№15 რამ დააკარგვინა სოფო ბედიას კონტროლი საკუთარ თავზე და ვისთვის დაიკეტა მისი სახლის კარი
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მართალია, სოციალურ ქსელში სოფო ბედია საკმაოდ ხალისიან ფოტოებს დებს, თუმცა, როგორც აღიარებს, უჭირს სახლში ყოფნა და ერთი სული აქვს, როდის გადაივლის ეს რთული პერიოდი და გარეთ გავა.
სოფო ბედია: ზოგადად, არანაირი შეღუდვა არ მიყვარს. ძალიან მომწონს თავისუფლება, ოღონდ, ესეც ზომიერების ფარგლებში. ცოტა ჯიუტიც ვარ და თუ რამე მაქვს დასახული, კონტროლს ვკარგავ და მხოლოდ იმაზე ვარ ორიენტირებული, აუცილებლად მივაღწიო მიზანს. სახლში ჯდომა ჩემთვის კატასტროფაა და ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, სწორედ, კონტროლის დაკარგვა მჭირს (იცინის). მაგრამ, ვინაიდანაც და რადგანაც არის ასეთი გამოუვალი მდგომარეობა, სხვა გზა არ მაქვს, თან ნიკუშა და ანდრია მახალისებენ, თორემ რა დამემართებოდა, არ ვიცი. დიასახლისობა მიყვარს, მაგრამ არ ვარ სახლის ადამიანი და შეიძლება, ჩვეულებრივად „გამერეკა“. რამდენიმე დღეა, აივანზეც არ გავსულვარ, ჩვეულებრივი ისტერიკა მაქვს. მინდა, ძალიან მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი და ძველ ყოფა-ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
– ამბობ, ჩვეულებრივი ისტერიკა მჭირსო, თუმცა, სოციალურ ქსელში საკმაოდ ხალისიან ფოტოებს დებ და კარგად ერთობი.
– ხან ბავშვებთან ვთამაშობ და ხან მიშას ვაზივართ ყველანი კისერზე, სხვა რა გავაკეთო? ანდრია წლისა და სამი თვისაა და ხომ ხვდები, როგორ გაგიჟებს ამ ასაკში ბავშვი, თავისი ახალი სიტყვებითა და ქმედებებით. ჩვენც მეტი რა გვინდა? ვხალისობთ. რაც შეეხება მიშას კისერზე ჯდომას, ფოტო რომ დავდე, ეგრევე დაიწყეს: სოფო ბედია ქმარს კისერზე აზისო... ასე ნამდვილად არ არის, სახუმარო ფოტოა და იმედია, ეს ბოროტულად არ დაწერეს და ხუმრობას ხუმრობით უპასუხეს.
– ვიცი, გიყვარს ფორმაში ყოფნა და პრაქტიკულად, უმაკიაჟოდ არავის უნახავხარ.
– სულ ვიპრანჭები, მაგრამ ახლა ვის გავეპრანჭო? რა მაკიაჟი? უკვე ერთი კვირაა, მაკიაჟზე უარი ვთქვი და არ წამისვამს. სახის კანიც ისვენებს და ოჯახურიც მიჭირავს – ვცდილობ, ბავშვებს მოვუარო, მეტი დრო გავატარო მათთან, დავალაგო სახლი, მოვამზადო საჭმელი და შეძლებისდაგვარად გავირთო თავი.
– როგორც ვიცი, ვირუსთან დაკავშირებით იდეა მოგივიდა და ცნობილ მომღერლებთან დისტანციურად სიმღერაც ჩაწერე.
– დიახ. მომივიდა იდეა, მომღერლებს ჩაგვეწერა სიმღერა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, დისტანციურად გადაგვეღო კლიპი და ეს ყოფილიყო ერთგვარი ჰიმნი, თავისი გულსიჩამწვდომი სიტყვებითა და კადრებით. მოკლედ, დამარტყა თავში, ცნობილ ადამიანებს ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ რთულ პერიოდში ხალხის გასამხნევებლად. სიმღერას ოცი ცნობადი სახე ვასრულებთ. მუსიკა დაწერა კაკი ბოლქვაძემ, ტექსტი ეკუთვნის ნანა ცინცაძეს, არანჟირება ცირა ბზიშვილმა გააკეთა და კლიპზე კი ბესო კვარაცხელიამ იმუშავა. ამ მძიმე ვითარებაში არ დაიზარეს ჩემმა კოლეგებმა და მხარი დამიჭირეს. ეს სიმღერა ერთგვარი მესიჯია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მოკლედ, ასე, ხელთათმანებით, შენიღბულები და დასპირტულები ვწერდით სტუდიაში სიმღერას და ის არა მარტო ამ პერიოდში, არამედ როცა კორონა გადაივლის, მაშინაც კარგი მოსასმენი იქნება, სიყვარულის სიმბოლოდ დარჩება და შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული და ერთად დგომა.
– დისტანციურად სიმღერის ჩაწერას რამდენი ხანი მოუნდით?
– ეს ყველაფერი ერთ დღეში ვერ მოხერხდა, თუმცა მალე ჩაიწერა. მადლობა ჩემს მეგობრებს, რომ გვერდით დამიდგნენ და ასეთი მაგარი სიმღერა ჩავწერეთ, სახელწოდებით – „დარჩი სახლში“. ეს სიმღერა სიყვარულზე, ერთად დგომაზეა, პოზიტიური და თბილია. ეს კეთილი მესიჯი ყველას მინდა მისწვდეს, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და გავათბოთ. ვხედავთ, ამდენი ნეგატივი და ცუდი ხდება და ერთმანეთის გაფრთხილება გვმართებს, აუცილებელია, დავრჩეთ ადამიანებად და მეტი სიკეთე გავცეთ. ეს ამ სიმღერის მთავარი აზრია, მაგრამ დღევანდელი მისი მესიჯია, რომ დავრჩეთ სახლში.
– ამბობენ, მეგრელებს კორონავირუსი არ ეკარებათო და მართალია?
– (იცინის) მეც, მაგის იმედი მაქვს. ნეტა მასე იყოს და მარტო მეგრელებს კი არა, არცერთ ადამიანს არ მიეკაროს. მომწონს ეს ხუმრობა, რომ მეგრელებს არ გვეკარება კორონა და პოზიტიურად ვარ განწყობილი (იცინის). ეს – ხუმრობით, თუმცა რაც მსოფლიოში ხდება, განვიცდი და მაქსიმალურად ვიცავ თავს. რაც უნდა კარგი იმუნიტეტი გქონდეს, ადამიანმა მარტო შენს თავზე არ უნდა იფიქრო. სახლში მყავს ბებია და ბავშვები, მათ უნდა გავუფრთხილდე.
– როგორ იცავ თავს? რაიმე განსაკუთრებულად გამკაცრებული წესები ხომ არ გაქვს?
– ჯანდაცვის წარმომადგენლების მითითებებს ვასრულებ – სტუმრიანობა აღარ მაქვს და დროებით ყველასთვის დაიკეტა ჩემი სახლის კარი. შეძლებისდაგვარად, ვიცავ ჰიგიენის წესებს – ხშირად ვიბან ხელებს, დავდივარ ხელთათმანით, ხშირად ვანიავებ სახლს და ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო. თუმცა, იმ დონეზეც არ ვიმუშავებ ხელს, იმ დოზით ვიხეხო, რომ წყალბადის ზეჟანგითა და სპირტით კანი გავიუხეშო. სახლში ვარ, ასე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს და ისტერიკა, რომ სულ უნდა ვისპირტებოდე, არ მაქვს. არც ქვეყნის დასასრულად აღვიქვამ ამ სიტუაციას და როგორც შემიძლია, ჩემს ახლობლებსაც ვამხნევებ. მინდა, ყველას გითხრათ: არ ინერვიულოთ, უბრალოდ, სახლში ჯდომით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
– ბევრი ამბობს, რაც სახლში ჩავჯექით, ჭამაზე გადავედით და წონის პრობლემა დაგვეწყოო. ამ მხრივ, როგორაა შენკენ საქმე? ბოლო პერიოდში საკმაოდ დაიკელი და ფორმაში ჩადექი.
– სახლში რომ ზიხარ, უფრო მეტად გაწუხებს შიმშილის გრძნობა, მაგრამ ვცდილობ, რაც მასუქებს, ნაკლებად ვჭამო. ჯერჯერობით ვინარჩუნებ სასურველ წონას.
– ზოგადად, მამაკაცები, ქალებთან შედარებით, უფრო მშიშრები არიან. ამ მხრივ, მიშა როგორია?
– მიშა გაწონასწორებულია, თუმცა ეშინია და ფრთხილობს. რომ უყურებს, რა ხდება სამყაროში, რამდენი გარდაცვალების ფაქტია, რასაკვირველია, მიშაზეც მოქმედებს და ჩემზეც, თუმცა, ვცდილობთ, ჩვენი განცდებით არავინ შევაწუხოთ და დანევროზებულებიც არ ვართ.
– სახლში იზოლირებულს ყველაზე მეტად რა გენატრება?
– გარეთ გასვლა, გასეირნება, ჩემს მეგობრებთან ყოფნა, ჩემი საქმის კეთება, სტუდიაში მუშაობა, კონცერტებზე გამოსვლა. სულ აქტიური წესით ვცხოვრობდი და სტრესია, ახლა რომ სახლში ვზივარ. ფაქტობრივად, დედამიწამ შეაჩერა ბრუნვა, რომ ვიღვიძებ, მგონია, ისევ სიზმარში ვარ. მინდა, მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი, დავუბრუნდეთ ჩვენს ჩვეულ რიტმს და ქოთქოთა, სიცოცხლით სავსე ცხოვრებას.