლება ვინმემ თქვას, რა დროს მადლობებია, ბედნიერი უნდა იყო, თუ ქმარი არ გაღალატობს, თუ სამსახურიც აქვს და არ ლოთობსო, მაგრამ არ არის ადვილი ასატანი, იმისი შეგრძნება, რომ კაცს, რომელიც გიყვარს, ფეხებზე ჰკიდიხარ. ეჭვი გამიჩინა, სხვა ქალი ჰყავს და მასზე ფიქრობს-მეთქი. ამან კი ისე გამომიყვანა წონასწორობიდან, რომ ყოველ საღამოს ვჩხუბობდი და ვილანძღებოდი. ჩემი ქმარი ამ დროს წყნარად იჯდა და მიყურებდა. თავს თუ გადააქნევდა უკმაყოფილების ნიშნად, თორემ ერთხელაც არ გაუცია პასუხი. დაასკვნა, „ისტერიჩკა“ ხარო. არადა, საერთოდ არ ვარ „ისტერიჩკა“. ყველა ჩემი მეგობარი, ნაცნობი და ახლობელი დამიდასტურებს ამას. ყურადღება მაკლდა ჩემი ქმრისგან და ამიტომაც ვანჩხლობდი. რატომ არიან მამაკაცები ასეთი ეგოისტები. ვუთხარი, მგონი, აჯობებს, ცოტა ხნით ერთმანეთი დავასვენოთ და ცალ-ცალკე ვიყოთ-მეთქი. ამას რომ ვეუბნებოდი, იმედი მქონდა, რომ სასტიკ უარს მეტყოდა. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ გააპროტესტებდა – ხომ არ გაგიჟდი, არსად გაგიშვებ და მეც არსად წავალო, მაგრამ თავი დამიქნია. როგორც შენ გინდაო. არ თქვა, რომ თურმე, თვითონაც განიცდიდა ყველაფერს, რაც ხდებოდა. მისი ძმაკაცი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რა მოგივიდა. ძალიან განიცდის, ასე რომ შეიცვალე და იმასაც კი ფიქრობს, რომ შენს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გაჩნდაო. გაურკვევლობა ყოველთვის ბადებს ეჭვს. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით. კიდევ ისეთი რამეები მითხრა, რომ გავგიჟდი. როგორ სტკენდა გულს ჩემი საყვედურები და შენიშვნები. რა აზრი ჰქონდა მის ცოლად შერთვას, თუ ამით ჩვენს სიყვარულს წერტილი დაესმებოდა და ყველაფერი, რაც ჩვენს ურთიერთობაში კარგი იყო, დამთავრდებოდაო. მეც ხომ ზუსტად ამას ვფიქრობდი. წარმოიდგინეთ, ჩემი მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ ღია კარს ვამტვრევდი. არაფრიდან შევიქმენი პრობლემები. რატომ მინდოდა, რომ ჩემს ყაიდაზე გარდამექმნა ზრდასრული ადამიანი. ყველგან და ყველაფერში შეზღუდვა ნებისმიერს გამოიყვანს მოთმინებიდან. ეს აქ არ დადო, იქ არ დაჯდე, ტელევიზორს არ უყურო, სავარძელში არ ჩაიძინო... მოსწონს სავარძელში ძილი და მოკალი. მაგ აკრძალვებით ცოლები იმას ვაღწევთ, რომ ქმრებს სახლში მოსვლას ვაძულებთ. იმიტომაც აღარ უნდა თავისუფლებისმოყვარე მამაკაცს ცოლის შერთვა. ცოლები, რაღაც მომენტში, მართლა „ვბურღავთ“ ტვინს. ძალიან ცუდად ვიქცევით და ვერ ვხვდებით ამას. სახლი ის ადგილია, სადაც ისვენებ ისე, როგორც გინდა და თუ ეს ადამიანი მაგიდაზე ფეხების შემოლაგებით ისვენებს?! ბევრ რამეს მივხვდი. კაცს როგორ ძალიანაც უნდა უყვარდე, დიდხანს ვერ აიტანს შენს დაუსრულებელ საყვედურებს და გაგექცევა. კიდევ კარგად მითმენდა.
– გამოდის, ყველაფერში თქვენ ყოფილხართ დამნაშავე.
– რადგან ვაღიარებ ამას, არ ნიშნავს, რომ ჩემმა ქმარმა თავი ამაყად ასწიოს და თქვას, რომ მართალი ყოფილა. როცა ჯაჯღანს ვიწყებდი, მომფერებოდა, ეკოცნა და ეთქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ვუყვარდი. მე მაშინვე გავჩერდებოდი და ვაპატიებდი. ჩვენ შორის გაჩენილი ბზარიც აღარ გადიდდებოდა. გეუბნებით, ქალის გულის მოსაგებად, ბევრი რამე არ არის საჭირო. თავზე ხელის გადასმა საუკეთესო წამალია. კაცებს კი ესეც ეზარებათ.
– ძნელია, იპოვნო კაცი, რომელსაც სურვილი გაუჩნდება მუდმივად მოჯაჯღანე ქალს მოეფეროს
– საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმანეთს სულ გაღიზიანებული და უკმაყოფილო ტონით ველაპარაკებოდით. საშინელება იყო. წავიდოდი სამსახურში და საკუთარ თავს ვაძლევდი პირობას, რომ საღამოს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მაგრამ დავბრუნდებოდი, მოვიდოდა ჩემი მეუღლეც სახლში, რაღაც ისეთს გააკეთებდა, რაც გამაღიზიანებდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. როცა ფიქრობ, რომ ქმარს გამოასწორებ ან შენს ყაიდაზე გადააკეთებ, იქ იღუპები. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ვეცდები, რომ აშარი და ანჩხლი ქალის იარლიყი მოვიშორო. არა ვარ ასეთი. მე ისევ ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და მასთან მინდა, რომ ვიცხოვრო. ტვინს აღარ გავუბურღავ, ოღონდ თვითონაც უნდა დამეხმაროს. მე ვიცი, რომ უკვე კომპლექსი ჩამოვუყალიბე. დარწმუნებულია, რომ ქორწინება ანადგურებს ყველაფერს რომანტიკულსა და კარგს, რაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში შეიძლება იყოს, მაგრამ დავუმტკიცებ, რომ ასე არ არის. უბრალოდ, ცოტა მეტი ყურადღება და მოფერება მინდა მისი მხრიდან. სიყვარული არსად წასულა, მხოლოდ სძინავს და ერთად უნდა გავაღვიძოთ.