№16 ეჭვი მაქვს, ცოლი მღალატობს, მაგრამ ვერ ვამტკიცებ
არასოდეს ვყოფილვარ ეჭვიანი ქმარი. ჩემს მეორე ნახევარს თვალდახუჭული ვენდობოდი. არც საეჭვიანო საბაბს მაძლევდა და გიჟივით ხომ არ დავიწყებდი მის კონტროლსა და უაზროდ ეჭვიანობას? უკვე ათი წელი ხდება, რაც ცოლ-ქმარი ვართ და ხმამაღალი კამათიც კი არ გვქონია. თუმცა, ეს ბოლო პერიოდია, რაღაცნაირად შეიცვალა – პრანჭვა დაიწყო, სახლიდან გასვლას მოუხშირა და ტელეფონსაც საგულდაგულოდ მალავს, რომ არ დავინახო, ვინ ურეკავს ან სწერს. ხასიათიც კი სხვანაირი გაუხდა – ჩაკეტილი, მაგრამ იმავდროულად, უფრო ლაღი და მხიარული. ეჭვი გამიჩნდა, რომ მის ცხოვრებაში ვიღაც არის და ეს ცვლილება ამის გამო მოხდა, თუმცა ვერ გამოვიჭირე. ისეთი სამსახური მაქვს, დილიდან საღამომდე ვერ ვტოვებ ობიექტს, ხშირად კი ვურეკავ და მპასუხობს, მაგრამ ასე რას გავიგებ? ზოგადად, ყოველთვის ცვალებადი ხასიათი ჰქონდა და მალე იცოდა ნივთების მობეზრება, მაგრამ იმედი მაქვს, ეს პირად ცხოვრებას და მე არ გვეხება. კიდევ ვამბობ, ათი წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი შემინიშნავს, მაგრამ ახლა, მგონი, არ ვცდები. არც ამ თემაზე ვესაუბრები. იქნებ ვცდები-მეთქი, – ჩემს თავს ვამხნევებ, მაგრამ ხომ იცით, კაცის თვალს არაფერი გამოეპარება, როცა საქმე საყვარელ ქალს ეხება. თან, მისი დაქალის მაგალითი მიდევს წინ – ისე დაანგრია ვიღაც კაცის გამო ოჯახი, ისე დატოვა შვილები და ქმარი და გაეკიდა სხვას, უკან არც მოუხედავს. მართალია, ამის გამო ჩემი ცოლი თავიდან ბრაზობდა, მაგრამ მერე თქვა: ალბათ, კაცის ბრალია, თორემ კარგ ქმარს, ცოლი არც გაუბოზდება და არც გაექცევაო. მისი მხრიდან ასეთმა გამართლებამ, კიდევ უფრო მეტი საფუძველი შემიქმნა, რომ მასზეც ვიეჭვიანო. გამოდის, ყველაფერი კაცის ბრალია და თუ ქალი სხვა კაცს გაეკიდა, ამაშიც ჩვენ ვართ დამნაშავე. გასულ ზაფხულს სამსახურში შვებულება არ მომცეს და ბავშვთან ერთად მარტო გავუშვი ზღვაზე დასასვენებლად. რამდენჯერაც დავურეკე, ბავშვმა მიპასუხა: დედა გასულია, მე სახლში დამტოვა და მითხრა, მალე მოვალო. მაშინ აზრადაც არ გამივლია, რომ შეიძლება, ვინმეს ხვდებოდა, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, არ არის გამორიცხული. აბა, ბავშვის გარეშე სად დადიოდა? მე კი მეუბნებოდა, მაღაზიაში ვიყავი გასული და დაქალს შევხვდი ბულვარშიო, მაგრამ ბავშვიც რომ წაეყვანა, რა პრობლემა იყო? ფაქტია, არ უნდოდა, ბავშვს დაენახა, რომ ვიღაცას მალულად ხვდებოდა. რომ ჩამოვიდა, კარგა ხანს ჩემთან სექსუალურ კონტაქტზე უარს ამბობდა, ცივად მექცეოდა, გამირბოდა... კაცი ვარ და მეც ჩემი თავმოყვარეობა მაქვს. როცა ვუშვებ გონებაში, რომ შეიძლება, ზურგს უკან რამეს მიმალავს და რქებს მადგამს, ტვინში სისხლი მექცევა. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჩემი ცოლი სხვას კოცნის და ლოგინში უწვება. ბოლო პერიოდი, რაც სახლში მოუწია დაჯდომა და საგანგებო სიტუაციის გამო გარეთ ვერ გადის, გაღიზიანებულია, სულ ტელეფინზეა ჩამოკიდებული. რომ ვეუბნები, გირეკავ და სულ დაკავებაა, ვის ელაპარაკები ამდენს-მეთქი, ეგრევე წითლდება და შეტევაზე გადმოდის: სახლში ვზივარ და პირს ხომ არ ავიკერავ, ახლა ლაპარაკიც დამიშალეო. სოციალურ ქსელშიც წაშალა ჩემთან გადაღებული ფოტოები და სადაც მონიშნული მყავდა, ისიც გააუქმა. რომ ვკითხე, რატომ წაშალე-მეთქი, მიპასუხა: ცუდად გამოვიყურებოდი იმ ფოტოებზე და ამიტომ წავშალეო. მოკლედ, ყველა ფაქტი ერთ რამეზე მეტყველებს – ეს ყველაფერი ვიღაცის გამო ხდება, ვიღაც მესამეა ჩვენს ურთიერთობაში ჩარეული. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. არადა, ამ დაძაბულ სიტუაციასა და ყოფაში, იმაზე ვიფიქრო, რითი ვარჩინო ოჯახი და გავუფრთხილდე მათ, თუ იმაზე, ვაიმე, ცოლი ვინმესთან ხომ არ მღალატობს-მეთქი... უკვე ვხვდები, ჭუიდან გადავდივარ და არ ვიცი, რა გავაკეთო, რომ ეს ეჭვი რეალობა არ იყოს და შეცდომა არ დავუშვა ჩემს ცოლთან მიმართებაში ან არ დავაგვიანო და მერე, არ ვინანო.
ნიკა, 36 წლის.