№16 ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემს 5 წლის შვილიშვილს იანვრიდან პერიოდულად აქვს 37-37,4 გრადუსიამდე სიცხე. სისხლის ანალიზი, შარდი, TSH, გლუკოზა, რკინა, მუცლის ღრუს ექოსკოპია – ყველაფერი წესრიგში აქვს. მის მერე გავაკეთეთ ანტისხეულების პანელი ეპშტეინბარის ვირუსის მიმართ (VCA M, VCA G, EBNA G) და მომატებული აქვს. როგორც ახლა, შარშან გაზაფხულზეც ჰქონდა სიცხეები. შეიძლება 2 ან 3 დღე არ ჰქონდეს ან მარტო საღამოს აეწიოს. ხანდახან მუცელს იტკიებს და 3-ჯერ მითხრა, თავი მტკივაო. პედიატრმა ვირუსმა იცისო. დანარჩენი ანალიზები კარგი გვაქვს. გლანდები და პოლიპები ამოჭრილი აქვს. ალერგიულიც არის.
პასუხი: გაიარეთ კონსულტაცია ბავშვთა ინფექციონისტთან, დააკვირდით დინამიკაში სისხლის საერთო ანალიზს და ანტისხეულების მაჩვენებელს. VCA M დროთა განმავლობაში 25-ზე ნაკლები უნდა გახდეს.
კითხვა: სანერწყვე სადინარში, ენის ქვეშ, დაახლოებით, 6 თვე მქონდა კენჭი. ერთი კვირის წინ ენით ვაწვალებდი და თავისით ამოვარდა, სისხლი არ წამომსვლია. იმ ადგილზე პატარა ზომის ჭრილობა დარჩა და არ ხორცდება. არის თუ არა საშიში და როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: ივლეთ გვირილის ან მუხის ქერქის ნაყენი, დღეში 2-3-ჯერ. საშიში არაფერია.
კითხვა: ჩემი ბიჭი 1 წლისა და 7 თვისაა. ბრტყელტერფიანობის გამო ხშირად ეცემა და თავს ურტყამს, ძალიან მეშინია, შუბლზე სულ კოპები აქვს. უკვე თვეებია ასეა. ახლა უკვე რამეზე გული თუ მოუვიდა ძალითაც ურტყამს თავს ხან იატაკს, ხან კედელს, ან თმებს იპუტავს. ნევროპათოლოგთანაც დამყავს, მაგრამ ისეთი არაფერი უთქვამს. რისი ბრალი იქნება? ნერვიულია ვითომ? მირჩიეთ რა გავაკეთო? რა წამალი მივცე? თავზე ხომ არ გადავუღო? ჰემატომა არ განუვითარდეს.
პასუხი: დასაწყისში აუცილებელია, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რაც ბრტყელტერფიანობის კორექციისთვის არის რეკომენდებული. ცხადია, პატარას ნერვული ფონი მომატებული აქვს და დამშვიდება სჭირდება. მიმართეთ სხვა ნევროპათოლოგს ან თავად მიეცით ნებისმიერი სუსტი დამამშვიდებელი საშუალება, კატაბალახას სიროფი ან აბები ბარამბოთი და პიტნით.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე