კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ დაარტყა ხელი ქართლოს კასრაძემ ნიაზ დიასამიძეს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  „ამბობენ, თურმე, ხელმოკლედ ცხოვრობდა და ფული რომ არ ჰქონდა, საყვარელი ქალისთვის დაბადების დღეზე საჩუქრად ცოცხალი გალაკტიონი მიუყვანია“, – ეს მოგონებები თბილისის კოლორიტ კაცზე, ნიაზ დიასამიძეზეა. ნიაზ დიასამიძეს ვინ არ იცნობდა. მასზე ლეგენდები უბან-უბან დადიოდა და საბოლოოდ მთელი ქალაქი აიტაცებდა ხოლმე. ქართველი მრავალმხრივი ხელოვანი იყო, იუმორის დიდოსტატი... მისი დღიურები ამჯერად ამ რამდენიმე სახალისო ისტორიისგან შედგება, რომელსაც დღეს გავიხსენებთ.
ნიაზის პოზა ამერიკული ფილმიდან
  ნიჭიერი პიროვნება იყო. თავის თავში ჩაკეტილი, უცნაურად მოკრძალებული. იგი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ისე, როგორც ეცხოვრებოდა. ერთხელ ცერად უჯდა როიალს. ფეხი ფეხზე გადაედო. სიგარეტი პირის ცალ კუთხეში მოექცია და ისე უკრავდა. ხუთი წლის შემდეგ ერთი ამერიკული ფილმი გამოვიდა – „ჯარისკაცის ბედი ამერიკაში“. იქ ერთ კადრში ჯარისკაცი სწორედ ისე მისჯდომოდა და უკრავდა ფორტეპიანოს, როგორც ნიაზი 5 წლით ადრე.
თბილისი-ლონდონის დენდი
  როცა ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, მაშინ, რომ იტყვიან, „ფორმაში“ იყო. გაცქრიალებული დადიოდა, თეთრი პიჯაკით, კომიტეტის შენობაში ისე შემოდიოდა, როგორც ლონდონის დენდი; ათას თანამშრომელში ამოარჩევდით, – იხსენებს გალინა ჯაფარიძე. საოცარი შინაგანი კულტურა ჰქონდა. ამ კულტურას შეზარხოშებულიც კი ავლენდა. დახვეწილ ჩვევებს, თუნდაც ხელზე ამბორის ჟესტს, არასოდეს ღალატობდა. ტელევიზია ახალი დაარსებული გახლდათ და ჩვენც, ახალგაზრდა თანამშრომლებს, ერთობ თბილი ურთიერთდამოკიდებულებები გვქონდა: რომ ვთხოვდით, გვიმღერეო, არ მახსოვს, უარი ეთქვას. ერთხელ, აგვისტოს დამდეგს (იმ თვეს გარდაიცვალა კიდეც) მე და ჩემი ქალიშვილი ვერის ბაზარში შევედით, ხილის ყიდვა გვინდოდა. ვერის ბაზართან ლუდხანა იყო. ვხედავ, მის შორიახლოს ნასვამი ნიაზი დგას. გვერდის აქცევა დავაპირე, მაგრამ მაინც დამინახა. მოგვიახლოვდა, მომეფერა და მაკოცა... მერე პირველად ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში მკითხა: ფული ხომ არ გაქვსო. ხუთ და სამმანეთიანი ამოვიღე საფულედან. გავუწოდე. სამი მანეთი აიღო და წავიდა. მე და ჩემმა ქალიშვილმა ვივაჭრეთ, შემდეგ მოპირდაპირე მხარეს, სკოლასთან გადავედით და შუქნიშანთან, გაჩერებაზე დავდექით. ვხედავ, ბაზრიდან ჩვენკენ ნიაზი მორბის, ქუჩა გეზად გადმოჭრა, ტროტუარზე მოძრაობა შეწყდა, ხალხი აჩოჩქოლდა... მე რომ მივეცი, იმ სამ მანეთად ვარდები ეყიდა, დეკორატიული კი არა, წითლად მოხასხასე, ცოცხალი ვარდები, მოირბინა და ეს ვარდები მომართვა.
უღვინოდ ყოფნას არა აქვს ფასი...
  ნიაზი ავად გახდა და საავადმყოფოში მიაკითხეს სანახავად. შეღამებული იყო და ნახვის საათებიც – დასრულებული. დარაჯი არ უშვებდა მნახველებს. ამ დროს ფანჯრიდან გამოიხედა ნიაზმა და ეკითხება:
– რა ხდება მანდო?
უპასუხეს: დარაჯი არ გვიშვებსო.
– მერე ღვინის ბოთლი ჩასცხეთ თავშიო.
– სად გვაქვს ღვინის ბოთლიო? – გაკვირვებულებმა ჰკითხეს.
– აბა, ღვინის ბოთლი თუ არ გაქვთ, ჩემ სანახავად რაღას მოდიოდითო? – ხელი ჩაიქნია და პალატაში შებრუნდა.
ძაღლმა თუ დალია...
ნიაზს ქუჩაში ძაღლმა უკბინა ფეხზე. შემოეხვივნენ მეგობრები, ზოგი რას ურჩევს, ზოგი რას...
– აუცილებლად უნდა წახვიდე, შრატი გაიკეთე, ცოფი არ აიკიდოო, – ურჩიეს მეგობრებმა.
– მე არაფერი მიჭირს, შრატი ძაღლს გაუკეთეთ, სმა არ დაიწყოსო, – უთქვამს ნიაზს.
ნიაზის პატარძალი
  ნიაზს ერთი გოგო მოსწონდა, მაგრამ ეს გოგო სხვას გაჰყვა ცოლად. ქორწილია, ოჯახში საცაა სტუმრებიც მოვლენ. ირეკება ზარი, ოთახში ნიაზი შემოდის დიდი თაიგულით. უახლოვდება ნეფე-პატარძალს, დაღონებული, აცრემლებული:
– ეჰ, აღარ ღირს ჩემი სიცოცხლეო! – თქვა და სწრაფი ნაბიჯებით აივანზე გავიდა. მოაჯირს გადავიდა და გაუჩინარდა. პატარძალს გული წაუვიდა, სტუმრები შეშფოთდნენ და მისცვივდნენ აივანს. გადაიხედეს და რას ხედავენ – ნიაზი ლამპიონების მომსახურე ავტომანქანის „ამწეზე“ დგას, ზევით იყურება და ღიმილით უქნევს ხელს გაგიჟებულ მექორწილეებს. „ამწე“ კი ნარნარად ეშვება მიწისკენ.
„რა ლამაზი ხარ, შე ოხერო, ქვემოდან“
...ნიაზი და ქართლოს კასრაძე წაკინკლავდნენ. უცებ ქართლოსმა ხელი ჰკრა და ნიაზი წაიქცა. მიხვდა, ქართლოსს ვერ მოერეოდა, ამიტომ წამოდგომას არ ჩქარობდა. ბოლოს ღიმილით უთხრა:
– ქართლოს, რა ლამაზი ყოფილხარ, შე ოხერო, ქვემოდან!..
ჭადრაკი ტაქსიზე
....ერთხელ ნიაზ დიასამიძე ბიჭებთან ერთად ქუჩაში იდგა. უცბად შორიახლოს გაჩერებული ნაცნობი ტაქსისტი დაინახა.
– თავისუფალი ხარ? – მიუახლოვდა ნიაზი მოწყენილ ტაქსისტს.
– კი, ნიაზ-ჯან, – გამოცოცხლდა მძღოლი.
– არსად გეჩქარება? – დააზუსტა ნიაზმა კიდევ ერთხელ.
– არა, არა, – ხელები გაასავსავა კმაყოფილმა ტაქსისტმა.
– გადმოაბრუნე მანქანა, ჭადრაკი ვითამაშოთ... – უთხრა ნიაზმა
(იმ დროში ტაქსის მანქანას კარზე, ეგრეთ წოდებული, „ჭადრაკის დაფა“ ჰქონდა მიხატული).
ხაში და საბჭოთა
კავშირის ჰიმნი
დილის 6 სრულდება. ნიაზი მაგარ „პახმელიაზეა“ და ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სახაშისკენ მიემართება. გზად ერთ ხელჯოხიან, ბებერ, ინტრიგან მეზობელს გადაეყარა, რომელიც რძის ბიდონით დადიანის ქუჩაზე, სახაშიდან რამდენიმე მეტრში, ჩამოსასხმელი რძის საყიდლად მიდიოდა.
– საით მიიჩქარით, ყმაწვილო, ამ დილაადრიან? – ჰკითხა ინტრიგანმა, რომელსაც მშვენივრად მოეხსენებოდა, სად შეიძლებოდა წასულიყო სისხამ დილით ნიაზი.
– რადიო გამიფუჭდა და მეგობართან მივდივარ ჰიმნის მოსასმენად (იმ პერიოდში რადიოგადაცემები დილის 6 საათზე, საბჭოთა კავშირის ჰიმნით იწყებოდა), – უპასუხა ნიაზმა, საათს დახედა, – უკაცრავად, მაგვიანდებაო, – და ნაბიჯს აუჩქარა.

скачать dle 11.3