№16 გიორგი ღვინჯილია: ჯოჯოხეთი გამოვიარე, ამას არავის ვუსურვებ – ტერორისტად შემრაცხეს, აფხაზეთიდან გადმოიპარაო
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
სპორტსმენ გიორგი ღვინჯილიას გარშემო ძალიან დიდი სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც დადგინდა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული და სანამ ამას გაიგებდა, რამდენიმე ოჯახთან ჰქონდა კომუნიკაცია. მის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა და საზოგადოება აგრესიულად განეწყო. რა იყო მოგონილი და რა მართალი, ამის შესახებ თავად მოგვიყვება.
გიორგი ღვინჯილია: ჩემზე შექმნილი ზღაპრები, როგორც იქნა, დასრულდა. შემოწმებულია ათზე მეტი ადამიანი, ვისაც ჩემთან ჰქონდა კონტაქტი და არცერთს არ დაუდასტურდა Covid 19. ის, რომ ჩემს ძმას დაუდასტურდა, მორიგი მითია. არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს, არაფერი აქვთ. მადლობა უფალს, მისი წყალობით ყველაფერი კარგადაა და ახლა საკარანტინო დროის გასვლას ველოდებით. ყველაზე მეტად ფეხმძიმე ქალბატონზე ვნერვიულობდი და ვლოცულობდი, რომ მას არ დადასტურებოდა, ღვთის წყალობით ასეც მოხდა. ქალბატონი ჯანმრთელია.
– როდის დაიწყო ეს ამბავი და როგორ?
– ამ დღეების განმავლობაში ძალიან დიდი სტრესი გადავიტანე. ხალხმა ტერორისტად შემრაცხა, გამკიცხეს და განმდევნეს. ყველაფერი მაკადრეს. ჯერ არცერთი ადამიანის ტესტის პასუხი არ იყო ცნობილი, ვისთანაც კომუნიკაცია მქონდა, რომ მე უკვე ტერორისტად მაცხადებდნენ. მივხვდი, რომ ხალხი ძალიან ბოროტია. რაც შეეხება ამ ამბის დასაწყისს, თბილისში ვიყავი და ვიცავდი რეკომენდაციას – „დარჩი სახლში“. მაგრამ აუცილებელი საქმის გამო მომიწია სამეგრელოში წასვლა. ზოგჯერ ხდება ისე, რომ გიწევს სახლიდან გასვლა. ახლა ძალიან ბევრი ჩადის თბილისიდან რეგიონში და მეც ჩავედი გადაუდებელ საქმეზე. თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობდი ხალხთან კონტაქტს მოვრიდებოდი. მხოლოდ მათ შევხვდი, ვისთანაც ერთი კვირით ადრე თბილისშიც მქონდა კონტაქტი. აქედან რომ წავედი ერთი მგზავრი მყავდა. ის ადამიანი ქალაქ ზუგდიდში დავტოვე და მე მეგობართან მივედი. ნახევარი საათი შევედი მის ოჯახში, მაგრამ ვცდილობდი, არცერთთან ახლო კონტაქტი არ მქონოდა. იქიდან ამ მეგობართან ერთად სოფელ ლიაში წავედი მეორე მეგობართან, სადაც ერთი ღამით გავჩერდი. იქიდან წავედით სოფელ მიქავაში და იქაც ერთ ოჯახში ვიყავი. იქ ჩემი სოფელია და ბებიას საფლავზე გავედი. მეზობელმა რომ დამინახა, შემიპატიჟა. დაახლოებით ერთი საათით ვიყავი მასთან. რომ ამბობენ, ათ ოჯახთან ჰქონდა კავშირი და 150 კაცი იყო მასთან კონტაქტში, ჯვარშიც იყო, ჩხოროწყუს რაიონშიც და ასე შემდეგო, ტყუილია. ჩემი მოგზაურობის ისტორიაც მოიგონეს. მე რომ უარვყავი ეს, მერე თქვეს, რომ მამაჩემს აქვს მოგზაურობის ისტორია. რეალურად კი, არცერთს არ გვაქვს.
– საუბარი იყო იმაზეც, რომ აფხაზეთიდან გადმოხვედით. ამ ამბებიდან რა არის სიმართლე და რა არა?
– როგორც ვთქვი, ბევრ ადამიანთან არ მქონია კონტაქტი. აფხაზეთიდან გადმოსვლა დამაბრალეს. ტელეკომპანია „მთავარმა“ მოიგონა ეს ჭორი და აჟიოტაჟი გამოიწვია. დაძაბულობა და პანიკა ხელოვნურად შექმნეს. არ ვიცი, ამით რისი მიღწევა უნდოდათ. მართლა ტერორისტად გამომიყვანეს. არადა, მაქსიმალურად ვიცავდი რეკომენდაციებს. ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს. არანაირი სიმპტომი არ გამაჩნდა. თავს კარგად ვგრძნობდი და წარმოდგენა არ მქონდა, რომ შეიძლებოდა, დავინფიცირებულიყავი, რადგან არანაირი საეჭვო კონტაქტი არ მქონია. არავინ არის დაზღვეული, რომ შეიძლება, იგივე არ დაემართოს. რაც ძალიან ცუდი იყო, ჩემი მონაცემები და კონტაქტები გასაჯაროვდა. შესაბამისი ორგანოები მუშაობენ ყველა დაინფიცირებულთან და ჟურნალისტებსა და საზოგადოებაზე უკეთ ადგენენ კონტაქტებს. რადგან არ ასაჯაროებენ, ესე იგი, ასეა საჭირო და თვითონ ყველანაირ ზომებს იღებენ. ერთ საათში ჩემი ყველა კონტაქტი დადგენილი ჰქონდათ და ადამიანები კარანტინში გადაჰყავდათ. ამაზე უკეთ რეაგირებას, არ ვიცი, ვინ მოახდენდა. შესაბამისად, არ ვიცი, ვის და რატომ დასჭირდა ჩემი მონაცემების გასაჯაროება. ამ ხალხს თუ იცნობთ, ერიდეთო, წერდნენ. ჩემს თავზე საერთოდ არ ვნერვიულობდი, მაგრამ ეს ადამიანები, ვისაც ჩემთან ჰქონდათ კონტაქტი, კეთროვანებად გამოიყვანეს და უდიდესი მორალური ზიანი მიაყენეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს. შემდეგ ტელევიზია მივარდა სამივე ოჯახში და მათი საცხოვრებლები გააშუქეს. რის შემდეგაც უამრავი ადამიანი ურეკავთ და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან. თვეების წინ რომ ჰქონდათ კომუნიკაცია, ისინიც კი ურეკავდნენ. უამრავ ტყუილს ვისმენდი ჩემ შესახებ, რუსეთიდან ჩამოვიდა, მთელი სამეგრელო მოიარაო და მთელი სამეგრელო პანიკაში იყო. მგონი, მარნეულის შემთხვევაც მე დამაბრალეს. ამიტომ იძულებული გავხდი, ყველაფრისთვის ფარდა ამეხადა. უნდა მეთქვა, რომ იტყუებოდნენ და ამ ყველაფერს მაბრალებდნენ. ეს ადამიანები, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, ჩემთვის უცხოები არ არიან, ახლობლები და მეგობრები არიან. ყველა გაგებით მოეკიდა ჩემს მდგომარეობას. არცერთს დავუდანაშაულებივარ, რომ იქ სპეციალურად ჩავედი. ყველა მამხნევებდა და გვერდით მედგა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო. მაგრამ ისინი, ვისაც წარმოდგენა არ ჰქონდა რა იყო სიმართლე და რა ტყუილი, მაკრიტიკებდნენ, მწყევლიდნენ, სიკვდილს მისურვებდნენ. რასაც ჰქვია, ჯვარს მაცვეს. ბევრი საშინელება მოვისმინე, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო ამ ადამიანებისთვის ინფიცირება არ დაედგინათ. არც დაუდგინდათ და მე ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაა, რომ მათთან ყოფნისას დისტანციას მაქსიმალურად ვიცავდი.
– თქვენ როდის და რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ შეიძლებოდა, დაინფიცირებული ყოფილიყავით?
– არანაირი სიმპტომი არ მქონდა. სამეგრელოდან თბილისში რომ ჩამოვედი, ერთადერთი რაც შევნიშნე, ყნოსვის დაქვეითებაა. პირველ აპრილს, ანუ, მეორე დღეს სრულად დავკარგე ყნოსვა. საღამოს მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ პასუხს ელოდა ინფექციურში კოვიდ 19-ზე. ამ ბიჭთან კონტაქტი სამეგრელოში წასვლამდე დაახლოებით ათი დღით ადრე მქონდა. დაუდასტურდა. სიმპტომები ვკითხე და ერთ-ერთი ყნოსვის დაქვეითება იყო, რამაც დამაეჭვა, თორემ სხვა არაფერი მაწუხებდა. შესაბამისი ორგანოები ჩავაყენე საქმის კურსში და შემდეგ სამეგრელოში დავრეკე, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ჩემთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში მოქცეულიყო. სამ აპრილს მეც დამიდგინდა ვირუსი და ერთ საათში თითქმის ყველა, ვისაც ჩემთან ჰქონდა კონტაქტი თვითიზოლაციაში იყო გადაყვანილი. ხუთი დღის განმავლობაში ნერვიულობისგან თითქმის არ მიძინია. ყოველდღე პასუხებს ველოდი, ყოველდღე ამოწმებდნენ ვიღაცას. ეს იმხელა სტრესი იყო, არ ვიცი... გულისფანცქალით ველოდი პასუხებს და უარყოფითი რომ მოდიოდა, ამოვისუნთქებდი ხოლმე. ჯოჯოხეთი გამოვიარე, ამას არავის ვუსურვებ. თან, ცალკე კრიტიკა, მედია, ტერორისტად შერაცხვა. ჩემზე თქვეს, აფხაზეთიდან გადმოიპარაო. არ იცოდნენ, სად დავინფიცირდი და მოგზაურობის ისტორია მომიგონეს. არადა დავინფიცირდი მეგობრისგან, რომელიც თავად შიდა გადაცემით დაინფიცირდა.
– სპორტსმენი ხართ, ფიზიკურად ჯანმრთელი და თავად შეიძლება, რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნებით, ამ შემთხვევაში უფრო ფსიქოლოგიურ სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება, ვიდრე ფიზიკურთან.
– ახლა ბოქსირებულ განყოფილებაში ვარ. მე რომ დაინფიცირებული ვარ, ამაზე ამ დღეების განმავლობაში ერთხელაც არ მიფიქრია, მაგრამ ემოციური ფონი იყო ძალიან მაღალი ამ ადამიანებისადმი პასუხისმგებლობის გამო. თუმცა იყვნენ კეთილი ადამიანებიც, რომლებიც თავიანთი მხარდაჭერით, გულს მითბობდნენ. ბევრი სრულიად უცხო ადამიანი, ჩემი ახლობლები და მეგობრები, თვითონ კარანტინში მყოფები მამხნევებდნენ და ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა მათი დახმარებით გადავლახე. რა თქმა უნდა, დიდი როლი ჰქონდათ ჩვენს ექიმებს.
– ოჯახის წევრებთან გექნებოდათ ყველაზე მეტი კონტაქტი, ძმაზე თქვით, რომ არაა ინფიცირებული. სხვები კარგად არიან?
– ამ მომენტში მამაჩემი ჩემ გვერდით წევს, ინფიცირებულია. დედაც ინფიცირებულია და ბავშვებიც, მეუღლე – არა. მამაჩემის მდგომარეობა სტაბილურია. კარგადაა, არაფერს უჩივის. დედა მძიმედაა, ასთმითაა დაავადებული და რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება. მაგრამ გადაყოლილები არიან ექიმები და ღვთის წყალობით, გამოვა ამ სიტუაციიდან. ბავშვებს ძალიან მსუბუქ ფორმაში აქვთ, საერთოდ ვერც გრძნობენ ვერაფერს. მკურნალობას არ საჭიროებენ. ჩემი ერთადერთი სიმპტომის შესახებ უკვე გითხარით, სამი დღის შემდეგ ყნოსვა დამიბრუნდა და ახლა ჩვეულებრივად ვარ. არაფერს ვუჩივი, ენერგიით ვარ სავსე. ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ამ ვირუსს გადავლახავთ. ჩემს თავზე გამოვცადე, რამდენად მაღალ დონეზე ზრუნავენ ჩვენზე შესაბამისი ორგანოები, ექიმები თან გვყვებიან და ნურაფრის შეგეშინდებათ. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენი კლინიკის დირექტორს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ მშობლების წინაშე. ჩემი შემოტანილია ეს ვირუსი ოჯახში. განვიცდი და ვნერვიულობ. აქეთ მამხნევებენ, გადავლახავთო და რასაც ჩემი თვალით ვხედავ, ამ ვირუსის გადალახვა ნამდვილად შესაძლებელია. დავიცვათ დისტანცია და დავრჩეთ სახლში, თორემ არავინაა იმისგან დაზღვეული, რაც მე დამემართა.
– რეალურად, აფხაზეთიდან დევნილი ხართ და ალბათ, ის ყველაფერი თქვენს ოჯახს, საკუთარ მხრებზე აქვს გამოცდილი.
– აფხაზეთი ჩვენი ტკივილია და იმედი მაქვს, ჩემს სიცოცხლეში, მოვახერხებ იქ დაბრუნებას. სოხუმში ვცხოვრობდით, შეძლებული ოჯახი გვქონდა. მახსოვს ლამაზი ქუჩები, ლამაზი შენობები, მაგნოლიები, ზღვა… ყველაფერი – ძალიან ლამაზ ფერებში. მაგრამ ერთ დღესაც გაისმა აფეთქების ხმა. პატარა ვიყავი, ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა, ელვა მეგონა. თურმე, ომი დაიწყო. მამა აფხაზეთის ომში იბრძოდა. ისეთი პატრიოტი იყო, არ სჯეროდა, რომ აფხაზეთი დაეცემოდა. ბოლო დღემდე იდგა სადარაჯოზე, მაგრამ სამწუხაროდ, აფხაზეთი დაეცა. ჩვენ ბოლო დღეს გამოვედით იქიდან და ფეხით მოგვიწია გადმოსვლა იმ გზით, რომელიც უამრავმა დევნილმა გადმოიარა. მამა ორჯერ დაიჭრა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა და ჯანმრთელადაა. აფხაზეთის ომში გადარჩა და მით უმეტეს, კორონავირუსი ვერაფერს დააკლებს.