№16 დიალოგი საკუთარ თავთან
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
ორი ადამიანის ურთიერთობა – ესაა მდგომარეობა, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ უნდა იფიქრო, არამედ გვერდით მყოფ ადამიანზეც. რატომ ხდება, რომ ზოგჯერ, ჰარმონიულად დაწყებული ურთიერთობა აბსოლუტური გაუცხოებით სრულდება. ამ კითხვაზე პასუხი ბევრნაირია. მაგრამ ყველაზე სწორ პასუხს მხოლოდ საკუთარ თავთან ჩაძიებით მიიღებთ. მთავარია, მაქსიმალურად გულწრფელი იყოთ. ადამიანების უმეტესობას – როგორ ქალს, ისე მამაკაცს, აქვს ამბიცია, ნებისმიერ ურთიერთობაში სასურველი იყოს. გარდა ამისა, ჩვენ ზომაზე მეტად მგრძნობიარეები ვართ. რთულად გადაგვაქვს იმედგაცრუება. ხოლო, როცა პასუხისმგებლობის აღებაზე მიდგება ჯერი, არც ისე მარტივად არის ხოლმე საქმე.
იცით, რატომ არის პრობლემა წყვილებში გახშირებული კონფლიქტები, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, უნდობლობა, იმედგაცრუება და ღალატი? იმიტომ, რომ ურთიერთობაში ხშირად ეგოისტები ვართ.
თუ თქვენ ვერ გააცნობიერებთ პრობლემას საკუთარ თავში, ვერასოდეს დაალაგებთ ურთიერთობას პარტნიორთან. პარტნიორები უნდა ცდილობდნენ, ასიამოვნონ ერთმანეთს. საყვარელ ადამიანს გული რომ არ ატკინოთ, ზოგჯერ საკუთარ სურვილებზეც მოგიწევთ უარის თქმა. ერთი შეხედვით, ეს კარგია. მაგრამ დაგროვილი ემოცია ან უკმაყოფილება ბოლოს აუცილებლად გაარღვევს ჯებირს. რადგან როცა ადამიანი არ ამბობს ან არ გამოხატავს იმას, რაც სინამდვილეში უნდა, ურთიერთობაში კიდევ მეტ შეცდომას უშვებს. იცით, რა ემართება პიროვნებას, რომელიც ხშირად ამბობს უარს საკუთარ მოთხოვნილებებზე? რაც უფრო მეტად ეცდება, თავისი ქცევით შეესაბამებოდეს იმას, რაც სწორია, მით უფრო შორდება იდეალურ ურთიერთობას. მით უმეტეს, რომ იდეალურობის გაგებაც ყველას განსხვავებული აქვს.
იმისთვის, რომ ჰარმონიულად იცხოვროთ პარტნიორთან, უპირველესად, საკუთარ თავს უნდა იცნობდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებით პიროვნება, რომელიც მუდმივად შინაგან დისკომფორტში იმყოფება. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად გექნებათ პრობლემები ურთიერთობებში. საკუთარი მოთხოვნილებების დათრგუნვით ჯერ არავინ გაბედნიერებულა. როდესაც თქვენ არ ხართ ბედნიერი, ვერც თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი იგრძნობს თავს ბედნიერად. მუდმივად იმის შეგრძნება, რომ ურთიერთობას მსხვერპლად სწირავ საკუთარ თავს, თვითშეფასებაზეც უარყოფითად მოქმედებს.
ვიყოთ ბედნიერები „პოტოკოლი“
გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას. ჩვენი ცხოვრების რიტმმა საკუთარი სურვილების წინააღმდეგ მოქმედება გვასწავლა. იმის შიშით, რომ სამსახურში არ დაგვაგვიანდეს, ხშირად დილა ქაოსურად იწყება. სინამდვილეში კი უარს არ ვიტყოდით ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მშვიდად დაგველია ყავა. გვესაუზმა, მთელი დღის გეგმებზე გვესაუბრა... თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ რუტინა. ნუ იწუწუნებთ, რომ დრო არ გაქვთ. ეცადეთ და აუცილებლად გამოგივათ. სანამ სამსახურისკენ გაეშურებით, სანამ ერთად ხართ, იზრუნეთ იმაზე, ეს წუთები დაუვიწყარი გახადოთ და კიდევ უფრო მეტად განამტკიცოთ ურთიერთობა.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბედნიერ წყვილებს აქვთ დილის რიტუალები, რომლის გავლენითაც კარგი განწყობა მთელი დღე მიჰყვებათ. მნიშვნელოვანია პირველი ღიმილი დილით ერთმანეთთან შეხვედრისას. ეს პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.
თუ წყვილთაგან რომელიმე ადრე მიდის სამსახურში, მეორეს კი სძინავს, მაგრამ სახლიდან გასვლის წინ მაინც ეხუტება თავის საყვარელ ადამიანს, ამაზე სასიამოვნო შეგრძნება და დღის დასაწყისი არ არსებობს.
ბევრი წყვილი საკუთარი საქმეებითაა დაკავებული. ისინი თითქმის არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ბევრი ისეთ დროს იღვიძებს, როცა მისი პარტნიორი უკვე წასულია სახლიდან. წყვილთა ფსიქოლოგები გვირჩევენ – როგორ ძალიანაც უნდა გეძინებოდეთ, საყვარელი ადამიანის გამო ადექით ისეთ დროს, როცა ის სახლშია და სამსახურში წასვლამდე ყურადღება და ალერსი აჩუქეთ.
ერთად მირთმეული საუზმე ან ყავის დალევა ურთიერთობის ყველაზე სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი წუთებია, მით უფრო, თუ სასაუბროდ სასიამოვნო თემას აირჩევთ. მეუღლეებს შეუძლიათ, ისაუბრონ მომავალ გეგმებზე, მოიფიქრონ, როგორ გაატარონ დრო სამსახურის შემდეგ, გაანაწილონ ბიუჯეტი, გადაწყვიტონ საერთო პრობლემა, ურჩიონ ერთმანეთს... სულ რაღაც 15 წუთი გამოყავით ამ ყველაფრისთვის და მთელი დღე სასიამოვნოდ ჩაივლის.
აუცილებელია თუ არა დამშვიდობებისას ერთმანეთს აკოცოთ – დიახ, აუცილებელია. საკუთარი გრძნობების დემონსტრირება, როცა ერთმანეთს ემშვიდობებით, ორივე თქვენთაგანს თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეს შემატებს. თქვენს ურთიერთობას მობეზრება არ ემუქრება.
* რაც უნდა მნიშვნელოვანი საქმე გქონდეთ, გახსოვდეთ, რომ სახლიდან გასვლამდე თქვენი დრო ეკუთვნის საყვარელ ადამიანს. ტელეფონზე საუბარს სახლიდან გასვლის შემდეგაც მოასწრებთ.
* დილით ბავშვების გაღვიძება, მომზადება და სკოლაში გაგზავნა მარტო ერთ მათგანას არ უნდა ეხებოდეს. ბედნიერ წყვილებში საქმე თანაბრადაა განაწილებული. ისინი ამ ყველაფერს მშვიდად, აუღელვებლად და სიყვარულით აკეთებენ.