კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რა ტრაგიკული ისტორია დგას აკაკი წერეთლის „სულიკოს“ უკან და როგორ შეიქმნა ვაჟა-ფშაველას „რამ შემქმნა ადამიანად“

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე ის ადამიანია, ვინც ვაჟა-ფშაველას შვილის – გულქან რაზიკაშვილის საზოგადოებისთვის გაცნობა სულ სხვანაირად შეძლო და მისი დამსახურებით, ვაჟას ოჯახზე ბევრის გაგება შეგვიძლია. ასევე, მისგან საინტერესო ისტორიას მოვისმენთ აკაკის „სულიკოს“ შექმნასთან დაკავშირებით.
– ქალბატონო ეთერ, საუბარი „ვეფხისტყაოსნით“ მინდა, დავიწყოთ. საინტერესო მოსაზრება გაქვთ მისი ავტორობის საკითხთან.
ეთერ თათარაიძე: „ვეფხისტყაოსნის“ ავტორთან დაკავშირებული ვერსიები საყოველთაოდ ცნობილია. მე, როგორც ფოლკლორისტს, შემიძლია, გითხრათ, რა განვითარება ჰპოვა ამ შედევრის გამოჩენამ ქართველ ხალხში. როგორ მოედო ის მთელ საქართველოს, როგორ არ იყო მისი ხელნაწერი ხელმისაწვდომი ყველასთვის და მოგიყვეთ ერთი ხევსურული ამბავი – როგორ თესდნენ საგანგებოდ, ასაკოვანი, გაუთხოვარი დები არხოტში თამბაქოს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ წაკითხვისთვის გასამრჯელო გადაეხადათ. ერთადერთი წიგნი იყო ხევსურეთში და ახალგაზრდა ბიჭი უკითხავდა მთელ სოფელს, ისინი კი ზეპირად სწავლობდნენ. რამდენად მეტს წაუკითხავდა, იმდენად მეტი ფოთოლი უნდა მიეღო გასამრჯელოდ. ეს არის ამ პოემისადმი გამოცხადებული, მართლა ძალიან დიდი სიყვარული და ეს არ ხდება მხოლოდ ხევსურეთში, მთელ საქართველოში დაუოკებელი ინტერესი იყო ამ ხელიხელსაგოგმანები შედევრისადმი, როგორადაც დარჩა დღემდე. რაც შეეხება ავტორს, დავბერდი და, რაც უფრო უკეთ ვეცნობი „ვეფხისტყაოსანს“, მგონია, რომ ავტორი საერთოდ არ ჰყავს. ცოცხალი, ჩვეულებრივი ადამიანი, ამის დაწერას რანაირად შეძლებდა, თუ რაღაც მართლა ღვთიური ძალა არ ქმნიდა ამ საკვირველებას?! ფილოლოგი გახლავართ და ჩვენც გავიარეთ პუნქტ და პუნქტ მისი ავტორობის საკითხი. ათასი ვერსიაა და ცალ-ცალკე ყველას გინდა, დაუჯერო. ბოლო დროს ამ საკითხზე მუშაობდა და ძალიან სერიოზული ნაშრომი შექმნა დიდად განსწავლულმა და მრავალმხრივ ნიჭიერმა მეცნიერმა ალექსი ჭინჭარაულმა. მისი თითქმის დასრულებული კვლევა „ვეფხისტყაონის“ ავტორობის შესახებ ჰერული დიალექტისკენ იწევს. რომელსაც ჩვენ საინგილოს ვეძახით. სწორედ ჰერულ დიალექტამდე მიდის დიდი ენათმეცნიერი სიტყვიერი ქსოვილის ანალიზით. თუმცა, ეს საკითხი ადვილად არ დადგინდება და მე რომ მკითხოთ, არც არის საჭირო. ქართველი ადამიანის ყველაზე ცუდი თვისებაა, ყველაფერს რომ ვიწრო კუთხურობისკენ მიეზიდება. შოთა რუსთაველი ჩვენთვის სადიდებელივით სათქმელი სახელია და ის ჩვენია, მთელი საქართველოსი. ხანდახან ვფიქრობ, ეს საბურველიც საჭიროა იმისთვის, რომ სულ ეძიებდე, სულ გახსოვდეს და გინდოდეს იმის მიკვლევა, ვინ იყო ამ მართლა ფანტასტიკური ტილოს ავტორი.
– გადავიდეთ ვაჟა-ფშაველაზე და კონკრეტულად ლექსის ისტორიაზე – „რამ შემქმნა ადამიანად”. თქვენი მეშვეობით, ძალიან ბევრის გაგების საშუალება მოგვეცა ამ ლექსის შექმნისა და ზოგადად, ვაჟას ოჯახის შესახებ.
– მართლა განგებამ შემახვედრა ადამიანთან, რომელიც იყო ვაჟა-ფშაველას შვილი – გულქან რაზიკაშვილი. იმდენი დრო დავკარგე ამ შეხვედრამდე, რაზეც გული მწყდება, მაგრამ ალბათ, ეგ ნაწილი უნდა გადარჩენილიყო-მეთქი – ასე დავიიმედებ თავს. განა სხვებმა ცოტა იმუშავეს? რამდენი წიგნია ვაჟაზე, რამდენი ინტერვიუ გულქანთან – სატელევიზიო, საგაზეთო თუ რადიოს ფორმატის. მაგრამ მე ცოტა სხვანაირად გამეხსნა და ჩვენ დავმეგობრდით. 90 წლის იყო მაშინ გულქანი.
– ძალიან რთული იყო, რომ ახლოს მიეშვი და გახსნილიყო. მისი ინტერვიუები ძალიან მშრალი იყოო, ამბობდით.
– თითქმის ყველა ჟურნალისტს ერთნაირ პასუხებს სცემდა. არავის ვაკნინებ, პირიქით, მთელი გულით მიდიოდა ყველა და უნდოდათ, რომ მისგან წამოეღოთ ეს ინფორმაცია. მართლა ყველა მადლობის ღირსია. მისგან გაკეთებული ერთი სიტყვაც კი ფასეულია. მაგრამ მისი საუბრიდან მე ვერ ვიგებდი, რანაირი იყო და გულწრფელად გეტყვით, არ მაინტერესებდა. ჩემთვის ძალიან ერთფეროვანი იყო. მე ვიყავი დამნაშავე, ვერ ვხვდებოდი, რომ გულქანს თითქმის სულ თანაბარ კითხვებს უსვამენ. მერე ხშირად მეტყოდა: როგორი იყო მამა? – ეგრე მკითხავენო. დავაკვირდი და მართლა ეგრე ჰკითხავდნენ. მამა იყო ლამაზი, მაღალი, კეთილი (იცინის). კომუნისტური დახასიათება, წარმოუდგენლად არაფრის მთქმელი. ამიტომ ვფიქრობდი, არ აინტერესებს ამას თავის მამის ცხოვრება-მეთქი. მაგრამ ამირანის უბის წიგნაკმა მომცა ძალიან დიდი ინფორმაცია და მე მადლობელი
ვარ მისი, ჩემი მეუღლის – ამირან არაბულის. ეგეც ფოლკლორისტია. ჩარგალში ერთ-ერთი მისი ექსპედიციის ჩანაწერებს ვკითხულობდი და უცებ ვნახე დიალოგი გულქან რაზიკაშვილთან. ეკითხება: ამირანო, ხევსური ხარა? ეს ეუბნება: კი, ხევსური ვარო. მაშ, არ გაგიკვირდება ბურნუთიანთ ცხვირი. ანუ, დაფქული თამბაქო, რომელსაც ცხვირში ისრუტავენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მთაში ბურნუთი ძალიან მიღებული იყო. „კიდევაც მოვსწევ ემ საათშია, კიდევაც გავილამაზებ ცხვირსაო“. ისეთი იუმორი და იმდენი რამ დავინახე ერთ-ორ წინადადებაში, გადავწყვიტე ჩარგალში წავსულიყავი. ასეც მოვიქეცი და დავმეგობრდით მე და გულქანი.
– და მოგიყვათ ამ ლექსის ისტორია?!
– ბევრი რამ. სულ ეზოში ვისხედით. გამახედა გაღმა ტყის ფერდზე – „ვიდეგ, აი, ექა“. პატარა ვიყავი და ხბოებს ვედექი, განა მარტო მე, მთელი ბავშვები სოფლისა და უცებ წვიმა მოვიდაო. „ჩამდიოდა კაბის ბოლოზედა წკრიალასა წყალი“. სულ გალუმპული ვიყავი, მაგრამ არ მქონდა წამოსახური, სად მქონდა მაგის საშუალება. ჭექა-ქუხილის და დიდი წვიმის შემდეგ, ცხელი მზე ამოვიდა. მაკანკალებდა, მზეზე დავდექი და ორთქლი ამდიოდაო. ხედავს, რომ ყველასთან ოჯახის წევრები მოდიან და გამოსაცვლელები მოაქვთ: „მოუტანეს ყველასა სახვევები. მე არა, არავინა“. მაშინ ვიფიქრე, მე რომ დედა მყოლოდა ცოცხალი, მეც ხომ მომიტანდნენ მოსახვევსო?! ცერა თითი მოკეცა, ხელი დაიდო და მაჩვენა, ამოდენა პური მქონდა გუდაში საგზლად, ის ამოვიღე და ვღეჭავდი. თან ვფიქრობდი: „რამ შემქნა ადამიანად, რატო არ მოველ წვიმადა?! ამითვისებედნენ ღურბელნი, თან მატარებდენ შვილადა”. წარმოიდგინეთ, როგორი მგრძნობიარე, ასლი და კვალი იყო სიტყვის გრძნობაში, თავის დიდი მამისა. დავიმახსოვრე და რომ მოვედი, მამას ვუთხარი: მამა, იცი, დღეს მე ლექსი ვთქვი-მეთქი. როგორო, გოგოო?! ესე მომმართავდა. წვიმის მერე ვთქვიო. „პირველად მაკოცა მაშინა მამამა“.
  მთის კაცები არ ჰკოცნიდნენ შვილებს არ ეფერებოდნენ ბევრად იმ დროს. მაკოცა და მითხრა: გოგოო, შენ ჩემზე დიდი პოეტი ყოფილხარო. თან გაიცინაო. ამის მერე, ეგეთი რამე რომ წამოგვარდება, ქვაზე დაწერე და მომიტანეო.
– გულქანმა არ იცოდა, რაც მოჰყვა ამას, არა?
– არ იცოდა, რომ მამამ ეს სხვა ლექსად აქცია. მე კი დავწერდი რაღაცებს თუ გამახსენდებოდა, მაგრამ „დამიბზიკალავდნენ ხბოები, ამათ დევნას გამოვუდგებოდი, მექცეოდა მხარი და დავანებებდი თავსა“. ბუზებისგან დამფრთხალ ხბოებს რომ გამოდევნებოდა, მხარი ექცეოდა და ვეღარ პოულობდა იმ ქვას, რომელზეც დაწერდა. „სულ მეტყოდა მამა: გოგო, გულქანო, იები მომიკრიფე. მოიტანე და სტაქანში გამიკეთეო. სულ მოვუტანდი მამასა ყვავილებსა“.
  90 წლის იყო, მაგრამ თითო დიალოგი მამასთან წვრილად ახსოვდა. „ერთხელ, ძროხები დაგვეკარგნენ, ვეძებდი და დამაღამდა. რომ მოვედი, მამა წამოწოლილიყო, ჩემი დედინაცვალი ხინკალს ახვევდა. შევიხედე ოთახში და დავუძახე, ძროხები რომ არ გიპოვიათ და ხინკალს ახვევთ, მგელმა რომ შეჭამოს, რას აპირებთო? შემოდი, ნუ დაბლატუნობ, ამ ღამეში არაფერმა გაგგლიჯოსო, – დამიძახა მამამ.“ როგორ შემოვიდე შე თვალებდასათხრელოო. დაუძახებია პატარა შტერ ბავშვს ვაჟასთვის (იცინის). გადმოხტა მამა და ახლა ქათმები რომ ფუტკულაობენ, მანდ ველური ვარდის დიდი ბუჩქი იყო. იქ მაშინაც ქათმები ფუტკულაობდნენ და შევვარდი. როგორც ჩანს, ვაჟას უკვე საღამურები ეცვა. გულქანი იხსენებდა, ამ ღამეში მამამ თეთრად გადაირბინა ჭიჭახელასკენ და მე ფეხებში ვეგდეო. მე მაინც, გამორჩეულად ვუყვარდი. ჩემთვის ხელი არ დაუკარებია არასდროს. სიცილით შემოვიდა მერე, მე ჩემი დის ტახტის ქვეშ ვიყავი შემძვრალი. არ მოვიდაო, იმას ჰკითხა და ის რომ დაიბნა, მამა მიხვდა, რომ შინ ვიყავი, კარი გაიხურა და შევიდა თავის ოთახშიო.
– აკაკი წერეთელი და „სულიკოს“ ისტორია – ამაზეც ძალიან საინტერესო ამბავს წასწყდომიხართ ერთ-ერთ სოფელში.
– იცით, რომ ფოლკლორი, ჩემი პროფესიაა. ანუ, ხალხური სიტყვიერება. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გახლავართ ამ მიმართულების ხელმძღვანელი და საქართველოს მასშტაბით, მეხება ტექსტებზე მუშაობა ყველა რეგიონსა თუ ერთკაციან სოფელში. ამიტომ მუდმივად ექსპედიციებში მიწევს ყოფნა. ერთ-ერთ კომპლექსურ ექსპედიციას ვხელმძღვანელობდი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა თონეთში. რომელსაც ძველად დვალთას ეძახდნენ. იქ შემეკითხა ერთ-ერთი ადგილობრივი – თქვენ იცით ხომ, ვის სოფელში ხართო? ვიცოდი, რა გვარები ცხოვრობდნენ და დიახ-მეთქი, მივუგე, სხვა ამბებიც ვუთხარი, ვიფიქრე, ამას გულისხმობდა. მაგრამ არაო. აკაკის „სულიკო“ ხომ იცით, აი, ის სულიკო ამ სოფლიდან იყოო. ეს სიმღერა მსოფლიოსაა მოდებული და არაერთი ვერსია არსებობს. არავითარ შემთხვევაში არ ველოდი სულიკოს თეთრიწყაროსთან დაკავშირებას. როგორც მიამბეს, თურმე, ამ დვალთადან, ჩამოდიოდნენ კაცები ურმებით და ქალაქ თბილისს ნახშირით ამარაგებდნენ. ამით სულს ითქვამდა ის სოფელი, სხვა სოფლების მსგავსად. მათ შორის იყო, ერთ-ერთი მეურმე სამადალაშვილი, რომელსაც ხვდებოდა აკაკი წერეთელი. მაგ დროს აკაკის სახლი არ ჰქონდა და სულ ვიღაცასთან აფარებდა თავს, მაგრამ ეს სახლიც დიდი იყო და მათი პატრონების შესაძლებლობაც, ვიღაცებთან კი არა, ძალიან ცნობილ ქართველებთან რჩებოდა ხოლმე და ეტყობა, იქ მიჰქონდა ნახშირი. გარდა ამისა, აქაურ ნამდვილ პროდუქტსაც დააბარებდა ხოლმეო, ყვებიან მთხრობელები.
  ზალიკო სამადალაშვილს, ჰყოლია ძმა – სულიკო. ზალიკოც კარგი კაცი იყო და სულიკო არაჩვეულებრივი ახალგაზრდაო. შეყვარებული ჰყავდა, დაინიშნა და მალე ქორწილი უნდა ჰქონოდა. სულიკო ტანსაცმლის საყიდლად წავიდა თბილისში, მაგრამ დღეები გავიდა და აღარ გამოჩნდა, დაიკარგაო. დაიწყეს ძებნა, მთელი სოფელი გამოვიდა, მაგრამ ვერ იპოვეს. დანიშნული გოგოც ტირილით ეძებდა ტყე-ღრეშიო. ამასობაში დაზამთრდა, გამოზაფხულდა კიდეც და გამოზაფხულზე იპოვეს ტყეში ძვლები. ქამარ-ხანჯლით და მაღალი ფეხებით იცნო ძმამო. რა თქმა უნდა, გააპატიოსნეს და დამარხეს. რაღაც პერიოდის შემდეგ, მისი ძმა – ზალიკო ჩამოდის ქალაქში და ისევ ხვდება აკაკის, რომელიც ეკითხება, სად დაიკარგეო და გაუბედურებული ძმაც უყვება, რაც გადახდა მის ოჯახს. 90 წლის კაცების მონათხრობი ახსოვთ სოფელში, როგორ ავიდა აკაკი ეტლით სამძიმრის სათქმელად და როგორ მივიდა მის საფლავზე, სადაც დაუხვდა მტირალი, დანიშნული გოგო. მანამდე ლექსი დაუწერია ზალიკოსთვის „ჩემი ძმის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო...” მაგრამ იქ რომ მივიდა და ეს მტირალი გოგო ნახა, გაუბედურებული და უთხრეს, ცრემლი არ შეშრობია, ისე გლოვობსო, მაშინ გადაუკეთებია „საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო...”.
ხალხური თქმულების ერთი თვისება ავიწყდებათ ადამიანებს – მას მტკიცებითი ფორმა არ აქვს. ეს არის ძალიან ლამაზი ლეგენდა, ამ სოფლის დიდი ტკივილი, რომელსაც ვერ ივიწყებენ და მას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება.

скачать dle 11.3