№16 შეიძლება, თუ არა კორონავირუსის გავრცელება საკანალიზაციო მილებიდან მიწაში გაჟონვის შედეგად
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში საქმე იქამდეც კი მივიდა (იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე და ყველა პრობლემა, ფაქტობრივად, განვითარების ახალ საფეხურზე ასვლის საშუალებაა), რომ დედაქალაქის ქუჩები მოირეცხა (რაც, მგონი, არც არასდროს მომხდარა). არადა ჩვენ ისიც ვიცით, რომ თბილისური სადარბაზოები, კიბის უჯრედები და ლიფტებიც საკმაოდ ბინძურია. ამდენად, ისმის კითხვა: მიწისქვეშა კომუნიკაციები თუ არის მზად მიწის ზემოთ მიმდინარე სამუშაოებისთვის? თბილისის საკანალიზაციო სისტემა ჩაედინება მტკვარში, მათ შორის, საავადმოფოებისაც და, აქედან გამომდინარე, რაკი ახალმა ვირუსმა არათუ ქართული, მსოფლიო რეალობა შეცვალა (თუმცა მე მაინც მგონია, ადამიანთა ჯგუფის დახმარებითაც, ანუ დედამიწის მოსახლეობა ხელოვნურადაც პანიკდება), საინტერესოა, იფილტრება თუ არა იმ კლინიკების საკანალიზაციო სისტემა, სადაც ამ ვირუსით დაავადებულებს მკურნალობენ ან უმკურნალებენ? – ამ თემაზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთან, ნიკოლოზ ნაცვლიშვილთან ერთად ვისაუბრებთ.
– მგონი, არ არის ურიგო, თბილისის ქუჩები რომ ირეცხება, მაგრამ საკანალიზაციო სისტემაში რომ ხვდება მორეცხილი, ის თუა მზად ამ დატვირთვისთვის? და როგორ გვიბრუნდება მიწის ზემოთ ის, რაც ზემოდან საკანალიზაციო კოლექტორებში ჩაედინება?
– ძალიან დიდია თბილისის ფართობი და, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ყველა ქუჩის მორეცხვა, მხოლოდ ცენტრალური ქუჩების მორეცხვა თუ მოხერხდება. თუმცა, თუ რამეს გაწმენდენ, ზოგადად, კარგია. მაგრამ საქმე ის არის, სად მიდის ეს მორეცხილი წყალი?! ეს ყველაფერი ხვდება მიწისქვეშა კომუნიკაციებში, საკანალიზაციო კოლექტორებში. თუმცა მე უფრო მეტად მაშფოთებს ერთი ამბავი: კორონავირუსის გამო რამდენიმე სამკურნალო დაწესებულების ინტეგრაცია მოხდა და ყველა გადავიდა ინფექციურ პროფილზე. ამდენად, მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ლოკალური გამწმენდი ნაგებობები ჩამდინარე წყლებისთვის.
– ინფექციურ საავადმყოფოში არის ლოკალური გამწმენდი ნაგებობა? ის ყოველთვის ამ პროფილის იყო.
– იქ არის, მაგრამ, ფაქტობრივად, როგორ ფუნქციონირებს, ეს სხვა საკითხია. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოებს, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოსაც ლოკალური გამწმენდი ნაგებობები უნდა ჰქონოდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათი სისტემატური მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს, რაც, როგორც წესი, ჩვენთან იშვიათობაა. იმიტომაც მაშფოთებს, რომ რეალური სურათი სხვანაირია და რაც უფრო დამძიმდება კორონავირუსის ამბავი, ეს საკითხიც კიდევ უფრო დამძიმდება, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვან ლაბორატორიულ სამუშაოებს მოითხოვს. დღეს ბევრს ლაპარაკობენ სწრაფ ტესტებზე, მაგრამ ტესტები აქაცაა საჭირო, რომ სასწრაფოდ გაიზომოს კლინიკებიდან ჩამდინარე წყლებში არსებული ბაქტერიოლოგიური ვითარება. ბაქტერიოლოგიური გაწმენდისთვის საჭირო სიდიდეები უნდა დადგინდეს. მე არ ვიცი, ამას როგორ აკეთებენ. არადა ვიღაცამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. ქუჩას კი მოვასუფთავებთ, მაგრამ ნარჩენები ხომ სადღაც წავა და წყლის დიდი რაოდენობა ისევ მტკვარში ხვდება. მდინარე მტკვარზე კი, როგორც მოგეხსენებათ, იმას გარდა, რომ მთელ თბილისში მიედინება, დგანან მეთევზეები და შეიძლება, მორეცხილი ისევ უკან დაგვიბრუნდეს. ჰიპოთეტურად ვლაპარაკობ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ფაქტია.
– ჩვეულებრივი საავადმყოფოსა და ინფექციური საავადმყოფოს გამწმენდი ნაგებობები განსხვავდება?
– საქმეც ესაა, განსხვავებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ინფექციური საავადმყოფოდან ბაქტერიებისა და ვირუსების მოხვედრის ალბათობა დიდია, წამლებიც სხვანაირი აქვთ, ამიტომ განსხვავებული ყურადღება და მეთვალყურეობა სჭირდება. ძალიან მიჭირს იმის თქმაც, ჩვენი სპეციალობის ადამიანები არიან თუ არა მზად, შეასრულონ ასეთი ლაბორატორიული სამუშაოები.
– ანუ იმ რამდენიმე საავადმყოფოში, რომლებშიც მოეწყო ბოქსირებული პალატები კორონავირუსიანი პაციენტებისთვის, ინფექციური დაავადებების პროფილის მქონე დაწესებულებისთვის დამახასიათებელი გამწმენდი ნაგებობები არ არის.
– არ იქნება, ვინ ააშენებდა?! ჩამდინარე წყლის დაბინძურების ალბათობა უფრო მეტია, ანუ ეს ჩამდინარე წყალი ისეთ ადგილას უნდა მიდიოდეს, სადაც გაიწმინდება, რომ არ მოხვდეს საკანალიზაციო კოლექტორებში. იმიტომ რომ საკანალიზაციო კოლექტორების ჭებში მუშაობა უწევთ ადამიანებს – საავარიო სამსახურების, წყალსადენის კომპანიების თანამშრომლებს. ისინი ავარიების შემთხვევაში და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ჩადიან ჭებში, შესაბამისად, იზრდება მათი დასნებოვნების ალბათობაც. ამიტომ უნდა დადგინდეს, როგორ იქცევა წყალში კორონავირუსი: ცოცხლობს, კვდება თუ რა მოსდის?! თუ ჩამდინარე წყალში ეს ვირუსი ცოცხლობს და მრავლდება, მაშინ ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე, იმიტომ რომ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები რისკის ქვეშ ხვდებიან. ამდენად, ამას ახლავე უნდა მიექცეს ყურადღება, უნდა დადგინდეს ის ადგილები, ის ჭები, რომლებშიც ასეთი ობიექტებიდან ჩადის საკანალიზაციო წყლები.
– მახსოვს, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მითხარით, რომ ჩვენი საკანალიზაციო სისტემიდან ჟონავს საკანალიზაციო წყალი, იმიტომ რომ თბილისში შემოსულ სასმელ წყალსა და მტკვარში ჩადინებულ საკანალიზაციო წყალს შორის განსხვავებაა, რამდენჯერმე ნაკლები ჩაედინება მტკვარში, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი ჟონავს ნიადაგში.
– ეს ცნობილი ფაქტია.
– ანუ მიწაშიც შეიძლება, გაჟონოს ვირუსმა?
– ყველა ჩამდინარე წყალი, ჩვეულებრივ, მიდის ყველაზე დაბალი წერტილისკენ, რადგან თბილისზე ვლაპარაკობთ, ის ჩადის მტკვარში, მაგრამ სხვა ქალაქებშიც არიან ამ ვირუსით დასნებოვნებული ადამიანები. სადაც კი არის ეს ვირუსი და კანალიზაცია, ყველგან უნდა შემოწმდეს მიწისქვეშა ჩამდინარე წყლების შედგენილობა, რომ ინახოს, რა მდგომარეობაა. ჩვენთან წყლის უდიდესი რაოდენობა ხვდება მტკვარში, 20 კუბური მეტრი წყალი შემოდის თბილისში და 5 კუბური მეტრი გადის, დანარჩენი ან იჟონება, ან ხვდება მტკვარში. ამასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება, მაგრამ ამ სისტემის გამართვა მილიონები დაჯდება.
– სანამ თბილისის საკანალიზაციო სისტემა გამოსწორდება, რა შეიძლება, გაკეთდეს სახელდახელოდ?
– უპირველესად, უნდა დავადგინოთ, რა ურთიერთობა აქვს ამ ვირუსს წყალთან. თუ საშიშია, სასწრაფოდ უნდა გააფრთხილონ შესაბამისი სამსახურები, დამატებითი რეკომენდაციები უნდა მივიღოთ, რომ წყალარინების, საკანალიზაციო ქსელზე სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება მიექცეს უსაფრთხოებას. ძლიერი ლაბორატორიული ბაზა რომ არსებობდეს, შეიძლებოდა, საკანალიზაციო კოლექტორების ტრასირების მიხედვით ისიც კი დაგვედგინა, საიდან მოდის და ხვდება უფრო მეტი ვირუსი. მაგალითად, თუ აღმოჩნდებოდა გლდანში, გვეცოდინება, რომ იმ განშტოების კოლექტორი რომელ კორპუსებსაც ემსახურება, იქაა მოსალოდნელი ამ ვირუსის აფეთქება. აი, ამის დადგენაც კი შესაძლებელია, თუ საამისო ლაბორატორია იქნება. მთელი თბილისი შეიძლება, დაიყოს რამდენიმე ათეულ მიკროზონად და დადგინდეს, არის თუ არა კორონავირუსი, თუ გამოჩნდება, იმ კოლექტორს უნდა აჰყვე და იპოვო ის კორპუსები, საიდანაც მოდის.
– ანუ შეიძლება, მიაგნო კორონავირუსის კვალს?
– რასაკვირველია და პირდაპირ მიხვიდე შენობამდე და ბინამდე. უცხოეთში ერთ-ერთმა მეცნიერმა გამოთქვა მსგავსი აზრი. იქაც ამბობენ, ალბათ, დადგება დრო, რომ ასეთი მონიტორინგისთვის გვექნება წერტილები ქალაქებში, რათა დადგინდეს, საიდან რა ავადმყოფობები ვრცელდება. მეთოდიკის შემუშავებაც შეიძლება, თუ მიაქცევ ყურადღებას და მიმართულებას მისცემ, თუ მეცნიერებას ჩართავ. მეცნიერება და შესაბამისი სამსახურები ერთობლივად იმუშავებენ და ყველაფერს დაადგენენ. არ არის ერთი დღის საქმე კორონავირუსი და შეიძლება, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ რაღაც სხვაც მოხდეს, ასე რომ, უნდა შემუშავდეს მეთოდიკები, თუ როგორ უნდა ებრძოლო ვირუსებსა და ბაქტერიებს. მთელი მსოფლიო პანიკაშია დღეს, არადა ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩავარდე და თადარიგი დაიჭირო.
– საქართველოს სხვა ქალაქებში როგორი მდგომარეობაა მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ? იქაც წნევით მიედინება ზოგიერთ კოლექტორში საკანალიზაციო წყლები?
– როდესაც დედაქალაქშია მძიმე ვითარება, სხვაგან უფრო უარესად არ იქნება?!
– სხვაგან უფრო ნაკლებიცაა მოსახლეობა, საკურორტო სეზონზე ბათუმის გარდა, ალბათ.
– მხოლოდ მოსახლეობაზე არ არის დამოკიდებული. მოსახლეობა ნაკლებია, წყლის ხარჯიც ნაკლებია და, შესაბამისად, კოლექტორის დიამეტრიც ნაკლები იქნება. ამიტომ ვითარება იქაც გამწვავებული იქნება. არ არის დედაქალაქზე უკეთესი ვითარება სხვა ქალაქებში, დედაქალაქი მაინც დედაქალაქია და უფრო მეტი ყურადღება ექცევა. წესით, თბილისში უფრო მეტი საშუალებაა საავარიო ბრიგადების ადგილზე გასვლის, ავარიების სწრაფად აღმოფხვრის, ვიდრე სხვაგან. მაგალითად, სხვა ქალაქში რომ ხდება ქსელზე ავარია, თუ თბილისში ამას აღმოფხვრიან 6 საათში, რეგიონებში შეიძლება, სამი-ოთხი დღე დასჭირდეს. არადა დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ავარიის ლიკვიდაციისას. თუ ხანგრძლივი იქნება და შესაბამისად, გაჟონვაც მეტი, ვირუსების რაოდენობაც გაიზრდება, მეტი ალბათობაა დასნებოვნების. აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვირუსი არის თუ არა წყალში და მრავლდება თუ არა იქ. ჩამდინარე წყალში არის ბევრი სხვადასხვა ორგანული და არაორგანული ნივთიერება. ვირუსს სჭირდება თავისი სასიცოცხლო გარემო, რაღაცას უნდა მიეტმასნოს, რომ მიიღოს ძალა და გამრავლდეს. სიცოცხლისუნარიანი რომ იყოს, ეს რაღაცისგან უნდა გამოწოვოს. ადამიანიდან ადამიანზე იმიტომ გადადის, რომ ადამიანისგან იღებს სასიცოცხლო ძალებს, ამიტომ მრავლდება ეს ვირუსი. შეიძლება, წყალში კვდებოდეს კიდეც, მაგრამ გამოსაკვლევია, რამდენ ხანს ძლებს.
– საკანალიზაციო სისტემიდან თუ ჟონავს, ესე იგი, შესაძლებელია, მიწაშიც მოხვდეს?
– ადვილი შესაძლებელია, მიწაში რომ გაჟონავს, როგორ განვითარდება: მოკვდება თუ პირიქით, გამრავლდება?! ამ წუთას ჩვენ არ ვიცით, მიწასა და წყალში როგორ იქცევა. თუ გვეცოდინება, უფრო იოლად შევებრძოლებით. ბევრ რამეს, რასაც ვამბობთ, შემდეგ წინ გვხვდება ხოლმე და იქნებ ვინმემ შეისმინოს. ჩვენ გვაქვს მარეგულირებელი კომისია და ის უნდა სვამდეს ამ საკითხს. ინფექციურ საავადმყოფოებს თუ გამწმენდი ნაგებობების მუშაობას ყურადღება უნდა მიექცეს, ვიღაცამ უნდა ითავოს ეს საქმე.