№16 რომელი მცენარეა სიყვარულისა და ოჯახის მფარველი და რამდენწლიან ბედნიერებას გპირდებათ ალოეს ყვავილი, რომელიც „ას წელიწადში ერთხელ“ ყვავის
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
უამრავ მაგიურ, სასწაულმოქმედ მცენარეს შორის ერთ-ერთი გამორჩეული დღევანდელი ჩვენი რუბრიკის „გმირი“ - ალოე გახლავთ. ყველას სმენია მის უებარ სამკურნალო თვისებებზე, მაგრამ საიდან იღებს სათავეს ლეგენდა მისი ჯადოსნური, მაცოცხლებელი ძალის შესახებ, ან რა კეთილისმყოფელი გავლენა აქვს იღბლისა თუ დოვლათის, სიყვარულისა თუ სილამაზის მხრივ ალოეს ადამიანთა მიმართ, ამ ყველაფერზე გვიამბობს ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მანანა გ.
- ძალიან საინტერესოა, რა ლეგენდაა ალოეს (მექსიკაში - აგავა) შესახებ?
- ლეგენდის მიხედვით, ერთ ტომში ცხოვრობდა მოხუცი შამანი. მას შეეძლო ხეებთან და ცხოველებთან საუბარი, ეჩურჩულებოდა წყალს და ბრძანებლობდა ქარზე. მკურნალობდა მცენარეებით და ერთი შეხედვით შეეძლო, წაეკითხა, თუ რა სტკიოდა ადამიანს. სოფელი ყვაოდა: მაგიური ძალები იცავდა შამანს და ვერანაირი მტერი ვერაფერს აკლებდა ამ მადლიან მიწას. ერთ საღამოს შამანს მეზობელი სოფლიდან დედაბერი ესტუმრა: ჯოხზე დაყრდნობილი ოხრავდა და მთელს სხეულში საშინელ ტკივილებს უჩიოდა. შამანმა ქალს ბალახების კვამლიც აკმია, სულებსაც დახმარება შესთხოვა, მაგრამ დიაგნოზი ვერაფრით დაუსვა. მაშინ ექიმბაში მიხვდა, რომ ძალიან დაბერდა და უკვე აღარ შეეძლო სხვების დახმარება. იმავე ღამეს დატოვა სახლი და უდაბნოსკენ გაეშუარა წყლისა და საკვების გარეშე - რომ იქ მომკვდარიყო. მეორე დღეს სოფელს მტერთა ტომი დაესხა თავს - „ავადმყოფი“ დედაბერი კი მათი ჯადოქარი აღმოჩნდა, რომელმაც ავადმყოფობის მოგონებით შამანი მოატყუა - რათა მოხუცს ეჭვი შეჰპარვოდა საკუთარ შესაძლებლობებში და თავისი ხალხი დაუცველი დაეტოვებინა. დედაბერს ეს გამოუვიდა... ამ დროს შამანი უდაბნოში ხვლიკებსა და უზარმაზარ აგავებს შორის იწვა და სიკვდილს ელოდა. ამ ყოფაში ჩათვლიმა მოხუცს, მაგრამ მზის მცხუნვარებამ გააღვიძა, უმოწყალოდ დამწვარს წყურვილი კლავდა. უცებ აგავას ხმა შემოესმა: „მოწყვიტე ჩემი რამდენიმე ფოთოლი, რომელშიც ბევრი წვენი და სიცოცხლეა, შეჭამე და გასწიე შენი სოფლისკენ.“ დაუძლურებულმა მოხუცმა ძლივს მოაციცქნა რა მსუყე ფოთოლს პატარა ნაწილი, მაშინვე იგრძნო როგორ უბრუნდებოდა ძალღონე სხეულში და როგორც კი ფეხზე დადგა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა სოფლისკენ. იქ კი გახურებული ომის დახვდა: სასტიკი მტერი მოულოდნელად დასცემოდა სოფელს და საცაა გამარჯვებასაც იზეიმებდა. იხილა რა ეს შემზარავი სურათი შამანმა, ისეთი ქარიშხალი გამოიძახა, მიწისაგან პირისა აღგავა მტერი მთლიანად. ამის შემდეგ ალოე წმინდა მცენარე გახდა - ტომის დამცველი. ამგვარად, ალოე ჯადოსნური თვისებების გამო ძველთაგანვე წმინდა მცენარედ მიიჩნეოდა.
- ლეგენდა საინტერესოა, მაგრამ ისტორიული ფაქტებიც ხომ არსებობს ალოეს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე?
- ასეთი უამრავია და სხვადასხვა ქვეყნის კულტურაში. მაგალითად, ეგვიპტეში ალოეს გამოსახულება არქეოლოგებმა აკლდამის კედლებზე აღმოაჩინეს, რომელსაც 4 ათასი წლის წინ აგებდნენ, რაც ამტკიცებს, რომ ფარაონთა დაკრძალვისას ეს მცენარე ერთ-ერთი შესაწირი ატრიბუტი გახლდათ. ეგვიპტური ტრადიციების მიხედვით ალოე სიყვარულისა და ოჯახის მფარველი ქალღმერთის, ვენერას მცენარეა, რომელსაც ამ ნაზი გრძნობების აღძვრა შეუძლია ადამიანში. ალოე მიიჩნეოდა, ასევე, ერთგულების სიმბოლოდაც. ახლო აღმოსავლეთში დღემდეა შემორჩენილი ახალი სახლის შესასვლელ კარზე ალოეს დაკიდების ტრადიცია - როგორც დღეგრძელობისა და სიმდიდრის მომტანი იქ მცხოვრებთათვის. საინტერესოა, რომ სახლებზე გადმოფენილ ალოეს, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა მიწასთან და შესაბამისად, ვერც საკვებ ნივთიერებებს იღებდა, შეეძლო ეცოცხლა რამდენიმე წელი და აყვავებულიყო კიდეც. აფრიკელები და ბრაზილიელები აგავას ახმობდნენ და წვავდნენ, რათა მისი კვამლი მაგიური რიტუალების დროს ეკმიათ. მუსლიმებს მექაში მოლოცვის შემდეგ სახლში ალოეს რტო მიჰქონდათ - როგორც ნიშანი იმისა, რომ წმინდა მგზავრობა ბედნიერად დასრულდა. ამ რტოს სახლის ზღურბლს ზემოთ ისე ჰკიდებდნენ, რომ წვერი წმინდა ადგილებისკენ ჰქონოდა მიმართული. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ალოეს ამგვარი განლაგება ბოროტ დემონებს დევნიდა სახლიდან.
- რას და როგორ ამზადებდნენ ალოესგან ადრე და რისთვის იყენებენ დღესაც?
- ალოეს სურნელებას დაცვის, წარმატებისა და შემოსავლის მომტანი ძალა ჰქონდა. ძველ ეგვიპტეში ალოეს წვენისგან ამზადებდნენ გელს, რომელსაც სახეზე ისვამდნენ და ის ანელებდა კანის დაბერებას. ახლო აღმოსავლეთსა და საბერძნეთში ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ იყენებდნენ მას კოსმეტოლოგიაში. დღესაც ბევრი ქალი ამბობს უარს თანამედროვე კოსმეტიკურ კრემებზე და უპირატესობას აგავას გამაახალგაზრდავებელ წვენს ანიჭებს. გასაოცარია, რომ ალოეს შეუძლია გამოაშროს ცხიმიანი კანი და კვებოს - მშრალი. ალოეს, მექსიკურად აგავას, ერთ-ერთი სასწაულმოქმედი თვისება განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: როცა ზრდასრულ მცენარეს ნორჩი ნაყარი ამოეზრდება, მისი ძირები წვენით იბერება. მექსიკელები ხვრეტენ ამ „ბალიშებს“, დგამენ მასში მილაკს და წრუპავენ შიგთავსს: მიაჩნიათ, რომ ნორჩი ყლორტის წვენი აახალგაზრდავებს და სიცოცხლეს უბრუნებს ადამიანს.
- როგორი „მკურნალია“ ალოე?
- ტრადიციული მედიცინა დიდი ხანია აღიარებს აგავას სამკურნალო თვისებებს: ინდიელები მისგან ამზადებდნენ ფაფას, რომელიც ჭრილობებს ახორცებს, აფრიკელები აყენებდნენ ტკივილგამაყუჩებელ ნაყენს, ჩინეთში კი მისი საშუალებით კურნავდნენ ფსორიაზს, ყვავილსა და გამონაყარს. ალოეს წვენს იყენებენ გაციების, ჩირქოვანი ადგილების ჩასაქრობად და თავის ტკივილების დროს. დღეს ამ საოცარ მცენარეს სურდოს, ჩირქოვანი გართულებებისა და თავის ტკივილის გარდა, უძილობის დროსაც მიმართავენ. აგავას აქვს მხოლოდ ორი უკუჩვენება: მისი წვენი არ შეიძლება მიიღოს ორსულმა და მეძუძურმა ქალმა.
- ყველაზე იდუმალი და მაგიური ალოეს ყვავილია?
- ბედნიერების სიმბოლოა. ამბობენ, ალოე ას წელიწადში ერთხელ ყვავისო, მაგრამ ეს მითია. სინამდვილეში, ეს ხდება მაშინ, როცა ამინდი ან ზრდის პირობები უწყობს ხელს, თუმცა გადმოცემების მიხედვით, ყველაფერს მისტიკური მოვლენები განსაზღვრავს. ჰოდა, თუ თქვენს სახლში აყვავდა ალოე, ეს ნიშნავს, რომ ანგელოზი ჩაგისახლდათ. დაითვალეთ ყვავილის ფოთლები და რამდენიცაა, იმდენწლიან ბედნიერებას გაჩუქებთ ის თქვენ.