კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 ექსპერიმენტი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– აქ დაბრძანდით და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით, – უთხრა რეზო ბადრიძემ ახალმოსულ გოგონას და სავარძელზე მიუთითა.
  30 წლის რეზო ბადრიძე კერძო დეტექტივი იყო და მარტო მუშაობდა. ამისთვის კი ორი ოთახი ეკავა თავისსავე საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც საბურთალოზე მდებარეობდა. რეზოს უმაღლესი იურიდიული განათლება ჰქონდა მიღებული, პოლიციის აკადემიაც დაამთავრა და ორი წელიწადი დეტექტივადაც იმუშავა. თუმცა, უფროსობასთან უთანხმოება მოუვიდა და სამსახური დატოვა. მართალია, ახალმა მთავრობამ მას ძველ სამსახურში უხმო და დაწინაურებასაც დაჰპირდა, მაგრამ რეზომ უარი განაცხადა. უკვე ოთხი წელი სრულდებოდა, რაც ის კერძო დეტექტივად მუშაობდა და საკუთარი თავის უფროსიც თავად იყო და ხელქვეითიც. თანაც კარგი შემოსავალი ჰქონდა და პროფესიულადაც წინ მიდიოდა.
  ახალმოსული გოგონა კი 24 წლის ნატო კოპალიანი იყო. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც რეზო ბადრიძესთან ნათესავმა მიასწავლა. ნატო ძალიან აღელვებული ჩანდა და მოწევის უფლება ითხოვა. ნებართვა რომ მიიღო, გააბოლა და მასპინძელს უთხრა:
– ელენემ ძალიან გაქოთ და ამიტომ მოვედი თქვენთან. მართალია, პოლიციაშიც შევიტანე განცხადება, მაგრამ მათი იმედი არ მაქვს. არა მგონია, სწრაფად იმოქმედონ, ისიც საეჭვოა, საერთოდ თუ იღონებენ რამეს. არადა, ამ ამბის დაყოვნება არ შეიძლება და ვფიქრობ, დავაგვიანე კიდეც რეაგირება.
ოთახის მასპინძელი მოთმინებით ისმენდა ნატოს, თან ყურადღებით აკვირდებოდა მას. გოგონამ კი სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და მთავარ სათქმელზე გადავიდა:
– წელს თეატრალურ ინსტიტუტს ვამთავრებ, კინორეჟისორობას ვაპირებ და სადიპლომო ფილმს ვიღებ, რომელშიც მეც ვმონაწილეობ. გადავწყვიტე, მთავარი როლი ჩემს ჯგუფელსა და უახლოეს ადამიანს, თემო მორჩილაძეს შეესრულებინა. ფილმი „ბომჟზეა“, ხოლო იმისთვის, რომ როლში კარგად შესულიყო, თემომ ერთი კვირით ბომჟური ცხოვრება დაიწყო. მათნაირად შეიმოსა. ქუჩაში უნდა ეცხოვრა და ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე უნდა ეკეთებინა, როგორც ნამდვილ ბომჟს. თემომ ერთი თვის წინ დაიწყო როლზე მუშაობა და ერთი კვირის წინ უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ არ მოვიდა. კიდევ სამი დღე რომ გავიდა და არ გამოჩნდა, ძებნა დავიწყე, თუმცა, უშედეგოდ. ამ სამი დღის წინ კი თემოს დაკარგვის შესახებ პოლიციაში შევიტანე განცხადება და დღეს უკვე თქვენ მოგაკითხეთ. აი, სულ ესაა...
ნატომ აცრემლებული თვალები მოიწმინდა, ისევ მოუკიდა სიგარეტს და ბადრიძეს მიაჩერდა.
– თქვენი მეგობრის სურათი ხომ არ მოგიტანიათ? – ჰკითხა მასპინძელმა.
– დიახ. აი, ინებეთ, – თქვა ნატომ და რეზო ბადრიძეს თემურ მორჩილაძის რამდენიმე ფერადი ფოტო მიაწოდა.
ბადრიძემ ფოტოები დაათვალიერა და თქვა:
– ძალიან სიმპათიურია, შესამჩნევი და დასამახსოვრებელი გარეგნობა აქვს.
– თეატრალური ინსტიტუტის გოგოები ჭკუას კარგავენ მასზე, – სიამაყით თქვა ნატომ და ბადრიძე მიხვდა, რომ ამ მხრივ, გამონაკლისი არც სიტყვების ავტორი იყო.
– თქვენი მეგობრის სურათები, ალბათ, პოლიციაშიც მიიტანეთ.
– დიახ.
– თემურ მორჩილაძეს ნათესავები თუ ჰყავს?
– ობლობაში გაიზარდა, რადგან დედ-მამა ძალიან ადრე დაეღუპა ავარიაში და მამის დედამ გაზარდა. მართა ბებია შარშან გარდაიცვალა და წლისთავი ერთი თვის წინ გადავუხადეთ იმ ცხონებულს.
– ცოლ-შვილი ჰყავს.
– არა. უცოლშვილოა.
– სად ცხოვრობს?
– დიღმის მასივში. სამოთახიან „ხრუშჩოვკაში“, ბებიის დანატოვარ ბინაში.
– „ფეისბუქი“ თუ აქვს?
– დიახ.
– შემთხვევით, პაროლი ხომ არ იცით? – იკითხა რეზომ. ნატოს გამომცდელად შეხედა და დაამატა, – თუ იცით, არ დამიმალოთ, უნდა შევამოწმოთ. იქნებ, რაიმე საგულისხმოს მივაგნოთ.
ნატო წამოწითლდა და ბადრიძეს მიუგო:
– დიახ, ვიცი. ჩუმად მოვიპოვე. მაინტერესებდა, ვის რას სწერდა, – გოგონა გაჩუმდა და შემდეგ თვალცრემლიანმა დააყოლა, – თემო ძალიან მიყვარს და ამიტომ ცუდი არაფერი იფიქროთ.
– გასაგებია. პოლიციას თუ უთხარით, რომ პაროლი იცით?
– არა. ამდენი არც უკითხავთ, მხოლოდ განცხადება მიიღეს, ჩემი მობილურის ნომერი ჩაიწერეს და დაგირეკავთო, მითხრეს.
– ნატო, ის ერთი კვირა, რაც თემური ბომჟის როლში შედიოდა, საერთოდ არ გინახავთ, ან ხომ არ დაურეკავს თქვენთვის?
– არა. მოლაპარაკებულები ვიყავით, რომ ერთ კვირაში გამოჩნდებოდა. ტელეფონი კი მე დამიტოვა და გამორთული მქონდა. ხოლო, როცა ჩავრთე და დავათვალიერე, ტელეფონში მხოლოდ ახლობლების მესიჯები და ასევე, შემოსული ზარები იყო. საეჭვო – არაფერი, – თქვა ნატომ.
– თუ თან გაქვთ, შეგიძლიათ, დამიტოვოთ? – თქვა ბადრიძემ.
– აი, ინებეთ, – ნატომ მობილური ტელეფონი ჩანთიდან ამოიღო და გაუწოდა.
– ნატო, თემურს მტრები ხომ არ ჰყავდა?
– არა. რას ბრძანებთ? ის ძალიან კეთილშობილი ადამიანია და ყველასთან კარგადაა.
– ნუ ჩქარობთ. დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ ამ კითხვაზე. თქვენ თქვით, გოგონები თემურზე გიჟდებიანო და ამ კუთხით მიუდექით ჩემს კითხვას.
ნატო წამით ჩაფიქრდა. შემდეგ თავი გააქნია და თქვა:
– არა. თემური მექალთანე არაა, რომ ქალის გამო ვინმე მას გადაჰკიდებოდა, არც ის მგონია, რომ რაიმე ინტერესის გამო გაეჩალიჩებინა რომელიმე ქალს. არა, ინტერესსა და შურისძიებას გამოვრიცხავ.
– ნატო, ის თუ იცით, ბომჟად სად უნდა ემოძრავა თემურს.
– დიახ, ვიცი. ასე მითხრა – გლდანში, ძირითადად, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვიქნებიო, – თქვა ნატომ.
– კარგი, ნატო, ჯერჯერობით მეტი შეკითხვა არ მაქვს და შეგიძლიათ, წახვიდეთ. თუ რაიმე ახალი გამოჩნდა, მობილურზე დამირეკეთ. თუ მე დამჭირდით, მე დაგირეკავთ. პოლიციას არ უთხრათ, რომ მე მომმართეთ და არც „ფეისბუქისა“ და ტელეფონის შესახებ თქვათ რაიმე. როგორც კი წახვალთ, იმ წამიდან ამ საქმეზე ვიწყებ მუშაობას და ვნახოთ, რა გამოვა, – თქვა ბადრიძემ.
ნატოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბადრიძის მობილურმა დარეკა. რეზომ ეკრანს დახედა და სტუმარს ხელით ანიშნა, – გაჩერდიო და ტელეფონი აიღო.
– გამარჯობა, ბატონო მურთაზ. დიახ. გასაგებია, გასაგებია... ძალიან კარგი. ერთ საათში ანგარიშზე დაგისვამთ. დროებით.
ბადრიძემ რომ ტელეფონი გათიშა, თავი გააქნია და ნატო კოპალიანს უთხრა:
– მურთაზ ზვიადაძემ დამირეკა, ჩემს ძმას უკეთებს ოპერაციას. ზეგისთვის დანიშნა და ანგარიშზე ფული უნდა ჩავურიცხო. გენიოსია და ოქროს ხელები აქვს. ყველაფერს ისე გავაკეთებ, რომ ცხოვრებაში არაფერი ეტკინებაო.
– მურთაზ ზვიადაძე, ცნობილი ნეიროქირურგი რომაა? – იკითხა ნატომ.
– დიახ, – დაუდასტურა ბადრიძემ.
– თქვენს ძმას რა სჭირს?
– თავზე ჰემატომები აქვს. შარშან ავტოავარიაში მოყვა და ერთი წლის მერე გამოუვლინდა. კიდევ კარგი, რომ ბატონ მურთაზს გავასინჯეთ, თორემ დაგვეღუპებოდა. დარწმუნებული ვარ, ოპერაციას გაუკეთებს და კაჟივით იქნება, – თქვა ბადრიძემ და ნატოს მიმართა:
– ბოდიში, წეღან გაგაჩერეთ და მე მგონი, რაღაცის კითხვა გინდოდათ.
– როდის და რამდენი უნდა გადაგიხადოთ?
– ახლა – არაფერი, მოვრიგდებით. საქმე რომ დასრულდება, ანგარიში მერე გავასწოროთ. შეგიძლიათ, წახვიდეთ. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველაფერი გავარკვიო.
– გმადლობთ, ბატონო რეზო. თქვენი დიდი იმედი მაქვს. ნახვამდის, – თქვა ნატომ, ბადრიძეს ნაღვლიანად გაუღიმა და წავიდა.
***
  პროფესორ მურთაზ ზვიადაძის ნეიროქირურგიული კერძო კლინიკა ქალაქის ცენტრში, ელიტურ უბანში მდებარეობდა და უზარმაზარი ტერიტორია ეკავა. სამსართულიანი სტაციონარი ულტრათანამედროვე აპარატურით იყო აღჭურვილი და კლინიკაში უმაღლესი კვალიფიკაციის მედპერსონალი მუშაობდა. მათი უმრავლესობა ზვიადაძის მიერ იყო გამოზრდილი და პროფესორი თითოეულს ზედმიწევნით იცნობდა. სტაციონარში მკაცრი დისციპლინა და სანიმუშო სისუფთავე იყო. უსაფრთხოებას კი ისე იცავდნენ, როგორც უმაღლესი რანგის სახელმწიფო უწყებაში. შეუმჩნევლად იქ ჭიანჭველაც ვერ შეაღწევდა და მთელ პერიმეტრს ორმოცი ვიდეოკამერა და ოცი გამოცდილი დაცვის თანამშრომელი აკონტროლებდა.
ოთხმეტრიანი სიმაღლის ღობეს დამატებით მავთულხლართი ჰქონდა შემოვლებული. ტერიტორია სანიმუშოდ იყო გამწვანებული და დასუფთავებული, ისე რომ ქაღალდის ნაგლეჯსაც კი ვერ ნახავდით. ამ ტერიტორიაზევე იდგა ორსართულიანი სახლი, რომელშიც თავად მურთაზ ზვიადაძე მარტო ცხოვრობდა. 49 წლის ცნობილი ნეიროქირურგი მეუღლესთან გაშორებული იყო. მისი 21 წლის ვაჟი დედასთან დარჩა, თუმცა მასაც აკითხავდა ხოლმე და საკმაოდ მსხვილი თანხის მიღების შემდეგ, თავისი სპორტული „პორშეთი“ „საგულაოდ“ მიჰქროდა. პროფესორ ზვიადაძეს ფული, რომ იტყვიან, ჩეჩქივით ჰქონდა და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ზვიადაძის კლინიკაში ნეიროქირურგიული ოპერაციის ფასი ოცი ათასი ლარიდან იწყებოდა.
სწორედ ოცი ათასი ლარი გადაურიცხა რეზო ბადრიძემ პროფესორს, რომ მას რეზოს ძმისთვის ტრეპანაცია გაეკეთებინა და პაციენტის ტვინი ჰემატომებისგან გაესუფთავებინა. ამ პროცესს მურთაზ ზვიადაძე სამი საათი მოუნდა და მთელი ამ დროის განმავლობაში რეზო ბადრიძე სპეციალურ მოსაცდელ ოთახში იმყოფებოდა და ოპერაციის დასრულებას ელოდა. ზუსტად სამი საათის შემდეგ მურთაზ ზვიადაძე მოსაცდელ ოთახში შევიდა და რეზოს უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა, ბატონო რევაზ. ჰემატომები ლიკვიდირებულია და ერთ კვირაში შეგეძლებათ, თქვენი ძმა სახლში საღსალამათი წაიყვანოთ. მე დანიშნულებას გაგატანთ და ერთი თვე მაინც ყურადღება დასჭირდება. მერე კი საკუთარ თავს თავად მიხედავს.
– გმადლობთ, პროფესორო. ახლა თუ რამეა საჭირო? – თქვა რეზომ.
– თქვენგან – არაფერი. ეს ერთი კვირა აქ დარჩება და ჩვენ მივხედავთ. შემდგომ კი, როგორც გითხარით, ისე მოიქცევით, – თქვა ზვიადაძემ.
– ერთი კვირით მივლინებაში მივდივარ და მოკლედ, გამოწერისას ჩამოვალ, – თქვა რეზომ.
– ძალიან კარგი, მშვიდად გაემგზავრეთ მივლინებაში. ერთ კვირაში კი გელოდებით, – უთხრა ზვიადაძემ რეზოს. ხელი ჩამოართვა და კლინიკიდან გამოისტუმრა. შემდეგ მობილურზე დარეკა:
– ჯემალ, როგორაა საქმე, ახალი ნიმუში მოიტანეთ?
– დიახ, ბატონო მურთაზ, მეორე ბლოკში მივიტანეთ, – მიუგო პროფესორს ჯემალ კასიანმა, რომელიც კლინიკაში სანიტრად მუშაობდა.
– სად ხარ ახლა შენ, – ჰკითხა ზვიადაძემ.
– პადვალში, ბატონო მურთაზ, – მიუგო პროფესორს სანიტარმა.
– მეორე ბლოკში შედი და დამელოდე, ათ წუთში მოვალ, – თქვა მურთაზ ზვიადაძემ და ტელეფონი გათიშა...
***
  პროფესორ ზვიადაძის ნეიროქირურგიული კლინიკიდან წამოსული რეზო ბადრიძე შესანიშნავ ხასიათზე იყო და „ოქროსხელება ჯადოქრისთვის“ საკუთარ სიცოცხლესაც კი ჩაიგდებდა საფრთხეში, თუკი ეს ზვიადაძეს დასჭირდებოდა – პროფესორმა ხომ მისი ძმა იხსნა სიკვდილისგან თუ არა, მძიმე ინვალიდობისგან მაინც და პრინციპში, ეს ერთი და იგივე იყო... რეზო მანქანას მიაქროლებდა, თან გულში ამბობდა: „ბრავო, პროფესორო, დიდება შენს ნიჭსა და ხელებს. გულიდან დიდი ლოდი მომხსენით და ახლა მთელი გულისყურით შევუდგები საქმეს. ერთი კვირა თავისუფალი ვარ და მეყოფა“.
  რეზო ბადრიძე საქმეში თემურ მორჩილაძის მოძებნას გულისხმობდა და იმედი ჰქონდა, რომ შვიდ დღეში ჩაეტეოდა. პროფესორს კი იმიტომ უთხრა, მივლინებაში მივდივარო, რომ ერთი კვირის განმავლობაში არალეგალურ მდგომარეობაზე გადადიოდა და ყველასთვის, გარდა ნატო კოპალიანისა და ნოდარ გუნიასი, თბილისიდან იყო გასული. ნოდარ გუნია სამხედრო უწყებაში მუშაობდა. ელექტრომოწყობილობების უმაღლესი კლასის სპეციალისტი იყო და როგორც რეზოს უახლოესი, ერთგული მეგობარი, საქმეში ეხმარებოდა მას. ნატო კი რეზომ გააფრთხილა:
– ყველას ვუთხარი, რომ თითქოს საზღვარგარეთ მივემგზავრები, სინამდვილეში კი თბილისში ვიქნები, ერთი კვირით არალეგალურ მდგომარეობაზე გადავდივარ და თემურის ძებნას ვიწყებ. თან მექნება მობილური სხვა ნომრით, რომელიც თქვენ და ჩემს ერთ მეგობარს ეცოდინება და თუკი რაიმე ახალი გამოჩნდა, ამ ნომერზე დამირეკეთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3