კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 გიორგი ნაკაშიძე: მინდა, ვინმე გამოჩნდეს და ვირუსივით შემეყაროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გიორგი ნაკაშიძის ბენდმა, Live Madness-მა, ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს წინ კონცერტი გამართა. სასტუმროში კორონავირუსის საფრთხის გამო, ასობით სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტი ორკვირიან საკარანტინო პერიოდს გადის. კონცერტს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.
  გიორგი ნაკაშიძე: როგორც ყველა, მეც სახლში ვზივარ ბათუმში, ოჯახთან ერთად. ვცდილობ, სახლიდან არ გავიდე. რთულია, მაგრამ ასეა საჭირო. პანიკაში არ ვარ, მაგრამ საკუთარ თავსა და ოჯახს ვუფრთხილდები. ხალხმრავალ ადგილებში არ დავდივარ. ყველაფერი დაკეტილია, ყველა სამსახურის გარეშე დავრჩით და ძნელია ასეთ რეალობასთან შეგუება. მიკვირს, როგორ გააქვს თავი ხალხს ასე უმუშევრად. მაგრამ სხვა გზა არაა, მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ, დანარჩენს, ყველაფერს ეშველება. თუ მაინც მომიწია გარეთ გასვლა, პირბადე და ხელთათმანები აუცილებლად მიკეთია. მხოლოდ რეპეტიციაზე დავდივარ მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით, დღეში ერთი საათით. ახალ სიმღერებს ვაკეთებ. სახლში რომ მოვდივარ, ყველაფერს ვისუფთავებ და ხელებს ვიბან. ჩემ გარშემო ყველა ასეა, ხალხი თავს უფრთხილდება.
– ამ სიატუაციაში, ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო შენი ბენდის, Live Madness-ის, მხრიდან კონცერტი, რომელიც კარანტინში მყოფი ადამიანებისთვის გამართეთ.
– ბევრს ვფიქრობდით გაგვეკეთებინა თუ არა ეს კონცერტი. ეს ჩვენი მენეჯერის იდეა იყო, მაგრამ ვნერვიულობდით, ხალხი არ მოსულიყო. ყველას ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა მოსულიყვნენ. პირველი შემთხვევა იყო, როცა კონცერტი გვქონდა და ხალხს მოვუწოდებდით, არ მოსულიყვნენ (იცინის). ორგანიზების საკითხებში ძალიან დაგვეხმარა ქალაქის მერია და ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რომ რამე საფრთხე არ შეგვქმნოდა ჩვენ ან სხვა ადამიანებს და ვირუსისმაგვარი არაფერი მოგვკარებოდა (იცინის). კონცერტის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ გვინდოდა, ის ადამიანები გაგვემხნევებინა, ვინც კარანტინშია – შორიდან, მაგრამ მაინც. კონცერტი სასტუმრო „ეიფორიას“ წინ გავმართეთ. იქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ჩვენი ემიგრანტები ცხოვრობენ. დაახლოებით შვიდასი კაცი გადის იქ საკარანტინო პერიოდს და თითქმის ყველას ღია ჰქონდა ფანჯარა და გვისმენდა. საქართველოს და სხვა ქვეყნის დროშები გადმოფინეს. ტაშს უკრავდნენ, შეძახილებით გვეხმაურებოდნენ, მადლობას გვიხდიდნენ. ძალიან გულისამაჩუყებელი იყო ეს ყველაფერი. მათთვისაც და ჩვენთვისაც. ყველანაირად შევეცადეთ, ხალხი გაგვემხნევებინა. ვფიქრობდით, საზოგადოება როგორ მიიღებდა ჩვენს ნაბიჯს. ყველა სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებს და ჩვენ ამ დროს გამოვედით და კონცერტი ჩავატარეთ. სარისკო ნაბიჯი იყო, თუმცა მართლა ყველა წესის დაცვით გავაკეთეთ, ხალხთან კონტაქტი არ გვქონდა და ყველამ ადეკვატურად მიიღო, მოეწონათ და მადლობას გვიხდიდნენ. ის ადამიანები ძალიან ნერვიულობენ, ისიც არ იციან, აქვთ თუ არა ვირუსი და 15 დღე ასეთ პირობებში უნდა გაატარონ. ამიტომ წარმოიდგინეთ, როგორ ემოციებში იქნებოდნენ და გვინდოდა, ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა მათი მდგომარეობა.
– აქამდე მარტო მღეროდი, ეს ბენდი ახალია?
– კი, ეს ბენდი ცოტა ხნის წინ შევქმენით. მანამდე მარტო ვმღეროდი. გადავწყვიტეთ, ახალი ბენდი, რეპ-როკ სტილში გაგვეკეთებინა. ჩვენი გაერთიანება დათო დოლიძის ინიციატივა იყო. განსხვავებული ჟანრების ერთობლიობას კარგი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენჯერაც კონცერტი ჩავატარეთ, ხალხით გადაივსო. ჯგუფში სულ რვა ვართ. თუმცა, ახლა ბენდის რეპეტიციები გაჩერებული გვაქვს. ეს კონცერტი ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე ჩავატარეთ. თუმცა, მე კიდევ ცალკე ვწერ ალბომს. ოთხი სიმღერა უკვე ჩავწერე. ჩემი ახალი სიმღერებით სხვადასხვა პროექტისთვის ვემზადები, უცხოური ბაზრისთვის. უკრაინელი კომპოზიტორი გამოჩნდა და ერთად ვწერთ სიმღერებს. ვნახოთ, რა გამოგვივა. ამ სიტუაციამ ხელი შეგვიშალა, ყველაფერი გაჩერებულია, მაგრამ მცირე დოზით და ძალიან დიდი სიფრთხილის დაცვით, ცოტას მაინც ვრეპეტიციობთ. უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. მთელი დღე სახლში ვარ, მხოლოდ ერთი საათით გავდივარ გარეთ.
– მშობლებს, ალბათ, ამ ერთ საათთანაც უჭირთ შეგუება.
– კი, ნერვიულობენ, რომ გავდივარ. არსად მიშვებენ და სულ მიმეორებენ, სახლში იყავიო. თუმცა, მეც მაქსიმალურად ვუფრთხილდები თავსაც და სხვებსაც. მაგრამ ვფიქრობ, მთავარი უფალია. მე მისი მჯერა. ახალ ალბომს რომ ჩავწერ, შემდეგ ბენდთან ერთადაც გავაკეთებ ახალ სიმღერებს და კონცერტებს გავმართავთ საქართველოს მასშტაბით. ქუთაისში მიგვიწვიეს და იქ უკვე გვქონდა ძალიან კარგი კონცერტი. მალე თბილისშიც ჩამოვალთ, მთავარია, ვირუსმა გადაიაროს. შექმნიდან სამი თვის განმავლობაში ისე კარგად წავედით წინ, რომ დარწმუნებულები ვართ, შრომით და ერთობით, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებებს.
– ცოტა ხნის წინ მოინათლე. მართმადიდებელი ქრისტიანი გახდი. როგორც შენი საუბრიდან ვხვდები, ეს არ იყო ფორმალობა და შენს ცხოვრებაში რწმენას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
– რა თქმა უნდა, რწმენა გადაგვარჩენს, ჩემთვის ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. რომ ამბობენ, ეკლესიაშიც არ წახვიდეთო, ძალიან ცუდია.
– აქტიური მრევლი ხარ?
– ძალიან ხშირად ვერა, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ ხშირად ვიარო ეკლესიაში. ყველა ვფიქრობთ და განვიცდით, რა იქნება მერე, როცა ეს ვირუსი დამთავრდება? საიდან უნდა მოვიტანოთ საარსებო ფული? მაგრამ ახლა ისეთი განსაცდელის წინაშე ვდგავართ, რომ მომავალზე საფიქრალად ჯერ არ გვცალია. მთავარია, ამას გადავურჩეთ. მაგრამ სულ ვფიქრობ, იმ ადამიანებზე, ვინც ასაკშია, მარტო ცხოვრობს და ფული საკვებისთვისაც კი არ აქვთ, როგორ უნდა ირჩინონ თავი ამ დროს?! რაც უნდა რთულ მდგომარეობაში ვიყოთ, ამაზე მაინც ყველამ უნდა ვიფიქროთ.
– მგონი, პირად ცხოვრებაშიც იზოლაცია გაქვს გამოცხადებული.
– მგონი, ასეა (იცინის). არადა, მინდა, ვინმე გამოჩნდეს და ვირუსივით შემეყაროს. სიყვარული ყველაზე მაგარი გრძნობაა და რატომაც არა?! მაგრამ ახლა რომ შეყვარებული ვიყო, იზოლაციაში ყოფნა გამიჭირდებოდა. ვერ გავძლებდით და დავშორდებოდით. ყველაფერს თავისი პლუსი აქვს (იცინის).

скачать dle 11.3