№16 ქეთი ჩხიკვაძე: მონიკა ბელუჩის ყველა ლუქს მე ვაცმევდი და ვხდიდი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ქეთი ჩხიკვაძეს მოდის ინდუსტრიასთან თხუთმეტ წელზე მეტი აკავშირებს და არაერთი წარმატების ფონზე, მუდმივად ცდილობს, კიდევ უფრო მეტის მიღწევას. ამჯერად თავის დამკვიდრება პარიზში გადაწყვიტა და სულ რამდენიმე თვეში მოახერხა ისე, რომ პრესტიჟული ჟურნალის – Harpers Bazar-ის, ყაზახური გამოცემის გარეკანზე, მონიკა ბელუჩი მისი სამოსით პოზირებდა.
ქეთი ჩხიკვაძე: თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მეუღლის სამსახურიდან გამომდინარე, საცხოვრებლად ყაზახეთში გადავედი. შესაბამისად, მოდის ინდუსტრიაში ჩემი პირველი ნაბიჯები ყაზახეთს უკავშირდება. იქ გავხსენი მაღაზია, დავიწყე მოდის კვირეულებში მონაწილეობის მიღება და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად განვითარდა. რამდენიმე წლის შემდეგ, კვლავ საქართველოში დავბრუნდით და აქ განვაგრძე ჩემი საქმიანობა. სექტემბერში კი ერთი წელი გახდება მას შემდეგ, რაც პარზიში გადავედი საცხოვრებლად.
– წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი რამ შეიცვალა. რა იყო მაშინ მთავარი გამოწვევა და რას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა წარმატების მისაღწევად?
– წარმატების მისაღწევად ბრძოლა მუდმივი პროცესია. ამის გარეშე ვერ განვითარდები. საკუთარი ქვეყნიდან დაწყებული, განსაკუთრებით კი სხვა ქვეყანაში, ბევრი შრომა გიწევს თავის დასამკვიდრებლად. ახლა, როცა ჩემი გეგმები უკვე პარიზს ეხება, ამას კიდევ უფრო რთულ და გრძელვადიან პერსპექტივად ვხედავ. თუმცა, პირველი ნაბიჯების გათვალისწინებით, ვგულისხმობ მონიკა ბელუჩისა და ოლგა კურილენკოსნაირ ვარსკვლავებთან თანამშრომლობას, ვფიქრობ, ნელ-ნელა იქაც ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება. ჩვენს სფეროში მთავარი სწორ ადგილას სწორ დროს მოხვედრაა. კოლექციების ექსკლუზიურობასთან ერთად, იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შენი კოლექცია რაღაცით უნდა გამოირჩეოდეს, შენს ხელწერას უსვამდეს ხაზს, რითაც კლიენტი უნდა მოიხიბლოს. მნიშვნელოვანია კოლექციის პრაქტიკულობა და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბიზნესის განვითარების გეგმას. სხვა მხრივ, ეს მხოლოდ გართობა იქნება.
– პარიზში ერთ წელზე ნაკლებ დროში გამოგივიდათ ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმა, მონიკა ბელუჩისთან თანამშრომლობის სახით.
– ბოლო წლებში ჩემს ფრანგ კოლეგასთან ერთად ვმუშაობ. ის, პარალელურად, ძალიან კარგი ჟურნალისტია და ცნობილ ადამიანებთან ერთად აწყობს გადაღებებს. ამ გადაღებების დროს მე მას ვეხმარები, როგორც სტილისტი – ერთად ვარჩევთ, რა ჩავაცვათ მოდელს. თუმცა, აქ მხოლოდ ჩემს სამოსზე არაა საუბარი, ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდიდან განვიხილავთ. მას, რა თქმა უნდა, მოსწონს ჩემი კოსტიუმები. ამ შემთხვევაში, მონიკაც მოიხიბლა ჩემი სამოსით და ჟურნალმაც დაბეჭდა. კარგი კოლექცია, კარგი მეგობარი და სწორ ადგილას მოხვედრა უკვე ბევრ რამეს განსაზღვრავს.
იღბალი და საქმე ერთად, თორემ რაც არ უნდა კარგი მეგობარი გყავდეს, თუ საქმით არ იმაგრებ ზურგს, მსგავს რამეს არავინ გაგიკეთებს.
იღბალი და საქმე ერთად, თორემ რაც არ უნდა კარგი მეგობარი გყავდეს, თუ საქმით არ იმაგრებ ზურგს, მსგავს რამეს არავინ გაგიკეთებს.
– როგორ გაიხსენებთ მონიკა ბელუჩისთან მუშაობას?
– მთელი დღე ერთად ვმუშაობდით და ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესი იყო. ფანჯრიდან ეიფელის კოშკი ჩანს, ოთახში კი მონიკა ბელუჩისთან ერთად მუშაობ – მართლა საოცარი გარემო იყო. ეს არ იყო ერთადერთი გადაღება, მეორეც იგეგმება. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დროებით გაჩერებული ვართ, თუმცა, ეს თანამშრომლობა პერსპექტივაში განიხილება. მონიკა უზომოდ შრომისმოყვარე და ზრდილობიანი აღმოჩნდა. ნამდვილი ქალია, უზომოდ კომფორტული პიროვნება. მთელი დღე ვმუშაობდით, მე ვაცმევდი და ვხდიდი ყველა ლუქს, შესაბამისად, კომუნიკაცია გვქონდა. საქართველოს შესახებ იცოდა.
– ალბათ, არ არის პირველი შემთხვევა, „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებთან ურთიერთობის თვალსაზრისით...
– ნამდვილად. ეს ყველაფერი ამერიკიდან დაიწყო. ლოს-ანჯელესშია ქართველი დიზაინერების კოლექციები და არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მოირგო ჩემი სამოსი. ქართველი დიზაინერების სამოსი უკვე ძალიან ტრენდული გახდა. აქეთ დემნა ასეთ სახელს უხვეჭს საქართველოს და მეორე მხრივ, ყველა თავისებურად ცდილობს იგივეს გაკეთებას.
– შეიხა მოზა არაბული სამყაროს ყველაზე მოდური და გავლენიანი ქალი, თქვენი აქტიური მომხმარებელი ყოფილა.
– შეიხის ოჯახი ძალიან ხშირად მეკონტაქტება, სხვათა შორის, ახლაც. საქართველოში იყვნენ ჩამოსულები და ეკა მამალაძემ ჩემს მაღაზიაში მოიყვანა. ძალიან ბევრი კაბა იყიდეს. მას შემდეგ შეიხა მოზას და მეკონტაქტება და ყოველი კოლექციიდან მიკვეთავს კაბებს.
– თქვენეული ქალი როგორია?
– დრო და გამოცდილება ქმნის სტილს. ეს არის ის, რაც შიგნიდან მოდის და მას განვითარება სჭირდება. ყველა კოლექციაში ვინარჩუნებ ჩემს მთავარ სტილს, მაგრამ ვცდილობ, დავამატო ახალი დეტალი, რომელიც ცნობილი გახდება. მათ შორის, ვარდების, გულების, პლანეტების თემები. ჩემს კოლექციაში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტანსაცმლის პრაქტიკულობას, ელეგანტურობასა და ქალურ სილუეტს. მიუხედავად იმისა,
რომ ბოლო წლებში ტენდენციები „ოვერსაიზებსა“ და კაცურ სტილს გვთავაზობდა, მე შევინარჩუნე უფრო პრაქტიკული, ქალური და გამორჩეული დეტალებით დასამახსოვრებელი სტილი. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა შენს კოლექციას ცნობენ, რომ შეუძლიათ ის კონკრეტული დიზაინერის ხელწერას მიაკუთვნონ.
რომ ბოლო წლებში ტენდენციები „ოვერსაიზებსა“ და კაცურ სტილს გვთავაზობდა, მე შევინარჩუნე უფრო პრაქტიკული, ქალური და გამორჩეული დეტალებით დასამახსოვრებელი სტილი. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა შენს კოლექციას ცნობენ, რომ შეუძლიათ ის კონკრეტული დიზაინერის ხელწერას მიაკუთვნონ.
– სად უფრო რთულია აღიარების მოპოვება?
– საქართველო, ამ მხრივ, ერთ-ერთი რთული ქვეყანაა, მაგრამ რადგან აქ ცხოვრობ და ბევრ ადამიანს იცნობ, ეს რაღაც დონეზე გიმარტივებს საქმის კეთებას. ყაზახეთში არავის ვიცნობდი და სახელის დამკვიდრება რთული პროცესი იყო. ახლა იმავე ეტაპს გავდივარ აქ. პარიზში ნამდვილად არაა მარტივი ამ სფეროში წარმატების მიღწევა. აქ კონკურენციის გაძლება ყველაზე რთულია. ამ გზაზე, რაღაც დონეზე, გამართლებასაც დიდი ადგილი უკავია. თუმცა, ბოლო ათი წელია, პარიზში წელიწადში ორჯერ ვმართავ შოუ-რუმებს, ბაერები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან და შეკვეთებს წერენ, მაგრამ აქ ცხოვრება და ისეთ პროექტებში მონაწილეობის მიღება, როგორიც იყო მონიკასა და ოლგასთან თანამშრომლობა, ძალიან მნიშვნელოვანია და არც თუ ისე მარტივი.
– რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პირად დიზაინერობას, ეს თანამშრომლობა როგორ დაიწყო?
– პრეზიდენტი მარტო ჩემთან არ იცვამს. ის რამდენიმე ქართველ დიზაინერთან თანამშრომლობს და მათ შორის ვარ მეც. ჩვენ ყველა მასთან ერთად ვმუშაობთ და ვქმნით ტანსაცმელს, რომელიც მას მოსწონს და უხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქართველოს პრეზიდენტს ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობის სურვილი აქვს.
– მისი ჩაცმულობა რამდენჯერმე სკანდალურიც გახდა, მაშინ საქმე თქვენ სამოსს ეხებოდა?
– კი. ჩემი კოლექციიდან წითელი პიჯაკი ეცვა ვაშინგტონში ტრამპთან შეხვედრაზე და მაშინ „კალგოტკაზე“ ატყდა პანიკა, რატომ აცვია ეს ფერიო. ასეთ ნიუანსებში დიზაინერები არ ერევიან და ესეც გემოვნების მომენტია, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას – არა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ შესაფერისად იყო გამოწყობილი, ძალიან უხდებოდა.
– რამდენად პრეტენზიულია ამ საკითხში პრეზიდენტი?
– ძალიან დამყოლი და აბსოლუტურად უპრეტენზიოა. იცის, რა უხდება და რა მოსწონს. ჩვენც ჩვენი კოლექციებიდან შესაბამის მოდელებს ვურჩევთ. ამაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, მე ვფიქრობ, პრეზიდენტის ჩაცმულობა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისი პიროვნება და საქმიანობა.
– „პრეზიდენტის პირადი დიზაინერი კარანტინშია“ – დიდი ამბები მოჰყვა თქვენს საქართველოში დაბრუნებას.
– კი, მაგრამ ეს პერიოდი დასრულდა. თუმცა, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, პრეზიდენტის პირადი დიზაინერი არა, ერთ-ერთი დიზაინერი ვარ. როცა ეს სიტუაცია შეიქმნა, პარიზში არ იყო ასეთი ინფორმირებული საზოგადოება. ზუსტად წინა დღით გამოვიდა პრეზიდენტი მაკრონი და ოფიციალურად ისაუბრა ამ ყველაფერზე. საქართველოში უფრო ადრე დაიწყეს რეაგირება ამ საკითხზე. ამიტომ, მეუღლემ დამირეკა და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯობდა დროულად წამოვსულიყავი. საქმე საზღვრების ჩაკეტვამდე მიდიოდა და ჩვენ გამოვასწარით ამ მომენტს, მაგრამ კანონით თვითიზოლაცია უკვე გვეკუთვნოდა. შესაბამისად, მე და ჩემმა ქალიშვილმა, ერთი დღე კარანტინში და ორი კვირა თვითიზოლაციაში გავატარეთ. ძალიან სასიამოვნო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ვიყავი საქართველოში, საკუთარ სახლში, რაც ასეთ მდგომარეობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ორი კვირა სწრაფად გავიდა, დავისვენე, ვიმეცადინე, გავერთე. ნამდვილად არ გამჭირვებია. ასეთ მდგომარეობაში სახლში გაჩერება არც ისეთი რთულია იმასთან შედარებით, რა საფრთხეც გარეთ გველოდება. ეს არაა ტრაგედია, რომლის გამოც შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდე. პირიქით, ხანდახან კარგიცაა საკუთარ თავთან დარჩენის საშუალება რომ გაქვს. ბოლო 15 წელია, ასე კარგად არ დამისვენია, არსად მეჩქარებოდა. უმცროსი შვილები ძალიან მენატრებოდნენ, მაგრამ ორი კვირა ძალიან მალე გავიდა. ერთ ოთახში, კარანტინში ყოფნა უფრო რთულია, მაგრამ სადაც პირველ დღეს წაგვიყვანეს, იმდენად კარგი პირობები დაგვხვდა, დარწმუნებული ვარ, იქაც არ გამიჭირდებოდა.