№16 როდის უშვებს უარყოფით იმპულსებს სამყაროში ადამიანი და რა სახით უბრუნდება ის უკან
ყველა ჩვენაგანს სურს, იყოს ჯანმრთელი, იღბლიანი, ენერგეტიკულად დაცული და წარმატებული. ამ ყველაფრის მიღწევა კი, არც თუ ისე რთულია, თუ ადამიანი გონების მობილიზებას მოახერხებს. ქვეცნობიერს ჩართავს და აზრსა და ფიქრს სწორ მიმართულებას მისცემს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავს დაეხმაროს, ამიტომ გირჩევთ: იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე და ნურასდროს იტყვით უარს იმაზე, რისი მიღწევაც ნამდვილად შეგიძლიათ. პესიმიზს ჯობია, იმოქმედოთ და უქმად არ დაკარგოთ ის დღე, რომელსაც თქვენთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია. ზოგადად, წარუმატებელი და უიღბლო ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. არიან წუწუნა და უსაქმური ადამიანები, წარმატებას თავადვე რომ ბლოკავენ. ზოგს უკვირს და ფიქრობს, რატომ უმართლებთ სხვებს მეტად, რატომ არიან ისინი ჩვენზე წარმატებულები და ჯანმრთელებიო. ამის მთავარი მიზეზი კი, ადამიანის ენერგეტიკული ველის მდგომარეობაა. ასევე, ხშირად იძენს ნეგატიურ ძალას უნებურად წამოსროლილი სიტყვაც. ანუ, არსებობს დეტალები, რომლებიც უნდა გახსოვდეთ და გაითვალისწინოთ. ადამიანის უიღბლობა თუ ავადობა ზეციური ძალების სასჯელია, შემთხვევითობა კი სხვა არაფერია, თუ არა ჯერ კიდევ ამოუცნობი კანონზომიერება. აქედან გამომდინარე, თავს დატეხილი უბედურება თუ წარუმატებლობა უიღბლობას კი არ უნდა დავაბრალოთ, არამედ, ამის სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. მაგალითად, როცა ვინმეს მიმართ ზიზღს გამოხატავთ, ნეგატიურად საუბრობთ მასზე ან აგინებთ, სამყაროში უარყოფით იმპულსებს უშვებთ და ის იმპულსები ბუმერანგივით უკან გიბრუნდებათ. ეს იგივეა, სამყაროს საკუთარი ბედი დააწყევლინოთ. უარყოფითი აზრებით თუ ქმედებით აბინძურებთ საკუთარი მომავლის ენერგეტიკულ კოდს და გაუცნობიერებლად ბლოკავთ წარმატებისა და ჯანმრთელობის შანსებს. ხომ გაგიგიათ, ყველა ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს და ეცადეთ, დაიმსახუროთ მხოლოდ კარგი, რადგან თქვენი წარუმატებლობა, სამყაროს პასუხია თქვენსავე საქციელზე. არსებობს გარკვეული პერიოდები, როცა საშიშია საკუთარ ბედზე ნეგატიური საუბარი, სხვებზე ცუდის თქმა და ზოგადად, ნეგატივის გაშვება კოსმოსში, რადგან ეს ყველაფერი ელვის სისწრაფით უკანვე გვიბრუნდება. ერთმა უცაბედად გაელვებულმა და გაუაზრებელმა ფიქრმა ან წამოსროლილმა სიტყვამაც კი შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება. სწორედ, ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, კონტროლი და წინდახედულება თითოეული სიტყვის წარმოთქმისას, რომ აღარაფერი ვთქვათ, გაცნობიერებულ საქციელზე.
ჩვენ, ადამიანები, დღევანდელი საქციელით ჩვენსავე მომავალ ბედს განვსაზღვრავთ და ერთმა ცუდმა გაფიქრებამაც კი, შესაძლოა, გენური პროგრამა შეცვალოს და ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს. ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღესა და რიცხვს, როცა რამე ნეგატიური მოხდა მის ცხოვრებაში და გაიაზროს, როგორ განწყობაზე იყო იმ კონკრეტულ დღეს: ხომ არ უსურვა სხვას ცუდი, ხომ არ დაიწუწუნა ბედზე და ასე შემდეგ. ზოგადად, თუ გადავხედავთ განვლილ ცხოვრებას, დროსა და სივრცეში შეინიშნება ჩვენი არსებობის თანდაყოლილი შეზღუდვები და მას უნდა დავემორჩილოთ. მაგალითად, თუ ხვდებით, რომ ორშაბათობით ან ხუთშაბათობით ან 4, 11 ან 26 რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, იქმნება პრობლემები და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებულად უნდა დააკვირდეთ საკუთარ საქციელსა და სიტყვებს. ყველას აქვს თავისი თარსი, ნეგატიური რიცხვი, დღე და ამ დღეებსა და რიცხვებში უნდა გაფრთხილდეთ. ამ დროს, მეტად უნდა აკონტროლოთ ემოცია და ქცევა.
ზოგადად კი, ყველას შეუძლია, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს. ამისთვის კი მთავარია, თქვენს საუბარს ძლიერი ენერგეტიკული ფონი შეუქმნათ. რაც მეტია ემოციური ფონი, მით უფრო ძლიერია ენერგეტიკულად თქვენი ნათქვამი სიტყვა და მას გარშემო მყოფების მოზიდვა, დაჯერება და დაფიქრება შეუძლია. ანუ ამ დროს ადვილად ზემოქმედებთ ადამიანებზე. წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი კი კარგად გააზრებული მანერებია.