№16 დავით ოქიტაშვილი: როდესაც შენზე არ ილაპარაკებენ, ჩათვალე, არასწორად ცხოვრობ
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: დავითი.
გვარი: ოქიტაშვილი.
თანამდებობა: კულტურის პალატის პრეზიდენტი.
– ბავშვობა...
– ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და დედა ყოველთვის სამასწავლებლო ოთახის კართან იდგა ხოლმე. მასწავლებლები ეუბნებოდნენ, ამ ბავშვისგან არაფერი გამოვაო. სულ შატალოებზე დავდიოდი. გარდატეხის პერიოდმა რომ გადაიარა, მერე ცოტა დავწყნარდი.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მეტალურგიის განხრით. ჩემი მშობლები მკაცრები იყვნენ და დღე ვმუშაობდი, ღამე ვსწავლობდი. ისინი ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა მესწავლა. ჩემს ოჯახს არასოდეს უჭირდა, მაგრამ ყოველთვის ვმუშაობდი. რაც შეეხება კულტურას, დედა იყო მოცეკვავე და ჩვენს ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ცნობილი ადამიანები. თავადაც ვცეკვავდი და ამ სფეროს მიმართ ყოველთვის მქონდა ინტერესი, თუმცა ის, რომ დღეს ამ სფეროში ვარ, ბატონი ზურაბ ჟვანიას დიდი დამსახურებაა. ჩვენ მეგობრები ვიყავით. მან მითხრა, რომ უნდა მოვფერებოდით ამ ადამიანებს, რადგან ისინი ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას.
– მშობლების როლი...
– მშობელი ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა მშობლებმა დამოუკიდებლად ცხოვრებისკენ მომცეს მიმართულება. მათ ხელი შეუწყვეს ჩემს პიროვნულ ზრდას და მიუხედავად შესაძლებლობისა, ჩემთვის არასოდეს შეუქმნიათ „სასათბურე“ მდგომაროება. როცა ჩემი ჯარში გაწვევის საკითხი იდგა, მამას ვუთხარი, კოჯორში ან კიკეთში დავეტოვებინე, მაგრამ წინააღმდეგი აღმოჩნდა და გამიშვეს პოლონეთში. ჩემი მშობლების მიზანი იყო, მესწავლა დამოუკიდებელი ცხოვრება და მითხრეს: თუ ეს ორი წელი გაძლებ მშობლების გარეშე, სრულიად მარტო, საკუთარი თავის იმედად, ჩათვალე, ცხოვრებაში არაფერი გაგიჭირდებაო. მართლაც, ეს ორი წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იყო.
– ადამიანში ვაფასებ...
– ადამიანობას. პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყო, დანარჩენს, ყველაფერს მიაღწევ. არასოდეს დასცინო ვინმეს და არ გადმოხედო ზემოდან, რადგან არავინ იცის, ცხოვრებაში ვის რა დაემართება.
– წარმატებულია ადამიანი...
– თუ ხალხს უყვარს. რამდენიც უნდა იშრომო და რაც უნდა გააკეთო, თუ არ უყვარხარ ადამიანებს, რომლებსაც ემსახურები და ვისთანაც შეხება გაქვს, ვერ იქნები წარმატებული.
– მეშინია...
– არაფრის. რისი უნდა გეშინოდეს, რაც მოსახდენია, ყოველთვის მოხდება, ამიტომ არ მაქვს არანაირი შიში. ერთადერთი, რაც ცხოვრებაში
მეზიზღება და რის მიმართაც ცუდი შეგრძნება მაქვს, ეს არის ვირთხა. ადამიანისთვისაც მითქვამს: შენ ხარ ვირთხრა! ეს ცუდი რამ არის, მაპატიეთ, მაგრამ დაუმსახურებია.
მეზიზღება და რის მიმართაც ცუდი შეგრძნება მაქვს, ეს არის ვირთხა. ადამიანისთვისაც მითქვამს: შენ ხარ ვირთხრა! ეს ცუდი რამ არის, მაპატიეთ, მაგრამ დაუმსახურებია.
– ცოდვა – ეს არის...
– ადამიანის მოტყუება და დაცინვა. ყველაზე დიდი ცოდვაა დაუნახაობა, შუღლი და შური. ცხოვრებაში არავისი არაფერი შემშურებია. ერთადერთი, რაც კეთილი შურით მშურდა, თხილამურებზე სრიალია, არ ვიცოდი და ეგეც ვისწავლე. როდესაც შენ გარშემო ბევრი კარგადაა, ამით ბედნიერი უნდა იყო. არასოდეს ჩაიკეტო საკუთარ თავში და არ დასცინო სხვას. არ მიყვარს შარიანი ადამიანები, თუმცა მიწევს ასეთ კატეგორიასთან შეხვედრა და ვცდილობ, დისტანცია დავიჭირო მათთან.
– მაღიზიანებს...
– ტყუილი და დაუნახაობა. მეც მომიტყუებია, მაგრამ ეს არ ყოფილა მავნე, მაგალითად, მითქვამს: სამსახურში ვარ და ამ დროს სხვაგან ვყოფილვარ, ამას კეთილ ტყუილს ვეძახი, მაგრამ თვალებში რომ გიყურებენ და გატყუებენ, ეს არის უბედურება. ტყუილი არშემდგარი ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა.
– ბედისწერა...
– რაც ღმერთმა მოგცა, ის არის შენი ბედისწერა. ადამიანი აფერისტი და მატყუარა კი არ ხდება, ასეთად იბადება. ადამიანი ვერ გარდაიქმნება, ვერ შეიცვლება. უბრალოდ, წლების მერე ავლენს თვისებებს. ყველას გვაქვს უარყოფითი თვისებები, რომლებსაც რაც არ უნდა გვითხრან, ვერ შევიცვლით.
– რისკი...
– მიყვარს რისკი, ამ ცხოვრებაში თუ არ გარისკე, უკან-უკან წახვალ. ყოველთვის უნდა სცადო. ბევრი რამ გამირისკავს და ბევრი მიმართულებით გამართლებულა კიდეც.
– სიყვარული – ეს არის...
– გრძნობა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. „მე შენ მიყვარხარ“ რომ უთხრა ადამიანს, საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყო. „მიყვარხარ“ – ამ სიტყვას ძლიერი ძალა აქვს და არ უნდა გაუფასურდეს.
– მეუღლის როლი...
– 26 წელია, ერთად ვართ და მადლობა მინდა, გადავუხადო. ჩვენი მთავარი მიზანი შვილების სწორად აღზრდა იყო. 24 საათი გარეთ ვიყავი და ბავშვებთან, ძირითადად, ირინა რჩებოდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილებს არ ახასიათებთ ცინიკოსობა და ადამიანების დაცინვა, არ ირჩევენ მეგობრებს სტატუსების მიხედვით. როცა შვილს პროგრამას აძლევ, ვისთან უნდა იმეგობროს და ვისთან არა, ისინი არშემდგარი ადამიანები ხდებიან და უჭირთ ცხოვრებაში ადაპტირება.
– ქალს ალამაზებს...
– თავისი ქცევა. არასოდეს ვაფასებ ადამიანს სილამაზით, თუმცა, რასაკვირველია, ყველას თავისებური სილამაზე აქვს. ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ქალს, ყველაზე მეტად შინაგანი თვისებები ალამაზებს.
– ის, რაც უპატიებელია....
– ტყუილი და ღალატი ყველაზე მიუღებელია ჩემთვის.
– ეჭვიანი ხართ?
– არა. ეჭვიანობა ავადმყოფობაა. თუ ადამიანს უნდა, რომ მოგატყუოს და გიღალატოს, ისე გააკეთებს ამას, რომ ვერც გაიგებ. ამიტომ წინასწარ ეჭვიანობა და თავის დაავადმყოფება არ მიმაჩნია სწორად. შორს ვარ მსგავსი რამისგან.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– არ გამომდის და ვამბობ ხოლმე, ღმერთმა განსაჯოს-მეთქი, მაგრამ ამისიც მეშინია – ღმერთს ბევრი დაუსჯია მისი ქმედებების გამო. ერთხელ კორონავირუსზე მკითხეს, რა აზრის ხარო და ვუპასუხე: მთელი ცხოვრება კორონები მებრძვიან, არ მგონია, ეს ვირუსი მათზე დიდი იყოს-მეთქი. ღმერთი ყველას მიუზღავს თავის წილს.
– ვყვირი, როცა...
– ვბრაზდები. უმეტესად სახლში, რადგან სახლში ვცლი ამ ემოციებს და სამსახურში არ მიმაქვს. თუმცა მარტივი არ არის ჩემი წყობიდან გამოყვანა. მეუღლე მაშაყირებს, წელიწადში ორჯერ გამოდის წყობიდანო.
– ბილწსიტყვაობთ...
– როგორც ყველა, კი.
– ვემალები...
– აფერისტ, შურიან ადამიანებს, რადგან ასეთი ადამიანებისგან ცუდი აურა მოდის და ვცდილობ, მათგან თავი შორს დავიჭირო.
– მრცხვენია...
– როცა მეუბნებიან: ამ ადამიანთან რა გინდა, ამ ადამიანს საიდან იცნობ, შენ ამ ადამიანთან რა საქმე გაქვსო.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა, პირიქით. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, არავისთან არაფერში ჩავიჭრა. როცა ბოდიშის მოხდის გრცხვენია, მაშინ არასწორად ცხოვრობ და გგონია, რომ ყველაზე მართალი ხარ ამ ქვეყანაზე, რაც არასწორია. უშეცდომო არავინაა.
– მაკვირვებს...
– ადამაინების გაუმაძღრობა, ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავი დაკარგა და დაავიწყდა, ვინ იყო სინამდვილეში. როცა ადამიანს ემეგობრები, ერთ სახლში გძინავთ და ერთ პურს იყოფთ, ფულის შოვნის მერე კი ზემოდან უყურებ, ეს მაკვირვებს.
– ვნანობ...
– ბევრი ადამიანი რომ ვერ გამოვიცანი, რეალურად ვინ იყო, ამას.
– საკუთარ თავში არ მომწონს....
– ის, რომ ვარ მიმნდობი. ყველას ვენდობი და ამან ბევრ რამეში დამღუპა.
– ვზარმაცობ...
– დრო არ მაქვს ზარმაცობისთვის.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– მწამს ღმერთის. ბედნიერი ერი ვართ, რომ ასეთი წინამძღვარი გვყავს. გულწრფელად მაბედნიერებს ის, რომ საქართველოში დავიბადე, ვერც წარმომიდგენია, სხვა ქვეყანაში რომ მეცხოვრა. ბევრი შემოთავაზება მქონდა და ახლაც მაქვს, მაგრამ ღმერთის ნება იყო, რომ არსად წავედი და დავრჩი აქ. ყოველთვის მახსენდება ჩემი უწმიდესის სიტყვები: მოვა დრო, როცა ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოშიო.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– ყოველთვის მახსენდება სოფიკო ჭიაურელის სიტყვები: როდესაც შენზე არ ილაპარაკებენ, ჩათვალე, არასწორად ცხოვრობო. კორონავირუსის შემდეგ სულ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ფული და ქონება წარმავალია, ჯანმრთელობაა მთავარი. უნდა გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი.