№16 როდის არის მამაკაცისთვის შვილებზე უფრო მნიშვნელოვანი ცოლი
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
ფსიქოლოგების რაღაც ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომ ქორწინებაში მყოფი მამაკაცებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მეუღლე და არა შვილები. ისინი ხსნიან, რატომ უნდა იცხოვროს ყველა ოჯახმა ამის გაცნობიერებით. ფსიქოლოგების ეს კონკრეტული მოსაზრება ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებაში დიდი როლი ენიჭება, რამდენად ახლოს არიან მეუღლეები ერთმანეთთან. დიახ, შვილები მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ერთმანეთისთვის დროს არ დაიტოვებთ, თქვენი ურთიერთობა აუცილებლად შევა კრიზისის ფაზაში.
ლიკა (34 წლის): ჩვენი შვილები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში. ყოველთვის შეუძლიათ, დაგვეყრდნონ, ჰქონდეთ ჩვენი იმედი, მხარდაჭერა და სიყვარული. თუმცა, ბავშვებთან ერთად აუცილებლად უნდა არსებობდეს ცალკე „ჩვენ“, ცალკე „ჩვენი“ ურთიერთობა. მხოლოდ ამის გაცნობიერებითა და ყოველდღიურობაში დანერგვით იქნება ქორწინება მყარი და ძლიერი. ჩვენ რომ გვგონია, შეგვიყვარდება და ამით უზრუნველყოფილი იქნება ოჯახის ბედნიერება, ასე არ არის.
– ქალები ძალიან ხშირად ამბობენ იმას, რომ ქორწინებაში ბედნიერებისთვის მარტო სიყვარული საკმარისი არ არის.
– ამას, რომ გათხოვდები, მერე ხვდები, საკუთარი გამოცდილებით. ასეა, თუ საკუთარ „ტყავზე“ არ გადაიტან ყოველდღიურ, პატარ-პატარა „ბრძოლებს“, რამდენიც უნდა წაიკითხო ურთიერთობებზე, ვერაფერს მიხვდები. ვერც დასკვნებს გააკეთებ. აი, მაგალითად, „ჯანსაღი ქორწინება ბედნიერი ოჯახის საფუძველია“ – მხოლოდ ფრაზაა და მეტი არაფერი, სანამ ოჯახის უღელში არ გაყოფ თავს. ოჯახის საფუძველი ბავშვები ვერ იქნებიან. რომელი ქალიც ამას ფიქრობს და თავს იმშვიდებს, ძალიან ცდება.
– ანუ, ის, რომ ბავშვს გავაჩენ და ქმარიც არსად წავა, მცდარია?
რა თქმა უნდა, კაცებს ჯერ ცოლი სჭირდებათ, მერე ყველაფერი დანარჩენი. ბავშვებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ოჯახურ ცხოვრებაში, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ოჯახურ ურთიერთობაში ცოლსა და ქმარს ეკისრება. სანამ ბავშვები გეყოლებოდათ, ხომ იყავით მხოლოდ „ჩვენ“? რაღაც დოზით ეს მერეც ასე უნდა იყოს. რაც გათხოვილი ვარ, სულ ვაკვირდები ჩემს ქმარს. ბავშვებზე გიჟდება. ორი აზრი არ არის, მაგრამ მე თავისთვის ვჭირდები. მამაკაცები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ხშირად ეგოისტურად იქცევიან. მათი გადმოსახედიდან შეიძლება, არც არის ეგოიზმი. მე ქმარმა ასეთი რაღაც მითხრა: სანამ ისინი გაჩნდებოდნენ, მხოლოდ „ჩვენ“ ვიყავით. ერთმანეთი შეგვიყვარდა, ერთად ვაცდენდით ლექციებს, ყველგან ერთად დავდიოდით... მთელი ღამე ვსაუბრობდით მობილურზე, შემდეგ გადავწყვიტეთ, მთელი ცხოვრება ერთად გაგვეტარებინა... ახლა დღეები გადის, ერთმანეთისთვის ვერ ვიცლითო. მივხვდი, რომ მართალი იყო.
– მამაკაცს უნდა ესმოდეს, რომ მთელი ცხოვრება ისე ვერ იქნება, როგორც შეყვარებულობის ფაზაში. ეს ძალიან ჰგავს ჭირვეულობას.
– დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენც ხომ არ გვსიამოვნებს, ჩვენი ერთად გასატარებელი დრო რომ შეზღუდულია. ამიტომ ქალებმაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის დავიცვათ.
– მოვაკლოთ დრო შვილებს, მეგობრებს, საყვარელ და აუცილებელ საქმეს?
– ოქროს შუალედია საპოვნელი. ოჯახში ცოლქმრული ურთიერთობა უნდა იყოს პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ეს ისეთი მარტივი არ არის, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. მე არ ვიცნობ არც ქალს და არც მამაკაცს, რომელიც ხმამაღლა იტყვის: პირველ ადგილზე მაინც ჩემი ცოლი დგას! თუმცა სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და რეალური. დღის ბოლოს მთელი ოჯახი დაღლილი და დაძაბულია ხოლმე. რა თქმა უნდა, შვილებს სჭირდებათ თქვენი ზრუნვა და სიყვარული, მაგრამ პირველ რიგში, ქმართან ურთიერთობას უნდა მიხედოთ. ეს შვილებისთვისაც კარგია. როცა ბავშვები ხედავენ, რომ მშობლებს ერთმანეთი უყვართ, დედისა და მამის სიყვარულში დარწმუნებულები არიან, თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ. იმაზე უნდა იფიქროთ, რომ ბავშვები გაიზრდებიან, თქვენ შორის გაფუჭებულ ურთიერთობას კი ვერაფერი უშველის. სიახლოვე თუ დაიკარგა, არ არის გამორიცხული, მისი აღდგენა საერთოდ ვეღარ შეძლოთ. ჩვენ ყოველთვის განვიცდით დროის ნაკლებობას. ჯერ სამსახურში ლამის მთელ დღეს ვატარებთ, მერე – შვილები... ბოლოს როდის გვქონდა პაემანი საკუთარ ქმართან? ვიღაცას ეს სასაცილოდ მოეჩვენება. მაგრამ მამაკაცებს ეს მოსწონთ. შეიძლება, თვითონ არ გამოიჩინოს ინიციატივა. თუმცა ამას დააფასებს, მოეწონება. ხშირად უნდა იაროთ ერთად, ბავშვების გარეშე. ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა!
– ანუ, მამაკაცები არ აღიარებენ, მაგრამ ცოლი მათთვის შვილებზე მნიშვნელოვანია?
– დიახ. ასეა. ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ, რატომ ხდება, ცოლის მიტოვების მერე, კაცების უმრავლესობას შვილებიც რომ აღარ ახსენდება. დიახ, ეს მამაკაცები სრულიად უპასუხისმგებლოები არიან, მაგრამ ეს ავლენს მათ რეალურ ბუნებას. ქმართან ჩემი სიშორე ძალიან გვიან შევამჩნიე. კიდევ კარგი, რომ მისაყვედურა. ვაღიარებ, რომ გავბრაზდი, უსამართლოდ მივიჩნიე მისი საყვედური. ამდენი საქმე მაქვს, მთელი დღე ისე ვიღლები, შენ კი რას მთხოვ-მეთქი. სერიოზულად ვიყავი ნაწყენი. მერე გავაცნობიერე, რას მოითხოვდა. ჩემი ყურადღება აკლდა და სიახლოვის დეფიციტი ჰქონდა. მითხარით, რით არის ცუდი, თუ ქმარს დიდი დოზით სჭირდებით. უნდა გიხაროდეთ. როგორც კი ამას მიხვდებით, ეგრევე ყველაფერი გამოსწორდება.