№16 როგორ იძია შური „კანონის ჩარჩოებში“ ედუარდ შევარდნაძემ გავლენიან კლანზე
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
„მემატყლეები“
1964 წლის იანვარში თბილისში მოსკოვიდან საგანგებო პარტიულ-სამეურნეო კომისია ინკოგნიტოდ ჩამოვიდა და საქართველოში მატყლის დამზადებისა და რეალიზაციის პროცესის სკურპულოზურ შესწავლას შეუდგა. იმ პერიოდის საქართველოში ამ დარგში ძალიან დიდი ფული კეთდებოდა და ყოველივე ამას დიდებულიძეების კლანი ედგა სათავეში. ოთხი ძმა – კოტე, ზურაბი, ანზორი და ედიშერი იუველირული სიზუსტით მუშაობდნენ, რომლებსაც მთავარი ტექნოლოგი უშანგი მენაბდე და ბუღალტერი ცაცა ყოლბაია უმაგრებდნენ ზურგს. „მემატყლეებს“ ისე ჰქონდათ აწყობილი საქმე, რომ მომდურავი არ ჰყავდათ და პროდუქციასაც ხარისხიანს უშვებდნენ და ხელქვეითებსაც მაღალ ხელფასებს უხდიდნენ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მათ მაშინდელი საქართველოს „ცეკას“ პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე მფარველობდა და ადგილობრივი ძალოვნები სათოფეზეც კი ვერ ეკარებოდნენ მათ ბიზნესს. საკავშირო საგანგებო კომისიის ასეთ მოულოდნელ ვიზიტს კი „ჩაშვების“ სუნი ასდიოდა და „მემატყლეების“ აზრით, მოსკოვს ფარული ინფორმაცია 36 წლის ედუარდ შევარდნაძემ მიაწოდა, რომელიც იმ პერიოდში რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და მჟავანაძე და მისი პროტეჟეები მას „უცხო კაცად“ მიიჩნევდნენ... მოსკოვურ კომისიას მჟავანაძეც კი ვერ აღუდგა წინ. მატყლის საქმეში ძალიან დიდი დარღვევები აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი იქ დიდებულიძეები იყვნენ, ყველაფერი უშანგი მენაბდემ აიღო საკუთარ თავზე. ის გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ცაცა ყოლბაიას კი – 15 წელი მისცეს და უმაღლესი ზომის სასჯელისგან ბუღალტერი იმან იხსნა, რომ ქალი იყო. მთავარი ტექნოლოგი ორთაჭალის ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში იყო მოთავსებული და ამის მიუხედავად, მას სიტყვაც კი არ დასცდენია დიდებულიძეებზე, ისევე; როგორც ცაცა ყოლბაიას. საქმე კი ის იყო, რომ დიდებულიძეები ორივე გასამართლებულს შეჰპირდნენ, რომ ყველაფერს მოაგვარებდნენ და მართლაც, დახვრეტამისჯილი უშანგი მენაბდე 1964 წლის 17 ნოემბერს, საღამოს ტაშკენტში გადააფრინეს, 18 ნოემბერს ის თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა ტრიუმფს დაესწრო სტადიონზე, 19 ნოემბერს კი კვლავ თბილისში, სიკვდილმისჯილთა საკანში დააბრუნეს. ცაცა ყოლბაია მხოლოდ ქაღალდზე ირიცხებოდა „მატროსოვის ციხეში“, სინამდვილეში კი თხუთმეტწელიწადმისჯილი პატიმარი თავის ოჯახთან ერთად ვაკეში, 6-ოთახიან ელიტურ ბინაში ცხოვრობდა, რომელიც მას დიდებულიძეებმა უყიდეს. ერთი სიტყვით, „მემატყლე“ ძმები დიდ ფულს იხდიდნენ თავიანთი ერთგული ადამიანებისთვის. 1964 წლის მიწურულს დიდებულიძეების კლანის უფროსმა, ედიშერ დიდებულიძემ ახლად არჩეულ ლეონიდ ბრეჟნევთან მისი ქალიშვილის, გალინას მეშვეობით, „ხიდი“ მონახა და ხრუშჩოვის მიერ სანქცირებული საქმე დაახურინა. მენაბდესა და ყოლბაიას არათუ დახვრეტა შეუცვალეს და 15-წლიანი სასჯელი შეუმსუბუქეს, არამედ ორივე ციხიდან გაათავისუფლეს... როგორც მოგვიანებით გაირკვა, ედიშერ დიდებულიძემ გალინას ნახევარი მილიონი მანეთი და უნიკალური ბრილიანტისთვლიანი „ტროიკა“ მიართვა... გალიამ კი მამას სთხოვა ამ საქმის მოგვარება და ყველაფერი ისე გაიჩარხა, როგორც ეს „მემატყლეებს“ უნდოდათ... მათ საქმიანობა გააგრძელეს და მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძე უკვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, უფრო მეტი ფულის შოვნას მიჰყვეს ხელი.
კანონის ჩარჩოებში მოქცეული შურისძიება
დიდებულიძეებისა და შევარდნაძის დაპირისპირება „მემატყლეების“ მხრიდან კიდევ უფრო გამომწვევ ხასიათს იღებდა. ძმების საქმეებზე, მათ ბინებსა და სხვადასხვა თანამდებობის პირებისთვის მოსკოვში ჩატანილ ქრთამებზე ლეგენდები დადიოდა. შინაგან საქმეთა მინისტრს კი უკვე დაუფარავად უწოდებდნენ „გლეხუჭასა“ და „სოფლელს“ და საკმაოდ უხეში ფორმით ამბობდნენ: მამათელი „კომსომოლა“ (კომკავშირელი) ვერაფერს დაგვაკლებსო... შევარდნაძე კი დიდი ნახტომისთვის ემზადებოდა და თავის ერთგულ თანამოაზრეებთან ერთად უფრო და უფრო მეტ კომპრომატს აგროვებდა დიდებულიძეებზე, პარალელურად კი, ვასილ მჟავანაძეს, მათ მფარველს უთხრიდა სამარეს ამ კომპრომატით. ერთადერთი, რაც შევარდნაძესა და დიდებულიძეებს აერთიანებდათ, ფეხბურთის უზომო სიყვარული იყო – ისინი თაყვანს სცემდნენ თბილისის „დინამოს“. სწორედ ედიშერის დამსახურება იყო სლავა მეტრეველის მოსკოვის „ტორპედოდან“ თბილისის „დინამოში“ გადმოყვანა. სლავას გუნდში მისვლით „დინამო“ 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. სლავას გადმობირება კი ასე მოხდა: ედიშერი მოსკოვში ჩაფრინდა და მეტრეველის სახლში იმ დროს მივიდა, როდესაც სლავა ვარჯიშზე იმყოფებოდა. ედიშერმა მეტრეველის მეუღლეს „გუმში“ (მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღი) წაყოლა სთხოვა და მიზეზად დაასახელა, რომ მეუღლისთვის ქურქის ყიდვა უნდოდა და თავად ვერ შეარჩევდა. მეტრეველის მეუღლემ „ნორკის“ ძვირად ღირებული ქურქი (50 ათასი მანეთი) ჩაიცვა და თბილისელ სტუმარს მეუღლისთვის ამ სამოსის ყიდვა ურჩია.
– მოგწონთ? – ჰკითხა ქალს ედიშერმა.
– ასეთი ნივთი ყველა ქალის ოცნებაა, – უპასუხა მეტრეველის მეუღლემ.
– ჰოდა, ეს „შუბა“ თქვენია, ბედნიერად ატარეთ. ხოლო თუკი თქვენს მეუღლეს თბილისის „დინამოში“ გადმოსვლაზე დაიყოლიებთ, არაფერი მოგაკლდებათ, დედოფალივით იცხოვრებთ, – უთხრა ედიშერ დიდებულიძემ.
ერთი კვირის შემდეგ სლავა მეტრეველი ცოლთან ერთად უკვე თბილისში იმყოფებოდა, ახალ, ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობდა და ახალი „ვოლგაც“ ჰყავდა... დიდებულიძეები არა მხოლოდ სლავა მეტრეველს, არამედ მთელ გუნდს სპონსორობდნენ, მაგრამ, „მემატყლეები“ ვერც ამან იხსნა და შევარდნაძე რომ საქართველოს ცეკას პირველი მდივანი გახდა, 1972 წლის 29 სექტემბერს, 1 ნოემბერს უკვე დიდებულიძეებზე და მათი კლანის სხვა წევრებზე დიდი გამოძიება დაიწყო. ძმებმა მოსკოვში ვერ გაასწრეს ახალ „პირველს“ და ვერც ვასილ მჟავანაძის იმედი ექნებოდათ, რომელიც დროზე გადავიდა მოსკოვში, სადაც ქარხნის დირექტორად დანიშნეს.
„მემატყლეების“ საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო უახლესი საქართველოს ისტორიაში. ოთხივე ძმა დააპატიმრეს და 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა თავისუფლად შეეძლოთ, ისინი სიკვდილით დაესაჯათ. ნიშანდობლივი იყო ის, რომ ძმები საქართველოში იხდიდნენ სასჯელს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ფული ჰქონდათ და ერთ ღერ ფილტრიანში 25 მანეთს იხდიდნენ, ვერავინ ბედავდა მათთვის სიგარეტის შეტანას, ზედმეტ ერთ ღერ სიგარეტსაც კი არ აძლევდნენ და ციხის ბალანდით (საჭმლით) იკვებებოდნენ. როგორც ამბობდნენ, ეს იყო შევარდნაძის მიერ კანონის ჩარჩოებში მოქცეული შურისძიება, რის შედეგადაც ორი ძმა – კოტე და ედიშერი ციხიდან ცოცხლები ვერ გამოვიდნენ, ხოლო ზურაბი და ანზორი საპატიმროში დაავადდნენ და გამოსვლის შემდეგ მალევე გარდაიცვალნენ.