№16 როგორ ვუმკურნალოთ დიარეას
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
უწინარეს ყოვლისა, შეეცადეთ გაარკვიოთ, რამ მიგიყვანათ კუჭის აშლილობამდე – ძველმა პროდუქტებმა, თქვენთვის შეუთვისებელი პროდუქტების მიღებამ, ცუდმა სოკომ, ნერვულმა შერყევამ, შიშის გრძნობამ. თუ აშლილობა დაკავშირებულია საჭმელთან, განსაკუთრებით შხამიან სოკოებთან, დაუყონებლივ გაიწმინდეთ კუჭი. დიდი რაოდენობით სვით გაზგასული მინერალური წყალი და გამოიწვიეთ ღებინების რეაქცია. ჩაწექით საწოლში, აუცილებლად დალიეთ მცენარეების თბილი გამონახარში. კარგია გვირილა, კრაზანა, პიტნა. თითო სუფრის კოვზ მცენარეს დაასხით ორი ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააცივეთ და სვით ნახევარი ჭიქა 2-3 საათის შემდეგ. თუ დიარეა განვითარდა ნერვული შერყევის ან შიშის შედეგად, საჭიროა დამაწყნარებელი ნახარშების დალევა, რომელთა საფუძველი უნდა იყოს პიტნა, გვირილა, კალენდულა. თუ ნახარში მზადდება ზაფხულში, მაშინ კარგია მასში შავი მოცხარის, ალუბლის, მარწყვის ყლორტებისა და ფოთლების ჩადება. და რაღა თქმა უნდა, დიეტა, უკიდურეს შემთხვევაში – ერთი დღის შიმშილი, ბევრი სითხე – სუფთა წყალი, ბალახების ნახარში, ასკილი, რასაც შეიძლება, დაემატოს ცოტა თაფლი.
მაყვლის ბუჩქს თავებზე აქვს კოკრები. ეს კოკრები შეაგროვეთ, მოხარშეთ და სუფრის კოვზით მიიღეთ დღეში 3-ჯერ. ათი ცალი თითის სიგრძე მაყვლის ფესვი ხარშეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში, ვიდრე ნახევარზე არ დადგება. დაუმატეთ თაფლი გემოვნებით. მიიღეთ დღეში 3-ჯერ სადილის კოვზით. ბავშვებს მიეცით დღეში 3-ჯერ – ჩაის კოვზით. ბროწეულის კანი მოხარშეთ და მიიღეთ დამტკბარი. ანწლის ნაყოფის შაქრიანი ნაყენი მიიღეთ თითო ჩაის კოვზით დღეში ორჯერ. სისხლდენაც რომ გქონდეთ, შეწყდება.
პირველივე დღიდან გადადით ძალიან მსუბუქ კვებაზე ან მხოლოდ სითხეებზე. გამორიცხეთ საკვებიდან ცხიმიანი ხორცი, თევზი, ქათამი, კონსერვები, ძეხვეული, .ლობიო, ბარდა, კომბოსტო, კიტრი, ყურძენი. ბოსტნეული მიიღეთ მოშუშული სახით. სვით გაზგასული თბილი მინერალური წყალი. მიირთვით მოხარშული კარტოფილი, მოხარშული ხორცი, კვირაში 2-3-ჯერ მიიღეთ მაგრად მოხარშული კვერცხი. ეფექტურია სხვადასხვა ხილის წვენისგან დამზადებული კისელი.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ერიდოთ საკვების ჭარბ მიღებას. გარკვეული პერიოდი აღარ მიირთვათ ნაწლავების პერისტალტიკის გამაძლიერებელი და აირების წარმომქმნელი პროდუქტები, მაგალითად, ვაშლი, რძე, კომბოსტო, ყავა. რაციონიდან ამოიღეთ ცხიმიანი და შებოლილი საკვები, უმი ხილი და ბოსტნეული. მიირთვით ნაკლები მაგარი საკვებიც, რადგან საჭმლის მონელების დარღვევისას ორგანიზმს მისი გადამუშავება გაუჭირდება. დიარეის დროს სასარგებლოა ბრინჯის ნახარში – ის ერთდროულად საკვებიცაა და წამალიც. ხშირად ბრინჯის დიეტა, თანაც - სხვა საშუალებების დაუხმარებლად, სულ რაღაც ერთ დღეში აქრობს ფაღარათს. ბრინჯთან ერთად ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ საკვები ნივთიერებები და აღვკვეთოთ გაუწყლოება. ბრინჯი ადვილი მოსანელებელია და კუჭს არ ამძიმებს, ამიტომ დიარეის დროს შეგიძლიათ, ბავშვებსაც კი მისცეთ. განსაკუთრებით სასარგებლოა ბრინჯის ნახარში.
გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად დიარეის დროს დღე-ღამეში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ, თუმცა ეს პირობითი ნორმაა. არსებითად, მისი ოდენობა ინდივიდუალურია. საკმარის სითხეს იღებთ თუ არა, ამაზე შარდის ფერი მიგანიშნებთ: რაც უფრო მუქი ყვითელია შარდი, მით მეტი სითხის მიღებაა საჭირო. იდეალურ შემთხვევაში შარდი სავსებით გამჭვირვალე უნდა იყოს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სუფთა წყალი დიარეის დროს საკმარისი არ არის. აფთიაქში უნდა შეიძინოთ რეჰიდრონი, ინსტრუქციის მიხედვით მოამზადოთ ხსნარი და ყლუპობით სვათ.
დიარეის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება – ის მდგომარეობას დაამძიმებს. შესაძლოა, წნევის აწევა და გულის შეტევაც კი გამოიწვიოს.
როცა ფაღარათი გაგივლით, ნუ იჩქარებთ ჩვეულებრივ რაციონზე გადასვლას. საჭიროა ხანმოკლე გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მიიღებთ ჩაისა და ორცხობილას, კისელს, ბანანს, ფორთოხლის წვენს.