კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 როგორ დაამარცხეს ზაზა მესხმა და მისმა ოჯახმა კორონავირუსი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  იმ ადამიანებს შორის, ვინც კორონავირუსი დაამარცხა არის ზაზა მესხი, რომელიც 25 წელია, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბოლო წლებში კი ჰოლანდიაში ცხოვრობს. ვირუსი ჰქონდა მას და მისი ოჯახის კიდევ ხუთ წევრს და საბედნიეროდ, მისი დამარცხება ყველამ შეძლო (ინტერვიუ ჩაწერილია 31 მარტს).
  ზაზა მესხი: ჰოლანდიაში, ამ დროისთვის, ოფიციალურად, 13 ათასამდე ადამიანია დაინფიცირებული და სამწუხაროდ, ათასზე მეტი – გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ვირუსი იქ იანვარში არა, მაგრამ თებერვლის დასაწყისიდან ტრიალებდა, თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა. ოფიციალურად ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტის შესახებ რომ განაცხადეს, მაშინ ჩვენ უკვე დაინფიცირებულები ვიყავით. რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი არსებობდა, თუმცა ამის შესახებ გვიან გახდა ცნობილი. მე თებერვლის ბოლო კვირას, უფრო ზუსტად 21 თებერვლიდან ვგრძნობდი თავს შეუძლოდ. ძალიან მალე ვიღლებოდი და შფოთვა მქონდა. ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. პირველ მარტს ტემპერატურამ ამიწია. შვიდი დღე მქონდა მაღალი ტემპერატურა, აქედან სამი დღის განმავლობაში, ორმოც გრადუსსაც სცდებოდა. ვირუსი მთელ ოჯახს გადაედო. მეუღლესა და ჩემს ოთხ შვილს. სიცხე რომ ჩაცხრა, შემდეგ დამეწყო ძლიერი ხველა. მაღალი ტემპერატურის დროსაც მახველებდა, მაგრამ ეს უკვე ძალიან ძლიერი ხველა იყო. თავიდან არც ვიცოდით, რაში იყო საქმე. ოჯახის ექიმთან მუდმივი კონტაქტი გვქონდა და გვეუბნებოდა, რომ სახლიდან არ უნდა გავსულიყავით. გვეკითხებოდა, ვიყავით თუ არა იტალიასა და ჩინეთში ან იქიდან დაბრუნებულთან ხომ არ გვქონია კონტაქტი. რადგან მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, გვითხრეს, რომ რისკ-ჯგუფს არ მივეკუთვნებოდით და სახლში უნდა დავრჩენილიყავით. ექიმმა გვითხრა, რომ სამკურნალოდ მხოლოდ პარაცეტამოლი უნდა მიგვეღო. დღეში ოთხი ათას მილიგრამამდე, რაც საკმაოდ დიდი დოზაა. სვით ბევრი სითხე და გაიკეთეთ ინჰალაციაო. მაგრამ ერთ-ერთ ჩვენგანს მდგომარეობა გაურთულდა. ჩემს გოგონას 12 დღის განმავლობაში ტემპერატურა ვერ დავუწიეთ. თავიდან მაღალი სიცხე ჰქონდა, შემდეგ დაეწია და 12 დღის განმავლობაში შედარებით დაბალი, მაგრამ ტემპერატურა მაინც ჰქონდა 37-38 გრადუსი. ძალიან ავფორიაქდი და ექიმს ვუთხარი, რომ აღარ გამოდიოდა სხვაგვარად და აუცილებლად უნდა ენახა ჩემი შვილი. მთელი ინსტრუქცია მოგვცეს, როგორ მივსულიყავით საავადმყოფოში.
– რა რეკომენდაციები მიიღეთ? თუ დაინფიცირებულს უწევს სახლიდან გასვლა, როგორ უნდა მოიქცეს?
– დაინფიცირებული აუცილებლად სახლში უნდა დარჩეს. მის გარეთ გასვლას გამართლება არ აქვს. მე ექიმი არ ვარ, ინჟინერი ვარ, მაგრამ როგორც გავიგეთ, ეს დაავადება იმუნურ სისტემას ძალიან აზიანებს. ორგანიზმში ბრძოლაა იმუნიტეტსა და ვირუსს შორის. ბუნებრივია, ამ პირობებში, იმუნიტეტი ძალიან დასუსტებულია და შესაძლებელია, ძალიან მარტივად „აიკიდო“ სხვადასხვა დაავადება ან თავი იჩინონ იმ სისუსტეებმა, რომელიც შენს ორგანიზმშია. შესაბამისად, გარეთ სიარული ძალიან დიდი რისკია. გარდა ამისა, სხვებთან მიმართებაში ეს ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია.
– თუმცა, თქვენ მიგიყვანეს თქვენივე რესურსით და არა სასწრაფო დახმარების მანქანით, არა?
– აქ ძალიან პრაგმატული მიდგომაა. ექიმი გისვამს სტანდარტულ კითხვებს და თუ ასკვნის, რომ შენ სიარული შეგიძლია და უშუალო, მოკლევადიანი რისკი არ არის, მაშინ სასწრაფო არ მოვა შენთან. სასწრაფო მიდის მათთან, ვისაც უკვე აპარატის გარეშე არ შეუძლია სუნთქვა. რომ მივედით, მანქანაში ველოდით, ჩამოვიდა მთლიანად დაცული ადამიანი, შეგვიყვანა პოლიკლინიკაში და გაგვაფრთხილა, ხელით არაფერს შევხებოდით. პოლიკლინიკა, რომელიც როგორც წესი, ყოველთვის სავსეა, აბსოლუტურად ცარიელი იყო. ამან ცოტა შეგვაშინა. ყველა პაციენტი გაყვანილი ჰყავდათ კლინიკიდან. ექიმმა გასინჯა ჩემი შვილი და გვითხრა, რომ პნევმონია ჰქონდა. დაგვინიშნა ანტიბიოტიკებით მკურნალობა და გვითხრა, ორ დღეში თუ სიცხემ არ დაუწია და მდგომარეობა არ გაუუმჯობესდა, მაშინ საავადმყოფოში უნდა დავაწვინოთო. ჩემი გოგონა 12 წლისაა, სპორტსმენია, ძალიან დასუსტებული იყო, ლამის ფეხზე ვეღარ იდგა. საბედნიეროდ, ორ დღეში მდგომარეობა გამოსწორდა და ორ კვირაში სრულად გამოჯანმრთელდა. პოლიკლინიკაში პაციენტები ჩვენ ვიყავით მხოლოდ. ჩრდილოეთის ქვეყნებმა აირჩიეს სტრატეგია, ხალხი სამედიცინო დაწესებულებებს მოარიდონ, რომ იტალიისა და ესპანეთის მაგალითი არ განმეორდეს. სადაც ხალხი მიეძალა, ექიმები ვერ აუდიოდნენ პაციენტებს, მათი სიმრავლის გამო გაჭირდა უსაფრთხოების დაცვაც, ზოგი იატაკზე იწვა, ზოგი სკამზე. ქაოსი შეიქმნა და ამან გამოიწვია ეპიდაფეთქება. არ ვიცი, ეს როგორ მოიფიქრეს, მაგრამ იტალიაში კორონათი დაინფიცირებული პაციენტები სხვა პაციენტებთან ერთად დააწვინეს და მათი დაინფიცირებაც მოხდა. ისედაც დასუსტებულებმა, კორონა ვეღარ გადაიტანეს. ძალიან დიდი სხვაობაა, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყნებს შორის. სამხრეთის ქვეყნებში – იტალიასა და ესპანეთში – ძალიან მაღალია ინფიცირების დონეც და ფატალური შედეგიც. მე ვფიქრობ, რომ ეს შედარებით უდისციპლინო და ტემპერამენტიანი მოსახლეობის ბრალია. მითითებებს არ იცავდნენ, მოუთმენლები და დაუმორჩილებლები არიან. ზუსტად ამის მეშინია საქართველოში. ბავშვი რომ ცუდად გახდება, სიმშვიდეა საჭირო. ჯანმრთელი ორგანიზმი ამ ვირუსს ამარცხებს. მოთმინება და სახლში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
– ანუ, მთლად ისეც არაა, როგორც ვიცით, რომ ბავშვებს ძალიან მარტივად გადააგქვთ ეს ვირუსი. თქვენს შორის, მხოლოდ ის იყო მძიმედ?
– ოთხივე შვილს მაღალი სიცხე ჰქონდა, ყველაზე მცირე – ხუთი და ყველაზე მეტი – 12 დღე. ჩემს მეუღლეს ორი კვირა ჰქონდა სიცხე. ჩვენ შორის ჩვენი ქალიშვილი იყო ყველაზე მძიმედ. როგორც ჩანს, სულ მთლად ასეც არაა.
– სიმპტომების შესახებ გკითხავთ კიდევ ერთხელ – ექვსი ადამიანი იყავით დაინფიცირებული, მსგავსი სიმპტომები გქონდათ თუ მათ შორის განსხვავებაც იყო?
– კი, იყო განსხვავება. ყველას გვქონდა სიცხე და სიმშრალე ყელში. არავის გვქონია სურდო. ყელის ტკივილი ზოგს ჰქონდა, ზოგს – არა. მაგალითად, მე ნაკლებად მტკიოდა, დანარჩენებს – ძლიერად. ერთს, ყელთან ერთად, ყურიც სტკიოდა. ზოგს ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, მე – არა. მე სრულად დავკარგე გემოს შეგრძნება. ლამის მარილიანსა და ტკბილს ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან. შემდეგ, როცა უკვე ორგანიზმი დაღლილია და იმუნიტეტი დაბალია, თავს გახსენებს ის სისუსტეები, რაც ორგანიზმს აქამდე ჰქონდა. მე თირკმელმა შემაწუხა, ჩემი მეუღლე – კუჭმა, რაც იქამდეც გვაწუხებდა. უმეტესობას გვქონდა დიარეა, თუმცა, მცირე ხნით.
– ყველა დაავადებული იყავით და როგორ უვლიდით ერთმანეთს?
– მშობელს ერთგვარი ინსტინქტი აქვს – როცა შვილი ავად ხდება, შენ როგორც უნდა იყო, დგები და ყველაფერს აკეთებ, რაც სჭირდება. როგორც მძიმე გრიპის დროს, ისე მიდიოდა ჩვენი გამოჯანმრთელების პროცესი. „ღორის გრიპი“ რომ იყო 12 წლის წინ, მაშინ ლონდონში ვცხოვრობდი და ისიც გადავიტანე. ასე რომ, პანდემიები, რატომღაც, გვერდს ვერ მივლის. ამჯერად, ვიწექით, ვცდილობდით, რაც შეიძლება, ბევრი სითხე მიგვეღო, რაც ბავშვებს ძალიან უჭირდათ. საჭმელსაც მინიმალურად ვჭამდით. მადა არ გვქონდა. მე – მით უმეტეს, მაგრამ ვიცოდი, რომ საჭირო იყო და მაინც ვიღებდი.
– არც გამოჯანმრთელების შემდეგ მისულხართ ექიმთან? როგორ ხდება განსაზღვრა, რომ ორგანიზმში ეს პროცესი დასრულდა?
– არა. ჰოლანდიაში არც ატარებენ ამ ტესტს. პრაგმატულად უდგებიან, თუ კარგად ხარ, ესე იგი, კარგად ხარ და იმ ტესტს მას ახმარენ, ვისაც აუცილებლად სჭირდება დადგენა, არის თუ არა დაავადებული. ჰოლანდიაში ამ დრომდე გამოჯანმრთელებულად, ოფიციალურად, მხოლოდ სამი ადამიანი ითვლება. ეს იმიტომ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულად რომ გაფორმდეს, ხელმეორე ტესტის გაკეთებაა საჭირო. რასაც არ აკეთებენ და ამ რესურსს ახმარენ მას, ვისაც ეს მეტად სჭირდება. მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვდები შენ თვითონ და იცავ ინკუბაციის პერიოდს. უნდა ვაღიარო, სულ მთლად გამოჯანმრთელებული ჯერაც არ ვარ. თუმცა, უკვე კვირა-ნახევარია სამსახურში დავდივარ. სხვათა შორის, 29 თებერვლის ბილეთი მქონდა ნაყიდი საქართველოსკენ. გულმა მიგრძნო რაღაც და არ წამოვედი. ერთ დღეში კი სიცხემ ამიწია.
– რა ხდება ვირუსის დამარცხების შემდეგ ორგანიზმში? მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დროა გასული, რისი თქმა შეგიძლიათ?
– გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივია, მშობლებს უფრო გვიჭირს, მაგრამ ბავშვებისთვისაც არაა ადვილი. ჯერ კიდევ სუსტად არიან, ერთი ისევ ახველებს. ნაკლებად აქტიურები და დასტრესილები არიან.
როცა ექიმი გეუბნება, რომ შენ ცუდად ხარ, მაგრამ ჩვენ უფრო მძიმე პაციენტებს უნდა მივხედოთ, ამას გაგება უნდა. არ შეიძლება სწრაფი ქმედება და საავადმყოფოში მივარდნა. თავიდან ეჭვი კი გვქონდა, რომ შეიძლებოდა, კორონა გვქონოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდით, ეს ასე სწრაფად როგორ მოხდებოდა, როცა პირველი პაციენტი ჰოლანდიაში 27 თებერვალს დადასტურდა. მერე გაირკვა, რომ ამ ქვეყანაში ეს ვირუსი მთელი თებერვალი ტრიალებდა. როგორც გითხარით, ჩვენ უფრო ადრე დაგვეწყო სიმპტომების გამოვლენა. საქართველოში, საბედნიეროდ, პირველივე შემოსულები ძალიან ადრეულ ეტაპზე დააფიქსირეს. აქ ოფიციალურად, 12 500 დადასტურებული შემთხვევაა, მაგრამ როგორც ამბობენ, რეალურად, რვაჯერ და ათჯერ მეტია.
– ახლა როგორ იცავთ თავს? ზუსტად ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ თქვეს, რომ ორგანიზმი მის წინააღმდეგ იმუნიტეტს ვერ გამოიმუშავებს.
– მაქსიმალურად ვფრთხილობთ, ზედმეტი სიარული არ შეიძლება. ვცდილობ, თბილად ჩავიცვა, რომ ქარმა არ შემიბრუნოს და სოციალური დისტანცია დავიცვა. სხვა ყველა რეკომენდაციას ჩვეულებრივად ვემორჩილები.
მინდა, ჩვენს თანამემამულეებს ვუთხრა, ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ იყავით ძალიან ფრთხილად. სოციალური კონტაქტები მაქსიმალურად შეზღუდეთ. დაიცავით ბებიები და ბაბუები. თუ ისინი მარტო ცხოვრობენ, გარედან მიაწოდეთ პროდუქტი. ნუ გექნებათ მათთან კონტაქტი. ერიდეთ პანიკას. ჯანმრთელი ორგანიზმი ამ ვირუსს ძლევს. ადვილად ვერა, ძნელია, მაგრამ – შესაძლებელი. მშვიდად იყავით და მიეცით საშუალება ექიმებს, საკუთარი საქმე აკეთონ. ტესტის გაკეთება აუცილებელი სულაც არაა. რას გაძლევს ეს? მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. ექიმები მკურნალობენ სიმპტომებს. კორონავირუსი იწვევს სხვადასხვა გართულებას, თუმცა ძირითად შემთხვევებში, მდგომარეობა მაინც ფილტვებში რთულდება. ექიმები ამ გართულებებს ინდივიდუალურად მკურნალობენ. ამიტომ ტესტზე პანიკას აზრი არ აქვს. ჩემს ოჯახში მხოლოდ ერთმა – ჩემმა გოგონამ გაიკეთა ტესტი, იმიტომ, რომ მას შედარებით რთული მდგომარეობა ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ოფიციალურად, ჩვენ დაავადებულთა რიცხვში არც ვითვლებით. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? იზრუნეთ იმაზე, რომ იმუნიტეტი გაიძლიეროთ. წინასწარ მოემზადეთ ამისთვის, მიიღეთ შესაბამისი ვიტამინები.

скачать dle 11.3